საქმის ნომერი: 2ბ/1844-17
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/22351-15, ას-753-753-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა მის მიმართ დაკისრებული ალიმენტის გადახედვას - შემცირებას 500 ლარიდან 50 ლარამდე იმ მიზეზით, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა საუარესოდ შეიცვალა. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ალიმენტვალდებული პირისთვის დამატებითი ხარჯების დაკისრება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და ალიმენტი შეამცირა 140 ლარამდე. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ალიმენტის შემცირებასთან დაკავშირებული დავა. გარდა ამისა, უსაფუძვლოდ იქნა უგულვებელყოფილი დამატებითი ხარჯის დაკისრების მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც : მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის შემცირებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რადგან სახეზე არ იყო მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტის დაკისრების შემდეგ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც შეგებებული სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების თაობაზე, რადგან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ზუსტად განსაზღვრული თანხა დამატებითი ხარჯის დაკისრებისთვის. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1844-17 (2018-02-27), www.temida.ge
საქმის № 330210015001142445
საქმის № 2ბ/1844-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – ც.კ.
წარმომადგენელი – ნ. დ.

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ი.
წარმომადგენელი - ნ. დ., ს. ა.

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:


1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ი.-სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება და არასრულწლოვანი შვილისათვის (ლ. ი. - დაბადებული 19XX წლის XX ივლისს) ალიმენტის ოდენობად, ყოველთვიურად, 50 ლარის განსაზღვრა.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

2. მოპასუხე ზ. ი.-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ლ. ი.-სათვის (დაბადებული 19XX წლის XX ივლისს) აუცილებელი დამატებითი ხარჯის სახით, 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ი.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შემცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის (საქმე №2/2711-15) გადაწყვეტილებით ზ. ი.-სათვის (პირადი №26XXXXXXXXX) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ზ. ი.ს (პირადი №26XXXXXXXXX) თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ. ი.-ს (დაბადებული 19XX წლის XX ივლისს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 03 ნოემბრიდან) სრულწლოვანებამდე.

4. არ დაკმაყოფილდა ც.კ.ს (პირადი 01XXXXXXXXX) შეგებებული სარჩელი ზ. ი.-სათვის (პირადი N26XXXXXXXXX) დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების დაკისრების შესახებ.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ც.კ.მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, არასრულწლოვანი ლ. ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებები;

7. სასამართლომ უგულებელყო 2015 წლის 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივად შეასრულა სააპელაციო სასამართლოს ფუნქცია და 2015 წლის 10 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გადასინჯა, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა.

8. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ლ. ი. რამოდენიმე თვეში გახდება სრულწლოვანი, რაც მის მშობელს ზ. ი.ს ათავისუფლებს საალიმენტო ვალდებულებისაგან და ყველა ხარჯი და მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების ტვირთი დედაზე გადავა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

12. ზ. ი. და ც.კ. იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში; 19XX წლის XX ივლისს მათ შეეძინათ შვილი - ლ. ი.; მოსარჩელე ზ. ი. და მოპასუხე ც.კ. 2005 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად;

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ. ი.ს არასრულწლოვანი შვილის, 19XX წლის XX ივლისს დაბადებული ლ. ი.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2015 წლის 17 თებერვლიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე;

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

15. 2015 წლის 3 ნოემბერს ზ. ი.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება 50 ლარამდე; მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით დამატებით (4500 ლარის ოდენობით) ხარჯებში მონაწილეობის მიღების დაკისრება მოითხოვა.

16. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ალიმენტის დაკისრების შემდგომ (2015 წლის 10 ივნისის შემდეგ) წარმოიშვა ისეთი ახალი გარემოება, რაც აშკარა გავლენას ახდენს ზ. ი.-ს, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.

16.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

16.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

16.4. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

16.5. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

16.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

16.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

16.8. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

16.9. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

16.10. ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

16.11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამოიკვლია და შეაფასა რა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე ზ. ი.ს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ი.ს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია.

16.12. 2015 წლის 3 ნოემბერს ზ. ი.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ალიმენტის ოდენობის შემცირება მოითხოვა.

