საქმის ნომერი: 2ბ/3410-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ქირია,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/11480-16, ას-116-2019
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-297-280-2010,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ყოფილი მეუღლისგან, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, მოითხოვდა ნათესავების მიერ ნაჩუქარი ნივთების უკან დაბრუნებას. პალატამ მიიჩნია, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მიღებული საჩუქრები უტოლდება ნიშნობის საჩუქრებს და მხარეთა შორის ქორწინების დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, დასაქორწინებელი პირები ვალდებულნი არიან დაუბრუნონ ისინი ერთმანეთს. მტკიცების ტვირთი მოცემულ დავაში ნაწილდება შემდეგნაირად - მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს, რომ ნივთები გადაცემულია ყოფილ მეუღლეზე, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ აღნიშნულ ნივთებზე მისი მფლობელობა უკვე შეწყვეტილია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/3410-18 (2018-11-29), www.temida.ge
საქმის № 330210016001352278
საქმის № 2ბ/3410-18


საქართველოს სახელით
       29 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ქირია

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

აპელანტი - ჰ.მ. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ც.მ.

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა.ხ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჰ.მ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები: ა) ავეჯი - საძინებელი კომპლექტი: მუქი ყავისფერი გარდერობი 2 კარიანი, 2 ცალი ტუმბო, 1 ცალი მუქი 2 ადგილიანი საწოლი, 1 ცალი ტრილიაჟი, 1 ცალი ორადგილიანი ლეიბი, დივანის კუთხე 8 ბალიშითურთ; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთები: ხალიჩა, 1 ცალი მტვერსასრუტი, 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“, 1 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა (შეძენილი 2015 წლის 22 აპრილს), ოთახის ფარდები 20 მ, საწოლის გადასაფარებელი, 3 საბანი, 2 ცალი საბნის გადასაკრავი, 4 კომპლექტი ლეიბების, საბნების; - პირადი მოხმარების საგნები: კაბა 10 ცალი, ტყავის შავი ქურთუკი 1 ცალი; - ოქროს სამკაულები: ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი, ოქროს ბეჭედი.

ამავე გადაწყვეტილებით, ა.ა.-ის სარჩელი სხვა დანარჩენი მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2014 წლის 09 სექტემბრიდან - 2015 წლის 14 ივლისამდე, ა.ა. და ჰ.მ. იმყოფებოდნენ ფაქტობრივ - არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

ა.ა.-ს მამის მიერ, 2014 წლის 05 სექტემბერს შპს „ა.მ-ში“ შეძენილ იქნა საძინებელი ავეჯის კომპლექტი - 1 ცალი მუქი ყავისფერი 2 კარიანი გარდერობით, 2 ცალი ტუმბო, 1 ცალი მუქი ორ ადგილიანი საწოლი, 1 ცალი ტრილიაჟი, 1 ცალი ორადგილიანი ლეიბი, დივნის კუთხე 8 ბალიშითურთ.

მითითებული ნივთები მოსარჩელე ა.ა.-ს მამის - თ.ა.-ს მიერ გადაეცა საჩუქრად.

მოსარჩელეს, ოჯახის წევრების მიერ საქორწინო საჩუქრად გადაეცა ხალიჩა, მტვერსასრუტი, პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ოთახის ფარდები 20 მ, საწოლის გადასაფარებელი, სამი საბანი, ორი ცალი საბნის გადასაკრავი და ლეიბებისა და საბნების ოთხი კომპლექტი.

ამასთან, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მიs საცხოვრებელ მისამართზე, კარადაში ნამდვილად ინახება კაბები და ქურთუკი.

მოსარჩელეს 2014 წლის 09 სექტემბერს, ქორწილში საჩუქრად გადაეცა პაპის - ი.ი.-ის მიერ ოქროს ყელსაბამი 1000 ლარის ღირებულების, ბებიის - გ.ა.-ის მიერ ოქროს ბეჭედი 200 აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო დედის - ხ.ი.-ის მიერ ოქროს სამაჯური 1000 ლარის ღირებულების.

