საქმის ნომერი: 1ბ/307-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნინო სანდოძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვპ.-ით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვპ.-ებით, სს კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვპ.-ებით და გამართლდა სსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ კი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული განაჩენის გაუქმება და მჯსავრდებულის გამართლება. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. ასევე საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება და გადაკვალიფიცირება მოხდა სსკ-ის 220[1] მუხლის პირველი ნაწილზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/307-18 (2018-12-20), www.temida.ge
საქმის № 330100117001996912
საქმის № 1ბ/307-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       20 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ. ო.


დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ფ. ჯ.,
დაბადების თარიღი: 1XXX წლის X დეკემბერი, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი: 65XXXXXXXX, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს.-ს რაიონი, სოფელი X, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი.-ს ქუჩა NXX, ბინა NXX.

ადვოკატები - გ. ტ. და გ. ნ.

თარჯიმნები: ი. მ., მ. კ. და თ. ს..

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

სხდომის სახე:ღია სასამართლო სხდომა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა გ. ო.-მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ფ. ჯ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემეობათა გამო: შპს „X-ს“, რომლის თანადამფუძნებელი და დირექტორია ფ. ჯ., ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა. კლინიკა „X-ს“ ტრანსპლანტაციის ოპერაციების წარმოებისთვის მოპოვებული ჰქონდა სათანადო ნებართვები. ფ. ჯ.-ს ორგანიზებით, ხელმძღვანელობით, ფინანსური სარგებლის გაზრდისა და პაციენტთა მოზიდვის მიზნით, ჩამოყალიბდა ტრანსპლანტაციის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მის მიერ მოწვეული ტრანსპლანტოლოგი მ. კ., რომელიც მუშაობდა თავის ჯგუფთან ერთად. ოპერაციების ორგანიზების მიზნით, ფ. ჯ.-ს დავალებით, 2016 წლის თებერვალში, კლინიკაში გაიმართა კონსულტაციები, რომელსაც უძღვებოდა მ. კ.. იგი ხვდებოდა ღვიძლით დაავადებულ პაციენტებს. მ. კ.-ს როლი იყო უშუალოდ ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარება, ხოლო ფ. ჯ. უძღვებოდა ფინანსურ საკითხებს და ჩასატარებელი ოპერაციების ხარჯებთან და საფასურის გადახდის ფორმებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, ასევე სამედიცინო რეგულაციების მიუხედავად ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას. კლინიკაში დაგეგმილი და ჩატარებული იქნა ორი ოპერაცია. კანონდარღვევით ჩატარებული ოპერაციების კანონიერება შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების მიერ. აპელანტის განმარტებით, ფ. ჯ., როგორც დირექტორი, ვალდებული იყო ოპერაციების ჩატარებამდე მიემართა ტრანსპლატაციის საბჭოსთვის ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო თანხმობის მისაღებად. საბჭო კონტროლს უწევს ჩასატარებელი ტრანსპლატაციის ოპერაციათა სწორ შესრულებას, რათა გამოირიცხოს რაიმე სახის მანიპულაცია კლინიკის მიერ და მისი მიზანია პაციენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. კანონის მოთხოვნის დარღვევით და საბჭოსთვის შეუტყობინებლობით კი, ფ. ჯ.-მ ჩაიდინა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისათვის. აპელანტი მიუთითებს, რომ ფ. ჯ.-ს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი კლინიკაში ოპერაციების წარმოებისას იყო მხოლოდ თავისი პროფილით ქირურგი, პროფესორი და არა დირექტორი, წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა გამოკვლევისას დადასტურდა, რომ ფ. ჯ. კლინიკა X-ში იყო ხელმძღვანელი პირი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდა ერთპიროვნულად, იგი იყო დირექტორი, რომელიც თავისი ხელმოწერით ნიშნავდა და ათავისუფლებდა თანამშრომლებს. მოწმეებმა ი. პ.-მ, გ. ც.-მ და კ. ღ.-მ დაკითხვისას მიუთითეს რომ პაციენტ გ. ჩ.-სთვის ღვიძლის გადანერგვა განხორციელდა ისე, რომ კლინიკას არ ჰქონდა მიღებული ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, რითაც დარღვეულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო კ. კ.-ს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ. კ.-ს მიერ, რომელიც იყო დაწესებულების კონტრაქტორი ექიმი და დანიშნული იყო ტრანსპლანტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელად და ქირურგ ტრანსპლანტოლოგად უშუალოდ ფ. ჯ.-ს მიერ. მ. კ.-ს პროფესიონალური გავითარების საბჭოს 2014 წლის 02 დეკემბრის NX სხდომის გადაწყვეტილებით დროებითი საექიმო საქმინობის უფლება ერთი წლის ვადით ჰქონდა მინიჭებული, სპეციალობაში ტრანსპლანტოლოგია, რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2015 წლის დეკემბერში, შესაბამისად მ. კ.-ს 2016 წლის მარტისთვის არცერთ საექიმო საქმიანობაში არ გააჩნდა არც მუდმივი და არც დროებითი საქმინობის სახელმწიფო სერთიფიკატი. ამასთან, შემოწმებისას დადასტურდა, რომ ოპერაცია ჩატარებული იქნა ნამდვილად მ. კ.-ს მიერ, რომელსაც არ გააჩნდა საექიმო საქმინობის უფლება. ამ დარღვევების გამო შპს ,,X-ს“ და მ. კ.-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმები, რომელთა საფუძველზეც ისინი დაჯარიმებულ იქნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ საბჭო ამოწმებს კავშირს რეციპიენტსა და დონორს შორის და სათანადო საფუძვლების შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრასნპლანტაციის ოპერაციის ჩატარებაზე, ხოლო ამ თანხმობის გარეშე ოპერაციის ჩატარება კანონმდებლობით აკრძალულია. დაგეგმილი ოპერაციის შემოწმებისა და თანხმობის გაცემის პროცედურა პირველ რიგში ემსახურება პაციენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ კლინიკა „X-ში“ ძირითად საკითხებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო ფ. ჯ., რომელიც წარმოადგენდა შპს „X-ს“ დირექტორს, დამფუძნებელს, მისი ხელმოწერით ხდებოდა თანამშრომელთა დანიშვნა და გათავისუფლება. მისი დავალებით ხორციელდებოდა კლინიკაში ძირითადი მიმართულებები და აქტივობები, მათ შორის ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ფორმირება და აზერბაიჯანელი ექიმების მოწვევა. ყოველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შედიოდა, გენერალური დირექტორის ზ. ხ.-ს ან კლინიკური დირექტორის ნ. ნ.-ს კომპეტენციაში, საბოლოოდ თანხმდებოდა ფ. ჯ.-სთან. ამასთან, პაციენტთა ოჯახის წევრების და იურისტ გ. ა.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ფ. ჯ. კ. კ.-სა და გ. ჩ.-სთვის ჩატარებულ ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული. მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით ექიმების სათანადო ნებართვებისა და ოპერაციის ჩატარებისთვის ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობის აუცილებლობის შესახებ, რაც დასტურდება პაციენტ კ. კ.-სთვის ოპერაციის ჩასატარებლად ნებართვაზე საბჭოსთვის მიმართვით, თუმცა მიუხედავად საბჭოს უარისა, მან ერთპიროვნულად მიიღო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება. გ. ჩ.-ს შემთხვევაში კი, ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარებული იქნა საბჭოსადმი მიმართვისა და პაციენტის წარდგენის გარეშე. ამდენად, აპელანტი თვლის, რომ იკვეთება მსჯავრდებულ ფ. ჯ.-ს მხრიდან პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ფ. ჯ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ნ.-მ და გ. ტ.-მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით მათ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ფ. ჯ.-ს გამართლება, შემდეგ გარემეობათა გამო: აპელანტები თვლიან, რომ განაჩენის დასაბუთება არ ეფუძნება საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არცერთი ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის დანაწესის იგნორირებას. აპელანტთა განმარტებით, საქმეზე დაკითხული ცხრა სამედიცინო ექსპერტი გამორიცხავდა ფ. ჯ.-ს როგორც ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობას, ისე პაციენტთა გარდაცვალებაში მის ბრალეულობას. ბრალდების მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ტრანსპლანტოლოგ მ. კ.-ს არ ჰქონდა ლიცენზია (და არა ნებართვა), ხოლო ფ. ჯ. თითქოსდა იყო კლინიკა „X-ს“ დირექტორი და არა შპს „X-ს“ დამფუძნებელი და მფლობელი, ვინაიდან პროკურორმა იცის, რომ უნებართვოდ ოპერაციის ჩატარება არის ადმინისტრაციული დარღვევა, ხოლო ულიცენზიოდ ოპერაციის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაული. აპელანტები მიუთითებენ, რომ კლინიკას ჰყავდა თავისი გენერალური დირექტორი, მთავარი ექიმი და იურისტი, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული ფუნქციები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კ. კ.-ს და გ. ჩ.-სგან, დაჩქარებული წესით თანხის მიღების მიზნით, ფ. ჯ. და კლინიკის კონკრეტული თანამშრომლები მოქმედებდნენ ერთიანი მართლსაწინააღმდეგო განზრახვით და პაციენტთა ნდობის ბოროტად გამოყენებით დაეუფლნენ კ. კ.-ს კუთვნილ თანხას და გ. ჩ.-სთან ფ. ჯ.-ს დავალებით დაჩქარებული წესით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რაც წინააღმდეგობაშია გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა ერთი პირის - ფ. ჯ.-ს მიმართ და არანაირი სხვა პირები და წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის ქმედებები არ დადგენილა, რაც დასტურდება იმით, რომ სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა მხოლოდ ფ. ჯ.. ტრანსპლანტაციის განყოფილება კლინიკა „X-ში“ გაიხსნა მ. კ.-ს მოწვევამდე წელიწად ნახევრით ადრე და ჩატარდა თირკმლის გადანერგვის ოცზე მეტი ოპერაცია, იყო თანმდევი რეკლამებიც, რაც დამახასიათებელია ყველა ახალი წამოწყებისთვის, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ კლინიკას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ოპერაციები ჩატარდა მხოლოდ ფინანსების მოზიდვის მიზნით. თუმცა 2016 წლიდან ორი წლის შემდეგ ე.წ. „ფინანსურ კრიზისში“ მყოფი კლინიკა დღესაც წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „სახელმწიფო ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ. კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ. ჩ. 2016 წლის 15 მარტს“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ „გ. ჩ.-ს სიკვდილის მიზეზის დადგენა წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩანაწერებით შეუძლებელია. სიკვდილის მიზეზის დადგენა ხდება გვამის გამოკვლევით, გაკვეთით“. ანალოგიურს ვკითხულობთ კ. კ.-ს მიმართ გაცემულ სამედიცინო დასკვნის ბოლო აბზაცში. ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარისთვის გაუგებერია საიდან მიიჩნია სასამართლომ დადასტურებულად ჯგუფური დანაშაულის ჩადენა ან საიდან დაადგინა კ.-ს და ჩ.-ს სიკვდილის მიზეზი. აპელანტები არ ეთანხემბიან სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ოპერაციების დაჩქარებული წესით კლინიკა ,,X-ში“ ჩატარებას ხელმძღვანელობდა ფ. ჯ., ვინაიდან სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ ოპერატორს, ანუ ქირურგს და ოპერაციის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს იგი. აპელანტების განამარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება განაჩენში მოყვანილი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ფ. ჯ.-მ კლინიკის იურისტს გ. ა.-ს დაავალა პაციენტ გ. ჩ.-ს ოჯახთან ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გ. ა.-ს მსგავსი არაფერი უთქვამს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ. ხ.-მ განაცხადა, რომ იგი იყო კლინიკა ,,X-ს“ გენერალური დირექტორი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში მაინც ფ. ჯ.-ს მოიხსენიებს კლინიკის დირექტორად. ამასთან, ზ. ხ.-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მკურნალი ექიმი. სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა „X-ს“ საქმიანობას სრულად აკონტროლებდა ფ. ჯ. წინააღმდეგობაშია კლინიკის მთავარი ექიმის ნ. ნ.-კ.-ს და კლინიკის თანამშრომელ თ. ბ.-ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან. ამასთან, დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათი მთავარი მიზანი, რომელთაგან ერთს სურს ოპერაციაში გადახდილი თანხის დაბრუნება, ხოლო მეორეს - გადასახდელი თანხის პატიება. სასამართლომ განაჩენში ხაზი გაუსვა დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ოპერაციის თარიღის შესახებ შეიტყვეს, არა ოპერაციის წინა დღეს, არამედ რამდენიმე დღით ადრე. აპელანტების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაშიც კ. კ.-სთვის რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი ოპერაციის თარიღის შესახებ, ხოლო გ. ჩ.-სთვის გადანერგვის ოპერაციის სასწრაფოდ და გადაუდებლად ჩატარება აუცილებელი გახადა კანის ვენის ტრომბმა, რომლის არსებობაც დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა პათომორფოლოგმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებების ლოგიკური ანალიზიდან.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც ადვოკატებმა გ. ნ.-მ და გ. ტ.-მ მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა გ. ო.-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს ფ. ჯ.-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ფ. ჯ.-ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მანვე ჩაიდინა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ე.ი. იმ გარემოებისა და ფაქტის შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-XX კილომეტრზე მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება შპს „X“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს ფ. ჯ.. ხსენებულ საზოგადოებას 2014 წლის 21 მაისს გაცემული N00XXXX სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა. კლინიკის დირექტორმა ფ. ჯ.-მ 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ. კ., რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ. ჯ.-მ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით გაავრცელეს განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „X-ში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს, გ. ჩ.-მ და კ. კ.-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ. ჯ.-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყვნენ ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

ფ. ჯ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე უნდა მოეხდინა როგორც პაციენტების, ისე დონორების და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა 2016 წლის 03 მარტს კ. კ.-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ისე, რომ არ მოხდა პაციენტთა წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე, რითაც ფ. ჯ.-მ დაუმალა პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს ის გარემოება და ფაქტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მიუხედავად იმისა, რომ ქირურგს მ. კ.-ს არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში, ხოლო თავად კლინიკის დირექტორი ფ. ჯ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე ვალდებული იყო მოეხდინა ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირება და საბჭოსგან აეღო ნებართვა, კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ. კ.-სა და გ. ჩ.-ს ფულადი თანხის მიღების მიზნით ფ. ჯ.-მ და კლინიკის კონკრეტულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ერთიანი მართლსაწინააღმდეგო განზრახვით, გამოიყენეს რა სამსახურებრივი მდგომარეობა, მოიპოვეს პაციენტთა ნდობა და მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „X-ს“ დირექტორი ფ. ჯ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კლინიკის თანამშრომლები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ კ. კ.-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ. ჩ.-ს შემთხვევაში 2016 წლის 07 მარტს ფ. ჯ.-ს დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისად პაციენტ გ. ჩ.-ს კლინიკის იურისტ გ. ა.-სთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა მოეხდინა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა.

სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ. კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ. ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენით ფ. ჯ.-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-XX კილომეტრზე მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება შპს „X“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც არის ფ. ჯ.. ხსენებულ საზოგადოებას 2014 წლის 21 მაისს გაცემული N00XXXX სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა. კლინიკის დირექტორმა ფ. ჯ.-მ 2016 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ. კ., რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ. ჯ.-მ და მისი დავალებით კლინიკის სხვა თანამშრომლებმა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით გაავრცელეს განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „X-ში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისათვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს გ. ჩ.-მ და კ. კ.-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ. ჯ.-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყვნენ ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

ფ. ჯ.-სთვის ცნობილი იყო, რომ უნდა მოეხდინა პაციენტისა და დონორის წარდგენა ტრანსპლატაციის საბჭოს წინაშე, რის საფუძველზეც თანხმობა უნდა მიეღო ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე წარდგენილი იქნა მხოლოდ კ. კ., რომელსაც ტრანსპლანტაციის საბჭომ იმ ეტაპზე უარი უთხრა ოპერაციის ჩატარებაზე, ვინაიდან არ დადასტურდა პაციენტის და რეციპიენტის ნათესაური კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ფ. ჯ., 2016 წლის 03 მარტს კ. კ.-ს მაინც ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. გ. ჩ.-ს შემთხვევაში საერთოდ არ მომხდარა ტანსპლანტაციის საბჭოსთვის მიმართვა, თუმცა მიუხედავად ამისა, 2016 წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლატაციის ოპერაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქირურგს მ. კ.-ს არ გააჩნდა საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, ხოლო თავად კლინიკის დირექტორი ფ. ჯ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე ვალდებული იყო მოეხდინა ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირება და საბჭოსგან აეღო ნებართვა, კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ. კ.-სა და გ. ჩ.-სგან ფულადი თანხის მიღების მიზნით ფ. ჯ.-მ და კლინიკის კონკრეტულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ერთიანი მართლსაწინააღმდეგო განზრახვით, გამოიყენეს რა სამსახურებრივი მდგომარეობა, მოიპოვეს პაციენტთა ნდობა და მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდ 2016 წლის 28 თებერვალს შპს „X-ს“ დირექტორი ფ. ჯ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კლინიკის თანამშრომლები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ კ. კ.-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ. ჩ.-ს შემთხვევაში 2016 წლის 07 მარტს, ფ. ჯ.-ს დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ. ჩ.-ს კლინიკის იურისტ გ. ა.-სთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა მოეხდინა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა.

სახელმწიფო ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ. კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ. ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენით ფ. ჯ. საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ფ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

ფ. ჯ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2014 წელს საქართველოში დაარსა შპს „X“, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავად, მაგრამ იმის გამო რომ არ იცოდა ქართული ენა, კლინიკის გენერალურ დირექტორად დანიშნა ზ. ხ., რომელიც მართავდა კლინიკას. თავად კი, დაკავებული იყო მხოლოდ ქირურგიული საქმიანობით. ამასთან, კლინიკის სტრატეგიულ გეგმებს და სიახლეებს ათანხმებდნენ მასთან. იგი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აწერდა ხელს გარკვეულ დოკუმენტებს, კერძოდ, ხელს აწერდა მაშინ როცა ზ. ხ. არ იყო კლინიკაში და სასწრაფოდ იყო ხელმოწერა საჭირო. ფ. ჯ.-ს განმარტებით, ტრანსპლანტაციის გუნდის ექიმების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა რადგან თავად აწარმოებდა ექიმებთან მოლაპარაკებებს და სურდა მათი დანიშვნის ბრძანებებზე თავად მოეწერა ხელი. მ. კ. სამსახურში აიყვანა მან, ხოლო ამ უკანსკნელის გუნდის დანიშვნა მის მიერ არ მომხდარა. იგი როგორც შპს „X-ს“ ხელმძღვანელი, აკონტროლებდა, რათა კლინიკაში ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება და მისივე მითითებით განისაზღვრა ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება. გენერალურმა დირექტორმა და ბუღალტრებმა კი, მისი დავალებით გააკეთეს იმის კალკულაცია, თუ რა დაჯდებოდა ოპერაცია მოგების მიღების გარეშე. მან ეს გათვლა გააკეთა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან ბევრი პაციენტი მიდიოდა საქართველოდან საზღვარგარეთ და ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ძალიან დიდი შემოსავლის მიღება. ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარების პერიოდში კლინიკა „X-ს“ ჰქონდა ფინანსებთან დაკავშირებული სირთულეები და ვალები. ფ. ჯ.-ს განმარტებით, მას კ. კ.-სთვის და გ. ჩ.-სთვის კონსულტაციების გაწევაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ასევე არ იცოდა მ. კ.-ს და მისი გუნდის დროებით ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ შედიოდა მის კომპეტენციაში. ამ საკითხის გაკონტროლება ევალებოდა ადმინისტრაციას და იურიდიულ განყოფილებას. ფ. ჯ.-მ განმარტა, რომ მას კ. კ. არ უნახავს და არც ოპერაციის თანხის გადაცემას დასწრებია, ამ საკითხს აგვარებდა ბუღალტერია. თუმცა მასთან მივიდა გ. ჩ.-ს მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლეს სჭირდებოდა სასწრაფო ოპერაცია, რისი თანხაც არ ჰქონდათ და სთხოვა გამონაკლისის დაშვება, კერძოდ, შესთავაზა ჯერ ოპერაცია გაეკეთებინათ და რამდენიმე დღეში დაფარავდნენ თანხას. მან კონსულტაცია გაიარა მ. კ.-სთან, რომელმაც უთხრა, რომ ოპერაცია იყო სასწრაფოდ ჩასატარებელი, ამიტომ მან გ. ჩ.-ს მეუღლე ფინანსურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად გააგზავნა ზ. ხ.-სთან, რის შემდეგაც ამ ქალბატონთან შეხება არ ჰქონია. ფ. ჯ.-მ ასევე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია კ. კ. იყო თუ არა ტრანსპლანტაციის საბჭოზე წარდგენილი, ამ საკითზე მას კლინიკის იურისტთან არ უსაუბრია, ვინაიდან ენის ბარიერის გამო კლინიკის იურისტს მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონდა ზ. ხ.-სთან. მისთვის ასევე არ იყო ცნობილი, როდის უნდა ჩატარებულიყო კ. კ.-ს ოპერაცია. მას მ. კ.-მ უთხრა, რომ გ. ჩ.-ს კარის ვენაში ჰქონდა თრომბოზი და საჭირო იყო სასწრაფო ოპერაციის ჩატარება. აღნიშნულზე მან მ. კ.-ს უთხრა, რომ იგი იყო მკურნალი ექიმი და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და თავადვე მიეღო გადაწყვეტილება, როდის ჩაატარებდა ოპერაციას. კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო მ. კ.-მ, რომელმაც მას მოგვიანებით აჩვენა ტელეფონით გადაღებული გ. ჩ.-სგან ამოკვეთილი ღვიძლი. ფ. ჯ.-მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა ტელეკომპანია „Y-ზე“ გასული სიუჟეტის ავთენტურობა.

