საქმის ნომერი: 2ბ/1194-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/22049-16, ას-1173-1128-2016
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა ალიმენტის დაკისრებას ყოფილის ქმრისთვის არასრულწლოვანი შვილების სარჩენად და მიუთითებდა, რომ მოპასუხე ტაქსის მძღოლად მუშაობს. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მუშაობის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ამიტომ, მამის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნის მიზნით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ - თოთოეული ბავშვის მიმართ 120 ლარის დაკისრების ნაწილში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1194-16 (2016-10-28), www.temida.ge
საქმის № 330210015001137259
საქმის № 2ბ/1194-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       28 ოქტომბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი –მ.ი.
წარმომადგენელი - ლ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ქ.
წარმომადგენელი - ნ.ბ.

დავის საგანი _ მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მცირეწლოვანი ბ.ქ.-ის მიმართ მოპასუხის მამობის დადგენა;

1.2 მცირეწლოვანი ბ.ქ.-სათვის მოპასუხის გვარის - „ი.-ის“ მიკუთვნება;

1.3. მოპასუხე მ.ი.-სთვის, მცირეწლოვანი შვილების - 2012 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული გ.ი.-სა და 2014 წლის 16 მაისს დაბადებული ბ.ქ.-ის სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 400 ლარის, თითო ბავშვზე - 200 ლარის ოდენობით, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან შვილების სრულწოვანებამდე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. მ.ქ.-ისის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. 2014 წლის 16 მაისს დაბადებული ბ.ქ.-ს (პ/№XXXXXXXXXXX) მამად აღიარებულ იქნა მ.ი. (პ/№YYYYYYYYYYY). დადგინდა, რომ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ცვლილება შევიდეს ბ.ქ.-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში №ZZZZZZZZZZZ (რეგისტრირებული 2014 წლის 19 მაისს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში);

1.2. ბ.ქ.-ს მიენიჭა მამის გვარი - „ი.“. დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდეს ბ.ქ.-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში №ZZZZZZZZZZZ (რეგისტრირებული 2014 წლის 19 მაისს სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში);

1.3. მოპასუხე მ.ი.-ს მ.ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების – 2012 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული გ.ი.-სა და 2014 წლის 16 მაისს დაბადებული ბ.ქ.-ის (ი.-ის) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 150 ლარის (სულ 300 ლარის) ოდენობით, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირე წლოვანი გ.ი. და ბ.ქ. ცხოვრობენ დედასთან - მ.ქ.-სთან ერთად ქ.თბილისში, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადვოდ არ გაუხდია (ს.ფ. 2,
21.01.2016წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

2.2. მხარებიის დაშორების დროისათვის მოსარჩელე 5 თვის ორსული იყო მეორე შვილზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს ასადვოდ არ გაუხდია (ს.ფ. 2,
21.01.2016წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

2.3. მოპასუხე მ.ი.-ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ.-ის რაიონის სოფელ ქ. ხ.-ში, სადაც ეწევა მეურნეობას, აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (21.01.2016 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (21.01.2016 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

2.4. მხარეთა თანაცხოვრების დროს არსებული ფინანსური მდგომარებით, მეურნეობით მიღებული შემოსავლით ფარავდნენ ყველა ხარჯს და კიდევ დამატებითი ფინანსებიც რჩებოდათ, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან ერთად. ამასთან, მოპასუხის შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენდა მსუბუქი ავტომობილით (ტაქსით) მგზავრების გადაყვანით მიღებული თანხები. აღნიშნული ავტომობილი დღემდე მის სარგებლობაშია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (21.01.2016 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (21.01.2016 წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.5. მ.ი.-სა და მ.ქ.-ს 2012 წლის 31 ოქტომბერს შეეძინათ შვილი - გ.ი..

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17).

2.6. მა.ქ.-ს 2014 წლის 16 მაისს შეეძინა შვილი - ბ.ქ.. მის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა არის ცარიელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ.ი.-მ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ ცნო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თანახმაა მცირეწლოვან ბ.ქ.-ს მიენიჭოს მისი გვარი - „ი.“, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის უმუშევარი, მოპასუხე კი ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავს ავტომობილი, რომელიც ასევე შეიძლება წარმოადგენდეს შემოსავლის წყაროს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომ იგი იმყოფება პენსიონერი მშობლების კმაყოფაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არის შრომისუნარიანი და როგორც მცირეწლოვანი შვილების მამას, კანონის შესაბამისად აქვს ვალდებულება, მიიღოს მონაწილეობა შვილების რჩენა-აღზრდაში.

