საქმის ნომერი: 2ბ/2204-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/1914-15, ას-1141-1061-2017
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-1122-1078-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათი მამისგან. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მათი დროებით საზღვარგარეთ გაყვანის უფლების ჩათვლით. პალატამ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადსაღებია ბავშვების საჭიროებები, მშობლის უნარები და მატერიალური მდგომარეობა და მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შეგებებულ მოთხოვნაზე პალატამ იხელმძღვანელა მშობლების უფლებათა თანაბრობის პრინციპით, ბავშვების საუკეთესო ინტერესებით და მამას დაუდგინა ბავშვებთან ურთიერთობის გრაფიკი, წელიწადში სამი კვირით საქართველოდან გაყვანის უფლების ჩათვლით, თუ ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ გამგზავრება არ დააზიანებს ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/2204-16 (2017-05-03), www.temida.ge
საქმის № 330210016001255356
საქმის № 2ბ/2204-16


საქართველოს სახელით
       03 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - თ.დ.
წარმომადგენელი - ა.ჩ., ნ.ა.

აპელანტი - მ.დ.
წარმომადგენელი - ა.მ.

არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელი - ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - რ.კ.

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება



გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა

თავდაპირველი სარჩელით მ.დ.-მ მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე თ.დ.-ს არასრულწლოვანი შვილების: XXXX წლის XX სექტემბერს დაბადებული - ა.დ.-ს, YYYY წლის YY აგვისტოს დაბადებული - კ.დ.-ს, ZZZZ წლის ZZ ნოემბერს დაბადებული - ბ.დ.-სა და გ.დ.-ს სასარგებლოდ ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სულ 1200 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

მოსარჩელე თ.დ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის დღეებად ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე სრულად - შაბათს დილის 10 საათიდან კვირის საღამოს 21 საათამდე ბავშვების მამასთან დარჩენის უფლებით. მოსარჩელე თ.დ.-მ მოითხოვა მიეცეს უფლება ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე გადაიყვანოს შვილები საქართველოს საზღვარზე და ჰყავდეს თავისთან უწყვეტად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით

მ.დ.-ს თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ.დ.-ს არასრულწლოვანი შვილების ა.დ.-ს (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ.-ს (დაბ. YY.YY.YYYY წელი), ბ.დ.-ს (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ.-ს (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) - სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეული შვილის მიმართ 150 (ასორმოცდაათი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დადგინდა სარჩელის აღძვრის დღიდან 14.05.2015 წლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

თ.დ.-ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ.დ.-ს არასრულწლოვან შვილებთან ა.დ.-სთან (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ.-სთან (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ.-სთან (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ.-სთან (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) ურთიერთობის წესი განისაზღვრა შემდეგნაირად:

ბავშვების (ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს) თბილისი-მცხეთის რაიონში ცხოვრების (ყოფნის) შემთხვევაში მამას, თ.დ.-ს მიეცეს ურთიერთობა ყოველ კვირის შაბათი დღის 11 საათიდან კვირა დღის 17 საათამდე ბავშვების წაყვანით და ღამით მამასთან დარჩენის უფლებით (ბავშვების სურვილის გათვალისწინებით). იმ შემთხვევაში, თუ შვილები მამასთან ღამით დარჩენას არ მოისურვებენ ბავშვების ყოფნა მამასთან განისაზღვროს შაბათი დღის 11 საათიდან იმავე დღის 20 საათამდე, ასევე კვირა დღის 11 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე ბავშვების წაყვანის და დედასთან დაბრუნების უფლებით. თავდაპირველი ურთიერთობისას არასრულწლოვან შვილებთან ბ.დ.-სთან და გ.დ.-სთან (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელს) ურთიერთობა მამასთან, თ.დ.-სთან ორი თვის განმავლობაში განისაზღვროს მიჩვევის მიზნით შაბათი დღის 11 საათიდან შაბათი დღის 15 საათამდე და კვირა დღის 11 საათიდან კვირა დღის 14 საათამდე ბავშვების წაყვანის და დედასთან დაბრუნების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ ბ. და გ. დ.-ები, ასევე ა. და კ. დ.-ები დედის, მ.დ.-ს გარეშე არ იურთიერთობენ მამასთან, ამ უკანასკნელის შვილებთან ურთიერთობა მიჩვევის მიზნით შედგეს მ.დ.-ს ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის (ანუ ნდობით აღჭურვილი პირის - ვისაც ბავშვები არიან მიჩვეულები) თანდასწრებით შაბათი დღის 11 საათიდან შაბათი დღის 13 საათამდე, კვირა დღის 11 საათიდან კვირა დღის 13 საათამდე ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეზოში, სკვერში, ქუჩაში, სტადიონზე, სავაჭრო-გასართობ ცენტრში, ან მხარეთათვის (მშობელთათვის) მისაღებ ადგილას დედის მ.დ.-ს მითითებისამებრ. ბავშვების (ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს) შეხვედრა მამასთან, თ.დ.-სთან მიჩვევის მიზნით განხორციელდეს 4-8 (ოთხი-რვა) შეხვედრის გზით. მიუჩვევლობის შემთხვევაში ურთიერთობა მიჩვევის მიზნით აღნიშნული წესით გაგრძელდეს იქამდე სანამ სრული მიჩვევა არ მოხდება მამა-შვილს (შვილებს) შორის. ურთიერთობის ზემო აღნიშნული წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მამა-შვილებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს მამის, თ.დ.-ს მრიდან არაალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნისას. მამის შვილებთან ურთიერთობისას თ.დ.-ს და მ.დ.-ს შორის კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის მიზნით შვილებთან მიმართებით მუდმივმოქმედ რეჟიმში ჩართული იქნას საკომუნიკაციო საშუალება ( ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ). იმ შემთხვევაში, თუ მამის შვილებთან ურთიერთობა (შეხვედრა) ვერ განხორციელდება შაბათ-კვირა დღეს, მამას მიეცეს შვილებთან ურთიერთობის საშუალება შაბათს ან კვირა დღეს დღის 16 საათიდან დღის 20 საათამდე ნახევარი საათით ”სკაიპის” მეშვეობით. დროის ზუსტი პერიოდი ურთიერთობისა მიეთითოს მ.დ.-ს მითითებისამებრ, რასაც - თ.დ.-ს ატყობინებს ტელეფონის, კომპიუტერის საშუალებით, ,,სმს” გზავნილის ან სხვა სახით არა უადრეს 7-8 საათით ადრე. მამა-შვილებს შორის ,,სკაიპით, ვაიბერით” ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა განხორციელდეს დედის მ.დ.-ს დახმარებით. მამა-შვილებს (თ.დ.-სა და შვილებს - ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს) შორის ურთიერთობა ბავშვების აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას /ან ცხოვრების შემთხვევაში/ განხორციელდეს შემდეგნაირად: მამამ შვილებთან ურთიერთობა იქონიოს შაბათი დღის 11 საათიდან იმავე დღის 19 საათამდე, ხოლო კვირა დღის დღის 11 საათიდან იმავე დღის 14 საათამდე ბავშვების წაყვანის და დედასთან დაბრუნების უფლებით. ბავშვების მამასთან (თ.დ.-სა და შვილებს - ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს) მიუჩვევლობის შემთხვევაში მიჩვევის პერიოდი განისაზღვროს 4-8 (ოთხი-რვა) შეხვედრით დედის მ.დ.-ს ან ამ უკანსაკნელის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით (უფლებამოსილ პირში იგულისხმება მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვისაც ბავშვები მიჩვეული არიან). მიჩვევის მიზნით დედის თანდასწრებით შვილების მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს შაბათი დღის 11 საათიდან იმავე დღის 14 საათამდე და კვირა დღის 11 საათიდან იმავე დღის 14 საათამდე ბავშვების საცხოვრებელ ადგილას და მის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიაზე (სკვერში, ეზოში, სტადიონზე, სავაჭრო-გასართობ ცენტრში....) ან სხვა ადგილას მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. დათქმულ ვადაში ბავშვების მამასთან მიუჩვევლობის შემთხვევაში ურთიერთობის დადგენილი წესი გაგრძელდეს იქამდე სანამ ბავშვების მამასთან სრული მიჩვევა არ მოხდება. მხარეთა (მშობლებს შორის) შეთანხმებით მამა-შვილების ურთიერთობის ადგილად შეიძლება განისაზღვროს სხვა ადგილი. შეხვედრის მიზნით ორგანიზაციული უზრუნველყოფა განისაზღვროს ასევე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. იმ შემთხვვაში თუ შეხვედრა ვერ განხორციელდა მამა-შვილებს შორის ბავშვების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზე ყოფნისას მამას, თ.დ.-ს მიეცეს ყოველი კვირის ორ დღე 30-60 წუთით ,,სკაიპით" ურთიერთობის საშუალება. დღეები შერჩეულ იქნას თავად დედის მ.დ.-ს სურვილისამებრ, რის შესახებაც ინფორმაცია ეცნობოს თ.დ.-ს არა უადრეს 08-10 საათით ადრე ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (სმს-ს გზავნილის სახით). ,,სკაიპით, ვაიბერით” ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა მამა შვილებს შორის განხორციელდეს თ.დ.-ს და მ.დ.-ს ურთიერთ დახმარებით და მეშვეობით. მამა-შვილებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს თ.დ.-ს მხრიდან არაალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნისას. ბავშვების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრებისას (ყოფნისას) თუ მამა ვერ ახერხებს შვილების ნახვას (ურთიერთობას), მამას მიეცეს საშუალება ზაფხულში ივლისის ან აგვისტოს თვეში ინახულოს ბავშვები დედის მხრიდან ბავშვების თბილისი-მცხეთაში ჩამოყვანის (შესაძლებლობის შემთხვევაში) გზით ანუ ზაფხულის თუ რომელ თვეში ჩამოიყვანოს შვილები დედამ მ.დ.-მ ირჩევს ეს უკანასკნელი. დედა შვილების თბილისი-მცხეთის ტერიტორიაზე ჩამოსვლის შემთხვევაში დათქმული პერიოდით ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ეწევა თ.დ. (იგულისხმება კვების, ბინის ქირავნობის და მგზავრობის ხარჯები). მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობა განისაზღვროს 2.1 პუნქტის შესაბამისად ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