დაზარალებულ ნ. კ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ კ. კ. იყო მისი მეუღლე, რომელსაც 2015 წლის ბოლოს ,,Z“ და „V“ კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა ციროზი. მოგვიანებით მას კ. კ.-მ უთხრა, რომ კონსულტაციაზე უნდა მისულიყო კლინიკა „X-ში“, სადაც ჩამოდიოდნენ თურქი ექიმები. 2016 წლის თებერვალში ისინი მივიდნენ კლინიკა ,,X-ში“, სადაც კონსულტაციას ესწრებოდნენ მ. კ., ფ. ჯ., ანესთეზიოლოგი და კიდევ ერთი ექიმი. მ. კ.-მ მის მეუღლეს უთხრა, რომ გაუკეთებდა ოპერაციას და თხოვა ჩაეტარებინა დამატებითი გამოკვლევები. კონსულტაციების დროს მათ ა. ქ.-სგან და ნ. ნ.-კ.-სგან შეიტყვეს, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციას ჩაატარებდნენ თურქი სპეციალისტები, ხოლო ფ. ჯ.-მ უთხრა, რომ ოპერაციის გაკეთება დაჯდებოდა 40000 აშშ დოლარი. ამასთან, ფ. ჯ.-მ და ა. ქ.-მ მას და მის მეუღლეს უთხრეს, რომ თანხა არ შეეტანათ კლინიკა X-ს ანგარიშზე და მათთვის გადაეცათ ხელზე. მათ 2016 წლის 23 თებერვალს, 40000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ა. ქ.-ს, რასაც ესწრებოდა ფ. ჯ., რომელმაც მათ უთხრა „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო“. ფ. ჯ.-ს გასვლის შემდეგ კაბინეტში შევიდა ბუღალტერი, რომელმაც მათ გადასცა ქვითარი და წაიღო თანხა, ხოლო ა. ქ.-მ უთხრა, რომ მ. კ.-მ ოპერაცია გაუკეთა მის დისშვილს და ეს უკანასკნელი თავს გრძნობდა კარგად. დაზარალებულის განმარტებით, კლინიკაში იმყოფებოდნენ გ. ჩ. და მისი მეუღლე ა. ჟ., რომლებზეც კლინიკის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ისინი ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოვიდნენ ესპანეთიდან. ამის შემდეგ იგი მეუღლესთან ერთად შეხვდა კლინიკის მთავარ ექიმს - ნ. ნ.-ს, რომელმაც მათ უთხრა, რომ კლინიკას ჰქონდა ოპერაციის ჩატარების ნებართვა, ხოლო მ. კ. მსოფლიო მასშტაბით შედიოდა საუკეთესო ტრანსპლანტოლოგთა ათეულში და ძალიან გაუმართლათ, რომ ოპერაციის გასაკეთებლად მასთან მოხვდნენ. გარდა ამისა ნ. ნ.-კ.-მ მათ უთხრა, რომ მალე კლინიკა „X“ საქართველოში იქნებოდა ერთადერთი კლინიკა, სადაც ჩატარდებოდა ტრანსპლანტაციის ოპერაცია. მათთვის ცნობილი იყო, რომ ოპერაცია ჩატარდებოდა მარტში, თუმცა ზუსტი თარიღი არ იცოდნენ. 2016 წლის 02 მარტს, კ. კ. შვილთან ერთად გასაუბრებაზე დაიბარეს ტრანსპლანტაციის საბჭოში. იქედან დაბრუნებულმა კ. კ.-მ მას უთხრა, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოზე უარი უთხრეს ოპერაციის ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან ვერ დადასტურდა დონორის და რეციპიენტის ნათესაური კავშირი. კლინიკის იურისტმა - გ. ა.-მ ფ. ჯ.-ს აცნობა, რომ ტრანსპლანტაციის საბჭომ უარი განაცხადა ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებაზე, რაზეც ფ. ჯ.-მ განუცხადა, რომ „მაინც ჩაატარებდა ოპერაციას და ეჩივლათ მერე“. ამის შემდეგ მათ გ. ა.-მ უთხრა, რომ არ ენერვიულათ, რადგან პირადად იცნობდა ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც შეხვდებოდა და მოაგვარებდა ოპერაციის ნებართვის საკითხს. დაახლოებით ერთ საათში მათ გ. ა.-მ უთხრა, რომ ოპერაცია ჩატარდებოდა მეორე დღეს და მათ ექნებოდათ ნებართვა. მათ კ. კ.-ს ხელი მოაწერინეს ფურცელზე, სადაც ექიმად დაფიქსირებული იყო ქართველი ექიმი, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია. იგი მივიდა მ. კ.-სთან და ჰკითხა ვინ ატარებდა ოპერაციას, რაზეც მ. კ.-მ უპასუხა, რომ აღნიშნული იყო ფორმალობა და ოპერაციას ჩაატარებდა თავად. 2016 წლის 03 მარტს ჩატარდა ოპერაცია და ფ. ჯ.-მ მათ მიულოცა ოპერაციის წარმატებით დასრულება. ოპერაციის შემდგომ მისი მეუღლე - კ. კ. მოათავსეს რეანიმაციაში, სადაც ყოფნის ნება მასაც დართეს. მას შემდეგ, რაც გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, კ. კ. გადაიყვანეს პალატაში. პალატაში გადაყვანის შემდეგ მისი მეუღლე ახერხებდა პალატაში სიარულს, თუმცა შემდეგ დაემართა ენცეპალოპათია. მოწმემ განმარტა, რომ მან მ. კ.-ს თხოვა კ. კ.-სთვის გაეკეთებინათ ოპერაცია, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა თრომბი და ოპერაციის განმეორებით გაკეთება იყო დაგვიანებული. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა ხ. პ., გ. მ.-ს მეუღლე, რომლისგანაც შეიტყო, რომ ექიმს არ ჰქონდა ტრანსპლანტაციის ჩატარების ლიცენზია. ინფორმაციის დასაზუსტებლად იგი დაუკავშირდა ა. ქ.-ს, რომელსაც ჰკითხა ჰქონდა თუ არა კლინიკა „X-ს“ ლიცენზია, თუმცა მან არ დაუდასტურა ის ფაქტი, რომ კლინიკას ლიცენზია არ გააჩნდა. იგი ინფორმაციის დასაზუსტებლად მივიდა კლინიკა „X-ში“, სადაც ნახა ფ. ჯ., რომელსაც უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ კლინიკას არ გააჩნდა ტრანსპლატაციის ჩასატარებლად ლიცენზია და მოსთხოვა გადახდილი თანხის ინვოისის წარდგენა და თანხის ნაწილის დაბრუნება. რაზეც ფ. ჯ.-მ უპასუხა, რომ კ. კ.-ს ოპერაცია ჩაუტარდა ძალიან იაფად. დაზარალებულმა განმარტა, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩასატარებლად მისი და მისი მეუღლის მიერ გადახდილია 99000 (ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი და მას მიადგა ამ ოდენობის ზიანი, რომელიც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებული არ არის.

მოწმე ა. ჟ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2010 წლიდან მის მეუღლეს - გ. ჩ.-ს აწუხებდა ღვიძლი და იტარებდა სათანადო მკურნალობას. 2014 წელს მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი გამოკვლევების ჩასატარებლად 2015 წლის შემოდგომაზე წავიდა ესპანეთში. ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მას დაუდგინდა ღვიძლის ციროზი, თუმცა არ დაენიშნა მკურნალობა, რადგან უთხრეს, რომ ექვს თვეში კვლავ უნდა ჩასულიყო გამოკვლევაზე და ცვლილებების შემთხვევაში ჩაეწერებოდა ოპერაციის რიგში, მაგრამ რადგან სასწრაფოდ საოპერაციო არ იყო მოუწევდა დიდხანს ლოდინი და დონორის წარდგენის შემთხვევაშიც არ გაუკეთებდნენ ოპერაციას. 2016 წლის ოქტომბერში გ. ჩ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკა „X-ში“ ჩამოდიდონენ თურქი ტრანსპლანტოლოგები, რომლებიც ატარებდნენ უფასო კონსულტაციებს. 2016 წლის 11 თებერვალს იგი მეუღლესთან ერთად მივიდა კლინიკა „X-ში“. კონსულტაციას მ. კ.-სთან ერთად ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც. მათ მ. კ.-ს აჩვენეს ჩატარებული ტომოგრაფიის პასუხები, რომელთა გაცნობის შემდეგ მათ მ. კ.-მ უთხრა, რომ ღვიძლის კარის ვენაში იყო თრომბი, რის გამოც, საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია. მის მეუღლეს ოპერაციის გაკეთება ბარსელონაში სურდა, მაგრამ ვინაიდან მას მ. კ.-მ უთხრა, რომ ფრენის დროს შეიძლება მდგომარეობა გართულებოდა და დაღუპულიყო, გადაწყვიტა ოპერაციის კლინიკა „X-ში“ გაკეთება. მისმა მეუღლემ მ. კ.-ს მითითებით ჩაიტარა 7000 ლარის ღირებულების გამოკვლევები. ამასთან, ამ უკანასკნელის განმარტებით, საჭირო იყო დონორის მოძიება, ხოლო ოპერაციის ღირებულება შეადგენდა 40000 აშშ დოლარს, რაც იმ ეტაპზე ოჯახს არ გააჩნდა. დონორად შეირჩა გ. ჩ.-ს ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც სათანადო გამოკვლევების ჩასატარებლად მივიდნენ კლინიკა „X-ში“, სადაც შეხვდნენ მ. კ.-ს და ა. ქ.-ს, რომლებსაც უთხრეს, რომ ოჯახს არ გააჩნდა ოპერაციისათვის საჭირო თანხა. მ. კ.-მ ა. ქ.-ს უთხრა, ეპოვათ გამოსავალი და დახმარებოდნენ მათ. ა. ქ. დაუკავშირდა პირს, რომელსაც ესაუბრა აზერბაიჯანულ ენაზე, მიმართავდა ფ.-ს სახელით და უთხრა, რომ „ახალგაზრდები არიან და დავეხმაროთო“. მოგვიანებით მას და მის მეუღლეს დაუკავშირდა თ. ბ., რომელმაც სთხოვა კლინიკაში მისვლა. იგი მივიდა კლინიკა ,,X-ში“, ა. ქ.-ს კაბინეტში, სადაც დახვდა ფ. ჯ., რომელმაც უთხრა, რომ დაესახელებინა კონკრეტული ვადა, თუ როდის შეძლებდნენ თანხის გადახდას, რათა ჩაეტარებინათ ოპერაცია, რაზეც მან უპასუხა, რომ დამოუკიდებულად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მას ა. ქ.-მ უთხრა, რომ დაკავშირებოდა მეუღლეს და შეეთანხმებინა ეს საკითხი, ვინაიდან კლინიკის ხელმძღვანელობამ გაუკეთა დიდი შეღავათი და სირცხვილი იყო ამდენი ფიქრი. იგი ტელეფონით დაუკავშირდა გ. ჩ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ ეს არ იყო მარტივად გადასაწყვეტი საკითხი და მოსაფიქრებლად სჭირდებოდა დრო. 2016 წლის 07 მარტს იგი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მივიდა კლინიკა „X-ში“ მეუღლესთან - გ. ჩ.-სთან ერთად და მათ კლინიკის ხელმძღვანელობას უთხრეს, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციის თანხის გადახდას შეძლებდნენ ერთ თვეში. დაზარალებულის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ არ იყვნენ მომზადებულნი და არც დონორი ახლდათ, მისი მეუღლე მაინც დააწვინეს კლინიკაში ოპერაციისთვის და სთხოვეს დაკავშირებოდა დონორს. მათ კლინიკაში ექცეოდნენ ძალიან კარგად, რის გამოც შევიდნენ მათთან ნდობაში და სჯეროდათ მათი. მას აინტერესებდა კლინიკა იყო თუ არა მზად ასეთი ოპერაციის ჩასატარებლად და იყო თუ არა შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, ვინაიდან კეთდებოდა პირველი ოპერაცია, რაზეც თ. ბ.-სგან მიიღო დადებითი პასუხი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მის მეუღლეს ტრანსპლანტაციის საბჭოზე გასაუბრება არ გაუვლია და არ მიუღია თანხმობა ოპერაციაზე. ამიტომ მან ფ. ჯ.-ს და კლინიკის იურისტს - გ. ა.-ს ჰკითხა, ხომ არ შეიქმნებოდა პრობლემა აღნიშნულთან დაკავშირებით. მას გ. ა.-მ უპასუხა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ თავად და არ ენერვიულა. მოგვიანებით მას დაუკავშირდა კლინიკის იურისტი - გ. ა. და უთხრა, რომ ვინაიდან მის სახელზე არ ირიცხებოდა უძრავი ქონება, მასთან ვერ გაფორმდებოდა ხელშეკრულება, რის გამოც თხოვა დაკავშირებოდა მეუღლეს - გ. ჩ.-ს. 2016 წლის 07 მარტს, 22:00 საათზე, მათ გ. ჩ. წაიყვანეს სანოტარო ბიუროში, სადაც 40000 აშშ დოლარზე გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ იგი კ. კ.-ს და მის მეუღლეს შეხვდა კონსულტაციების დროს და მას ფ. ჯ.-მ და ა. ქ.-მ უთხრეს, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციის გასაკეთებლად კ. კ. ჩამოვიდა ამერიკიდან. მან მოგვიანებით კ. კ.-ს მეუღლისგან - ნ. კ.-სგან გაიგო, რომ მათთვის უთქვამთ, თითქოსდა გ. ჩ. ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოსული იყო ბარსელონიდან. მათ ნ. ნ.-მ და თ. ბ.-მ უთხრეს, რომ კლინიკა „X-ში“ ტრანსპლანტაციის ოპერაციას ატარებდნენ თურქი ექიმები, რაც ასევე დაუდასტურათ ფ. ჯ.-მ და დაამატა, რომ იყვნენ ძალიან კარგი ექიმები და კარგ ხელში მოხვდნენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ გ. ჩ.-ს გარდაცვალების შემდეგ იგი მივიდა კლინიკაში და მოითხოვა მეუღლის ავადმყოფობის ისტორია. მას უთხრეს, რომ ისტორიის გადაცემას სჭირდებოდა ხუთი დღე, რაზეც მან უთხრა რომ იჩივლებდა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მას დაუკავშრიდნენ და უთხრეს, რომ მზად იყო ისტორია და შეეძლო ჩაებარებინა. მას შემდეგ რაც იგი გაეცნო ავადმყოფობის ისტორიას, შთაბეჭდილება შეექმნა, რომ გაეეცნო არა მეუღლის, არამედ სხვა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას, ვინაიდან ისტორიაში მითითებული იყო ისეთი გარემოებები, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამის შემდეგ გ. ჩ.-ს მეგობრები მივიდნენ კლინიკა „X-ში“ და შეხვდნენ კლინიკის იურისტს - გ. ა.-ს, რომელმაც მათ მოთხოვა აუცილებლად გადაეხადათ ოპერაციის თანხა. გ. ჩ.-ს მეგობრებმა კი განუმარტეს, რომ ისინი მიმართავდნენ პროკურატურას. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მათ დაუკავშირდათ გ. ა., რომელმაც უთხრა, რომ უფროსი იყო საზღვარგარეთ და ჩამოსვლის შემდეგ გაარკვევდა რის გაკეთებას შეძლებდნენ. რამდენიმე დღეში მათ დაუკავშრიდა გ. ა., რომელმაც უთხრა, რომ ფ. ჯ.-ს განმარტებით თანხა აუცილებლად უნდა გადეხადათ, უბრალოდ შეეძლოთ გადაენაწილებინათ თანხა და ისე გადაეხადათ. მან აღნიშნულზე განაცხადა უარი და გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის. გ. ჩ.-ს გარდაცვალებიდან 3-4 თვეში კლინიკა „X-დან“ დაუკავშირდნენ მის შვილს და უთხრეს, რომ მათ ძალიან დიდი ვალი ჰქონდათ აღებული კლინიკის წინაშე. მათ მას შემდეგ რაც გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, ჩამოსული ექთნებისგან შეიტყვეს, რომ არც მ. კ. და არც მისი გუნდი არ იყვნენ თურქეთიდან და მოღვაწეობდნენ აზერბაიჯანში. დაზარალებულის განმარტებით, კლინიკაში გადაწყვეტილებებს იღებდა ფ. ჯ., ვინაიდან მისი მეუღლის ოპერაციის თანხის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ფ. ჯ.-მ.

მოწმე ი. შ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ჩ. იყო მისი მამიდაშვილი, რომელსაც ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი. გ. ჩ. ესპანეთში დადიოდა 6 თვეში ერთხელ და იტარებდა მკურნალობას, თუმცა როგორც მისთვის არის ცნობილი ოპერაციის ჩატარების საჭიროებაზე მისთვის ესპანეთში არ უთქვამთ. 2016 წელს მას დაუკავშირდა გ. ჩ. და უთხრა, რომ კლინიკა „X-ში“ ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია და თხოვა ყოფილიყო მისი დონორი, რაზეც იგი დათანხმდა და მივიდა ზემოხსენებულ კლინიკაში გამოკვლევის ჩასატარებლად. ანალიზების ჩაბარებისას, მან გ. ჩ.-სგან და მისი მეუღლისგან შეიტყო, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ საუკეთესო სპეციალისტებს. ამის შემდეგ იგი გ. ჩ.-ს ცოლთან - ა. ჟ.-სთან ერთად წავიდა სხვა კლინიკაში ანალიზის ჩასაბარებლად, რა დროსაც ამ უკანასკნელს უკავშირდებოდნენ კლინიკა ,,X-დან“ და სთხოვდნენ სასწრაფოდ მისვლას. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე მას დაუდგინდა კუჭთან დაკავშირებული პრობლემები და მკურნალობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მისთვის ცნობილია, რომ ჩატარებული გამოკვლევის პასუხი ა. ჟ.-მ წარადგინა კლინიკა „X-ში“. ამასთან, გ. ჩ.-ს არ ჰქონდა ოპერაციის ღირებულების თანხა 40000 აშშ დოლარი და ცდილობდა მის შეგროვებას, თუმცა ოჯახმა კლინიკიდან მიიღო შეთავაზება თანხის გადახის გადავადების შესახებ. 2016 წლის 07 მარტს გ. ჩ. და ა. ჟ. მივიდნენ კლინიკაში აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად. მას იმავე დღეს, დაუკავშირდა ა. ჟ. და უთხრა, რომ ოპერაცია დაინიშნა მეორე დღეს, გ. ჩ.-ს უკვე ამზადებდნენ ოპერაციისთვის და სთხოვა სასწრაფოდ ჩამოსულიყო თბილისში. იგი იმავე დღეს ჩამოვიდა თბილისში და მივიდა კლინიკაში, სადაც აუხსნეს მოსალოდნელი რისკების შესახებ, ასევე განუმარტეს, ღვიძლის რამდენ პროცენტს ამოკვეთდნენ. ამის შემდეგ მან ხელი მოაწერა თანხმობას და იგი პალატაში შეიყვანეს გ. ჩ.-სთან ერთად. მას მეორე დილით გაუკეთდა ოპერაცია და იგი გ. ჩ.-სთან და კ. კ.-სთან ერთად მოათავსეს რეანიმაციაში. მოწმის განმარტებით კ. კ. იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მიერთებული იყო აპარატზე და უჭირდა სუნთქვა. ოპერაციის ჩატარებიდან მეორე-მესამე დღეს იგი გ. ჩ.-სთან ერთად გადაიყვანეს პალატაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ ა. ა. და ქართველი ექთნები, ხოლო გ. ჩ.-ს მდგომარეობას აკვირდებოდნენ მთავარი ექიმი და აზერბაიჯანელი ექთნები. 2016 წლის 15 მარტს გ. ჩ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გადაიყვანეს რეანიმაციაში. მოგვიანებით გ. ჩ. გარდაიცვალა. მოწმემ განმარტა, რომ მისი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე არ მომხდარა.

მოწმე ხ. პ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის ივლისში მის მეუღლეს გ. მ.-ს აღმოაჩნდა ციროზი და იგი ორი-სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა ინფექციურ საავადმყოფოში. საბოლოოდ დადგინდა, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი იყო ღვიძლის გადანერგვა. 2015 წლის იანვრის ბოლოს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით შეიტყვეს, რომ საქართველოში, კონკრეტულად შპს „X-ში“, ჩამოდიოდნენ ცნობილი თურქი ექიმები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩაატარებდნენ უფასო კონსულტაციებს ღვიძლის გადანერგვასთან დაკავშირებით. 2015 წლის 3-4 თებერვალს იგი მეუღლესთან ერთად მივიდა მ. კ.-სთან კონსულტაციაზე, რომელთან ერთადაც იყო ანესთეზიოლოგი თ. ბ.. კონსულტაციის დროს მას ფ. ჯ. არ უნახავს, ნახა მოგვიანებით, რომელსაც რაიმე სახის პროპაგანდა ოპერაციასთან დაკავშირებით არ გაუწევია. მათ მ. კ.-ს წარუდგინეს კლინიკა „Y-ში“ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები, თუმცა ამ უკანასკნელმა მათ უთხრა, რომ ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნულ კვლევებს და თავიდან უნდა ჩაეტარებინათ გამოკვლევები. მ. კ.-მ მკურნალ ექიმს - თ. ბ.-ს გადასცა სია გ. მ.-ს მიერ ჩასატარებელ კვლევათა შესახებ. ამის შემდეგ მ. კ. წავიდა თურქეთში, საიდანაც დაბრუნდებოდა ორი კვირის შემდეგ და გ. მ.-ს გაუკეთებდა ოპერაციას. მოწმემ განმარტა, რომ კლინიკა „X-ში“ გამოკვლევებზე სიარულისას გაიცნო ორი პაციენტი: კ. კ. და გ. ჩ.. კ. კ.-ს გარდაცვალების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ. კ.-ს არ ჰქონდა სათანადო ლიცენზია, აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა ფ. ჯ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ იმ დროისთვის, როდესაც მისი მეუღლის ოპერაცია დაიგეგმებოდა, მ. კ.-ს უკვე ექნებოდა სათანადო ლიცენზია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ასევე გარდაიცვალა გ. ჩ.. ამის გამო მისმა მეუღლემ კლინიკა „X-ში“ ოპერაციის გაკეთება გადაიფიქრა და 2016 წლის 13 მაისს ქ. ბათუმში გაიკეთა ოპერაცია. მას ინდოელმა და ქართველმა ექიმებმა ერთობლივად გაუკეთეს ოპერაცია, რაშიც გადაიხადა 105 000 (ასხუთი ათასი) ლარი, რაც მაშინდელი კურსით უტოლდებოდა 46000 ან 47000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხის მთლიანად გადახდა ვერ შეძლეს, რის თაობაზეც გააფორმეს საგარანტიო ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ ერთი წლის ვადით, რომელსაც თვეების განმავლობაში ფარავდნენ. მოწმის განმარტებით, ძალიან დიდი განსხვავება იყო შპს „X-სა“ და ბათუმის საავადმყოფოს შორის პაცინტის პოსტოპერაციულ მკურნალობაში. მისი მეუღლე ბათუმის საავადმყოფოში იზოლირებულად ჰყავდათ მოთავსებული რეანიმაციულ ოთახში - ინკუბატორში, ხოლო როგორც მისთვის არის ცნობილი კ. კ. და გ. ჩ. ოპერაციიდან მეოთხე დღეს გადაიყვანეს პალატაში, სადაც ბახილების გარეშე შედიოდნენ და გამოდიოდნენ.