16.13. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ 20.02.2018 წლით დათარიღებულ ცნობას, რომლითაც დგინდება, რომ ზ. ი. 2017 წლის 3 აგვისტოდან დანიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 1120 ლარს შეადგენს. დადგენილია, რომ ზ. ი. 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტის გარე დავისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს #16 განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე.

16.14. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1221-ე და 1231-ე მუხლების თანახმად, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე.

16.15. შესაბამისად, ალიმეტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

16.16. დადგენილია, რომ ზ. ი.-ს მოთხოვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: 2012-2014 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს; სს ,,ქართულ კრედიტსა“ და ზ. ი.ს შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულება წარმოშობილია 2014 წლის 5 ნოემბრიდან; სს ,,საქართველოს ბანკისა“ და სს ,,თიბისი ბანკის“ ცნობებს, 2015 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით ზ. ი.-ს ვალდებულების მოცულობის შესახებ; ნანი იმნაძის (მოსარჩელის დედის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 13 მარტის, 2015 წლის 17 მარტის ცნობებს; შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 18 მაისიდან ზ. ი.მ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა;

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამოიკვლია და შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული არც ერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ალიმენტის დაკისრების შემდეგ (2015 წლის 10 ივნისის შემდეგ) წარმოიშვა და რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის გადახდისუნარიანობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ზ. ი.ს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია.

16.17. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 10 ივნისის შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელემ, თავისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მას წარმოეშვა ისეთი ფინანსური პრობლემები, რის გამოც აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

17. რაც შეეხება, მოსარჩელე ც.კ.ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის არასრულწლოვანის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, შემდეგს:

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

19. საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. სწორედ განსაკუთრებული გარემოებების არსებობითაა გამოწვეული დამატებით ხარჯებში მონაწილეობა. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხით. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელი სახით ან განსაზღვრული დროით გარკვეული სახსრების გადახდით.

20. კანონი ადგენს ალიმენტვალდებული პირის მიერ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა. ამდენად, იმისათვის, რომ დაწესდეს მოპასუხე მხარისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება, არასრულწლოვან ლ. ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა შექმნას ის განსაკუთრებული გარემოება, რაც განაპირობებს მოპასუხის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაღებას.

21. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოსარჩელის ზ. ი.-ს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ბავშვს აქვს ტანადობის დარღვევა და სქოლიოზი) ესაჭიროება სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში და ცურვა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.

22. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი ლ. ი.-სათვის 2015 წლის 13 ნოემბერს შპს „თბილისის N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის“ მიერ დასმული დიაგნოზია: სქოლიოზი I6, მარჯვენამხრივი (60) გამრუდება გულმკერდის სეგმენტში, ტანადობის დარღვევა. არასრულწლოვანს მიეცა სამკურნალო რეკომენადიცია: დაკვირვება დინამიკაში, სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში და ცურვა. 2015 წლის 10 სექტემბერს არასრულწლოვან ლ. ი.ს სამედიცინო ცენტრი „ციტოში“ ჩაუტარდა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა (დოპლერგრაფიით) და გინეკოლოგიური გამოკვლევა. 2015 წლის 18 სექტემბრიდან იმავე წლის 08 ოქტომბრამდე პერიოდში, ლ. ი.ს ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევები. 2015 წლის 19 ნოემბერს ექიმის მიერ მას დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, არასრულწლოვანი ლ. ი.-სათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარების წინაპირობის არსებობას, თუმცაღა პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები არასრულწლოვანი ლ. ი.-სათვის ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროცედურების ღირებულების შესახებ.

24. პალატა განმარტავს, რომ დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამატებითი ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს , რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად წარმოადგინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ზოგადი ინფორმაციის შემცველი კალკულაცია ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროცედურების შესახებ. სხვა მტკიცებულებები, რომლითაც მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის ოდენობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი, მხარეს არ წარმოუდგენია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ არ არსებობს, მოპასუხე ზ. ი.-სათვის არასრულწლოვანი ლ. ი.-ს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით ერთჯერადად თანხის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ი.-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

საპროცესო ხარჯები

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზ. ი.ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 172.80 ლარის ოდენობით (360X12=4320-ის 4%.)

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. ც.კ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ზ. ი.-ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ი.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.