დასკვნები ფაქტობრივი გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2010 წლის 03 ივნისს მ.დ. და თ.დ. გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. მათ ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი: კ.დ. (დაბ: YY.YY.YYYY), ა.დ. (დაბ: XX.XX.XXXX.), გ.დ. (დაბ: ZZ. ZZ.ZZZZ) და ბ.დ. (დაბ:ZZ. ZZ.ZZZZ);

2.2. მცხეთაში, სოფელ ა.-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეა თ.დ..

2.3. ქალაქ მოსკოვის ვ.-ის გამზირის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით/--.10.2012/ შეწყდა ქორწინება თ.დ.-სა და მ.დ.-ს შორის.

2.4. თ.დ. 2014 წლის 01 თებერვლიდან მუშაობს ააო სპორტულ ცენტრ ”ო.-ში” მენეჯერად. თ.დ. ასრულებს მის შრომით ფუნქციებს დისტანციურად ”ინტერნეტ” ქსელის მეშვეობით და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 20 000 (ოცი ათასს) რუბლს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა როგორც მხარეთა, ისე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მ.დ.-ს სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს - სასარგებლოდ ალიმენტი განსაზღვრა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - მ.დ.-სთან. ასევე - ბავშვების ასაკობრივი მდგომარეობა, მათი მოთხოვნილებები, მ.დ.-ს მატერიალური შემოსავლები და დანახარჯები. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა თ.დ.-ს მატერიალურ მდგომარეობა (შემოსავალ-გასავლები), კერძოდ, რომ ეს უკანასკნელი არის დასაქმებული და აქვს ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი. თ.დ.-ს მატერიალურ დახმარებას ასევე უწევენ მშობლები. თ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, რომლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ სასამართლომ 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით ცნო მ.დ.. აგრეთვე, გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები და საბანკო ვალები. დადგენილი იქნა მხარეთა შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნამდე, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, მამა სათანადო ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა შვილების მიმართ.