მოწმე ზ. ხ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 01 მაისს კლინიკა „X-ში“ დაინიშნა ფ. ჯ.-ს პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის 01 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ფ. ჯ.-ს მიერ დაინიშნა კლინიკის გენერალურ დირექტორად. მუშაობის დაწყების პერიოდში კლინიკას ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, თანამშრომელთა ხელფასები არ იყო გაცემული, მიმწოდებელი ფირმებისთვის არ იყო გადახდილი თანხები და ასევე არ იყო თანხები მიღებული საყოველთაო ჯანდაცვიდან. მისი მუშაობის პერიოდში კლინიკის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პაციენტების მომსახურების დონე იყო ძალიან დაბალი. თებერვლის თვეში მოლაპარაკებები დაიწყო ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩაეტარებინა ექიმთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მოქალაქე მ. კ.. იგი ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მთელს მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა ევროპასა და აზერბაიჯანში ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. მოგვიანებით დაიწყო კონსულტაციების ჩატარება და ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია, რომელთაგან ორი ოპერაცია დასრულდა ლეტალური შედეგით. კლინიკა „X-ში“ იყო საერთო მმართველობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა დირექცია, რომლის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად შედიოდნენ თვითონ და ფ. ჯ.. კლინიკაში ყველა საკითხი წყდებოდა საერთო გადაწყვეტილებით. კლინიკაში ახალი თანამშრომლის აყვანისას გასაუბრება ხდებოდა ფ. ჯ.-სთან და ნ. კ.-ნ.-სთან. კლინიკა „X-ს“ მართვასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებას იღებდა კლინიკის მეპატრონე - ფ. ჯ., რეალურად მის გარეშე გადაწვეტილებას ვერავინ იღებდა. კლინიკა „X-ში“ ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების მიზანი იყო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვინაიდან კლინიკაში ყველა მიმართულებით იყო პაციენტების ნაკლებობა, ხოლო ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებით შესაძლებელი იყო კლინიკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მისთვის ცნობილი იყო, რომ ჰქონდათ ოპერაციის ჩატარების ნებართვები და მხოლოდ ოპერაციის ჩატარების შემდეგ გაიგო, რომ მ. კ.-ს დროებითი საექიმო საქმიანობის ნებართვას ვადა ჰქონდა გასული.

მოწმე ნ. ნ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ კლინიკა „X-ში“ მუშაობდა მთავარი ექიმის პოზიციაზე. თავდაპირველად ფ. ჯ. იმავე კლინიკაში მუშაობდა გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე. მოგვიანებით კი, კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ზ. ხ., მაგრამ ვინიადან იგი რეესტრით არ იყო დანიშნული გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა ფ. ჯ.. მოწმის განმარტებით, კლინიკა „X-ში“ თანამშრომლების სამსახურში აყვანა ხდებოდა შემდეგნაირად: კლინიკაში მისული ექიმი წარადგენდა სათანადო დოკუმენტაციას, რომელსაც ამოწმებდა ჯერ კადრების სამსახური, შემდეგ კი, იურიდიული სამსახური. გადამოწმებული დოკუმენტაცია წარედგინებოდა დირექტორ ზ. ხ.-ს, რომელიც ხელს აწერდა თანამშრომელის სამსახურში მიღების ბრძანებას. ამის შემდეგ ბრძანება შედიოდა ფ. ჯ.-სთან, რომელიც ასევე აწერდა ხელს. შპს „X-ში“ ფ. ჯ.-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრანსპლანტაციის განყოფილება. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფრანგ ტრანსპლანტოლოგებთან, თუმცა მათ მოითხოვეს დიდი ოდენობით თანხა, რის გამოც ჩაიშალა მოლაპარაკებები. ამის შემდეგ ფ. ჯ. მოლაპარაკებებს აწარმოებდა მ. კ.-სთან, რომელიც ბაქოში ხელმძღვანელობს ერთ-ერთი სოლიდური კლინიკის ტრანსპლანტაციის ცენტრს და არის თავისი საქმის პროფესიონალი. მოწმემ განმარტა, რომ მას მ. კ.-სთან დაკავშირებით ესაუბრა ფ. ჯ., გაეცნო მის სივს, ჩატარებულ ოპერაციებს, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. რაც შეეხება ლიცენზიების საკითხს, აღნიშნულს კურირებდა იურიდიული სამსახური და ხარისხის მართვის სააგენტო. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მ. კ.-ს არ ჰქონდა დროებითი საექიმო საქმიანობის ნებართვა, მან ამის შესახებ შეიტყო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კომისიის თანამშრომლები მივდნენ კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ მ. კ.-ს ლიცენზიას ერთი თვის წინ ჰქონდა ვადა გასული. მან ამის გამო უსაყვედურა კლინიკის იურისტს - გ. ა.-ს. მოგვიანებით სასამართლოს მიერ კლინიკა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 1000 ლარით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, მათი თანამშრომლის ა. ქ.-ს ძმისშვილს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მ. კ.-მ გაუკეთა ოპერაცია და ამ ოპერაციის შემდეგ იგი ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ფ. ჯ.-მ მოლაპარაკებების შედეგად დაითანხმა მ. კ., რომ ეს უკანსკნელი თავის გუნდთან ერთად პერიოდულად ჩამოვიდოდა საქართველოში და დაეხმარებოდა ამ დარგის აწყობა-განვითარებაში. მათ მ. კ.-სთვის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, რაც დაკმაყოფილდა და მ. კ.-ს საქართველოში მუშაობის უფლება მიეცა ერთი წლის ვადით, თუმცა რეგულირების სააგენტოს კომისიის თანამშრომლების კლინიკაში მისვლის შემდეგ გაიგო, რომ მ. კ.-ს ლიცენზიას ოპერაციამდე ერთი თვით ადრე გაუვიდა ვადა. მოწმის განმარტებით, ფ. ჯ.-ს გადაწყვეტილებით თავიდან ოპერაციის ღირებულებად დასახელდა 40000 აშშ დოლარი, რაც დაფარავდა მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს. ეს თანხა არ იყო საკმარისი, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა სტარტაპის თანხა და კლინიკას შეექმნა ფინანსური პრობლემები. ასევე გვიანდებოდა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხების გადარიცხვა, რის გამოც კლინიკა აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და ფ. ჯ.-მ აიღო კრედიტი. მოწმემ აღნიშნა, რომ კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს საოპერაციო კვლევები ჩაუტარდათ სრულად, ოპერაციის ჩასატარებლად კლინიკა უზრუნველყოფილი იყო საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაციენტს ესაჭიროებოდა ოპერაცია, მოწმემ გადაჭრით ვერ მიუთითა რამდენად სასწრაფო იყო ოპერაციის ჩატარება. ასევე განმარტა, რომ აღნიშნულზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ტრანსპლანტოლოგს, თავის გუნდთან ერთად. როგორც მისთვის ცნობილია, არსებობს ჰეპატოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზე ყველა ექიმმა დაასკვნა, რომ ორივე პაციენტს ჰქონდა ტერმინალური მდგომარეობა და საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას. აღნიშნული პაციენტები ნამყოფი იყვნენ უამრავ კლინიკაში და კლინიკა ,,X-ში“ ან სხვა სპეციალისტებმა გაუშვეს, ან გაიგეს იმის შესახებ, რომ მ. კ. ჩამოდიოდა და აკეთებდა ოპერაციებს და მივიდნენ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად. მან ფ. ჯ.-ს და ზ. ხ.-ს სთხოვა არ ეჩქარათ ოპერაციის ჩატარება, რადგან საჭირო იყო დოკუმენტაციის მომზადება და ოპერაციის დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სრულყოფილად თარგმნა, რაზეც ორივემ უპასუხა, რომ არ ჩარეულიყო, რადგან თვითონ მოაგვარებდნენ აღნიშნულ საკითხებს. მოწმის ჩვენებით, ფ. ჯ. ტრანსპლანტაციის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა თავად და ცდილობდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტი.

მოწმე თ. ბ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 12 მაისიდან ექიმ-ინფექციონისტად მუშაობს შპს „X-ში“. იგი ასევე მუშაობს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-ჰეპატოლოგად. 2015 წლის თებერვალში მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა მ. კ., თავის გუნდთან ერთად. იგი ზ. ხ.-ს რეკომენდაციით შპს „X-ში“ მიწვეული იქნა ექიმ-ჰეპატოლოგად, სადაც გაიცნო მ. კ. და მასთან ერთად იღებდა მონაწილეობას კონსულტაციებში. მათ მიერ კონსულტაციები ჩაუტარდა გ. მ.-ს, გ. ჩ.-ს და კ. კ.-ს. დაიწყეს მათი ლაბორატორიული გამოკვლევა და დოკუმენტაციის მომზადება. ხსენებულ პირებს ჩაუტარდათ თითქმის ყველა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგები სოციალური ქსელის საშუალებით გადაეგზავნა მ. კ.-ს. ანალიზების პასუხების საფუძველზე გადაწყდა ოპერაციის ჩატარება. ამიტომ, მ. კ. დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც კვლავ ჩატარდა განმეორებითი კონსულტაციები და პაციენტებთან ერთად დაიგეგმა და ჩატარდა წინასაოპერაციო კვლევები. გამოკვლევის შედეგად კ. კ.-ს დაუდგინდა ჰეპატოცელური კარციომა - ღვიძლის კიბო, რომელიც აზიანებს ღვიძლის ძალიან დიდ მოცულობას. ის ჩნდება დაზიანებულ ღვიძლზე. ეს ორი ერთად აღებული ორმაგი დარტყმაა ორგანიზმისთვის და არის უმძიმესი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დამთავრდეს ღვიძლის უკმარისობით - სიკვდილით. გ. ჩ.-ს ჩაუტარდა კომპიუტერული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და დაუდგინდა კარის ვენის თრომბოზი, ანუ კარის ვენაში იყო თრომბი, შესაბამისად ვერ ხდებოდა ღვიძლის კვება. აღნიშნულის გართულებად ითვლება ის, რომ თრომბი ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს და განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც იწვევს სიკვდილს. ორივე პაციენტის შემთხვევაში შეიძლებოდა განვითარებულიყო ღვიძლის უკმარისობა, რომელიც გამოიწვევდა სიკვდილს. მ. კ.-მ მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი სასწრაფო ოპერაციის ჩატარების შესახებ, რის შესახებაც ეცნობათ როგორც პაციენტებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს. მ. კ.-ს მიერ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს ასევე განემარტათ შესაძლო გართულებების და შედეგების შესახებ, რომელსაც ესწრებოდა პირადად. 2015 წლის 03 მარტს, ტრანსპლანტაციაზე გადაყვანილი იქნა პირველი პაციენტი კ. კ.. მოწმის განმარტებით, კლინიკაში სამართლებრივი საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებელია ადმინისტრაცია და კლინიკის იურისტი, ხოლო ექიმის ლიცენზიაზე პასუხისმგებელია თავად ექიმი. ამასთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებთ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბუღალტერია. ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ისტორია და უნდა იცოდეს თავისი ლიცენზიის შესახებ. იგი ასევე პასუხისმგებელია პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე. ორივე ოპერაციამდე, პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს განემარტათ ოპერაციის შესაძლო შედეგების თაობაზე. ტრანსპლანტაციის საბჭოსათვის მიმართვის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან არ ერეოდა ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში.

მოწმე თ. ქ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2008 წლიდან დაინტერესებული იყო ტრანსპლანტოლოგიით. მას ფ. ჯ.-სთან ურთიერთობა ჰქონდა კლინიკა „X-ს“ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე და იცოდა, რომ კლინიკა „X“ ფ. ჯ.-ს ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ემზადებოდა ტრანსპლანტაციის ოპერაციისთვის. იგი მოწვეულ ექიმებს და მ. კ.-ს იცნობდა ანკარიდან და იცოდა, რომ იყვნენ მაღალკვალიფიციური ექიმები და ძალიან კარგი სკოლა ჰქონდათ გავლილი. მან კ. კ.-ს ანალიზები ნახა ოპერაციის წინა დღეს. კ. კ.-ს ჰქონდა ციროზის ფონზე განვითარებული ჰეპატოცელური კარცინომა - კიბო და იყო საოპერაციო. მას ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან საკუთარი ინიციატივით წამოვიდა კლინიკა „X-დან“. მან მონაწილეობა მიიღო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში, რომელთა შინაარსსაც ეთანხმება სრულად. გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაცია არ წარმოადგენდა სასწრაფოს, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, სანამ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდებოდა, რადგან დამძიმებული პაციენტი ვერ გადაიტანდა ცოცხალი ადამიანისგან ღვიძლის გადანერგვას.

მოწმე უ. ნ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინიტროს რეგულირების სააგენტოში და მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა დოკუმენტაციის შემოწმება, რევიზია-კონტროლი და პროგრამული შემოწმება. 2015 წლის მარტში ტრანსპლანტაციის ასოციაციის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. განცხადებაში მითითებული იყო, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაცია შპს „X-ში“ ჩატარდა ნებართვის გარეშე. რეგულირების სააგენტოს უფროსის მიერ გამოტანილი იქნა ბრძანება კომისიური წესით შპს „X-ს“ შემოწმების თაობაზე. იგი თანამშრომელ რ. შ.-სთან ერთად, კ. კ.-ს მიმართ ჩატარებულ ტრანსპლანტაციის ოპერაციასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით გამოცხადდა შპს „X-ში“. მათ მოითხოვეს კლინიკის დირექტორთან შეხვედრა და შეიყვანეს ზ. ხ.-ს კაბინეტში, რომელმაც გამოიძახა კლინიკის იურისტი - გ. ა. და გადაამისამართა ფ. ჯ.-ს კაბინეტში. მათ ფ. ჯ.-ს განუმარტეს მისვლის მიზეზი, ჩააბარეს ბრძანება და მოითხოვეს პაციენტ კ. კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა და პაციენტთან შეხვედრა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში. ისინი ფ. ჯ.-მ გადაამისამართა ნ. ნ.-სთან, რომელმაც მათ გადასცა პაციენტ კ. კ.-ს სამედიცინო ისტორია. ხსენებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ოპერატორს - მ. კ.-ს არ ჰქონდა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სერთიფიკატი, ანუ ოპერაციული მკურნალობის წარმოების ნებართვა. გარდა ამისა სამედიცინო დოკუმენტაცია არ იყო სათანადოდ შევსებული, კერძოდ: არცერთ ისტორიაში არ აღინიშნებოდა ხელმოწერა, მონიტორინგი და ის დეტალები, რაც რეანიმაციული პაციენტის ისტორიაში უნდა იყოს აღნიშნული. კ. კ.-ს სამედიცინო ისტორიაში არ მოიპოვებოდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვა. მასალებიდან ჩანდა, რომ შპს „X-ს“ ნებართვის მისაღებად მიმართული ჰქონდა ტრანსპლანტაციის საბჭოსათვის, თუმცა ვინაიდან ტრანსპლანტაციის საბჭომ ვერ დაადგინა ნათესაური კავშირი დონორსა და რეციპიენტს შორის, დამატებით მოთხოვა კლინიკას დოკუმენტის წარდგენა. როგორც გაირკვა ოპერაცია ჩატარდა ტრანსპლანტაციის საბჭოს მომდევნო სხდომამდე. ფ. ჯ.-ს და მ. კ.-ს განმარტებით, პაციენტს ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია, რის გამოც ვერ დაელოდნენ ტრანსპლანტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. მოწმემ განმარტა, რო მათ მიერ შედგენილ იქნა ორი ოქმი, ერთი ოქმი შედგენილ იქნა ოპერატორის სახელზე, მის მიერ უკანონო საქმიანობის წარმოებისთვის, ხოლო მეორე ოქმი შედგენილ იქნა შპს „X-ს“ სახელზე, სანებართვო პირობების დარღვევის გამო. მოწმის განმარტებით, ოპერაციის დროს სამედიცინო ისტორია უნდა დაწეროს ოპერატორმა, ხოლო პაციენტის რეანიმაციაში ყოფნის დროს მორიგე რეანიმატოლოგმა. მათ გასაუბრებისას დონორმა უთხრა, რომ ინფორმირებული იყვნენ მოსალოდნელ შედეგზე, თუმცა გული წყდებოდა იმის გამო, რომ ოპერაციის გაკეთება იყო დაგვიანებული. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მ. კ.-ს, 2016 წლის 01 იანვრიდან აღარ ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლება. შპს „X-ს“ დაწესებულების დირექტორს არ ჰქონდა უფლება ქირურგის და საექიმო საქმიანობის განმახორციელებლის თანამდებობაზე, დაენიშნა ისეთი პირი, რომელსაც არ ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლებამოსილება.

მოწმე რ. შ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვ. კ.-ს წერილის საფუძველზე რეგულირების სააგენტოს დაევალა კ. კ.-ს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების კანონიერების შესწავლა. ხსენებული მომართვის საფუძველზე, 2016 წლის 10 მარტს, სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც მასთან ერთად შედიოდა უ. ნ.. ისინი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მივიდნენ კლინიკა „X-ში“, სადაც შეხვდნენ გენერალურ დირექტორს ზ. ხ.-ს, რომელსაც წარუდგინეს ბრძანება და განუმარტეს შემოწმების მიზანი. ზ. ხ.-ს თხოვნით ბრძანების შინაარსი და შემოწმების მიზანი გააცნეს ასევე კლინიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს - ფ. ჯ.-ს. მათ ხსენებულ პირებს მოთხოვეს პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენა. მოწმის განმარტებით, ფ. ჯ.-ს გაუკვირდა, რომ მ. კ.-ს საექიმო საქმიანობის ნებართვას ვადა ჰქონდა გასული, ამიტომ დაიბარა კლინიკის იურისტი და მოთხოვა განმარტება. ამის შემდეგ, მათ შეამოწმეს სამედიცინო დაწესებულების მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ პაციენტ კ. კ.-ს მიმართ ჩატარებული მკურნალობა და ოპერაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო კანონმდებლობას, ვინაიდან ტრანსპლანტაციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი - მ. კ. ვალდებული იყო, ოპერაციის ჩატარების თაობაზე ნებართვა აეღო ორგანოს გადანერგვამდე, მაგრამ მ. კ.-ს საქართველოში სახელმწიფო სერთიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული არ ჰქონდა, შესაბამისად მის მიერ ჩატარებული ოპერაციული მკურნალობა იყო უკანონო. შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებას, გადანერგვის ოპერაციის ჩასატარებლად, არ გააჩნდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვა. მათ ფ. ჯ.-მ განუმარტათ, რომ ნებართვის მიღების მოთხოვნით მათ მიმართეს საბჭოს, მაგრამ ვინაიდან იმ მომენტისთვის ვერ იქნა დადგენილი დონორის და პაციენტის ნათესაური კავშირი, უარი ეთქვათ ნებართვის გაცემაზე. ამასთან, ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, უარის მიუხედავად მაინც გადაწყდა პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. მათ მოინახულეს რეანიმაციაში მყოფი კ. კ., რომლის მდგომარეობა იყო მძიმე. პაციენტ კ. კ.-ს ავადმყოფობის ისტორია შევსებული იყო ქართულ ენაზე, რომელსაც ხელს აწერდა მ. კ., რომელიც საუბრობდა რუსულ ენაზე. შემოწმების დროისთვის სამედიცინო ისტორია არ იყო დასრულებული, ვინაიდან პაციენტი იყო ცოცხალი და არ იყო გაწერილი საავადმყოფოდან, თუმცა მოგვიანებით მიღებული ინფორმაციით შეიტყო, რომ იგი გარდაიცვალა. წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილი იქნა, რომ მ. კ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერდა ფ. ჯ.. ამის შემდეგ მათ მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, პირველი ექიმ-ოპერატორის მ. კ.-ს მიერ უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე სამედიცინო ადმინისტრაციის მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, შპს „X“ დაჯარიმდა - 36000 ლარით, ხოლო მ. კ. - 1000 ლარით.

მოწმე კ. ღ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2016 წლის მაისში, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, პაციენტ გ. ჩ.-ს მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით, განცხადებით მიმართა ადვოკატმა ნ. ლ.-მ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიოდნენ გ. ც. და ი. პ.. კომისიის წევრები ბრძანების საფუძველზე გამოცხადდნენ კლინიკა „X-ში“ და დაიწყეს სამედიცინო დოკუმენტაცის შესწავლა, რა დროსაც კომუნიკაცია ჰქონდათ ნ. ნ.-სთან. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ 2016 წლის 07 მარტს, შპს „X-ში“ მოთავსებული იქნა პაციენტი გ. ჩ., დონორთან - ი. შ.-სთან ერთად. გ. ჩ.-ს კლინიკაში მოთავსებიდან მეორე დღეს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი ზოგადი მდგომარეობა იყო შედარებით სტაბილური, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა 2016 წლის 14 მარტიდან და იგი გარდაიცვალა 2016 წლის 15 მარტს. ჩატარებული შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ოპერაციის ჩამტარებელი სამედიცინო პერსონალი: კ., რ., ბ. და სხვები არ ფლობდნენ დროებითი სამედიცინო საქმიანობის შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო სამედიცინო საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 441-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და აღმასრულებელი დირექტორის ფ. ჯ.-ს 2016 წლის 01 აპრილის ბრძანებით უკვე განთავისუფლებულნი იყვნენ სამსახურიდან, არ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ასევე წარმოადგენდა სანებართვო წესების დარღვევას, მაგრამ ვინაიდან კლინიკა 2015-2016 წლებში სამჯერ იყო დაჯარიმებული, ხოლო მეოთხე შემთხვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს, რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა დაწესებულებისთვის ტრანსპლანტოლოგიის დამატებითი ნებართვის გაუქმება.