(მტკიცებულება: სასამართლო სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა- განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, შპს „ა.მ.-ს“ გაცემული ცნობა, ქორწილის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ს/ფ 27, 31).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. იმავდროულად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ზემოაღნიშნული ნივთების ოჯახის წევრების მიერ მისთვის საჩუქრად გადაცემის თაობაზე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებსა და მოწმეთა მიერ მიცემულ განმარტებებზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია დასახელებული ნივთების ა.ა.-ის ოჯახის წევრების მიერ გადაცემის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მითითებული ნივთები საჩუქრად გადაეცა ერთობლივად ორივე მხარეს და შესაბამისად, მხოლოდ ა.ა. არ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს. ამდენად, მოპასუხე მხარე არ უარყოფდა და ადასტურებდა ნივთების მიღების ფაქტს, ასევე ადასტურებდა მის საცხოვრებელ მისამართზე კაბებისა და ქურთუკის შენახვის ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდიდა მხოლოდ მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა ნივთების მიღების ფაქტს და მიუთითებდა ამ ნივთების თანასაკუთრებაზე, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მის მტკიცებას წარმოადგენდა მითითებული ფაქტის დადასტურება. იმ მოცემულობაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა ნივთების მიღების ფაქტს, ხოლო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა თანასაკუთრების ფაქტს და მიუთითებდა მხოლოდ მოსარჩელისათვის ნივთების საჩუქრად გადაცემაზე, მოპასუხის ზეპირი განმარტება ნივთებზე თანასაკუთრების უფლების შესახებ, ვერ გახდებოდა მისი პოზიციის გაზიარების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ გადაცემულ ნივთებსა და მოპასუხესთან არსებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ფაქტი.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ სხვა ნივთებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა ამ ნივთების არსებობის, მათზე თავისი საკუთრების უფლებისა და მოპასუხესთან არსებობის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა სარჩელს, არ არსებობდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რომლის შესაბამისადაც შეიძლება დადგენილიყო სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებულ დარჩენილ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ფაქტი.

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა.ა.-ის კუთვნილი ნივთები, რომელიც მას საჩუქრად გადაეცა თავისი ოჯახის წევრებისაგან, ფაქტობრივად ფლობდა მოპასუხე ჰ.მ. და იმყოფებოდა მის უკანონო მფლობელობაში. (მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტება, ს/ფ 1-34, 40).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ შემდეგი ნივთები: 1) ავეჯი - საძინებელი კომპლექტი: მუქი ყავისფერი გარდერობი 2 კარიანი, 2 ცალი ტუმბო, 1 ცალი მუქი 2 ადგილიანი საწოლი, 1 ცალი ტრილიაჟი, 1 ცალი ორადგილიანი ლეიბი, დივანის კუთხე 8 ბალიშითურთ; 2) საყოფაცხოვრებო ნივთები: ხალიჩა, 1 ცალი მტვერსასრუტი, 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“, 1 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა (შეძენილი 2015 წლის 22 აპრილს), ოთახის ფარდები 20 მ, საწოლის გადასაფარებელი, 3 საბანი, 2 ცალი საბნის გადასაკრავი, 4 კომპლექტი ლეიბების, საბნების; 3) პირადი მოხმარების საგნები: კაბა 10 ცალი, ტყავის შავი ქურთუკი 1 ცალი; 4) ოქროს სამკაულები: ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი და ოქროს ბეჭედი - წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. მითითებული ნივთები იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებდა ამ ნივთების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ა.-ს მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან ხსენებული ნივთების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმყოფილებულიყო. დანარჩენ ნივთებზე კი, ვინაიდან ზოგადად არ დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, სახეზე არ იყო ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა და სამართლებრივი საფუძველი.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. ჰ.მ. მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ოქროს ნივთების (სამაჯური, ყელსაბამი, ბეჭედი), 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგის“, ორი ცალი საბნის, 4 კომპლექტი ლეიბის და საბნის გადასაკრავების, ასევე ორი კაბის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში.

აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს მოპასუხე ჰ.მ.-სთვის ოქროს სამაჯურის, ყელსაბამის და ოქროს ბეჭედის ჩუქების ფაქტი. კერძოდ, ხ.ი.-მ განმარტა და მოსარჩელე მხარემაც დაადასტურა, რომ სიძეს ჰ.მ.-ს მოსარჩელეს პაპამ ი.ი.-მ აჩუქა ოქროს სამაჯური ღირებული 1000 ლარად, ხოლო მოსარჩელეს ბებიამ, გ.ა.-მ კი დაადასტურა, რომ სიძეს ჰ.მ.-ს აჩუქა ოქროს ბეჭედი ღირებული 200 აშშ დოლარად. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის მოწმემ - თ.ყ.კ.-მ (მოპასუხე ჰ.მ.-ს ბებია), რომელმაც განმარტა, რომ ოქროს ნივთები არ ინახება მათთან, რადგანაც ა.ა.-მ, რომელსაც არ სურდა გ.მ.-სთან ოჯახის შენარჩუნება, სახლიდან წინასწარ გაიტანა როგორც მისთვის ჰ.მ.-ს ოჯახიდან ნაჩუქარი უამრავი ოქროს ნივთები, ასევე ჰ.მ.-სთვის ნაჩუქარი ოქროს ნივთები.