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150 ლარი, მთლიანობაში - 300 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს საკუთრებაში ავტომანქანა ჰყავს. სინამდვილეში, ავტომანქანა, რომლითაც მ.ი.-ს მგზავრები გადაყავდა (ტაქსით მომსახურებას ეწეოდა) მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დროებით, ოჯახის რჩენის მიზნით, ახლობლისაგან ჰქონდა ნათხოვარი. განქორწინების შემდგომ კი, მან აღნიშნული ავტომანქანა ისევ მესაკუთრეს დაუბრუნა. შესაბამისად, მ.ი.-ს ამ კუთხით არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.

3.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა არაგონივრული, არასამართლიანი შეფასების საფუძველზე. არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ნორმის ის დანაწესი, რომელიც მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. აპელანტის განმარტებით, იგი არის უმუშევარი და არ გააჩნია არანაირი ხელფასი, ან სხვა შემოსავალი. მხოლოდ საკუთრებაში არსებული მიწა და ხეხილი კი, არაფრის მომცემია. მას ჰყავს ავადმყოფი, პენსიონერი დედა და მისი პენსიით ცხოვრობს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი-სამართლებრივი დასაბუთება

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, მათ სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

4.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის შემოსავლის წყაროს მსუბუქი ავტომობილით (ტაქსით) მგზავრების გადაყვანით მიღებული თანხები წარმოადგენს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უარყოფს მის საკუთრებაში მსუბუქი ავტომანქანის არსებობის ფაქტს და განმარტავს, რომ ავტომანქანა, რომლითაც მას მგზავრები გადაყავდა, თავის საკუთრებას არ წარმოადგენდა და ოჯახის რჩენის მიზნით, დროებით ახლობლისაგან ჰქონდა ნათხოვარი. განქორწინების შემდგომ კი, მან აღნიშნული ავტომანქანა ისევ მესაკუთრეს დაუბრუნა და ამ კუთხით მას არანაირი შემოსავალი აღარ გააჩნია.

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების საპირისპიროდ, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ავტომობილი დღემდე მოპასუხის სარგებლობაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოსარჩელის მტკიცებას, მოპასუხის მიერ მსუბუქი ავტომობილის სარგებლობით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო.

4.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მოთხოვნებზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ.ი. არის უმუშევარი და მას სტაბილური/ფიქსირებული შემოსავალი არ გააჩნია. მისი ოჯახი (მამა და პენსიონერი დედა) წარმოადგენს სოფლად მცხოვრებ ოჯახს, რომლის შემოსავლის წყაროს მხოლოდ სოფლის მეურნეობიდან (ხეხილი) მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და თითოეული ბავშვისთვის ალიმენტის ოდენობა, ნაცვლად 150 ლარისა, 120 ლარით უნდა განისაზღვროს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე სახელწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციაში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს თითოეული ბავშვის მიმართ 85 ლარის ნაწილში აღიარებდა და ალიმენტის სახით, მისთვის 300 ლარის ნაცვლად, 170 ლარის დაკისრებას მოითხოვდა. ამდენად, სსსკ-ის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფასი 1560 ლარს შეადგენს (65+65=130, 130*12=1560) და იგი სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა 75 ლარს შეადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, წინასწარ გადახდილია 150 ლარი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 46%-ით, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი - 34,5 ლარის ოდენობით, ხოლო აპელანტ მ.ი.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. მ.ი.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ქ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ.ი.-ს არასრულწლოვანი შვილების - 2012 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული გ.ი.-სა და 2014 წლის 16 მაისს დაბადებული ბ.ქ.-ის რჩენა-აღზრდისათვის 2015 წლის 29 ოქტომბრიდან დაეკისროს ყოველთვიური ალიმენტი თითოეულისათვის 120 ლარის (სულ 240 ლარის) ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

5. მ.ქ.-ს, აპელანტის მ.ი.-ს სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის - 34.5 ლარის ანაზღაურება.

6. აპელანტ მ.ი.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის ლეილა არხოშაშვილის მიერ 31/03/2016 წელს, სს ბანკი „რ.-ს“ საშუალებით (№XXXXXXX) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 75 ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.