მოწმე ი. პ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლიდან მუშაობს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. სააგენტოს განცხადებით მიმართა ადვოკატმა ნ. ლ.-მ, რის საფუძველზეც სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიქმნა კომისია. კომისიის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიოდნენ სამმართველოს უფროსი კ. ღ. და სპეციალისტი - გ. ც.. ისინი შემოწმების მიზნით მივიდნენ შპს „X-ში“. კლინიკის მთავარმა ექიმმა ნ. ნ.-მ მათ წარუდგინა დოკუმენტაციის ორიგინალები, ხოლო შემდგომ გადასცა მათი დამოწმებული ასლები. მათ მიერ შესწავლილი იქნა შპს „X-ში“ არსებული პაციენტ გ. ჩ.-ს სამედიცინო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე დონორ - ი. შ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 07 მარტიდან 2016 წლის 15 მარტამდე პერიოდში, შპს „X-ში“ მკურნალობდა პაციენტი გ. ჩ.. მ. კ.-ს ჩანაწერების მიხედვით ირკვეოდა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის გეგმიური ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა მ. კ.-მ, რომელსაც ეხმარებოდნენ ანესთეზიოლოგები: ბ., რ. და ს.. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას, გამოვლინდა როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ: ექიმ-ქირურგს მ. კ.-ს, რეანიმატოლოგებს - ს.-ს, რ.-სა და ბ.-ს არ გააჩნდათ დროებითი საექიმო საქმიანობის ნებართვა, სახელმწიფო სერთიფიკატი, რითაც დარღვეულ იქნა საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები, ასევე, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სტაციონალური დაწესებულების მიერ გაცემული ნებართვის წესის და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მთავრობის 385-ე დადგენილების მოთხოვნა. დაწესებულების მიერ ასევე ვერ იქნა წარდგენილი ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ორგანოს გადანერგვაზე ტრანსპლანტაციის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვა. ამ დარღვევების გამო ექიმების მ. კ.-ს, ს.-ს, რ.-ს, ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან 2016 წლის 01 აპრილიდან მითითებული პირები ბრძანების საფუძველზე აღარ მუშაობდნენ კლინიკა „X-ში“. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 59-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება ოპერაციის ჩატარებამდე საქმიანობას აწარმოებს თავისი წესდების შესაბამისად. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი ვალდებულია წარმართოს დაწესებულების მენეჯმენტი და გადაანაწილოს ვალდებულებები.

მოწმე გ. ც.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში მუშაობს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შპს „X-ში“ პაციენტ გ. ჩ.-სთვის ჩატარებული სამედიცინო საქმიანობის საკითხის შესწავლის მიზნით, რეგულირების სააგენტოში შევიდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატის - ნ. ლ.-ს წერილი და სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიქმნა კომისია. მოწმემ განმარტა, რომ კომისიის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიოდნენ კ. ღ. და ი. პ., ხოლო კომისიის მუშაობის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისიდან - 2016 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდი. კომისიის წევრები გამოცხადნენ კლინიკა „X-ში“. მათ ნ. ნ.-მ წარუდგინა გ. ჩ.-ს და მისი დონორის სამედიცინო დოკუმენტაცია. მათ შეისწავლეს ზემოხსენებული დოკუმენტაცია და დაადგინეს, რომ 2016 წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს უცხოელმა ექიმებმა ჩაუტარეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა 2016 წლის 14 მარტს და გარდაიცვალა 2016 წლის 15 მარტს. მათ მიერ ბაზაში გადამოწმებული იქნა ოპერაციის ჩამტარებელი ექიმების შესახებ არსებული ინფორმაცია და გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ საქართველოში საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი მუდმივი ან დროებითი სერთიფიკატი. ოპერაციის ჩამტარებელი ექიმი და მისი დამხმარე გუნდის წევრები ფ. ჯ.-ს 2016 წლის 01 აპრილის ბრძანებით, განთავისუფლებული იყვნენ სამსახურიდან, შესაბამისად მათ წინააღმდეგ კომისიის წევრების მიერ ვერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ ოქმი შეადგინეს კლინიკა „X-ს“ წინააღმდეგ. კლინიკა „X“ ანალოგიური დარღვევისთვის უკვე სამჯერ იყო დაჯარიმებული და ბოლო გადაწყვეტილება იმ დრისთვის არ იყო ძალაში შესული, ამიტომ კლინიკა „X-სთვის“ გადანერგვის ნებართვის გაუქმების თაობაზე, სააგენტომ მიმართა ტრანსპლანტაციის საბჭოს, რომელმაც დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მოწმის განმარტებით, კლინიკა „X-ს“ გ. ჩ.-სთვის ოპერაციის ჩატარების ნებართვის მოთხოვნით არ ჰქონდა ტრანსპლანტაციის საბჭოსათვის მიმართული.

მოწმე ლ. მ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2014 წლის მაისიდან მუშაობს კლინიკა „X-ში“, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო ფ. ჯ. იყო კლინიკის უფროსი. მის მოვალეობაში შედიოდა ფეისბუქის და საიტის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა და საჭიროებისამებრ ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება. კლინიკის ფეისბუქგვერდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია კლინიკაში არსებული აქციების და დაგეგმილი პროექტების შესახებ. იგი, უშუალო უფროსის - დ. მ.-ს დავალებით, აწარმოებდა კლინიკა „X-ში“ ჩატარებული ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაციის ვიდეოგადაღებას, რაც შემდგომ უნდა გამოყენებინათ რეკლამისთვის. ვიდეომასალაზე აღბეჭდილი იყო ოპერაციის მიმდინარეობის შორიდან გადაღებული ვიდეოკადრები. მოწმის განმარტებით, მას გადაღებული ვიდეომასალა სხვა ფაილებთან ერთად წაეშალა.

მოწმე ა. ა.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2014 წლიდან 2017 წლის 23 მარტამდე მუშაობდა კლინიკა „X-ს“ ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში. იგი სამსახურში მიიღო კლინიკის დამფუძნებელმა და დირექტორმა ფ. ჯ.-მ. 2016 წლის თებერვალში, ფ. ჯ.-მ და ზ. ხ.-მ უთხრეს, რომ შპს „X-ში“ ჩამოდიოდნენ აზერბაიჯანელი სპეციალისტები - ტრანსპლანტოლოგები და გააცნეს მ. კ. თავის გუნდთან ერთად. მას ხსენებული პირებისთვის უნდა გაეწია თარჯიმნის მომსახურება. მოგვიანებით მან მ. კ.-ს სთხოვა, მიეცა ოპერაციებში მონაწილეობის უფლება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. მან, როგორც ასისტენტმა მონაწილეობა მიიღო დონორების: ი. შ.-ს და ლ. დ.-ს მიმართ ჩატარებულ ოპერაციებში. იგი ასევე დაეხმარა მ. კ.-ს ხსენებულ პირთა ოპერაციამდე შედგენილი სამედიცინო ისტორიების წარმოებაში. მოწმის განმარტებით, პაციენტებთან კონსულტაციებს ატარებდა მ. კ., თუმცა იგი მხოლოდ მაშინ ესწრებოდა, როცა თარგმნა იყო საჭირო. მისთვის ცნობილია, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოში წარსადგენად, მ. კ. ამზადებდა საბუთებს, თუმცა კლინიკაში ნებართვებთან დაკავშირებით ვინ იყო პასუხისმგებელი არ იცის, მას არც ფინანსურ საკითხებთან ჰქონია რაიმე შეხება. მისთვის ცნობილია, რომ ტრანსპლანტოლოგიის ოპერაციისათვის საჭირო ნებართვა კლინიკას და მ. კ.-ს ჰქონდა. მოწმის განმარტებით, კლინიკაში მოწვეულ ექიმთა ჯგუფი საქართველოდან გაემგზავრა ოპერაციის ჩატარებიდან 2-3 დღის შემდეგ.

მოწმე გ. ა.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2014 წლის 01 ივნისიდან იურისტის პოზიციაზე მუშაობდა კლინიკა „X-ში“. მის მოვალეობაში შედიოდა სამართლებრივი საკითხების მოგვარება, კერძოდ: შრომითი ხელშეკრულებების შედგენა, თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებების მომზადება, წერილებზე პასუხის გაცემა, სასამართლოსთან ურთიერთობა, მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება და რეგულირება, ასევე ხელმძღვანელის მითითებების შესრულება. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც კლინიკა „X-მა“ მოიპოვა ლიცენზია ტრანსპლანტაციის შესახებ, კლინიკის ხელმძღვანელმა, დაიწყო მოლაპარაკება ბაქოში მომუშავე აზერბაიჯანელ ტრანსპლანტოლოგ მ. კ.-სთან. მას მ. კ.-მ გადმოუგზავნა ლიცენზიის მისაღებად საჭირო საბუთები, რაც წარადგინეს ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც მ. კ.-ს მიენიჭა შრომის ლიცენზია. ვინაიდან ტრანსპლანტაციის ოპერაციისათვის საჭირო იყო შესაბამისი აპარატურა, მათ ფ. ჯ.-სთან შეთანხმებით შეიძინეს შესაბამისი აპარატურა. ამის შემდეგ მ. კ. თავის გუნდთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო პაციენტებთან კონსულტაციები. მოწმემ განმარტა, რომ მის გარდა კონსულტაციებს ესწრებოდა თ. ბ., რომელიც ეხმარებოდა მ. კ.-ს პაციენტების შერჩევაში. შეარჩიეს ორი პაციენტი, კ. და მ. რომლებსაც უნდა ჩატარდებოდათ ოპერაცია. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა. ამიტომ კ. კ.-ს მიერ წარდგენილი იქნა საჭირო საბუთები. მისი დონორი უნდა ყოფილიყო მისი შვილი. მან მოამზადა დოკუმენტები და წარადგინა ტრანსპლანტაციის საბჭოში, თუმცა საბჭოდან პასუხი იგვიანებდა. 2016 წლის 02 მარტს დაინიშნა ტრანსპლანტოლოგიის საბჭოს სხდომა, რომელსაც იგი ფ. ჯ.-ს დავალებით დაესწრო კ. კ.-სთან და მისი შვილთან ერთად, რომელიც უნდა ყოფილიყო დონორი. ტრანსპლანტოლოგიის საბჭოზე კ. კ.-ს საბუთების განხილვისას, დონორის და რეციპიენტის ნათესაური კავშირის დადგენასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, ვინაიდან დონორს გადაკეთებული ჰქონდა გვარი და მათ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ჰქონდათ. მათ ტრანსპლანტოლოგიის საბჭომ დაავალა მითითებული დოკუმენტის წარდგენა, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც გასცემდნენ თანხმობას. მან ზ. ხ.-ს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა საბჭოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა ფ. ჯ., რომელსაც ასევე უამბო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. მას ფ. ჯ.-მ უთხრა, დაბრუნებულიყო კლინიკაში და არ გაეხმაურებინა მომხდარი. იგი დაბრუნდა კლინიკაში, სადაც ფ. ჯ.-მ კვლავ უთხრა, არავისთვის ეთქვა ტრანსპლანტოლოგიის საბჭოს მიერ ოპერაციის ჩატარების ნებართვაზე უარის შესახებ, ვინაიდან ოპერაცია იყო სასწრაფოდ ჩასატარებელი და საბჭოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა მოხდებოდა ოპერაციის შემდეგ. კ. კ.-ს ოპერაცია ჩაუტარდა მეორე დღეს, ხოლო ორი დღის შემდეგ საელჩოდან მიღებული იქნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად დასტურდებოდა, რომ დონორი ნამდვილად იყო კ. კ.-ს შვილი. მან მიღებული დოკუმენტი წარადგინა ტრანსპლანტოლოგიის საბჭოში, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ მისთვის ცნობილი არ არის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დაუკავშირდა გ. ჩ. და გადაუგზავნა ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ამ უკანასკნელს, არ გააჩნდა ოპერაციისათვის საჭირო თანხა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა კლინიკის ხელმძღვანელობასთან ზ. ხ.-სთან, ფ. ჯ.-სთან და ა. ქ.-სთან, თუმცა მოლაპარაკებებს თავად არ დასწრებია. მას არასამუშაო დროს ტელეფონით დაუკავშირდა ზ. ხ. თუ ფ. ჯ., ზუსტად არ ახსოვს და უთხრა, რომ მეორე დღეს გ. ჩ.-სთვის უნდა ჩაეტარებინათ ოპერაცია და სჭირდებოდათ დოკუმენტის შედგენა, რომლის საფუძველზე შეძლებდნენ მომავალში თანხის ამოღებას. იგი დაახლოებით 22:00 საათზე მივდა კლინიკაში, სადაც დახვდნენ გ. ჩ., მისი მეუღლე და ა. ქ.. ამის შემდეგ იგი გ. ჩ.-სთან, მის მეუღლესთან, ფ. ჯ.-ს მძღოლთან და დაცვის უფროსთან ერთად მივიდა ნოტარიუსთან და გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება 40000 აშშ დოლარზე. მეორე დღეს, გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია. მოგვიანებით გ. ჩ.-ს მდგომარეობა დამძიმდა და იგი გარდაიცვალა. გ. ჩ.-ს გარდაცვალებიდან სამი კვირის შედეგ მას დაუკავშირდა ფ. ჯ., რომელმაც ჰკითხა რა ხდებოდა სესხთან დაკავშირებით. მან ფ. ჯ.-ს უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა ოჯახს და გაარკვევდა, თუმცა არ დაკავშირებია, ვინაიდან ხელშეკრულების მონაწილე პირი გარდაიცვალა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს „X-ს“ რეესტრის ამონაწერით დირექტორის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა ფ. ჯ.-ს, რომლის მიერ დანიშნული იყო გენერალური დირექტორი ზ. ხ., თუმცა კლინიკის მიერ იურიდიული ქმედების განხორციელებისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჰქონდა ფ. ჯ.-ს, რომელიც მათ არ ახლდათ სანოტარო ბიუროში, ამიტომ ხელშეკრულება მან გააფორმა გ. ჩ.-სთან და დღემდე მის სახელზეა. მოგვიანებით კლინიკაში თანმხლებ პირებთან ერთად მისული იყო გ. ჩ.-ს მეუღლე, რომლებმაც უთხრეს, რომ კლინიკას უარი ეთქვა თანხის მოთხოვნაზე და თავადაც იტყოდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ კლინიკსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდნენ პროკურატურას. მან ხსენებული პირები შეიყვანა ზ. ხ.-სთან, რომელმაც შეიყვანა ფ. ჯ.-სთან კაბინეტში. გ. ჩ.-ს დედა იყო აღელვებული და შეურაცხყოფას აყენებდა ფ. ჯ.-ს, ამიტომ მან დატოვა ქალბატონი ფ. ჯ.-სთან ოთახში და გაერიდა იქაურობას. მისთვის უცნობია შეთანხმდნენ თუ არა ხსენებული პირები რამეზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას გ. ჩ.-ს საბუთების ტრანსპლანტაციის საბჭოში გადაგზავნის შესახებ დავალება ხელმძღვანელობისგან არ მიუღია და შესაბამისად, არც გადაუგზავნია. ტრანსპლანტაციის საბჭოში ნებართვის გაცემის თაობაზე მოთხოვნა ძირითადად იგზავნებოდა ფ. ჯ.-ს სახელით, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა გაგზავნილა ზ. ხ.-ს სახელითაც. რაც შეეხება ფინანსურ საკითებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, მათში მონაწილეობას იღებდნენ ფ. ჯ., ზ. ხ. და ა. ქ..

მოწმე ე. ბ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში, იგი კლინიკა „X-ში“ მუშაობდა ფინანსური სამსახურის უფროსის და მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე. მისთვის ცნობილია, რომ შპს „X-ს“ ბანკებიდან აღებული ჰქონდა კრედიტი, ასევე, ჰქონდა სახელფასო დავალიანებები, რასაც გასცემდნენ შეძლებისდაგვარად. 2016 წლის მარტში კლინიკაში თურქმა ექიმებმა ჩაატარეს კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ტრანსპლანტაციის ოპერაციები, თუმცა მას როგორც ბუღალტერს ამასთან დაკავშირებულ ფინანსებთან შეხება არ ჰქონია. კლინიკაში მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებდა დამფუძნებელი. მისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი პაციენტის ოპერაციის თანხა ოჯახმა გადაიხადა სრულად, თანხის გადაცემას ესწრებოდა მისი თანამშრომელი თ. ს., რომელმაც გამოწერა ქვითარი 100000 ლარამდე თანხაზე და შეიყვანა პროგრამაში. ხსენებული თანხიდან 70000-75000 ლარამდე თანხა გაიტანა ფ. ჯ.-მ. მას, როგორც დამფუძნებელს, ჰქონდა თანხის გატანის უფლება ოფიციალური საბუღალტრო წესების დაცვით. მეორე პაციენტს თანხა არ გადაუხდია, ვალის აღიარების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული კლინიკასთან. მისთვის უცნობია ვის მიერ იქნა ამ ორი ოპერაციის ღირებულება დადგენილი. ფასები წინასწარ არის დადგენილი, თუმცა მკურნალობის პროცესში შესაძლებელია გარკვეული ხარჯები დაემატოს ფიქსირებულ თანხას. ექიმი პაციენტზე გახარჯული მედიკამენტების და კონსულტაციების შესახებ ადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც პაციენტი მიდის ეკონომისტთან, რომელიც უკეთებს კალკულაციას. კალკულაცია წარედგინება ბუღალტერიას, სადაც პაციენტი იხდის თანხას და აძლევენ ქვითარს. პაციენტის მიერ თანხის ანგარიშსწორება ხდება ექიმის ან ექთნის მიერ გამოწერილი დოკუმენტის შესაბამისად.

მოწმე თ. ს.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2014 წლის მაისიდან მოლარედ მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „X-ში“. 2015 წლიდან კი, გადავიდა მოლარე ბუღალტრის პოზიციაზე. შპს „X“ არის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ჰყავს ორი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზ. ხ.. რაც შეეხება ფ. ჯ.-ს, იგი ყოველდღიურად იმყოფებოდა კლინიკაში და მონაწილეობას იღებდა კლინიკის ძირითად საქმიანობაში, ხოლო კლინიკის მთავარი ბუღალტერი და ფინანსური მენეჯერი იყო ე. ბ.. მოწმემ განმარტა, რომ მის მოვალეობებში შედიოდა სალაროს ოპერაციების შესრულება და საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად უზრუნველყოფა. მისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის იანვრიდან, ტრანსპლანტაციის განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ამ განყოფილებაში უნდა ემუშავათ მოწვეულ სპეციალისტებს. მისი მუშაობის პერიოდში კლინიკა „X-ში“ ჩატარდა ტრანსპლანტაციის ორი ოპერაცია და ორივე დასრულდა პაციენტთა გარდაცვალებით. მოგვიანებით მან ტელევიზიით შეიტყო, რომ ოპერაციების ჩატარებისას არ ჰქონდათ ტრანსპლანტაციის საბჭოს შესაბამისი ნებართვა. 2016 წლის 23 თებერვალს, შესყიდვების სამსახურის უფროსის ოთახში მას გადასცეს კ. კ.-ს ოპერაციის ღირებულება 40000 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა პაციენტის მეუღლე - ნ. კ.. მან მითითებული თანხა შეინახა სალაროში, ხოლო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა კ. კ.-ს. გადახდილი თანხიდან - 79520 ლარი, იმავე დღეს სალაროდან გაიტანა ფ. ჯ.-მ, რაზეც შედგა სალაროს გასავლის ორდერი და მასზე ხელი მოაწერა ფ. ჯ.-მ. მისთვის ცნობილია, რომ ამ ოპერაციებში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქირურგი - მ. კ.. 2014 წლის 05 აპრილს ერთ-ერთ თანამშრომელზე ხელფასის გადაცემა მოხდა ფ. ჯ.-ს მიერ სალაროდან გატანილი თანხის 35102 ლარის საფუძველზე.
მოწმე ი. დ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, შპს „X-ში“, რომლის დირექტორი იყო ფ. ჯ. მუშაობდა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად და ტექნიკური სამსახურის უფროსად. ფ. ჯ.-ს ინიციატივით, ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების მიზნით, კლინიკაში მოწვეულ იქნენ უცხოელი ექიმები. პაციენტებთან კონსულტაციებს ატარებდა თ. ბ., ხოლო პაციენტების ოჯახის წევრებთან ურთიერთობდა კლინიკის ადმინისტრაცია, კერძოდ: ფ. ჯ. და ა. ქ.. 2016 წლის მარტში კლინიკა „X-ში“ ჩატარდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები. 2016 წლის 12 მარტიდან 14 მარტამდე პერიოდში, მასთან მივიდა ა. ა., რომელმაც უთხრა, რომ ეძახდა ფ. ჯ., რადგან გ. ჩ.-ს მდგომარეობა იყო მძიმე და ესაჭიროებოდათ დახმარება. მას პალატაში პაციენტთან ერთად დახვდნენ ფ. ჯ., ქირურგი ა. ა. და პაციენტის დედა ან მეუღლე. გ. ჩ. იყო ყვითელი და ძნელად შედიოდა კონტაქტში, დარღვეული ჰქონდა სუნთქვის სიხშირე და არ აკმაყოფილებდა სასიცოცხლო პარამეტრებს. მან გ. ჩ. გადაიყვანა ინტენსიური თერაპიის ბლოკში, რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც იყო ორი აზერბაიჯანელი ექთანი. მან გ. ჩ. გადაიყვანა მართვით სუნთქვაზე, ვინაიდან სისხლის შედედება იყო დარღვეული, ასუნთქებდნენ ხელოვნურად და ვინაიდან თირკმელი აღარ ფუნქციონირებდა ჩაუტარდა დიალეზი. იგი ხუთ საათამდე მართავდა გ. ჩ.-ს, შემდეგ კი იგი გადააბარა ექიმ-რეანიმატოლოგს, რომელიც ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან. გ. ჩ.-სთან მას სხვა შეხება არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან მან კარგად იცის აზერბაიჯანული ენა, დაეხმარა ექიმს სამედიცინო დოკუმენტაციის შედგენაში, კერძოდ, იგი ქართულ ენაზე წერდა იმას რასაც კარნახობდნენ. მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზი იყო ფინანსური დავალიანება, რომელიც კლინიკა „X-ს“ დაუგროვდა მის წინაშე.