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ოქროს ნივთების და ტელევიზორის გამოთხოვის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუკმაყოფილა მოსარჩელეს, რომელსაც სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა ამ ნაწილში. ხოლო, თავად მესამე პირებს არ ჰქონდათ წარდგენილი დამოუკიდებელი სარჩელი ნაჩუქარი ოქროს ნივთების ჰ.მ.-სთვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. ამ სახის სარჩელის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებდა, რომ ოქროს ნივთები ინახებოდა მოპასუხესთან.

3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს ქორწილში საჩუქრად გადაეცა პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი", სამი საბანი, ლეიბებისა და საბნების გადასაკრვი 4 კომპლექტი. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოპასუხემ დაადასტურა, რომ მის საცხოვრებელ მისამრთზე, კარადაში ნამდვილად ინახება 10 კაბა.

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ცდება სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებების შინაარს და არ შეესაბამება სინმდვილეს. აპელანტის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო პროცესზე მოპასუხე არ მონაწილეობდა, შესაბამისად, იგი ვერაფერს დაადასტურებდა. ამასთან, მოწმე თ.ყ.კ.-მ (მოპასუხეს ბებია) დაადასტურა, რომ მათ სახლში ნამდვილად ინახება ერთი საბანი და სამი გადასაკრავი, რამოდენიმე კაბა, კერძოდ, აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამჟამად მოპასუხესთან ნამდვილად ინახება 8 ცალი კაბა და არა 10 ცალი. რაც შეეხება ტელევიზორს, იგი დაბადების დღეზე აჩუქა სიძეს - ჰ.მ.-ს, ცოლის ძმამ და ამიტომ, წარმოადგენს მის საკუთრებას. მოწინააღმდეგე მხარეს სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ დანარჩენი ნივთები ინახება მოპასუხესთან არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, სხვა სადავო ნივთების, მოპასუხესთან არსებობის ფაქტი.

3.4. აპელანტის მითითებით ასევე ბუნდოვანია სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების განსაზღვრის საკითხი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. 2014 წლის 09 სექტემბრიდან ა.ა. და ჰ.მ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში;

4.2. ოჯახების ურთიერთშეთანხმებით გადაიხადეს ქორწილი, რა დროსაც, ნათესავებისაგან საჩუქრად მიიღეს სხვა და სხვა ნივთები, მათ შორის სადავო ოქროს ნივთები: 1. ოქროს სამაჯური, 2. ოქროს ყელსაბამი, 3. ოქროს ბეჭედი და პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“ (პალატა აქვე აღნიშნავს, რომ შესაგებელში მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ტელევიზორი აჩუქა მოსარჩელე ა.ა.-ს ძმამ, რაც დაფიქსირებულია საქორწინო ვიდეო ჩანაწერში. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული აპელირება იმის თაობაზე, რომ ტელევიზორი აჩუქეს დაბადების დღეზე, რის გამოც, ეს ნივთი მიჩნეულ უნდა იქნეს მოპასუხე მხარის პირად საკუთრებად, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება მის მიერვე შესაგებელში მითითებულ ზემოაღნიშნულ განმარტებას. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ტელევიზორი, მსგავსად ოქროს ნივთებისა, მოპასუხესთვის გადაცემული იყო, როგორც საქორწინო საჩუქარი);

4.3. 2015 წლის 14 ივლისს, მოსარჩელე ა.ა.-მ დატოვა ჰ.მ.-ს ოჯახი, და მას შემდეგ საცხოვრებლად იქ აღარ დაბრუნებულა;