2.6. არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში თ.დ.-ს შეგებებული სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1202-ე მუხლებით, ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით“ და განმარტა, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით. სასამართლომ გაიზიარა მცირეწლოვანი ა.დ.-ს, კ.დ.-ს, ბ.დ.-ს და გ.დ.-ს წარმომადგენლის სტატუსით საქმეში მონაწილე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (სოც. სააგენტოს) წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მამას უნდა მიეცეს შვილებთან ურთიერთობისათვის გარკვეული დღეები, რაც უკეთესი იქნება ბავშვებისა და მამას შორის სრულყოფილი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, ბავშვებსა და მამას შორის არსებული ურთიერთობისათვის, ბავშვების ასაკის და მათი ინტერესების, სოც. სააგენტოს რეკომენდაციის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) მხარისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.დ.-ს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლომ მამის შვილებთან ურთიერთობის წესის დადგენისას გაითვალისწინა, როგორც ბავშვების ასაკი და ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე მათი დღის რეჟიმი, მამისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება, მოსარჩელის და მოპასუხის ოჯახის გარემო-სოციალური და მატერიალური პირობები, ტერიტორიული საცხოვრებელი პირობები და რეჟიმი, ამ უკანასკნელთა პიროვნული თვისებები.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ.დ.-მ სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის განსაზღვრა თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის ოდენობით და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. თ.დ. მუშაობს მოსკოვში, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500-510 ლარს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შემოსავლის ოდენობა და ალიმენტი განსაზღვრა ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებადია. ალიმენტის ოდენობა აღემატება გადამხდელის შემოსავლის წყაროს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თ.დ.-ს სარჩენად არანაირი თანხა არ რჩება. თ.დ. თანხმობას აცხადებს გადაიხადოს ალიმენტი, მისი შემოსავლის გათვალისწინებით, თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის ოდენობით.

3.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით. ასევე, მიუღებელია ბავშვებთან ურთიერთობის ის საკომუნიკაციო რეჟიმი, როგორც ეს დაადგინა სასამართლომ. თ.დ.-ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად დაუკავშირდეს შვილებს ნებისმიერი საშულებით, იქნება ეს ტელეფონი, თუ სხვადასხვა სოციალური ქსელები. სასამართლო მსჯელობს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია.

მ.დ.-მ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ინტერესები. სოციალური მუშაკის დასკვნაში მითითებულია, რომ თ.დ. ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 900 ლარს, თ.დ.-ს ეხმარებიან მშობლები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ოთხი ბავშვის რჩენა -აღზრდისათვის აშკარად არასაკმარისია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მ.დ.-სა და თ.დ.-ს ჰყვათ ოთხი შვილი - კ.დ. (დაბ: YY.YY.YYYY), ა.დ. (დაბ:XX.XX.XXXX.), გ.დ. (დაბ: ZZ. ZZ.ZZZZ) და ბ.დ. (დაბ:ZZ. ZZ.ZZZZ). ისინი რეგისტრირებულ ქორწნიბეაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 03 ივნისიდან. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ქალაქ მოსკოვის ვ.-ის გამზირის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით (18.10.2012).

4.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 15 მაისს თ.დ.-მ შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე - მცხეთაში, სოფელ ა.-ში.

4.3. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 11 ნოემბრის დასკვანში აღნიშნულია, რომ თ.დ. ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 900 ლარს. ოჯახს ეხმარება თ.-ის დედ-მამა, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი.

4.4. დადგენილია, რომ თ.დ. ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. ის 2014 წლის 01 თებერვლიდან მუშაობდა ააგ სპორტულ ცენტრში ,,ო.-ში“ და მისი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 20 000 რუბლს. დადგენილია, რომ 03.11.2016 წლის ინვალიდობის დადგენილის შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძუვლეზე, თ.დ. გათავისუფლდა სამსახურიდან 15.11. 2016 წლიდან, მისი ინიციატვით (ააო ,,სპორტული ცენტრი ო.-ის“ 2017 წლის 13 მარტის ცნობა).