მოწმე მ. ყ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2016 წლის 07 ნოემბრიდან მუშაობს კლინიკა „X-ს“ აბმულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მას გამომძიებელმა წარუდგინა მოსამართლის განჩინება ინფორმაციის ამოღების თაობაზე. განჩინების საფუძველზე მან კლინიკის არქივში არსებული კომპიუტერული ბაზიდან დისკებზე გადაიტანა კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ოპერაციებთან დაკავშირებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები, რომლებიც დაილუქა მისი თანდასწრებით. აღნიშნულზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

მოწმე გ. თ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის გამგედ, ასევე პირველი საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიული განყოფილების გამგედ. იგი არის საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სამინისტროსთან არსებული ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი და ევროსაბჭოს ექსპერტი საქართველოში ტრანსპლანტაციის დარგში. ორგანოს გადანერგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლობის თანახმად, იღებს სამინისტროსთან არსებული ტრანსპლანტაციის საბჭო იმ შემთხვევაში, თუ დონორი და რეციპიენტი არიან ნათესავები. იგი დაესწრო ტრანსპლანტაციის საბჭოში კ. კ.-ს დოკუმენტაციის განხილვას, ხოლო კლინიკა „X-ში“ ჩატარებული ოპერაციის შესახებ გაიგო ტელევიზიით. მან იცოდა, რომ ოპერაციის ჩასატარებლად ნებართვა არ არსებობდა. ამიტომ ტელევიზიით მოსმენილი ინფორმაცია გადაამოწმა კლინიკაში მომუშავე ექიმთან, რომელმაც დაუდასტურა აღნიშნული ფაქტი. მოწმის განმარტებით, ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირების ვალდებულება აქვს კლინიკის დირექტორს. მოცემულ საქმეზე ექსპერტიზის ბიუროს მიმართვის საფუძველზე, მან მონაწილეობა მიიღო სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზაში, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში მომუშავე ყველა ექსპერტი, რომელსაც შეხება აქვს ღვიძლის გადანერგვასთან. კვლევაში მონაწილეობდა სულ 9 ექსპერტი. მათ წარედგინათ კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია-ისტორია და თანდართული სამედიცინო შინაარსის ფაილები, რომელთა თანახმად, კ. კ.-ს ძირითადი დიაგნოზი იყო C ჰეპატიტის ფონზე განვითარებული ღვიძლის ციროზი და აღნიშნული დაავადების ერთ-ერთი გართულება ჰეპატოცელური კარცინომა ანუ კიბო, რომელიც განვითარდა C ჰეპატიტის ფონზე განვითარებული ციროზის შემდეგ. ხსენებული დოკუმენტაცია მათ მიაწოდეს ელექტრონული ფორმით. ყველა ექსპერტმა შეთანხმებულად გასცა საერთო დასკვნა, რომელზეც ყველამ მოაწერა ხელი. კ. კ.-ს წინასაოპერაციო ეპიკრიზი და ოპერაციის პროტოკოლში მითითებული მონაცემები იყო თანხვედრაში. ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებში იყო დისონანსი, კერძოდ: ჩანაწერის მიხედვით ოპერაციიდან მეორე მესამე დღეს პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და ამის საფუძველზე რეანიმაციიდან გადაყვანილია ზოგადი ქირურგიული პროფილის განყოფილებაში. თუმცა ლაბორატორიული მონაცემები მიუთითებდა დარღვევებზე, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ვერ ჩაითვლებოდა დამაკმაყოფილებლად. ოპერაციები ჩატარების მიხედვით მედიცინაში იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად, კერძოდ: პირველი არის გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც უნდა შესრულდეს ოპერაციის დიაგნოზის დასმისთანავე. ამ დროს არ არის პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევის საშუალება. მაგ: გადაუდებელი ოპერაცია ტარდება სისხლდენის დროს. როგორც წესი ოპერაციის ჩატარებაზე, გადაწყვეტილებას იღებს ოპერატორი, ხოლო ოპერაცია გეგმიურია თუ გადაუდებელი აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. პაციენტ კ. კ.-ს დიაგნოზიდან გამომდინარე, იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციას, თუმცა არც დიდი ხნით გადადება იყო რეკომენდებული. შეიძლებოდა ოპერციის გეგმიურად ჩატარება. წარდგენილი დოკუმენტაციით კ. კ.-ს გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით საუბარი ძნელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იყო გვამის გაკვეთის ოქმი, რომელიც დაადასტურებდა კ. კ.-ს გარდაცვალების მიზეზს. მოწმემ განმარტა, რომ იმ პარამეტრებიდან და ანალიზებიდან გამომდინარე, რომელიც ისტორიაშია წარდგენილი არსებობს გარკვეული ეჭვები. ეს არის ღვიძლის ფუნქციის პროგრესირებადი უკმარისობა, რაც თავის მხრივ შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, კერძოდ: შეიძლება იყოს არტერიის თრომბოზი, შეიძლება იყოს კარის ვენის შევიწროება, ან მისი თრომბოზი, ანუ ღვიძლის ფუნქციის პროგრესირებადი უკმარისობა. აღნიშნულს მოწმობენ ლაბორატორიული მონაცემები, მაგრამ კონკრეტულად რითაა გამოწვეული ამის დადასტურება უჭირს. რაც შეეხება გ. ჩ.-ს, მას დიაგნოზის მიხედვით, ჰქონდა ჰეპატოცელური კარცინომა ანუ კიბო. რის შესახებაც მითითებულია წინასაოპერაციო ეპიკრიზში, თუმცა შემდეგ არც ოპერაციის დროს არის აღწერილი კიბო და არც ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევებით არის დადგენილი. მოწმემ განმარტა, რომ იმ შემთხვევში თუ ჩატარებული იქნებოდა კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევები, აღნიშნული აუცილებლად გამოჩნდებოდა. გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაცია არ წარმოადგენდა სასწრაფოს და ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო სათანადო მომზადების შემდეგ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემულ დასკვნა და მასში მითითებულ გარემოებები.
მოწმე კ. ქ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 1991 წლიდან მუშაობს ზოგად ქირურგად, ხოლო 2012 წლიდან მუშაობს კორპორაცია „K-ს“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის და მთელი ქსელის ტრანსპლანტაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც თავადაც შედიოდა, სამედიცინო ისტორიებზე დაყრდნობით გაცემული იქნა ექსპერტის დასკვნა, რომლის შინაარსსაც ადასტურებს. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ორივე პაციენტს ჰქონდა ტერმინალური ღვიძლის დაზიანება. ერთ შემთხვევაში იყო ჰეპატოცელური კიბო, ხოლო მეორე შემთხვევაში ღვიძლის ციროზი და ორივე საოპერაციო შემთხვევა იყო გეგმიური. წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა გ. ჩ.-სთან კარის ვენის თრომბოზის არსებობა, თუმცა აღნიშნულის არსებობის შემთხვევაშიც კი ოპერაცია არ იქნებოდა გადაუდებელი.

მოწმე მ. ჯ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ქირურგ-ტრანსპლანტოლოგად მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მან მონაწილეობა მიიღო ექსპერტიზების ჩატარებაში, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაციები იყო გეგმიური. მოწმემ განმარტა, რომ სასწრაფო ოპერაცია ნიშნავს იმას, რომ ოპერაცია უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, გეგმიური ოპერაცია კი უნდა შერულდეს 24 საათში. სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომლის სიმსივნეც პროგრესირებს, საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, თუმცა არა სასწრაფო ოპერაციას. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით გ. ჩ.-სთან მიმართებაში არ დადასტურდა კარის ვენის თრომბოზის არსებობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით არცერთ ექსპერტს განსხვავებული აზრი არ ჰქონია.

მოწმე კ. შ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ზოგად ქირურგად, ონკოქირურგად, ტრანსპლანტოლოგად, ასევე „Z კლინიკის“ ქირურგიული სამსახურის და ტრანსპლანტოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელად. იგი არის ექსპერტი ტრანსპლანტოლოგიის დარგში და ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი. მოწმის განამრტებით, კ. კ.-მ თავიდან მიმართა „Z კლინიკას“, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა - კომპიუტერული ტომოგრაფია და დაუდგინდა ციროზი და ციროზის გართულება - ჰეპატოცელური კარცინომა. ამიტომ, კ. კ.-ს უტარდებოდა სიმსივნის ქემოიმუნიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სიმსივნის ზრდის შეჩერებას, რადგან სიმსივნის 5 სანტიმეტრზე ზევით გაზრდის შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება არის არაეფექტური. კ. კ.-ს შემთხვევაში სიმსივნე იყო 5 სანტიმეტრზე ოდნავ მეტი და მისთვის ტრანსპლანტაციის ჩატარება იყო შესაძლებელი. მოწმემ განმარტა, რომ მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაციის დოკუმენტაციის კვლევებში. დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ ორივე პაციენტს დაუდგინდა ღვიძლის ციროზი. ამასთან, გ. ჩ.-ს ჰქონდა კარის ვენის თრომბოზი, ხოლო კ. კ.-ს დოკუმენტაციის თანახმად, ჰქონდა ღვიძლის პირველადი კიბო - ჰეპატოცელური კარცინომა. ორივე შემთხვევაში შესაძლებელი იყო გადანერგვის გაკეთება. მართალია, კ. კ.-ს შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო სწრაფად, ვინაიდან შესაძლო იყო სიმსივნე გაზრდილიყო და აზრი აღარ ექნებოდა ოპერაციის ჩატარებას, თუმცა ოპერაციის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენდა სასწრაფოს და შესაძლებელი იყო მათი გეგმიურად გაკეთება. ამასთან, მართალია გ. ჩ.-ს დიაგნოზად დადგენილი ჰქონდა კარის ვენის თრომბოზი, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა წინააღმდეგობრივ ჩვენებას, რომ ოპერაცია არ ჩატარებულიყო.

მოწმე ლ. გ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს იოანე მოწყალის სახელობის კლინიკაში და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში „K-ს“ ქსელის შიგნით ტრანსპლანტოლოგად. მან დაადასტურა გაცემული დასკვნის შინაარსი და დამატებით განმარტა, რომ ღვიძლის ციროზი არის ღვიძლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიმსივნური გადაგვარებები. კ. კ.-ს დიაგნოზი იყო ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე, რაც ახლავს ღვიძლის ციროზს. აღნიშნული არის ცხიმჩაგროვება მუცელში. მას ჰქონდა ღვიძლის უკმარისობა. დიაგნოზში ასევე ეწერა ტერმინი - გასტრო, რაც ნიშნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენას, კერძოდ, ციროზის დროს ეს არის საყლაპავის ვენებიდან სისხლდენა. სამედიცინო დოკუმენტაციით გაირკვა, რომ კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაციები არ წარმოადგენდა გადაუდებელ ოპერაციებს, იყო გეგმიური ოპერაციები, რაც ნიშნავს იმას, რომ ექიმს ჰქონდა დრო მოემზადებინა, გამოეკვლია პაციენტები და შემდეგ დაეგეგმა ოპერაცია. გ. ჩ.-ს დიაგნოზში მითითებული იყო, რომ მას ჰქონდა კარის ვენის თრომბოზი, თუმცა აღნიშნული არ იყო გადატანილი ოქმში და არც შემდგომი კვლევებით ჩანდა ჰქონდა თუ არა კარის ვენის თრომბოზი. მოწმის განმარტებით, ოპერაციის ჩატარებამდე კლინიკამ უნდა მიმართოს ტრანსპლანტაციის საბჭოს, რომელიც გასცემს ტრანსპლანტაციის ნებართვას, აღნიშნული ნებართვა წარმოდგენილ დოკუმენტებში არ მოიპოვებოდა. გამოკვლევისას ექსპერტებს შორის იყო სხვადასხვა შეხედულებები, თუმცა მათ კონსესუსის შედეგად გასცეს ერთიანი დასკვნა.

მოწმე თ. ხ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2010 წლიდან მუშაობს „K კლინიკის“ ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტში ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელად. მის მიერ გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შინაარსიც დაადასტურა და დამატებით განმარტა, რომ ანესთეზიოლოგიის სფეროში არსებობს პროტოკოლები, რომლის შესაბამისად ყველა ტიპის ოპერაციისათვის განსაზღვრულია შესაბამისი ანესთეზია. კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს მიმართ ჩატარებული ოპერაციების დროს ანესთეზიური პრეპარატების გამოყენების დროს, რაიმე გასაკუთრებული დარღვევა არ გამოვლენილა.

მოწმე კ. ა.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ექსპერტად მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მან მონაწილეობა მიიღო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დანშნულ ექსპერტიზაში, თუმცა ვინაიდან დასმული შეკითხვები არ შედიოდა სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში საჭირო იყო დამატებითი სპეციალისტების მოწვევა. ამიტომ კვლევაში ჩაერთნენ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ექსპერტები - ტრანსპლანტოლოგიის ასოციაციის წარმომადგენლები. მათ ხსენებულ პირებს წარუდგინეს ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შემდეგ მათ მიაწოდეს პასუხი, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. მოწმის განმარტებით, მან კომპეტენციის ფარგლებში პასუხი გასცა შეკითხვას და მიუთითა, რომ კ. კ.-ს სიკვდილის მიზეზის დადგენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციით სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, სიკვდილის მიზეზის დადგენა ხდება გვამის გაკვეთის შემთხვევაში. მან ხსენებული დასკვნა შეასრულა ტექნიკურად და ადასტურებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ტექნიკურად გამართულია და რაიმე გამორჩენილი არ არის.

მოწმე თ. ჯ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ გაცემულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შინაარსსაც ადასტურებს და დამატებით განმარტა, რომ ჰისტოპათოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული მასალა, რომლის მიხედვით კ. კ.-ს შემთხვევაში დადასტურდა კიბოს და ციროზის არსებობა. მოწმის განმარტებით, ციროზი ნიშნავს შემაერთებელი ქსოვილის ნებისმიერ ორგანოში გამრავლებას. გარკვეულ შემთხვევებში ციროზის ფონზე ვითარდება კიბო, რასაც ეწოდება ციროზული კიბო. ციროზის ფონზე განვითარებული კიბო არის უმძიმესი პათოლოგია. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო პორტალური ციროზი და ჩამოყალიბებული ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, ანუ ღვიძლის უჯრედების ადგილას ჩანერგილი იყო ცხიმი ანუ განვითარებული იყო ნეკროზი. ნეკროზი ნიშნავს ადგილობრივ სიკვდილს, ანუ როდესაც ორგანიზმში კვდება ორგანოს ნაწილი, ან ორგანო მთლიანად, რომელსაც ძირითადად იწვევს თრომბოზი. თრობმოზი არის ცოცხალ ორგანიზმში სისხლის შედედება, მაგალითად სისხლძარღვში ან გულის ღრუში. ამ შემთხვევაში ღვიძლს არ შეეძლო თავისი ფუნქციების შესრულება და სათანადო მკურნალობის გარეშე დიდი იყო სიკვდილის ალბათობა. მოცემულ შემთხვევაში ნაადრევი ოპერაციის ჩატარება დამაზიანებელი იქნებოდა თუ არა, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კლინიცისტმა ანუ ოპერატორმა. მათ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ შეადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რაც გადასცეს კლინიკურ განყოფილებას.

მოწმე პ. კ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროს გამომძიებლად. 2016 წლის 16 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატის ნ. ლ.-ს განცხადება, შპს „X-ში“ ჩატარებული ოპერაციების შესახებ. საქმე გამოძიების ორგანიზების მიზნით გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. მან სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან, შპს „X-დან“, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებიდან და ჯანმრთელობის სახლიდან გამოითხოვა დოკუმენტები, ასევე მოწმის სახით გამოკითხა გ. ჩ.-ს და კ. კ.-ს მეუღლეები ნ. კ. და ა. ჟ., ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გადააგზავნა სრული სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გამოიკითხა საქმეში მონაწილე სხვა მოწმეები. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების ავთენტურობა.

მოწმე კ. ყ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს გამომძიებლად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში. 2016 წლის დეკემბერში, განყოფილებაში შევიდა განცხადება უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება. მან მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარა ნ. კ., მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოკითხა. 2017 წლის იანვარში მან მოწმის სახით გამოკითხა ა. ჟ.. ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე გაითხოვა მთავარმა პროკურატურამ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტთა ავთენტურობა.

მოწმე ი. ფ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი წლების მანძილზე დაავადებული იყო C ჰეპატიტით, რამაც გამოიწვია მე-4 სტადიის ციროზი. მკურნალობის გავლისას მას უთხრეს, რომ ჰქონდა თრომბოზი კარის ვენაში და ესაჭიროებოდა ოპერაცია. მან დაიწყო ძებნა თუ სად შეეძლო ოპერაციის გაკეთება. თურქეთში შეიტყო მ. კ.-ს შესახებ. საქართველოში დაბრუნებისას ნაცნობმა უთხრა, რომ მეგობრის - ა. ქ.-ს დისშვილს ოპერაცია გაუკეთა მ. კ.-მ. იგი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეხვდა ა. ქ.-ს, გაიცნო მისი დისშვილიც, რომელიც ოპერაციის შემდეგ თავს გრძნობდა კარგად. ამის შემდეგ იგი ა. ქ.-ს დახმარებით ტელეფონით დაუკავშირდა მ. კ.-ს, რომელთანაც ჩაეწერა კონსულტაციაზე და გაიკეთა ანალიზები. მან 2015 წლის 15 დეკემბერს მ. კ.-სთან გაიკეთა ოპერაცია და თავს გრძნობს კარგად. მოწმემ განმარტა, რომ იგი ჩავიდა ბაქოში სადაც მკურნალობდა ორი-სამი თვის განმავლობაში, ხოლო ოპერაციის ჩატარებამდე 10 დღით ადრე შეატყობინეს ოპერაციის თარიღი. ოპერაციის ჩატარებამდე მან კლინიკაში წარადგინა მისი და დონორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოპერაციის ჩატარებაში გადაიხადა 43000 აშშ დოლარი.

მოწმე ს. ბ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლის შემოდგომაზე ჩაიტარა გამოკვლევები, ვინაიდან თავს გრძნობდა ცუდად და დაუდგინდა მე-4 სტადიის ღვიძლის ციროზი. გამოკვლევების ჩატარებისას, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, რომ შეიძლებოდა ჰქონოდა ვილსონის ღვიძლის გენეტიკური დაავადება და საჭირო იყო ბიოფსიის გაკეთება, რომელიც არ კეთდებოდა საქართველოში. მან გამოკვლევები ჩაიტარა ისრაელში და დადგინდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ვილსონის დაავადება. მკურნალობის მიუხედავად მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ამიტომ საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება. ოჯახის გადაწყვეტილებით, იგი 2013 წლის 02 ივლისს რეანომობილით გადაიყვანეს ბაქოში, სადაც კონსულტაცია გაიარა მ. კ.-სთან. ამის შემდეგ მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და ხუთი დღით ადრე შეატყობინეს ოპერაციის თარიღი. მას 2013 წლის 27 ივლისს გაუკეთეს ოპერაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 45000 აზერბაიჯანულ მანეთს, ანუ 58000 აშშ დოლარს. ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა რეაბილიტაციის პროცესი, რაც ასევე შედიოდა მის მიერ გადახდილ თანხის ოდენობაში. მოწმემ განმარტა, რომ მისი დონორი იყო დეიდაშვილი, რომელიც ასევე კარგად გრძნობს თავს.

მოწმე ნ. ა.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლის მაისში კუჭის ტკივილის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ბოლო სტადიის ციროზი. ექიმის განმარტებით სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ღვიძლის გადანერგვა. მან შეიტყო, რომ აზერბაიჯანში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას აკეთებდა მ. კ.. 2013 წლის 26 მაისს იგი კონსულტაციაზე ჩავიდა ბაქოში მ. კ.-სთან. გამოკვლევების შემდეგ მას მ. კ.-მ უთხრა, რომ დონორის არსებობის შემთხვევაში გაუკეთებდა ოპერაციას. მას ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ და უტარებდნენ კვლევებს, ხოლო ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე დააწვინეს საავადმყოფოში და უთხრეს ოპერაციის თარიღი. 2013 წლის 20 ივლისს მას მ. კ.-მ გაუკეთა ოპერაცია. ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში იგი იწვა საავადმყოფოში, ხოლო სავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთი თვით დარჩა ბაქოში, რადგან ჩასაბარებელი ჰქონდა ანალიზები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი პერიოდულად დადიოდა და იტარებდა გამოკვლევებს. ოპერაციის ღირებულება შეადგენდა 45000 მანეთს, დაახლოებით 50000 აშშ დოლარს. მოწმემ განმარტა, რომ ამჟამად იგი საქართველოშია აღრიცხვაზე და თავს გრძნობს კარგად.

მოწმე ა. ქ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2014 წლის 01 ივნისიდან მუშაობს შპს „X-ში“ შესყიდვების სამსახურის უფროსად. იგი სამსახურში აიყვანა ფ. ჯ.-მ. 2015 წლის იანვარში ფ. ჯ.-სგან გაიცნო მ. კ.. კლინიკაში იგეგმებოდა ტრანსპლანტაციის განყოფილების შექმნა, ამიტომ მას გენერალური დირექტორის - ზ. ხ.-ს თანხმობით უნდა შეეიძინა ტრანპლანტაციისთვის საჭირო ინვენტარი. ფ. ჯ.-ს ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ფორმირების და ინვენტარის შეძენის საკითხებში მონაწილეობა არ მიუღია. რისი შეძენა იყო საჭირო მ. კ. უთანხმებდა ზ. ხ.-ს. მოწმემ განმარტა, რომ მის დისშვილს მ. კ.-მ 2015 წელს ბაქოში გაუკეთა ოპერაცია. ამის შემდეგ, მას დისშვილი მიყვანილი ჰყავდა კონსულტაციაზე კლინიკა „X-ში“, სადაც შეხვდა კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს. ხსენებული პირები დაინტერესდნენ ოპერაციის დეტალებით, რის შესახებაც უამბო მათ. ამასთან, განმარტა, რომ იგი კაბინეტის კარს არ კეტავს, ამიტომ შესაძლოა კაბინეტი ბუღალტერს გამოეყენებინა თანხის გადაცემის მიზნით, პირადად კ. კ.-ს მიერ ფულის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია. მოგვიანებით, იგი მ. კ.-ს გამოკითხვაში დახმარების მიზნით, ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად ჩავიდა ბაქოში, თუმცა მ. კ.-მ უარი განაცხადა როგორც ჩვენების მიცემაზე, ისე სკაიპით ჩართვაზე და განმარტა, რომ იქაური პროკურატურა არ აძლევდა ამის უფლებას.