4.4. სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ოქროს ნივთები, კერძოდ: 1. ოქროს სამაჯური, 2. ოქროს ყელსაბამი, 3. ოქროს ბეჭედი, მოპასუხე ჰ.მ.-მ საჩუქრად მიიღო ქორწილის დღეს, მოსარჩელე ა.ა.-ს ოჯახის წევრებისაგან (ნათესავებისაგან). ამასთან, სადავო ოქროს ნივთები თავისი ბუნებითა და დანიშნულებით მამაკაცებისათვის განკუთვნილ ნივთებს წარმოადგენდა. ამ გარემოების დადგენის კუთხით, პალატა მიუთითებს სსს-ის 102.2. მუხლით გათვალისიწნებულ მკიცებულებებზე, კერძოდ, კი მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადავო ოქროს ნივთები, როგორც საქორწინო საჩუქარი, მოპასუხე მხარეს (სიძეს) აჩუქეს პატარძლის მშობლებმა და პატარძლის ბებია-ბაბუამ. რაც შეეხება ტელევიზორს, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტით იქნა დადგენილი, ტელევიზირი, მსგავსად ოქროს ნივთებისა, წარმოადგენდა საქორწინო საჩუქარს;

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ოქროს ნივთები საქორწინო საჩუქრის სახით გადაეცა მოპასუხეს და იმყოფებოდა მის სარგებლობაში, წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომლის მტკიცების ტვირთი მასვე აწევს. მხარეთა განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სადავო ოქროს ნაკეთობები და ტელევიზორი საქორწინო საჩუქრის სახით გადაეცა მოპასუხეს (აპელანტს), ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნივთები, ერთად ცხოვრების პერიოდში ინახებოდა მოსარჩელესთან და მანვე წაიღო ოჯახის დატოვებისას, რაზეც აპელირებს მოპასუხე მხარე და წარმოადგენს მისი მტკიცების საგანში შემალ გარემოებას, გარდა მოპასუხე მხარის და საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმის განმარტებისა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელე და მისი ინიციატივით დაკითხული, ასევე საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეები, სხვა სახის მტკიცებულებებით, მოპასუხე (აპელანტის) მხარის მიერ დადასტურებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სადავო ოქროს ნაკეთობები საქორწინო საჩუქრის სახით გადაეცა მოპასუხეს (აპელანტს) და ინახება მასთან.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების წესის თანახმად, აპელანტმა ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი ტვირთი და ვერ დაადასტურება, რომ სადავო ნივთები, რომლებიც თავისი ბუნებითა და დანიშნულებით, მამაკაცებისათვის განკუთვნილ ნივთებს წარმოადგენდა და რომელთა მესაკუთრედაც აპელანტი მოიაზრებდა თავს, გავიდა მისი მფლობელობიდან და ამჟამად იმყოფებოდა მოსარჩელე მხარის მფლობელობაში.

ამდენად, აპელანტი ვერ ადასტურებს მის მფლობელობაში არსებული სადავო მოძრავი ნივთების, მოსარჩელე მხარის მიერ წაღების ფაქტს. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ოქროს ნივთები, კერძოდ, კი 1. ოქროს სამაჯური, 2. ოქროს ყელსაბამი, 3. ოქროს ბეჭედი, იმყოფება მოპასუხე მხარის მფლობელობაში.

4.6. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტი (მოპასუხე მხარე) სადავოდ არ ხდის და სააპელაციო საჩივრით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პლაზმური ტელევიზორი, ასევე, მოსარჩელე მხარის კუთვნილი, მზითის სახით გადაცემული 1 ცალი საბნი, 3 ცალი გადასაკრავი და 8 ცალი კაბა, ნამდვილად ინახება მის საცხოვრებელ მისამართზე (იხ. სააპელაციო საჩივარი). რაც შეეხება 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბის და საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე არსებობის ფაქტს, აპელანტი აღნიშნულს არ ადასტურებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ეს ნივთები სახლში არ მოუტანია.

პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ ადასტურებს აღნიშნული სადავო ნივთების მოპასუხის სახლში მიტანის და მათი მოპასუხესთან არსებობის ფაქტს. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე ამ ნაწილში არ ეთანხმება სარჩელს, არ არსებობს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

4.7. წინამდებარე სარჩელით, ა.ა. მოითხოვდა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა მოძრვი ქონების მასზედ კუთვნილების ფაქტზე , ხოლო, სამართლებრივ საფუძვლად - საქართველოს სსკ-ის 170-172-ე მუხლებზე.