4.5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თ.დ.-ს დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი და ის ყოველთვიურად ღებულობს შესაბამის ანაზღაურებას. ინვალიდობა დადგენილი იქნა ვადით: 01.12.2017 წლამდე, ხოლო რიგითი შემოწმების თარიღად განისაზრვრა 03.11.2017 წელი.

სამართლებრივი დასაბუთება

4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

სააქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

პალატა წინამდებარე დავის გადასაწყვეტად ხელმძღვანელობს არამხოლოდ „ბავშვის უფლებათა კონვენციითა“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით, არამედ მხედველობაში იღებს, ასევე, იმ სამართლებრივ წესრიგს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „ბავშვის უპირატესი ინტერესის“ დასაცავად ადგენს. ამ მიმართებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ განმარტებებს, რომლებიც გადაწყვეტილებებში ბავშვის უფლებების დასაცავად გაკეთდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მ.დ.-ს თბილისში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში და ის მუდმივი საცხოვრებელი ფართის შეძენის პრობლემის წინაშე დგას, რის გამოც ორი ბავშვი იზრდება მ.დ.-ს მშობლებთან. დადგენილია, რომ მ.დ. დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. თ.დ.-ს სააპელაციო საჩივარი ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 50%-ით, შესაბამისად, მას ნაწილობრივ შეზღუდული აქვს უნარი შეასრულოს განსაზღვული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარიხით. პალატა ყურადღებას მიაქცევს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-18 მუხლს, რომლის თანახმად, ,,მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია“. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა შვილების მიმართ. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 1198.1 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ორივე მშობლის უნარსა და რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მიაჩნია, რომ შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით სამართლიანია.

4.6. პალატას მიაჩნია, რომ შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში თ.დ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თ.დ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილებთან ურთიერთობის დღეებად ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე სრულად - შაბათს დილის 10 საათიდან, კვირას საღამოს 21 საათამდე ბავშვების მასთან დარჩენის უფლებით; ასევე მოითხოვა - მიეცეს უფლება მოსარჩელე თ.დ.-ს, რომ ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე, წაიყვანოს შვილები თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - რუსეთის ფედერაციაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

ამდენად, კანონმდებლობით გარანტირებულია მამის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. კანონმდებლობა საოჯახო ურთიერთობების რეგულირებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახის ურთიერთსიყვარულის, პატივისცემისა და მეგობრობის ატმოსფეროში ბავშვის აღზრდას. შვილის მიმართ მშობელთა უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, რომ დედას, ისევე როგორც მამას უნდა ჰქონდეს ბავშვთან ყოველკვირეულად ერთ-ერთი თავისუფალი დღის გატარების შესაძლებლობა.

ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის განმარტებით, ბავშვებს აღზრდისა და განვითარებისათვიოს ესაჭიროებათ ორივე მშობელი და მათ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვების კეთილდღეობისათვის, მიუხედავად მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრებისა. სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვების დიდი სიყვარული ორივე მშობლის მიმართ, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ორივე მშობელთან ურთიერთობა, რათა ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობას არ მიადგეს ზიანი, რომელიც მომავალში ბავშვების გონებრივ განვითარებას შეაფერხებს ( 2015 წლის 11 ნოემბრის დასკვნა).

დადგენილია, რომ თ.დ. მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. მ.დ. ცხოვრობს საქართველოში. მ.დ. არ არის წინააღმდეგი მამამ ბავშვები მოინახულოს შეუზღუდავად მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე თანახმაა, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვები წაიყვანოს დასასველებლად საქართველოს ნებისმიერ კურორტზე.

მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის რეკომენდაციის, ბავშვების ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.დ.-ს შვილებთან ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: განესაზღვროს თ.დ.-ს არასრულწლოვან შვილებთან ა.დ.-ს (დაბ. XX.XX.XX წელი), კ.დ.-სთან (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ.-სთან (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ.-სთან (დაბ.ZZ.ZZ.ZZZZ წელი) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე - შაბათს დილის 10 საათიდან კვირას საღამოს 18 საათამდე, ბავშვების მასთან დარჩენის უფლებით; თ.დ.-ს მიეცეს უფლება ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 1 კვირის განმავლობაში შვილები - ა.დ. (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ. (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ. (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ. (დაბ.ZZ.ZZ.ZZZZ წელი) წაიყვანოს საქართველოს ნებისმიერ კურორტზე დასასვენებლად, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დედასთან - მ.დ.-სთან - შვილების დაბრუნების პირობით;

თ.დ. ასევე მოითხოვს, ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე წაიყვანოს შვილები თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (იხ. სუს #ას-1122-1078-2016).

კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფეს, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობელს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.

მოცემულ შემთხვევაში, თ.დ.-სთვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლის უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა მიეცეს შვილების წაყვანის შესაძლებელობა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან გასთვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თ.დ. მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მას არ გააჩნია შვილებთან ინტესიურად ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც მამის მიმართ შვილების გაუცხოების საფუძველი ხდება. პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ ვითარებაში დაცული უნდა იქნეს ბალანსი მშობლის ინტერესსა და ბავშვების ინტერესებს შორის, რა დროსაც გასთვალისწინებელია ბავშვების ინტერესები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებაში. ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვანის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის კვლევის შესახებ, რა დროსაც ფასდება ბავშვის ემოციური მდგომარეობა. პალატას მიაჩნია, რომ მამას მას შემდეგ უნდა მიეცეს ბავშვების საქართველოდან გაყვანის შესაძლებლობა, როდესაც ამისათვის ბავშვები იქნებიან მზად, როცა მათ შორის ჩამოყალიბდება თბილი ურთიერთობა. პალატას მიაჩნია, რომ ფსიქოლოგის მიერ უნდა განხორციელდეს ბავშვების ფსიქოლოგიური შემოწება და გაიცეს დასკვნა - არის თუ არა მიზანშეწონილი მამის ბავშვებთან ურთიერთობა, საქართველოდან გაყვანის უფლების გათვალისწინებით და უარყოფითად ხომ არ აისახება აღნიშნული ბავშვის ფსიქიკაზე. შესაბამისად, მამას მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეცეს შვილების საქართველოდან გაყვანის შესაძლებლობა, რაც ფსიქოლოგის მიერ გაიცემა დადებითი დასკვნა ამის შესახებ.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით თ.დ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

მ.დ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თ.დ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. თ.დ.-ს სააპელაციო საჩივარი და მ.დ.-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. თ.დ.-ს შეგებებული სარჩელი შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

- განესაზღვროს თ.დ.-ს არასრულწლოვან შვილებთან: ა.დ.-სთან (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ.-სთან (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ.-სთან (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ.-სთან (დაბ.ZZ.ZZ.ZZZZ წელი) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე - შაბათს დილის 10 საათიდან კვირას საღამოს 18 საათამდე, ბავშვების მასთან დარჩენის უფლებით;

- თ.დ.-ს მიეცეს უფლება ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში 1 კვირის განმავლობაში შვილები - ა.დ. (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ. (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ. (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ. (დაბ.ZZ.ZZ.ZZZZ წელი) წაიყვანოს საქართველოს ნებისმიერ კურორტზე დასასვენებლად, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დედასთან - მ.დ.-სთან - შვილების დაბრუნების პირობით;


- მიეცეს უფლება თ.დ.-ს ზაფხულის არადადეგების პერიოდში წაიყვანოს შვილები - ა.დ. (დაბ. XX.XX.XXXX წელი), კ.დ. (დაბ. YY.YY.YYYYწელი), ბ.დ. (დაბ. ZZ.ZZ.ZZZZ წელი) და გ.დ. (დაბ.ZZ.ZZ.ZZZZ წელი) რუსეთის ფედერაციაში თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, 3 კვირით, ფსიქოლოგის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის დროებითი განკარგულებით დადგენილი ღონისძიება გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.