მოწმე ფ. გ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წელს მას ესაჭიროებოდა ტრანსპლანტაციის ოპერაცია, ვინაიდან მდგომარეობა იყო მძიმე. იგი კონსულტაციის გავლის მიზნით ჩავიდა ბაქოში მ. კ.-სთან. მას მ. კ.-მ უთხრა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და აქ გაუკეთებდა ოპერაციას. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, იგი ჩავარდა კომაში და იძულებული გახდა დარჩენილიყო ბაქოში და ერთი თვის განმავლობაში ემკურნალა. 2015 წლის 05 მარტს, მას გაუკეთდა ტრანსპლანტაციის ოპერაცია. მისი დონორი იყო დედა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ მან ერთი დღე გაატარა რეანიმაციაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს პალატაში. მან ტრანსპლანტაციის ოპერაციაში გადაიხადა 15000 მანათი. ამის შემდეგ იგი კლინიკა „X-ში“, სადაც მუშაობს მისი ბიძა - ა. ქ., ერთხელ შეხვდა მ. კ.-ს. ეს უკანასკნელი იმ დროს ოპერაციების ჩასატარებლად იყო ჩამოსული თბილისში.

მოწმე ვ. მ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის ივნისში მას დაუკავშირდა მეგობარი - ა. ქ. და თხოვა მ. კ.-ს გამოკითხვის მიზნით ბაქოში გაყოლა, რაზეც იგი დათანხმდა. ბაქოში ჩავიდა ადვოკატ გ. ნ.-სთან, ა. ქ.-სთან და მის მეგობართან ერთად. იგი ტელეფონით დაუკავშირდა მ. კ.-ს და თხოვა შეხვედრა. მ. კ. დათანხმდა შეხვედრაზე, თუმცა არ მივიდა. ამის შემდეგ მათ მ. კ.-ს მიაკითხეს კლინიკაში და შეხვდნენ მას. მათ მ. კ.-მ უთხრა, რომ პროკურატურასთან შეექმნებოდა პრობლემები ან დაკარგავდა სამსახურს, ამიტომ იგი იურისტის გარეშე ვერ მისცემდა ჩვენებას. მოწმემ განმარტა, რომ მ. კ.-ს უნდოდა ჩვენების მიცემა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცა იურისტმა.

მოწმე ზ. ლ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას 2005 წელს დაუსვეს C ჰეპატიტის დიაგნოზი და დაიწყო ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვა. დაიწყო ინფორმაციის მოძიება სად შეიძლებოდა ოპერაციის გაკეთება. მოგვიანებით მან მერიის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ ყველაზე კარგი კლინიკა მდებარეობდა თურქეთის ქალაქ იზმირში. მან ინტერნეტით მოიძია ინფორმაცია და ნახა, რომ მითითებულ კლინიკაში ოპერაციის ღირებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის მიხედვით შეადგენდა 80000-100000 აშშ დოლარს. იგი გათიშულ მდგომარეობაში ჩაიყვანეს ქ. იზმირის საავადმყოფოში და გადარჩენის შანსი იყო მხოლოდ 5%. ექიმებმა მის მშობლებს განუმარტეს რომ მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ოპერაციის ჩატარებისას საფრთხე ემუქრებოდა როგორც დონორის, ასევე რეციპიენტის სიცოცხლეს და ჰკითხეს უღირდათ თუ არა ოპერაციის გაკეთება, რაზეც მშობლები დათანხმდნენ. ამის შემდეგ მას მ. კ.-მ და კ.-მ გაუკეთეს ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთში. ამის შემდეგ მან მ. კ.-ს სთხოვა მისი ავადმყოფობის ისტორიის ასლი, რომელიც მკურნალ ექიმს ჩამოუტანა საქართველოში. მოგვიანებით მას დაუკავშირდა მ. კ. და უთხრა, რომ ფ. ჯ.-ს მოწვევით აპირებდა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ოპერაციების ჩატარებას. მან კლინიკა „X-ში“ კონსულტაციაზე მიიყვანა მეგობრის მეუღლე - მ., რომელიც გასინჯა მ. კ.-მ და უთხრა, რომ საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება. კლინიკაში ყოფნისას, მას ახალგაზრდა ქალბატონმა უთხრა, რომ მის ქმარსაც სჭირდებოდა ოპერაციის გაკეთება. მან დაამშვიდა ქალბატონი და უთხრა, რომ არაფერი იყო საშიში და აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ოპერაცია. მოგვიანებით მან ხსენებული ქალბატონი ნახა ტელევიზიით, სადაც იგი საუბრობდა მ. კ.-ს არაპროფესიონალიზმზე.

მოწმე ვ. ჭ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას 2012 წელს დაუსვეს ღვიძლის ციროზის დიაგნოზი. იგი ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა თუმცა უშედეგოდ. მან მკურნალი ექიმისგან შეიტყო, რომ ბაქოში გადანერგვის ოპერაციებს აკეთებდა მ. კ.. 2013 წლის 04 აპრილს, იგი ოპერაციის გასაკეთებლად ჩავიდა ბაქოში. მას ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რაშიც გადაიხადა 60000 აშშ დოლარი. 2015 წელს იგი მ. კ.-ს სანახავად მივიდა კლინიკა „X-ში“, სადაც შეხვდა ფ. ჯ.-ს. მას ფ. ჯ.-მ უთხრა, რომ ქართველი ექიმები უჩიოდნენ და შეეძლო თუ არა დაედასტურებინა, რომ მას მ. კ.-მ გაუკეთა ოპერაცია, რაზეც დათანხმდა. მოწმემ განმარტა, რომ იგი ოპერაციის ჩატარების დღესვე გადაიყვანეს პალატაში და მან იმავე დღეს შეძლო ფეხზე წამოდგომა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე მ. ა.-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი 2008 წელს იყო ავად, თუმცა მას დიაგნოზი ვერ დაუსვეს. 2009 წლის თებერვალში იგი ჩავარდა კომაში და გადაიყვანეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში „ეგე უნივერსიტეტის ორგანოთა გადანერგვისა და გადანერგვის ცენტრალურ კლინიკაში“, სადაც გაიცნო ექიმი მ. კ.. იგი საავადმყოფოში მოთავსებიდან ოც დღეში გამოვიდა კომიდან, თუმცა მკურნალობას გადიოდა ორი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ მას შესთავაზეს ტრანსპლანტაციის ოპერაციის გაკეთება, რაზეც არ დათანხმდა. მასთან მ. კ.-მ მიიყვანა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი იყო თურქეთის მოქალაქე, ხოლო ორი აზერბაიჯანის მოქალაქე და უთხრა, რომ ამ ადამიანებს იმავე საავადმყოფოში გაუკეთა ოპერაცია. ხსენებულმა პირებმა მას უამბეს ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რის შემდეგაც იგი დათანხმდა და 2009 წლის აპრილში მას მ. კ.-მ გაუკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ მან გაიარა მკურნალობის ორ თვიანი კურსი და გაეწერა საავადმყოფოდან. იმავე წლის ნოემბრის თვეში იგი გახდა ავად, აუწია ტემპერატურამ, რის გამოც, მას მ. კ.-მ ჩაუტარა მკურნალობის კურსი და დღეის მდგომარეობით იგი თავს გრძნობს ძალიან კარგად. მან ოპერაციამდელ მკურნალობაში და ოპერაციაში გადაიხადა 250000 აშშ დოლარი, საიდანაც მკურნალობის თანხა შეადგენდა 100000 აშშ დოლარს.

ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2016 წლის 07 მარტს გ. ჩ.-მ ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გ. ა.-ს ვალი. მხარეთა განცხადებით ვალი შეადგენს 40000 აშშ დოლარს, რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად არის 98400 ლარი. მხარეთა განმარტებით ვალი წარმოიშვა 2016 წლის 07 მარტს. მხარეთა შეთანხმებით, ,,მოვალემ“ ,,კრედიტორის“ ვალი უნდა გადაიხადოს განსაზღვრულ ვადაში არაუგვიანეს 2016 წლის 10 აპრილისა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „X-ს“ დირექტორის ფ. ჯ.-ს 2016 წლის 01 მარტის NXX-5/კ ბრძანებით ირკვევა, რომ 2016 წლის 01 მარტიდან შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილებაში ქირურგის თანამდებობაზე დაინიშნა მ. კ..

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „X-ს“ დირექტორის ფ. ჯ.-ს 2016 წლის 01 მარტის NXX-4/კ ბრძანებით დასტურდება, რომ 2016 წლის 01 მარტიდან შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა მ. კ..

2016 წლის 11 მარტის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების უ. ნ.-ს და რ. შ.-ს მიერ შპს „X-ში“ შემოწმდა კ. კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე გაცემულია სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა N00XXXX (21.05.2014წ) და სანებართვო მოწმობის დანართები - „ორგანოებისა და ქსოვილების აღება, შენახვა, გადანერგვა“ (N00XXXX); რეანიმაცია“ N00XXXX; „ქირურგიული პროფილით საქმიანობა“ N00XXXX.

შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ შპს „X-ში“ 03.03.2016 პაციენტს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციული მკურნალობა, ოპერაციული მკურნალობა ნაწარმოები იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე მ. კ.-ს მიერ, რომელიც დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, არის დაწესებულების კონტრაქტორი ექიმი, რომელიც დასაქმებულია ტრანსპლანტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელად და ქირურგ-ტრანსპლანტოლოგად.

მოქალაქე მ. კ.-ს, არ გააჩნია არც მუდმივი და არც დროებითი, საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო საქმიანობაში.

ასევე, დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ დაწესებულებას არ გააჩნია ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, რაც სავალდებულოა ამ ტიპის ოპერაციების ჩატარებისთვის.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვეულია „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დანართი N21-ის საერთო სანებართვო პირობების 26-ე პუნქტი (განმეორებით); დარღვეულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის (ზ) პუნქტის მოთხოვნა, ასევე, დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

ზემოთაღნიშნული დარღვევების გამო დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00XXXX, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით (26-ე პუნქტის განმეორებით დარღვევის გამო) და 445-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე, ექიმ მ. კ.-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N00XXXX, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე-3 ნაწილით.

2016 წლის 14 ივლისის შემოწმების აქტით დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების N02-XXX/მ, 20.06.16წ; 02-XXX/მ, 29.06.16წ) საფუძველზე კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კ. ღ. - სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი -თავმჯდომარე, ი. პ. - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გ. ც. - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, შეისწავლა შპს „X-ში“ გ. ჩ.-ს მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადება იყო დაუზუსტებელი ჰეპატიტი. ღვიძლის ციროზი. ასციტი. კარის ვენის თრომბოზი (ინტრაჰეპატური). საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება“ ხოლო ძირითადი დაავადების გართულება: „ღვიძლის მწვავე უკმარისობა. თირკმლის მწვავე უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გასტროინტესტინალური სისხლდენა. გულის გაჩერება“.

დაწესებულების მიერ მიწოდებული ცნობით, პაციენტ გ. ჩ.-სა (რეციპიენტი) და ი. შ.-სათვის (დონორი) გაწეულმა სამედიცინო დახმარების ღირებულებამ შეადგინა 98400.00 ლარი, რომელიც 05.07.16 წლის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

ა) მ. კ., ქ. ბ., გ. რ. ზ. და მ. ს. არიან აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქალაქეები. მათ 07.03.16 წლიდან 15.03.16 წლამდე პერიოდში არ გააჩნდათ საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი (მუდმივი/დროებითი) არცერთ საექიმო სპეციალობაში, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი („უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით“) მოთხოვნები. ზემოთაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს უკანონო საექიმო საქმიანობას. დაწესებულების მიერ მიწოდებული ცნობით, მოქალაქეები მ. კ., ქ. ბ., გ. რ. ზ. და მ. ს. შპს „X-ში“ დასაქმებულნი აღარ არიან, შეწყვეტილი აქვთ ხელშეკრულება 01.04.16 წლიდან. ბრძანებები: N58-XX/კ, N58-XX/კ, N58-XX/კ და N58-XX/კ და ისინი იმყოფებიან ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგა.

ბ) დაწესებულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარმოებისათვის არ გააჩნია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა.

ზემოაღნიშნული წარმოადგენს „სამედიცინო საქმიანობისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დანართი 21 საერთო სანებართვო პირობების 26-ე პუნქტის დარღვევას. ასევე, დარღვეულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები („სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები“).

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დანართი 21 საერთო სანებართვო პირობების 26-ე პუნქტის დარღვევების გამო, შპს „X“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამჯერ (22.04.2015 წელი, 25.03.16 წელი და 12.07.16 წელი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აპრილის N4/XXXX-15 დადგენილებით შპს „X“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 445 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 4000 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის N4/XXXX-16 დადგენილებით მ. კ. ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 442 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის N4/XXXX-16 დადგენილებით შპს „X“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 445 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ამავე კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით დაჯარიმდა 36000 ლარით.

დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 მაისს 14:15 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ფ. ჯ..

ოპერაციის პროტოკოლი N2-ის მიხედვით დასტურდება, რომ კ. კ.-ს ღვიძლის იმპლანტაცია დაიწყო 2016 წლის 03 მარტს 10:00 საათზე და დასრულდა - 2016 წლის 04 მარტს 00:40 საათზე. რევიზიისას დადგინდა ღვიძლზე წვრილ მარცვლოვანობა (მიკრო და მაკრო ნოდულები) და ზომაში გადიდებულია. ასევე, მარცხენა წილში 2-3 სეგმენტი აღეინიშნება სიმსივნური წარმონაქმნი პერიჰეპატიკურად და პერისპლენალურად აღენიშნება მცირე ასციტი. სპლენომეგალია ღვიძლი ძლიერ შეხორცებებშია ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. ასწვრივი და განივი კოლინჯი შეხორცებულია ნ.ბუშტზე და ღვიძლის ქვედა ნაწილზე.

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის ექსპერტის N004XXXXXX დასკვნით ირკვევა, რომ შპს ,,X-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1XXX-ის ჩანაწერებით, კ. კ. კლინიკაში შევიდა 02.03.16წ. 12:30 საათზე. გარდაიცვალა 10.03.16წ 16:30 საათზე.

წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. სიკვდილის მიზეზის დადგენა ხდება გვამის გამოკვლევით - გაკვეთით.

წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, კ. კ.-ს დიაგნოზია: C ჰეპატიტის ფონზე განვითარებული ღვიძის ციროზი. მესამე სეგმენტის 4,6/4,5 სმ. ზომის ჰეპატოცელური კარცინომა, პორტული ჰიპერტენზია, სპლენომეგალია, ასციტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ასციტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის პოსტოპერაციული მწვავე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, გასტრო - ინტესტინური სისხლდენა /დაუზუსტებელი/, გულის გაჩერება/ დიაგნოზში არ არის მითითებული წინასაოპერაციო კვლევით დადგენილი B ჰეპატიტი/.

ჩატარებული მკურნალობა გამომდინარეობს კ. კ.-სთვის დასმული დიაგნოზიდან, თუმცა აღინიშნება გარკვეული ხარვეზი პოსტოპერაციულ პერიოდში იმუნოსუპრესიასთან და ჰემოტრანსფუზიასთან მიმართებაში. მაგ. არ ჩანს იმუნოსუპრესიული პრეპარატის /ტაკროლიმუსის/ კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც, შეუძლებელია მისი დოზირების ადეკვატურობის განსაზღვრა: არ საბუთდება მასიური ჰემოტრანსფუზიის ჩვენება მაშინ, როცა სისხლდანაკარგი არ ჩანს და ჰემოგლობინი არ ვარდება.

ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით ოპერაცია სწორადაა შესრულებული. ოპერაციის პროტოკოლისა და ანესთეზიოლოგის ჩანაწერის მიხედვით ინტრაოპერაციულად გართულებას ადგილი არ ჰქონია. ექსპერტებმა, რომ იმსჯელონ გამომდინარეობს თუ არა სიკვდილი არასწორი მკურნალობიდან, საჭიროა გარდაცვალების ზუსტი მიზეზის ცოდნა. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით: რეციპიენტს თავიდანვე ჰქონდა გადანერგილი ღვიძლის ფუნქციონირების პრობლემა, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო: ა. ტრანსპლანტანტის არასაკმარისი ზომით, რასაც ვერ ადასტურებენ გამოსახულებითი კვლევის არარსებობის გამო. ბ. მაღალი წნევით კარის ვენის სისტემაში, რასაც ასევე ვერ ადასტურებენ შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევის არარსებობის გამო. გ. კარის ვენის სტენოზით, რასაც ასევე ვერ ადასტურებენ ინსტრუმენტული კვლევის არარსებობის გამო. 8 მარტს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია გასტროინტესტინურმა სისხლდენამ, რისი მიზეზიც არ იყო ამოცნობილი/ არ არის ჩანაწერი გასტროსკოპიის ჩატარების შესახებ/ და შესაბამისად კონტროლირებული, აღნიშნული საბოლოოდ გახდა ღვიძლის უკმარისობის გაღრმავების და პაციენტის სიკვდილის მიზეზი. აღნიშნულის დადასტურება საბოლოდ შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით /გაკვეთა/.

ოპერაციული მკურნალობა განხორციელდა წინასაოპერაციო ეპიკრიზით განსაზღვრული გეგმით. ერთადერთი განსხვავებაა განაკვეთში წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია მუცლის გახსნა „შევრონის“ განაკვეთით, ხოლო ოპერაციის ოქმში მითითებულია „რიო-ბრაუნის“ განაკვეთი. ამ სხვაობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა (ნაკლებად ტრავმულია შევრონთან შედარებით).

კ. კ. ოპერაციამდე ძირითადად სრულადაა გამოკვლეული.

წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია „დიდი რაოდენობის ასციტი“ ინტრაოპერაციულად აღწერილია „მცირე ასციტი“. მონაცემთა სხვაობა არ ცვლის ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკას და შეიძლება განპირობებულ იყოს იმ გამოკვლევის შემდგომ ჩატარებული მკურნალობით, როცა დადგინდა „დიდი რაოდენობით ასციტი“, ოპერაციის ოქმს აკლია მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალები, კერძოდ არ არის მითითებული დონორის და რეციპიენტის სისხლძარღვების და სანაღვლე სადინარის დიამეტრი. არ ჩანს ღვიძლის შემავალი და გამომავალი სისხლის ნაკადის დოპლეროგრაფიული მაჩვენებლები (რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპლანტატის ფუნქციონირებაში ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში).

კ. კ.-ს გამოკვლევები გარკვეულ დისონანსშია ავადმყოფობის ისტორიაში მითითებულ მდგომარეობასთან, კერძოდ 7 მარტს /ოპერაციიდან მე-4 დღეს/ პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი და გადაყვანილ იქნა ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში, თუმცა ამ დროისთვის უკვე აღინიშნებოდა გარკვეული ლაბორატორიული პარამეტრების უარყოფითი დინამიკა გამოხატული იყო სისხლში ანთების მაჩვენებელი ნეიტროფილოზი /შედეგია 90, ნორმაა 40-74). თრომბოციტოპენია (შედეგია 31 ნორმაა 150-400/, მკვეთრად იყო მომატებული ღვიძლის დაზიანების მიმანიშნებელი ტესტების დონე ALT იყო 1679 / ნორმა <41/.AST იყო 955 / ნორმაა <38/ - მომატებული იყო სიყვითლის მაჩვენებელი ბილირუბინი (შედეგია 87 ნორმაა <18); მკვეთრად იყო დარღვეული სისხლის შედედების პარამეტრები: პროტრომბინის ინდექსი იყო 15-32 (ნორმაა 70-130) პროთრომბინის დრო იყო 25-43/ ნორმაა 9-12/ INR იყო 2.29-4 / ნორმაა 0.9-1.2/ აღნიშნული ცვლილებები მრავალი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული ა/ ღვიძლის პარენქიმის რეაქცია ინტრაოპერაციულ ტრავმატიზმზე. ბ/ ღვიძლის ტრანსპლანტანტის სისხლმომარაგების მოშლა. გ/ ღვიძლის ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია. დ/ გადანერგილი ტრანსპლანტის მოცულობის უკმარისობა. სამწუხაროდ ამ შესაძლო მიზეზების დიფერენცირებას ვერ ახდენენ, რადგან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ჩანს გადანერგილი ღვიძლის ექოსკოპიური დოპლერული გამოკვლევის შედეგები (რომელიც მიუთითებს გადანერგილი ორგანოს სისხლმომარაგებაზე) სისხლში იმუნოსუპრესიული პრეპარატის კონცენტრაციის დინამიკა (გამოიყენება მოცილების საწინააღმდეო მკუნალობის ადეკვატურობის შესაფასებლად). ტრანსპლანტანტის ვოლუმეტრიის მაჩვენებელი (მისი წონა უნდა იყოს რეციპიენტის წონის 0.8-1%. ისტორიაში არ არის მითითებული რეციპიენტის წონა/. პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შედეგად დიდი ინტერვალითაა /10სთ/ მისი შემდგომი მდგომარეობის აღმნიშვნელი ჩანაწერი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით ოპერაციული მკურნალობის დამაბრკოლებელი გარემოება არ ჩანდა. მკურნალობის სხვა ალტერნატივაც არ იყო, რადგან პაციენტს ჰქონდა მარცხენა წილის ჰეპატოცელური ადენოკარცინომა. კიბო დადასტურებული ოპერაციული მასალის ჰისტოლოგიური კვლევით.

პაციენტის მდგომარებისა და პოსტოპერაციული გამოკვლევების შესაბამისობა აღწერილია კითხვაში N7. რაც შეეხება წინასაოპერაციო ეპიკრიზსა და ოპერაციის ოქმის აღწერილობის შესაბამისობას პაციენტის პოსტოპერაციულ მდგომარეობასთან - აქ რაიმე დისონანსი არ ჩანს.

