საქმის ნომერი: 2ბ/4596-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/4550-15, ას-674-645-2016
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-1768-1748-2011,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და აპელანტს დაეკისრა თანხის გადახდა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გააჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ, სჯელობის შედეგად, დააკმაყოფილა საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4596-15 (2016-05-25), www.temida.ge
საქმის № 330210015749025
საქმის № 2ბ/4596-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

აპელანტი – დ. ქ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“
წარმომადგენელი – ა. გ.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე დ. ქ.-სთვის მოსარჩელე შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ სასარგებლოდ 2306.45 ლარის დაკისრება (იხ. 25.05.2015 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

მოსარჩელე შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ქ.-ს მოსარჩელე შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2306.45 ლარი.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ და შპს „გ.ლ. (G.L)“-ს შორის 2012 წლის 14 სექტემბერს ერთი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესახებ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

2.2. მითითებული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, „დამქირავებელი“ ავალებს, ხოლო შემსრულებელი ახორციელებს შპს „გ.ლ. (G.L)“-ის მიერ განსაზღვრულ ობიექტებზე: მდებარე ქ. თბილისი, ს.-ს ქუჩა #X საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; 1.2 პუნქტის თანახმად, დამქირავებლის განაცხადის შესაბამისად, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს დამქირავებლის ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მასზე (წესისამებრ) მიბარებული მატერიალური ფასეულობის დაცვა დაცვის კვალიფიციური თანამშრომლებით; ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, დამქირავებელს, მომსახურების გაწევის ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური.

2.3. ხელშეკრულების საერთო ჯამური თანხა ყოველთვიურად მომსახურებისათვის განისაზღვრა 3450 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. 2014 წლის 13 ივლისის შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ გაფორმებულია შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ და დ. ქ.-ს შორის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლო აღნიშნავს, აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე დ. ქ.-მ შესაგებლით და 27.04.2015 წლის სასამართლო სხდომაზე სადაოდ გახადა ვალის გადაკისრების შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა. ვინაიდან ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას, მოპასუხე ვალდებული იყო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა, რომ შეთანხმებაზე განხორციელებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაევალა წარმოედგინა ხელმოწერები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. ქ. 2015 წლის 25 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ვერ უზრუნველყო ექსპერტიზის ჩასატარებლად ხელმოწერების წარმოდგენა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რაც მისი მტკიცების საგანში შედიოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 ივლისის შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ ხელმოწერილია დ. ქ.-ს მიერ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომშპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ და შპს „გ.ლ. (G.L)“-ს შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, ის გარემოება, რომ 2014 წლის 13 ივლისის ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებით დ. ქ.-მ იკისრა შპს ,,გ.ლ. (G.L)”-ის დავალიანების გადახდა 4545.10 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის მიერ 2015 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომაზე შემცირდა 2306.45 ლარამდე.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.

ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

სასამართლოს განმარტებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 13 ივლისის ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებით იკვეთება დ. ქ.-ს ერთმნიშვნელოვნად გამოვლენილი ნება არსებული თანხის გადახდის მზაობის შესახებ. იგი შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების საგანზე, შესრულების ვადაზე, ფასზე და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მტკიცებულებები თავისი შინაარსიდან და ამ კოდექსის 341-ე მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის დამოუკიდებელ ელემენტს და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2014 წლის 13 ივლისს შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ და დ. ქ.-ს შორის დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც იგი აღნიშნული შეთანხმების არსებობას ადასტურებს, არ არის ხელმოწერილი, ხოლო გადახდის გრაფიკზე შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოპასუხე დავით ქურციკიძის მიერ ვალის არსებობის აღიარების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების ვალის არსებობის აღიარებად შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას; განსაზღვრული უნდა იყოს აღიარებული ვალის მოცულობა, მისი შესრულების ვადა და სხვა... წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება (ხელწერილი, განმარტება, შეთანხმება...), სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ იქნება მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დ. ქ.-ს მიერ ვალის არსებობის აღიარების ფაქტი დადგენილად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 13 ივნისის „ვალის გადაკისრების შესახებ“ შეთანხმებაზე დაყრდნობით იმ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტი მოპასუხე მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ „ვალის გადაკისრების შესახებ“ შეთანხმება და „გადახდის გრაფიკი“, როგორც ერთი მთლიანი დოკუმენტი, ისე უნდა იქნას განხილული, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ასეთი დათქმა მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის („გადახდის გრაფიკის“) შინაარსიდან არ გამომდინარეობს.

სააპელაციო პალატა აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით, „სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის აღიარებად ჩაითვლება მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება. თუ წერილობითი დოკუმენტებიდან ან მოვალის მოქმედებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მოვალის სასარგებლოდ“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება, საქმეზე №ას-1768-1748-2011). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი „გადახდის გრაფიკი“ არ შეიცავს დ. ქ.-ს ნათლად გამოხატულ ნებას შპს „უშიშროების და საკუთრების დაცვის სამსახური თორნის“ წინაშე ვალდებულების შესრულების დაპირების შესახებ, რის გამოც, აღნიშნული დოკუმენტი ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გრაფიკი დ. ქ.-ს ვალს დაადასტურებდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში, ისიც არსებული ვალის პირობებში (ე.წ.„ვალის დეკლარაციული აღიარება”) და არა როგორც ახალ გარიგებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში (ე.წ.„ვალის კონსტიტუციური აღიარება”), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს „სხვა” მტკიცებულება, რომელიც დ. ქ.-ს მითითებული ვალის არსებობას დაამტკიცებდა და რომელთან ერთობლიობაშიც საქმეზე დართული „გადახდის გრაფიკი” დ. ქ.-სათვის სადავო დავალიანების დაკისრების წინაპირობა გახდებოდა.

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ და დ. ქ.-ს შორის „ვალის გადაკისრების შესახებ“ 2014 წლის 13 ივნისის შეთანხმების არსებობის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია სრულად, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ სარჩელი დ. ქ.-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „უ.-ს და ს.-ს დ.-ს ს. თ.-ს“ დ. ქ.-ს სასარგებლოდ, დაეკისროს ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 150 ლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;