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109.3. მუხლით (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ) დადგენილი წესების შესაბამისად, ვინიდან მხარეთა შორის ურთიერთობა საქარათველოს სკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად (ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური), რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, მათ შორის მეღლეთა უფლება-მოვალებები, თანახმად საქარათველოს სკ-ის 1151-ე მუხლისა (მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება), არ წარმოშობილა და მათი ურთიერთობა სამართლებრივად არ გაცდენილა ნიშნობას. ხოლო თვით ქორწილი, როგორც ასეთი, რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. შესაბამისად, სასიძოსთვის პატარძლის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის სახით გადაცემულ ნივთებზე, უნდა გავრცელდეს, სამოქალაქო კოდექსის 1109.3. მუხლის დანაწესი, და სწორედ ამ ნორმის საფუძველზე უნდა მოხდეს მოპასუხისათვის იმ ქორწინებასთან დაკავშირებული საჩუქრების მოსარჩელისათვის უკან დაბრუნება, რომელიც არ შედგა - არ დარეგისტრირდა.

4.8. ამდენად, სადავო მოძრავი ნივთები, კერძოდ, ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი, ოქროს ბეჭედი და პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“ მართებულად იქნა გამოთხოვილი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება დანარჩენ სადავო ნივთებს - 2 საბნს, 4 კომპლექტი ლეიბის და 2 ცალი საბნის გადასაკრავს და 2 კაბას, არ არსებობს მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ამ მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.9. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ა.ა. სადავო ნივთების გამოთხოვის ნაწილში წარმოადგენს არასათანადო მხარეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისიუფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 79.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.

კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად და იგი სათანადო მოსარჩელედ ჩაითვლება, თუ სადავო საკითხი უშუალოდ, პირდაპირ ეხება და ლახავს მის კანონიერ ინტერესებს. პირის აღნიშნული უფლება გარანტირებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, უფლებამოსილი იყო თუ არა ა.ა., მოეთხოვა მისი მშობლების და ბებია-ბაბუის მიერ სასიძოსთვის ნიშნობასთან დაკავშირებით ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა მოწესრიგდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის შესაბამისად.

მითითებული ნორმა ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა ნიშნობის/ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, ანუ, სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატარებს ქორწინების ფაქტს, თუმცა კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში ძვირად ღირებულ ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც შესდგა ჩუქება.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ნიშნობის/ქორწინების საგნის გამოთხოვაზე უფლებამოსილია გამჩუქებელი. მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს თვით ჩუქების ფაქტი და, შესაბამისად, დავა მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არ არის, რა დროსაც დავის სუბიექტებს სწორედ ეს პირები წარმოადგენენ (იხ. სამოქალაქო კოდექსის 529-ე 530-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში სადავო ნივთები საჩუქრად გადაცემულია ქორწინებასთან/ნიშნობასთან დაკავშირებით, ხოლო ქორწინების/ნიშნობის მხარეებს კი წარმოადგენდნენ მოდავე მხარეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილით, ნიშნობის საჩუქრის უკან გამოთხოვაზე უფლებამოსილი პირები მხოლოდ ნიშნობის, მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები არიან და არა მჩუქებელი, რომელმაც ნაჩუქარი ნივთი ნებაყოფლობით საკუთრებაში გადასცა ქორწინების/ნიშნობის მხარეებს. მჩუქებელს ნაჩუქარ ნივთზე პრეტენზია შეიძლება წარმოეშვას მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

სწორედ ასეთ მიდგომას ამკვიდრებს საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14/06/2010 წლის განჩინება, საქმეზე №ას-297-280-2010);

4.10 რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება სადავო მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულების შეფასების თაობაზე, ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი შედავებას არ შეიცავს. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში ამ გარემოებებზე მითითება დაუშვებელია. ამასთან, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 40.1. მუხლზე, რომლის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სარჩელის ფასი განსაზღვრა თითოეული მოძრავი ქონების ფასის მიხედვით (იხ. სარჩელი), რამაც ჯამში შეადგინა 18 967 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელემ სარჩელის ფასიდან გამომდინარე, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, დავის საგნის 3%-ის ოდენობით. ამდენად, თუ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი არ შეესაბამებოდა სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, იგი ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მოძრვი ქონების ღირებულებასთან მიმართებაში.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ ჰ.მ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბის და 2 ცალი საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.ბ. ქ/პუნქტი) და ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41.1. მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჰ.მ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 160.00 ლარს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. .... 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, საპროცესო ხარჯები უნდა განაწილდეს პროპორციულად და ა.ა.-ს ჰ.მ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:



1. ჰ.მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბის და 2 ცალი საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.ბ. ქ/პუნქტი) და ამ ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

4. სასამართლო ხარჯები განაწილდეს პროპორციულად და ა.ა.-ს ჰ.მ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 40 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.