კ. კ.-სთვის ოპერაციის ჩატარება სასწრაფო არ იყო, თუმცა ძალიან გადადებაც არ იყო რეკომენდირებული, რადგან მას ღვიძლის ციროზთან ერთად აღენიშნებოდა ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე (ჰეპატოცელულური კარცინომა) და მისი ზომის მატების შემთხვევაში შეიძლება გამხდარიყო ინოპერაბელური.

სიკვდილის მიზეზის პროფილაქტიკის შესახებ მსჯელობა ექსპერტული თვალსაზრისით ძნელია, რამეთუ განვითარებული პოლიორგანული უკმარისობის ზუსტი მიზეზი უცნობია. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით: რეციპიენტს თავიდანვე ჰქონდა ტრანსპლანტანტის ფუნქციონირების პრობლემა, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო: ა/. ტრანსპლანტანტის არასაკმარისი ზომით - რასაც ვერ ადასტურებენ გამოსახულებითი კვლევის არარსებობის გამო. ბ/. მაღალი წნევით კარის ვენის სისტემაში - რასაც ასევე ვერ ადასტურებენ შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევების არარსებობის გამო. გ/. კარის ვენის სტენოზით-რასაც ასევე ვერ ადასტურებენ ინსტრუმენტული კვლევის არარსებობის გამო. 8 მარტს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია გასტროინტესტინურმა სისხლდენამ, რისი მიზეზიც არ იყო ამოცნობილი/ არ არის ჩანაწერი გასტროსკოპიის ჩატარების შესახებ/ და შესაბამისად კონტროლირებული, აღნიშნული საბოლოოდ გახდა ღვიძლის უკმარისობის გაღრმავების და პაციენტის სიკვდილის მიზეზი. აღნიშნულის დადასტურება საბოლოდ შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით /გაკვეთა/.

საქართველოს გარეთ 2016 წლის 15 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევით დონორის ღვიძლის მარჯვენა წილი შეადგენდა საერთო მოცულობის /1020სმ3/. 62%-ს /635 სმ3-ს/. საერთაშორისო მონაცემებით გადანერგილი ღვიძლის ტრანსპლანტანტი საკამრისია რეციპიენტისათვის, თუ მისი წონა შედგენს რეციპიენტის წონის 0.8-1%-ს. ისტორიაში არსადაა მითითებული რეციპიენტის წონა. თუ ჩავთვლით, რომ რეციპირნტის წონა იყო 75კვ. მაშინ 0,6 კგ. 100/75-0.84%. ესე იგი გადანერგილი ღვიძლი საკმარისი უნდა ყოფილიყო რეციპიენტისთვის /თუ ინტრაოპერაციულად დონორის ღვიძლს არ ჰქონდა ჰეპატოზის ნიშნები/. ვინაიდან პაციენტის წონა არსადაა ისტორიაში მითითებული ამ საკითხზე ზუსტი მსჯელობა შეუძლებელია.

წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან /და დამდგარი შედეგიდან/ გამომდინარე არ იყო სასურველი პაციენტის გადმოყვანა ზოგად პალატაში ღვიძლის გადანერგვიდან მე-4 დღეს, ვინაიდან კვლავ საჭიროებდა ინტენსიურ მეთვალყურების რეჟიმს.

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის ექსპერტის N004XXXXXX დასკვნით ირკვევა, რომ შპს ,,X-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1XXX-ის ჩანაწერებით გ. ჩ.კლინიკაში მოთავსდა 07.03.16წ. 11:40 სთ. გარდაიცვალა - 15.03.16წ. 07:00სთ-ზე დიაგნოზი: დაუზუსტებელი ჰეპატიტი. ღვიძლის ციროზი. ასციტი. კარის ვენის თრომბოზი. ინტრაჰეპატიკური და საყლაპავი ვენების ვარიკოზი. ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გასტროდუოდენალური სისხლდენა, გულის გაჩერება. გ. ჩ.-ს სიკვდილის მიზეზის დადგენა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით შეუძლებელია, სიკვდილის მიზეზის დადგენა ხდება გამოკვლევით-გაკვეთით.

ჩატარებული მკურნალობა გამომდინარეობს გ. ჩ.-სთვის დასმული ძირითადი დიაგნოზიდან (ღვიძლის ციროზი), მით უფრო, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება არც წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებული ჰეპატოცელური კარცინომა და არც კარის ვენის ინტრაჰეპატიტური თრომბოზი. ხარვეზებია კონსერვატულ მკურნალობასთან დაკავშირებით, კერძოდ არაადეკვატურია იმუსუპრესია: ა/ ტაკროლიმუსი დანიშნულია მაღალ დოზებში /დღეში 8 მგ) და სიკვდილისას მისი კონცენტრაცია სისხლში აღწევს ტოქსიურ დოზას /25,9/. საჭირო იყო მისი დოზირების შემცირება, რაც ავადმყოფობის ისტორიაში არ ჩანს. ბ/ სელსეპტი გამოყენებულია მაღალი დოზირებით (2000 მგ/დღეში) და არ არის შემცირებული არსებული ციტოპენიის მიუხედავად. აღნიშნული არაადექვატური იმუნოსუპრესია პაციენტის მდგომარეობის დამძიმებასთან და სიკვდილთან არ არის უშუალო კავშირში.

ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით ოპერაცია სწორადაა შესრულებული. ოპერაციის პროტოკოლისა, ანესთეზიოლოგის ჩანაწერის მიხედვით ინტრაოპერაციულად გართულებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა არ არის ინფორმაცია ტრანსპლანტანტის სისხლმომარაგების შესახებ (დოპლეროგრაფია) პაციენტის მდგომარეობის დამძიმების პერიოდში, რის გამოც ვერ გამოვრიცხავთ პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებულ შესაძლო ტექნიკურ სისხლძარღვოვან გართულებას (მაგალითად ტრანსპლანტის თრომბოზს ან ღვიძლის პორტულ პერფუზიის დარღვევას).

ოპერაციული მკურნალობა განხორციელდა წინასაოპერაციო ეპიკრიზით განსაზღვრული გეგმით. დიაგნოზში მითითებული შეუსაბამობა ღვიძლის კარცინომა და ინტრაჰეპატური თრომბოზი) ვერ მოახდენდა ტაქტიკაზე გავლენას, რამეთუ ღვიძლის კიბო რომც დადგენილიყო, იგი /ღვიძლი/ მაინც მთლიანად იკვეთებოდა, ხოლო კარის ვენის ინტრაჰეპატური თრომბოზის შემთხვევაში თრომი ამოღებულ ღვიძლს წაყვებოდა.

ჩატარებული გამოკვლევები არ არის სრულყოფილი. განსახილველად წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩვენ ვერ ვნახეთ ყველა საჭირო გამოკვლევის შედეგები კერძოდ: ტრანსპლანტანტის დოპლერული კვლევის მონაცემები და პარამეტრები (ეს გამოკვლევა აფასებს გადანერგილი ორგანოს სისხლმომარაგების მდგომარეობას). 3 დღის განმავლობაში სიტყვიერადაა მიწერილი დღიურზე, რომ ეს კვლევა ჩატარდა და ტრანსპლანტანტის სისხლმომარაგება ნორმაშია, თუმცა არ არის აღწერილი შესაბამისი პარამეტრები და არც დოკუმენტური დადასტურებაა წარმოდგენილი. საერთოდ არაფერია ნათქვამი ამ კვლევაზე პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, რის გამოც შეუძლებელია ტრანსპლანტანტის სისხლმომარაგების დარღვევის გამორიცხვა. ასევე ვერ მივაკვლიეთ ტრანსპლანტანტის ვოლუმეტრულ მონაცემებს (ინფორმაციას გადანერგილი ღვიძლის მოცულობის შესახებ), რომელიც დაგვეხმარებოდა განსაზღვრულიყო საკმარისი იყო თუ არა გადანერგილი ღვიძლის ნაწილი რეციპიენტისთვის მისი წონიდან გამომდინარე. 12.02.2016 წელს ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებიდან არ დასტურდება არც რაიმე სიმსივნური წარმონაქმნის და არც კარის ვენის ინტრაჰეპატური თრომბოზი.

გარკვეული შეუსაბამობაა წინასაოპერაციო ეპიკრიზსა და ოპერაციის პროტოკოლში მითითებულ მონაცემებს შორის, კერძოდ: წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია ღვიძლის ჰეპატოცელური კარცინომა, რაც ინტრაოპერაციულად არ დადასტურებულა. აღნიშნული არც ოპერაციამდე ჩატარებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიით დასტურდება. მონაცემთა სხვაობა უკეთეს შემთხვევაში განპირობებულია მექანიკური შეცდომით. წინასაოპერაციო ეპიკრიზის ჩანაწერში (ღვიძლის კიბოსთან მიმართებაში/ ან კომპიტერული ტომოგრაფიის არასათანადო ინტერპრეტაციით. წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია ღვიძლის კარის ვენის ინტრაჰეპატური თრომბოზი. აღნიშნული არც ინტრაოპერაციულად დასტურდება და არც ოპერაციამდე ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით. აღნიშნული ყველაზე ობიექტურად უნდა დაედასტურებინა ამოკვეთილი ღვიძლის ჰისტო-პათოლოგიურ კვლევას, რის დასკვნაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ჩანს. მონაცემთა სხვაობა სავარაუდოდ განპირობებულია კომპიუტერული ტომოგრაფიის არასათანადო ინტერპრეტაციით. არის სხვაობა ასციტის არსებობასა და მის რაოდენობასთან მიმართებაში, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა პაციენტისთვის და ტაქტიკისთვის არ ჰქონდა. არასრულყოფილია ოპერაციის ოქმი, კერძოდ მასში არ არის აღწერილი დონორის და რეციპიენტის სისხლძარღვებისა და სანაღვლე სადინრის დაიამეტრი, არ ჩანს ღვიძლში შემავალი და გამომავალი სისხლის ნაკადის დოპლეროგრაფიული მაჩვენებლები /რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპლანტანტის ფუნქიონირებაში ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში).

პაციენტის ლაბორატორიული მონაცემები არ არის თანხვედრაში პაციენტის ისტორიაში მითითებულ მდგომარეობასთან. მაგალითად 10 მარტს რეანიმაციიდან გადმოყვანისას პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც დამაკმაყოფილებლი მაშინ, როცა ლაბორატორიულად პაციენტის სისხლში აღენიშნებოდა მკვეთრი უარყოფითი ცვლილებები. კერძოდ: ლეიკოციტების (მაჩვენებელი 1,4 ნორმაა 5-12), ერითროციტებისა (მაჩვენებელი იყო 2.7 ნორმაა 4-6) და თრომბოციტების (მაჩვენებელი იყო 12 ნორმაა 150-400) მკვეთრი შემცირება. გამოხატული იყო სისხლის შედედების სისტემის მოშლის ტენდენცია, პროთრომბინის ინდექსი იყო 18 (ნორმაა 70-130), პროტრომბინის დრო იყო 36 (ნორმაა 9-12). INR იყო 3,3 (ნორმაა 0,9-1.2).

ღვიძლის ციროზის ტერმინალური სტადიის დროს ღვიძლის გადანერგვას სრულყოფილი ალტერნატივა არ აქვს.

შესრულების დროის მიხედვით ოპერაციები ძირითადად იყოფიან 4 ჯგუფად 1. გადაუდებელი ოპერაცია (რომელიც უნდა შესრულდეს დიაგნოზის დასმისთანავე, ამ დროს არ არის პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევის დროს). 2 სასწრაფო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია გადაიდოს 24-28 საათით. 3 სასწრაფო გადავადებული (სრულდება დიაგნოზიდან 2-7 დღის შემდეგ, სათანადო მომზადებისა და კონსერვატიული მკურნალობის მცდელობის შედეგად). 4 გეგმიური ოპერაცია, რომელიც იგეგმება და შეიძლება შესრულდეს სრული წინასაოპერაციო გამოკვლევით რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ამ კლასიფიკაციიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში გადაუდებელი ჩარევის საჭიროება არ იყო. იგი უნდა მიკუთვნებოდა გეგმიურ კატეგორიას, რადგან პაციენტის მდგომარეობის აღწერით და წინასაოპერაციო ეპიკრიზის მონაცემებით არ იკვეთება ოპერაციის გადაუდებლად ან სასწრაფოდ ჩატარების საჭიროება.

12.02.2016 წელს X-ში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით ღვიძლის კარის თრომბი არ დასტურდება, არც ინტრაოპერაციულად და აღწერილი თრომბი კარის ვენაში. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევით კონტრასტირდება კარის ვენის როგორც მაისტრალური, ისე მარჯვენა და მარცხენა ტოტები, რაც გამორიცხავს მათ თრომბოზს. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ვერ მოვიძიეთ დასკვნა ამოკვეთილი ღვიძლის პათანატომიური კვლევის შესახებ, რომელიც მოგვცემდა ყველაზე ზუსტ პასუხს დასმულ შეკითხვაზე.

სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ძნელია, რამეთუ განვითარებული პოლიორგანული (თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი) უკმარისობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ა/. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სისხლდენას ვერ მივიჩნევთ, თუმცა იგი გამოტანილია გართულების ჩამონათვალში, მაგრამ ისტორიაში მისი მანიფესტაცია არ ჩანს. ბ/. არ გვაქვს მონაცემები თუ რა მდგომარეობაში იყო გართულების პერიოდში გადანერგილი ღვიძლის სისხლმომარაგება (დოკუმენტაციაში არ არის ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია). გ/. რომ არა ლაბორატორიულად უკვე ვერიფიცირებული ღვიძლის ტრანსპლანტანტის უკმარისობა, კლინიკურად გართულება შეიძლება მიგვემსგავსებინა თრომბოემბოლიისათვის (უეცრად განვითარებული სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, წნევის ვარდნა), მაგრამ ამის ზუსტი მტკიცება შეუძლებელია, რადგან არ ჩატარებულა გარდაცვლილის გაკვეთა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. დ/. ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით გარდაცვალების მიზეზია გადანერგილი ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობა, რაც მაღალი ალბათობით გამოწვეული იყო ღვიძლის პერფუზიის დარღვევით, თუმცა ამის დასადასტურებლად არც სათანადო დოპლერული კვლევა ჩანს და არც გაკვეთის შემდგომი კვლევა. /გაკვეთა არ ჩატარებულა/.

ისტორიაში ვერ მოიძიეს ინფორმაცია გადანერგილი ღვიძლის ვოლუმეტრული კვლევის /მოცულობის/ შესახებ, შესაბამისად ვერ იმსჯელეს საკმარისი იყო თუ არა გადანერგილი ღვიძლის მოცულობა რეციპიენტის წონის მქონე /76 კვ/ პაციენტისათვის. საერთშორისო მონაცემების მიხედვით გადანერგილი ღვიძლის ტრანსპლანტანტი საკმარისია რეციპიენტისათვის, თუ მისი წონა შეადგენს რეციპიენტის წონის 0,8 -1%-ს. რეციპიენტის წონა იყო 76 კგ. /ზოგადი ანესთეზიის რუკის მიხედვით გვ. 39/, მაგრამ უცნობია გადანერგილი ღვიძლის წონა. გარდა ამისა, საჭიროა ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის არსების გათვალისწინებაც.

წარდგენილი დოკუმენტაციიდან /და დამდგარი შედეგიდან/ გამომდინარე, არ იყო სასურველი პაციენტის გადაყვანა ზოგად პალატაში ღვიძლის გადანერგვიდან 2 დღის შემდეგ. რეანიმაციიდან გადმოყვანისას ლაბორატორიულად პაციენტს აღენიშნებოდა: ა-ლეიკოციტების/ მაჩვენებელი იყო 1,4, ნორმაა 5-12, ერითროციტების მაჩვენებლი იყო 2,7, ნორმაა 4-6 და თრომბოციტების /მაჩვენებელი იყო 12, ნორმაა 150-400/ მკვეთრი შემცირება. ბ-გამოხატული იყო სისხლის შედედების მოშლის ტენდენცია: პროთრმობინის ინდექსი იყო 18 /ნორმაა 70-130/, პროთრომბინის დრო იყო 36 / ნორმაა 9-12, LNR იყო 3,3 / ნორმაა 0,9-1,2. ამრიგად, პაციენტი საჭიროებდა დაკვირვებას ინტენსიური თერაპიის რეჟიმში, რაც გულისხმობს მისი სასიცოცხლო პარამეტრების დინამიურ მონიტორინგს. აღნიშნული არ განხორციელდა, რასაც ადასტურებს შესაბამის რეჟიმში შევსებული დოკუმენტაციის არარსებობა /საათობრივი დიურეზი, ვიტალური პარამეტრები და სხვა/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით, შპს სამედიცინო ცენტრი ,,L-ს“ დირექტორის 2018 წლის 19 აპრილის წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 08 მარტს სამედიცინო ცენტრ შპს ,,X-ში“ პაციენტ გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. პოსტ ოპერაციულ პერიოდში მოხდა პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და 15 მარტს იგი გარდაიცვალა. 2017 წლის 19 დეკმებრიდან, შპს ,,X-ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და იგი იხსენიება როგორც შპს ,,L“. კლინიკა ,,L-ს“ ხელმძღვანელობა ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე მთლიანად უარს ამბობს გ. ჩ.-ს ოჯახის მხრიდან კლინიკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის მოთხოვნაზე, ანუ ავლენს რა კეთილ ნებას, ოფიციალურად აცხადებს, რომ გარდაცვლილი პაციენტის გ. ჩ.-ს ოჯახს მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ფ. ჯ.-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, § 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ფ. ჯ.-ს ედავება, რომ ღვიძლის ტრანსპლატაციის ოპერაციის ჩატარებამდე მას უნდა მოეხდინა როგორც პაციენტების, ისე დონორების და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლატაციის საბჭოს წინაშე და ოპერაციის ჩატარებაზე მიეღო თანხმობა, თუმცა 2016 წლის 03 მარტს კ. კ.-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს ისე ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლატაციის ოპერაციები, რომ მათი წარდგენა ტრანსპლატაციის საბჭოს წინაშე არ მომხდარა, რითაც ფ. ჯ.-მ დაუმალა პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს ის გარემოება და ფაქტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პალატა ითანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ფ. ჯ.-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ხოლო დანაშაულის საგანია ინფორმაცია იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ინფორმაციის დამალვაში ან ინფორმაციის გაყალბებაში. ინფორმაციის დამალვა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას საერთოდ არ ეცნობება მისთვის საფრთხის აღმოცენების შესახებ (ინფორმაციის გასაიდუმლოება, უარი მის გაცემაზე, არადროული (დაგვიანებული) ინფორმირება და ა.შ.). ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ინფორმაციის დამალვის ან გაყალბების მომენტიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. დანაშაულის ამსრულებელია პირი, ვინც ვალდებული იყო მოსახლეობისთვის მიეწოდებინა აღნიშნული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს კონკრეტულ პირს ჰქონდა თუ არა მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

მოცემულ შემთხვევაში იმ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, რასაც ბრალდების მხარე ედავება ფ. ჯ.-ს, ოპერაციის ჩატარებაზე ტრანსპლატაციის საბჭოს თანხმობის არარსებობა, არ იყო პაციენტებისა და დონორების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი. დონორების და პატიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იყო ოპერაციული ჩარევა. თუმცა როგორც საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, ისე წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ პაციენტები, დონორები და მათი ოჯახის წევრები როგორც წერილობით, ასევე ზეპირსიტყვიერად ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რაც თან ახლდა ღვიძლის გადანერგვას, მათ შორის ლეტალური შედეგის დადგომის თაობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი მაინც დათანხმდნენ ოპერაციის ჩატარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა და მიაჩნია, რომ ფ. ჯ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დასჯადია თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია თაღლითობის ჩადენა ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით .

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწიფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც მოტყუებით დაეუფლა სხვის ნივთს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ფ. ჯ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ფ. ჯ.-ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, ის გარემოება, რომ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით გ. ჩ.-მ და კ. კ.-მ მიმართეს შპს ,X-ს“, სადაც მათ გაუწიეს კონსულტაცია და უთხრეს, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ჩაატარებდა თურქეთიდან მოწვეული ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდათ გაკეთებული. ასევე დადასტურდა, ის გარემოება, რომ ხსენებულ პირებს ისე ჩაუტარდათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა გაცემული არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ კი ინფორმირებული იყო ფ. ჯ., რომელმაც დაწესებულების იურისტს - გ. ა.-ს უთხრა არავისთვის ეთქვა აღნიშნულის შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ ქირურგ-ტრანსპლანტოლოგს მ. კ.-ს, ხსენებული პირებისთვის ოპერაციების ჩატარების დროს არ გააჩნდა საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, რაც არ შეამოწმა ჯეროვნად ბრალდებულმა და ისე გამოსცა ბრძანებები მ. კ.-ს კლინიკა ,,X-ს“ ქირურგად დანიშვნის შესახებ. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ კ. კ.-მ ოპერაციისთვის გადაიხადა 99204 ლარი, ხოლო გ. ჩ.-სთან კი გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა მოეხდინა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა.

