საქმის ნომერი: 1ბ/1664 -19
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაკა გველესიანი,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და რაიონული სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1664 -19 (2019-11-13), www.temida.ge
საქმის № 180100119003149224
საქმის № 1ბ/1664 -19

განაჩენი
საქართველოს სახელით
       13 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაკა გველესიანი

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

მსჯავრდებული - გ. თ., დაბადებული 1XXX წლის XX ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №31XXXXXXXXX, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრაციის მისამართი: მ.-ს რაიონი, სოფელი X, ფაქტობრივად მცხოვრები: მ.-ს რაიონი, სოფელი Y;

კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. ც.-მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ გ. თ.-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან განაჩენში სასამართლომ იმსჯელა შემამსუბუქებელ გარემოებებზე. საქართველოს სსკ-ის 53[1] მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ძალადობის ხასიათი და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორცილების სახე და ხერხი. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორებითი რისკები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. თ.-ს მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათაც მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელი-თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

სასამართლომ დაადგინა:
გ. თ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, მ.-ს რაიონის სოფელ X-ში გ. თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ნ. ქ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორჯერ გაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ საწოლიდან აიღო წყლით სავსე ორლიტრიანი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი და დამიზნებით ესროლა მეუღლეს ნ. ქ.-ს, რომელიც მოხვდა ბეჭის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ნ. ქ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. თ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ. თ.-ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ქ.-ს, მოწმეების: ვ. ა.-ს, ბ. ხ.-ს, ნ. ბ.-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, გ. თ.-ს მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004XXXXXX დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ. თ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1]-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. თ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ. თ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

გ. თ.-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ. თ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ ოჯახური ძალადობისთვის (აღნიშნული დანაშაულის გავრცელების არეალიდან გამომდინარე) დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ. თ.-ს პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ერთ-ერთ არგუმენტს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რომ გ. თ.-ს მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, ვინიაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 53[1]-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ გ. თ.-ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, გ. თ. გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ არც გ. თ. და არც დაზარალებული არ მიუთითებენ მის განმეორებით ხასიათზე და წარსულში მეუღლეებს შორის კონფლიქტის არსებობაზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს გ. თ.-ს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ. თ.-ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას გ. თ.-ს მიმართ მოცემულ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა გ. თ.-ს პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. თ.-ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და გ. თ.-ს სათანადო ქცევას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. თ.-ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ. ც.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.



სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

დაადგინა:

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ. ც.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი გ. თ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

გ. თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე;
მსჯავრდებულ გ. თ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

მსჯავრდებულ გ. თ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო: 2019 წლის 10 ივლისიდან - 2019 წლის 13 ივლისის ჩათვლით; მსჯავრდებულ გ. თ.-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გ. თ.-ს მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.