პალატა თვლის, რომ ის ფაქტი, რომ ფ. ჯ.-მ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან მოწვეული ქირურგი ჩაატარებდა ოპერაციას და ასევე ის რომ ორივე პაციენტთან ოპერაციები ჩატარდა, ისე რომ არ არსებობდა ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, და რომ ქირურგ-ტრანსპლანტოლოგს ოპერაციების ჩატარების დროს არ გააჩნდა საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, არ წარმოადგენს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მოტყუებით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად, არამედ აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ პაციენტებს კლინიკა ,,X-ში“ ჩაეტარებინათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად კლინიკის პაციენტთა რაოდენობა გაიზრდებოდა და შესაბამისად კლინიკის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. კერძოდ: მოწმე ნ. ნ.-ს ჩვენებით, ფ. ჯ. ტრანსპლანტაციის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა თავად და ცდილობდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტი. მოწმე ზ. ხ.-მ კი სასამართლოს უჩვენა, რომ კლინიკა „X-ში“ ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარების მიზანი იყო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვინაიდან კლინიკაში ყველა მიმართულებით იყო პაციენტების ნაკლებობა, ხოლო ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებით შესაძლებელი იყო კლინიკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ორივე პაციენტს კლინიკა ,,X-ში“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ნამდვილად ჩაუტარდათ. ერთ შემთხვევაში ოპერაციის ღირებულების თანხა სრულად იქნა გადახდილი, ხოლო მეორე შემთხვევაში გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება. ამდენად, კ. კ.-ს შემთხვევაში, გადახდილი იქნა ოპერაციის ღირებულების თანხა, რაც კანონის დაცვით იქნა შეტანილი კლინიკის ბუღალტერიაში, ხოლო გ. ჩ.-ს შემთხვევაში ოპერაციის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება. ზემოხსენებული არ შეიძლება შეფასდეს როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემთხვევა. რისი მხედველობაში მიღებითაც პალატა თვლის, რომ ფ. ჯ.-ს ქმედებაში არ არსებობს თაღლითობის ან/და თაღლითობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია გამამტყუნებელ განაჩენში მითითებული უნდა იქნეს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ფ. ჯ.-ს უდანაშაულობის შესახებ. სააპელაციო საჩივრების მოსმენისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, პალატას მიაჩნია რომ ფ. ჯ.-ს ქმედება შეიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220[1] მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შემდეგ გარემეობათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220[1] მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს გულგრილობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში. ხსენებული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. შესაბამისად პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი შედეგობრივი კავშირი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220[1] მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება მხოლოდ გაუფრთხილებლობაში. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულების ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ არასასურველ შედეგს თავიდან აიცილებს ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას. თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. შესაბამისად, გულგრილობა შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახამდ, ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. მე-3 ნაწილი კი, განმარტავს, რომ ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ასეთ შემთხვევაში პირი თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გარდაუვალობას არ ითვალისწინებს იმის გამო, რომ იგი უპასუხისმგებლოდ მოეკიდა წინდახედულების ნორმის მოთხოვნებს. შესაბამისად თვითიმედვნებისას პირი არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგების დადგომის გარდაუვალობას, ხოლო დაუდევრობისას ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას. გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისას სუბიექტი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება საზოგადოებრივ ღირებულებებს, უგულვებელყოფს წინდახედულების ნორმებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულების აუცილებლობას, ქარაფშუტულად, ან უყურადღებოდ ეკიდება მათ მოთხოვნებს, რის გამოც დგება მისთვის არასასურველი და მოულოდნელი შედეგი.

,,მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები).

,,მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ისინი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმოს დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კლინიკა ,,X“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და მისი იურიდიული მისამართია: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-XX კილომეტრი. შპს კლინიკა ,,X-ს“ დირექტორი კი არის ფ. ჯ..

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2014 წლის 21 მაისს გაცემული N00XXXX სანებართვო მოწმობით, შპს ,,X-მ“ მოიპოვა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა.

,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები.

ამავე მუხლის შენიშვნის ვ - ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში. ამავე შენიშვნის ზ - ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, ხოლო „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის დასაწყისში, კლინიკის დირექტორმა ფ. ჯ.-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ. კ.. გავრცელდა განცხადებები და რეკლამები, რომ შპს „X-ში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

შპს „X-ს“ დირექტორის ფ. ჯ.-ს NXX-5/კ ბრძანებით, 2016 წლის 01 მარტიდან შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილებაში ქირურგის თანამდებობაზე დაინიშნა მ. კ., რომელიც ასევე NXX-4/კ ბრძანებით, 2016 წლის 01 მარტიდან დაინიშნა შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით. ამავე მხულის მე-8 ნაწილის თანახმად უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არა უმეტეს ერთი წლით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელების უფლება აქვს სამინისტროს.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები.

ამავე კანონის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ლიცენზიას ან/და ნებართვას) გასცემს სამინისტრო. 56-ე მუხლის თანახმად კი, სამედიცინო დაწესებულების მიერ ისეთი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზიის ან/და ნებართვის მიღებას, არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2016 წლის 11 მარტის შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს „X-ში“ 03.03.2016 პაციენტისთვის ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციული მკურნალობა ნაწარმოები იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე მ. კ.-ს მიერ, რომელიც დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, არის დაწესებულების კონტრაქტორი ექიმი, რომელიც დასაქმებულია ტრანსპლანტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელად და ქირურგ-ტრანსპლანტოლოგად. ასევე დადგენილ იქნა, რომ მოქალაქე მ. კ.-ს, არ გააჩნდა არც მუდმივი და არც დროებითი, საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო საქმიანობაში. გარდა ამისა, დაწესებულებას არ გააჩნდა ოპერაციის ჩატარებისთვის ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა.

2016 წლის 14 ივლისის შემოწმების აქტით ასევე დადგენილ იქნა, რომ მ. კ., ქ. ბ., გ. რ. ზ. და მ. ს. არიან აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქალაქეები. მათ 07.03.16 წლიდან 15.03.16 წლამდე პერიოდში არ გააჩნდათ საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი (მუდმივი/დროებითი) არცერთ საექიმო სპეციალობაში, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის („უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით“) მოთხოვნები. გარდა ამისა დაწესებულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარმოებისათვის არ გააჩნდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა. ამავე აქტში მითითებულია, რომ ფ. ჯ.-სთვის ცნობილი იყო, რომ უნდა მოეხდინა პაციენტისა და დონორის წარდგენა ტრანსპლატაციის საბჭოს წინაშე, რის საფუძველზეც თანხმობა უნდა მიეღო ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე წარდგენილი იქნა მხოლოდ კ. კ., რომელსაც ტრანსპლანტაციის საბჭომ იმ ეტაპზე უარი უთხრა ოპერაციის ჩატარებაზე, ვინაიდან არ დადასტურდა პაციენტის და რეციპიენტის ნათესაური კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ფ. ჯ., 2016 წლის 03 მარტს კ. კ.-ს მაინც ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. გ. ჩ.-ს შემთხვევაში საერთოდ არ მომხდარა ტანსპლანტაციის საბჭოსთვის მიმართვა, თუმცა მიუხედავად ამისა, 2016 წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლატაციის ოპერაცია.

ის ფაქტი, რომ მ. კ.-ს, გ. ჩ.-სთვის და კ. კ.-სთვის ოპერაციების ჩატარების დროს არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი (მუდმივი/დროებითი) არცერთ საექიმო სპეციალობაში, ასევე ის, რომ ტრანსპლანტაციის საბჭო არ იყო ინფორმირებული გ. ჩ.-სთვის ტრანპლანტაციის ოპერაციის ჩატარების შესახებ, ხოლო კ. კ.-ს ოპერაცია ჩაუტარდა საბჭოს თანხმობის გარეშე დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით. კერძოდ: დაზარალებულ ნ. კ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 02 მარტს, კ. კ. შვილთან ერთად გასაუბრებაზე იმყოფებოდა ტრანსპლანტაციის საბჭოში, თუმცა იმის გამო, რომ ვერ დადასტურდა დონორის და რეციპიენტის ნათესაური კავშირი, საბჭომ ოპერაციის ნებართვის გაცემაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შესახებ, კლინიკის იურისტმა აცნობა ფ. ჯ.-ს. მიუხედავად საბჭოს უარისა, 2016 წლის 03 მარტს, კ. კ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია. მოგვიანებით კი, მან გ. მ.-ს მეუღლისგან - ხ. პ.-სგან შეიტყო, რომ ექიმს, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია, არ ჰქონდა ტრანსპლანტაციის ჩატარების ლიცენზია. დაზარალებულმა ა. ჟ.-მ კი დაადასტურა, რომ მის მეუღლეს - გ. ჩ.-ს ოპერაციის ჩატარებამდე ტრანსპლანტაციის საბჭოზე გასაუბრება არ გაუვლია და ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა არ მიუღია, აღნიშნულის მიუხედავად მის მეუღლეს ჩაუტარდა ოპერაცია. ამასთან, ფ. ჯ.-მ, რომელიც კლინიკაში იღებდა გადაწყვეტილებებს, უთხრა, რომ ოპერაციას ატარებდნენ ძალიან კარგი ექიმები და კარგ ხელში მოხვდნენ. დაზარალებულ ა. ჟ.-ს ჩვენება თანხვედრაშია გ. ჩ.-ს დონორ - ი. შ.-ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე მათი წარდგენა არ მომხდარა, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ პირდაპირ ოპერაციის ჩასატარებლად შეიყვანეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინიტროს რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის უ. ნ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მარტში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით მიმართა ტრანსპლანტაციის ასოციაციის თავმჯდომარემ, რომლის თანახმად ირკვეოდა, რომ შპს „X-ში“ ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა ნებართვის გარეშე. კ. კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ოპერატორს - მ. კ.-ს არ ჰქონდა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სერთიფიკატი, ანუ ოპერაციული მკურნალობის წარმოების ნებართვა. შპს „X-ს“ დაწესებულების დირექტორს კი არ ჰქონდა უფლება ქირურგის და საექიმო საქმიანობის განმახორციელებლის თანამდებობაზე, დაენიშნა ისეთი პირი, რომელსაც არ ჰქონდა საექიმო საქმიანობის უფლებამოსილება. კ. კ.-ს სამედიცინო ისტორიაში ასევე არ მოიპოვებოდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვა, რადგან ტრანსპლანტაციის საბჭომ ვერ დაადგინა ნათესაური კავშირი დონორსა და რეციპიენტს შორის. ოპერაცია კი ჩატარდა ტრანსპლანტაციის საბჭოს მომდევნო სხდომაზე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის რ. შ.-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მარტს, სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის საფუძველზეც მივიდნენ კლინიკა „X-ში“ და შეისწავლეს პაციენტ კ. კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ჩატარებული მკურნალობა და ოპერაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო კანონმდებლობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი - მ. კ. ვალდებული იყო, ოპერაციის ჩატარების თაობაზე ნებართვა აეღო ორგანოს გადანერგვამდე, მაგრამ მ. კ.-ს საქართველოში სახელმწიფო სერთიფიკატის დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული არ ჰქონდა, შესაბამისად მის მიერ ჩატარებული ოპერაციული მკურნალობა იყო უკანონო. შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებას, გადანერგვის ოპერაციის ჩასატარებლად, არ გააჩნდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვა. წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილი იქნა, რომ მ. კ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერს ფ. ჯ..

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის კ. ღ.-ს ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის მაისში, ადვოკატის განცხადების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა კლინიკა „X-ში“ არსებული გ. ჩ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ 2016 წლის მარტში, პაციენტ გ. ჩ.-სთვის ოპერაციის ჩამტარებელი სამედიცინო პერსონალი: კ., რ., ბ. და სხვები არ ფლობდნენ დროებითი სამედიცინო საქმიანობის შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. მოწმის ჩვენება თანხვედრაშია, სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ი. პ.-ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ გ. ჩ.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2016 წლის 07 მარტიდან 2016 წლის 15 მარტამდე პერიოდში, შპს „X-ში“ მკურნალობდა პაციენტი გ. ჩ., რომელსაც ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის გეგმიური ქირურგიული ოპერაცია. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა მ. კ.-მ, რომელსაც ეხმარებოდნენ ანესთეზიოლოგები: ბ., რ. და ს., რომლებსაც არ გააჩნდათ დროებითი საექიმო საქმიანობის ნებართვა, რაც წარმოადგენდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას. დაწესებულების მიერ ასევე ვერ იქნა წარდგენილი ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ორგანოს გადანერგვაზე ტრანსპლანტაციის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად კი, სამედიცინო დაწესებულება ოპერაციის ჩატარებამდე საქმიანობას აწარმოებს თავისი წესდების შესაბამისად. დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი ვალდებულია წარმართოს დაწესებულების მენეჯმენტი და გადაანაწილოს ვალდებულებები. ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ასევე გამყარებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის გ. ც.-ს ჩვენებით, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ შესწავლილი დოკუმენტაციით, 2016 წლის 08 მარტს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გ. ჩ.-ს ჩაუტარეს უცხოელმა ექიმებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ საქართველოში საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი მუდმივი ან დროებითი დოკუმენტი. ამასთან, კლინიკა „X-ს“ გ. ჩ.-სთვის ოპერაციის ჩატარების ნებართვის მოთხოვნით არ ჰქონდა ტრანსპლანტაციის საბჭოსათვის მიმართული.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ. ა.-ს ჩვენებით ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ 2015 წელს, მას შემდეგ, რაც კლინიკა „X-მ“ მოიპოვა ლიცენზია ტრანსპლანტაციის შესახებ, კლინიკის ხელმძღვანელმა - ფ. ჯ.-მ, დაიწყო მოლაპარაკება ბაქოში მომუშავე აზერბაიჯანელ ტრანსპლანტოლოგ მ. კ.-სთან, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიენიჭა შრომის ლიცენზია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე მათ კ. კ.-სთვის ოპერაციის ჩატარების შესახებ თანხმობა ტრანსპლანტაციის საბჭომ არ მისცა. მას ფ. ჯ.-მ უთხრა, დაბრუნებულიყო კლინიკაში და არავისთვის ეთქვა საბჭოს მიერ ოპერაციის ჩატარების ნებართვაზე უარის შესახებ, ვინაიდან ოპერაცია იყო სასწრაფოდ ჩასატარებელი და საბჭოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა მოხდებოდა ოპერაციის შემდეგ. კ. კ.-ს ოპერაცია ჩაუტარდა მეორე დღეს, ხოლო ორი დღის შემდეგ საელჩოდან მიღებული იქნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად დასტურდებოდა, რომ დონორი ნამდვილად იყო კ. კ.-ს შვილი. მან მიღებული დოკუმენტი წარადგინა ტრანსპლანტაციის საბჭოში, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ მისთვის ცნობილი არ არის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ხელმძღვანელობისგან არ მიუღია დავალება გ. ჩ.-ს საბუთების ტრანსპლანტაციის საბჭოში გადაგზავნის შესახებ და არც დოკუმენტები გადაუგზავნია. მანვე დაადასტურა, რომ შპს „X-ს“ რეესტრის ამონაწერით დირექტორის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა ფ. ჯ.-ს, რომლის მიერ დანიშნული იყო გენერალური დირექტორი ზ. ხ., თუმცა კლინიკის მიერ იურიდიული ქმედების განხორციელებისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ჰქონდა ფ. ჯ.-ს.

ის ფაქტი, რომ კ. კ.-ს ოპერაცია ჩაუტარდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვის გარეშე, ასევე დადასტურებულია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელის და ხელმძღვანელის, სამინისტროსთან არსებული ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრის გ. თ.-ს ჩვენებით, რომელიც დაესწრო ტრანსპლანტაციის საბჭოში კ. კ.-ს დოკუმენტაციის განხილვას. მოგვაინებით კი ტელევიზიით შეიტყო კლინიკა „X-ში“ ჩატარებული ოპერაციის შესახებ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირების ვალდებულება აქვს კლინიკის დირექტორს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ. ჯ., რომელიც იყო შპს „X-ს“ დირექტორი და გააჩნდა წარმომადგენლობის უფლებამოსილება, გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ გ. ჩ.-სთვის და კ. კ.-სთვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე არ შეამოწმა მის მიერ მოწვეულ ექიმს - მ. კ.-ს ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სერთიფიკატი - ოპერაციული მკურნალობის წარმოების ნებართვა. პალატა თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში პაციენტებს კ. კ.-ს და გ. ჩ.-ს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ღვიძლის ტრანპლანტაციის ოპერაციას უკეთებდა, აზერბაიჯანიდან მოწვეული ექიმი-ტრანპლანტოლოგი, რომელსაც არ გააჩნდა ოპერაციის ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ გაცემული სათანადო ლიცენზია, რის შესახებ ინფორმაციაც მათთვის არავის მიუწოდებია. ამასთან, ფ. ჯ.-ს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაზე და გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ხსენებული პირებისთვის ოპერაციის ჩატარების მომენტისთვის დაწესებულებას მოპოვებული არ ჰქონდა ორგანოს გადანერგვაზე ტრანსპლანტაციის საბჭოს მიერ გაცემული თანხმობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ფ. ჯ.-მ ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220[1] მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-XX კილომეტრზე მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება შპს „X“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს ფ. ჯ.. ხსენებულ საზოგადოებას 2014 წლის 21 მაისს გაცემული N00XXXX სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა. კლინიკის დირექტორმა ფ. ჯ.-მ 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ. კ., რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ. ჯ.-მ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით გაავრცელეს განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „X-ში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს, გ. ჩ.-მ და კ. კ.-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ. ჯ.-მ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყვნენ ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

ფ. ჯ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე უნდა მოეხდინა პაციენტის და დონორების წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა 2016 წლის 03 მარტს კ. კ.-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს გ. ჩ.-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ისე, რომ არ არსებობდა ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა ორგანოს გადანერგვაზე.

ფ. ჯ.-მ, როგორც შპს ,,X-ს“ დირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, არ შეამოწმა რომ მ. კ.-ს 2016 წლის მარტის თვის მდგომარეობით არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში და 2016 წლის 01 მარტიდან შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილებაში ქირურგის თანამდებობაზე დანიშნა მ. კ., რომელიც მისივე ბრძანებით დაინიშნა შპს „X-ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კლინიკის დირექტორი ფ. ჯ. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე ვალდებული იყო მოეხდინა ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირება და საბჭოსგან მიეღო თანხმობა. მიუხედავად იმისა, რომ არც კ. კ.-ს და არც გ. ჩ.-ს შემთხვევაში ასეთი თანხმობა არ არსებობდა, ფ. ჯ.-ს მითითებით კლინიკა ,,X-ში“ ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები. კ. კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ. ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

ფ. ჯ.-ს მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ფ. ჯ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ. ჯ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220[1] მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის მარტში მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ფ. ჯ.-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დადგენილა, თუმცა პალატა ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია გაუფრთხილებელი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (იგი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და იმისთვის რომ არ დაეკარგა პაციენტები, ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობის გარეშე კლინიკაში ჩატარდა ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ფ. ჯ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესი). ასევე მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, ჰყავს ოჯახი). პალატა ასევე ითვალისწინებს მოწმეების კ. ღ.-ს და გ. ც.-ს ჩვენებებში მითითებულ გარემოებებს, რომლის თანახმად 2015-2016 წლებში შპს ,,X“ დარღვევებისთვის სამჯერ დაჯარიმდა, რაც აშკარად მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ წესრიგს, მის დამცველებს, მათ კანონიერ მითითებებსა და გადაწყვეტილებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატას მიაჩნია, რომ ფ. ჯ.-ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მისთვის, როგორც კლინიკის ხელმძღვანელისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ფ. ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, ფ. ჯ.-ს პიროვნების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

მოცემულ შემთხვევაში მართალია ფ. ჯ.-ს მსჯავრი დაედო გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისთვის, ამასთან იგი არ არის ნასამართლევი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავს დამანაშავედ არ ცნობს და არ აღაირებს ჩადენილს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ფ. ჯ.-ს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად.

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

ერთი ცალი DVD-R ფორმატის დისკი, რომელშიც განთავსებულია ტელეკომპანია „Y“-ის ეთერში, გადაცემა „X-ში“ გასული სიუჟეტი კლინიკა „X-ს“ შესახებ და ტელეკომპანია „H-ს“ ეთერში გადაცემა „X“-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი - სულ სამი ვიდეო ფაილი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა. ჟ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან ნ. ლ.-სგან გამოთხოვილი ინფორმაცია გ. ჩ.-ს გამოკვლევების თაობაზე 2 (ორ) ცალ კომპაქტ დისკზე, შპს „Y-დან“ გამოთხოვილი კ. კ.-ს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების დასკვნები და კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევა 2 (ორი) ცალ კომპაქტ დისკზე, შპს „X-დან“ გამოთხოვილი კ. კ.-ს მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევების ამსახველი 5 (ხუთი) ცალი კომპაქტდისკი, შპს „X-დან“ გამოთხოვილი პაციენტ გ. ჩ.-ს ენდოსკოპიური გამოკვლევის ამსახველი 1 (ერთი) ცალი კომპაქტდისკი, შპს „X-ს“ მიმართვის N21XXXX წერილზე თანდართული 13 ფურცელი დოკუმენტაცია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

2017 წლის 21 მაისს ფ. ჯ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი „LENOVO“-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი და მოწითალო ფერის ფლეშმეხსიერების ბარათი ე.წ. „ფლეშკა“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.



სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გ. ო.-ს და მსჯავრდებულ ფ. ჯ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ნ.-ს და გ. ტ.-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ფ. ჯ.ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ფ. ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220[1] მუხლის პირველ ნაწილზე.

ფ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

ფ. ჯ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 მაისიდან.
ფ. ჯ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

ერთი ცალი DVD-R ფორმატის დისკი, რომელშიც განთავსებულია ტელეკომპანია „Y“-ს ეთერში, გადაცემა „X-ში” გასული სიუჟეტი კლინიკა „X-ს“ შესახებ და ტელეკომპანია „H-ს“ ეთერში გადაცემა „X-ს“ მიერ მომზადებული სიუჟეტი - სულ სამი ვიდეო ფაილი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა. ჟ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან ნ. ლ.-სგან გამოთხოვილი ინფორმაცია გ. ჩ.-ს გამოკვლევების თაობაზე 2 (ორ) ცალ კომპაქტ დისკზე, შპს „Y-დან“ გამოთხოვილი კ. კ.-ს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების დასკვნები და კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევა 2 (ორი) ცალ კომპაქტ დისკზე, შპს „X-დან“ გამოთხოვილი კ. კ.-ს მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევების ამსახველი 5 (ხუთი) ცალი კომპაქტდისკი, შპს „X-დან“ გამოთხოვილი პაციენტ გ. ჩ.-ს ენდოსკოპიური გამოკვლევის ამსახველი 1 (ერთი) ცალი კომპაქტდისკი, შპს „X-ს“ მიმართვის N21XXXX წერილზე თანდართული 13 ფურცელი დოკუმენტაცია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

2017 წლის 21 მაისს ფ. ჯ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი „LENOVO“-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი და მოწითალო ფერის ფლეშმეხსიერების ბარათი ე.წ. „ფლეშკა“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.