საქმის ნომერი: 2ბ/7086-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/30606-16, ას-506-506-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა პირველი ინსტანციის სასამარტლოს და მოიხტოვა დაკისრებული ალიმენტის შემცირება, ვინაიდან გაუარესდა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. პირველი ინსტაციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და შეამცირა ალიმენტი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლომ, მართალია შეამცირა თავდაპირველი გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი, თუმცა მამას დააკისრა პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებულზე მეტი და ამ ნაწილში შეცვალა გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის დაკისრებისას გადამწყვეტია მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა გარემოებები, ვინაიდან სასამართლო ალიმენტის ოდენობას ადგენს ყოველ კონკრეტულ საქმეზე ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების საფუძველზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/7086-17 (2018-02-20), www.temida.ge
საქმის № 330210016001529733
საქმის № 2ბ/7086-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       20 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

აპელანტი – ქ. ზ.

წარმომადგენელი - ი. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ჯ.

წარმომადგენელი - ი. რ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ალიემენტის ოდენობის შემცირება

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ჯ. სარჩელი. ბ. ჯ. (პ/ნ xxxxxxxxxxx) ქ. ზ.ს (პ/ნ xxxxxxxxxx) სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების: xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ.ს, xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ.სა და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.ს რჩენა- აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეუმცირდა და გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 150-150-150 (ას ორმოცდაათ- ას ორმოცდაათ - ას ორმოცდაათი), სულ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, (2016 წლის 05 ოქტომბრიდან) მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

ბ. ჯ.ს სარჩელი ალიმენტის დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ბ. ჯ.ს მიერ ალიმენტის დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 360 (სამას სამოცი) ლარი ჩაითვალა გადახდილად. ბ. ჯ.ს დაუბრუნდა მის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს სს ბანკ ,,რ.ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 669 (ექვსას სამოცდაცხრა) ლარიდან - 392 (სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი - 300773150. ქ. ზ. ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ბ. ჯ.ს სასარგებლოდ დაეკისრა 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1 მოსარჩელე ბ. ჯ. და მოპასუხე ქ. ზ.ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი, 19xx წლის xx მაისს დაბადებული თ. ჯ. რომელიც დღეისათვის სრულწლოვანია, xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ., xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ. და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა -განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე #2/14570-12 (ს.ფ.15-20).

2.2 მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ქ. ზ. არ არის დაოჯახებული და ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან, თ. ჯ., ე. ჯ., ს. ჯ. და ა. ჯ.თან ერთად მისამართზე თბილისი, ……. ქ. #32.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. ზ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ. ჯ.ს ქ. ზ.ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ.ს, xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ.ს და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 200 (ორასი) (სულ-600) ლარის ოდენობით 2012 წლის 06 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06
დეკემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე #2/14570-12 (ს.ფ.15-20).

2.4 გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2013 წლის 04 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო აღსრულების საქმის #A13011…

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- სააღსრულებო ფურცელი 04/02/2013წ, საქმე №2/14570-12 (ს.ფ. 21);
-ინფორმაცია სააღსრულებო საქმეზე #A13011…, 21/02/2013წ (ს.ფ.22).

2.5 საქმეში წარმოდგენილი აღმასრულებელ გ. გ.ს მიმართ 2014 წლის 23 დეკემბერს წარდგენილი განცხადებით, ქ. ზ.მ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, იმ მოტივით რომ მეუღლეები შერიგდნენ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ქ. ზ.ს განცხადება (ს.ფ. 23).

2.6 საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს საქმეზე #A13011… გაცემული ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-ცნობა საქმეზე #A13011… (ს.ფ.25)

2.7 საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის 22/01/2015წ, განცხადების რეგისტრაციის #xxxxxxxxxxxx, მიხედვით დგინდება, რომ ქ. ზ. საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, მე- x მ/რ, კორპუსი xx, ბინა #xx (სხვენის სართული), ფართი:xxx კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xxx. დასახელებული ნივთის xx კვ.მ- ზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძველია 2014 წლის 22 დეკემბერს ბ. ჯ.თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის თანხა განისაზღვრა - 1000 ლარით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.32-33);
-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.154-155).

2.8. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქ. ზ.ს მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს წარდგენილი განცხადების თანახმად, ქ. ზ.მ წარადგინა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების თაობაზე. ბ. ჯ.ს წარედგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და 23 112 ლარის გადახდის შესახებ, აქედან კრედიტორის კუთვნილი თანხაა - 21600 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური - 1512 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-ქ. ზ.ს განცხადება, 15/08/2016წ (ს.ფ.26);
-წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 16/08/2016წ, A16080861-xxx/xxx (ს.ფ.27-31).

2.9. საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაციის 13/12/2016წ, მიხედვით, დგინდება, რომ ბ. ჯ.ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების წილზე მდებარე - ქალაქი თბილისი, დასახლება ……….. , x მ/რ, კორპუსი xx, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xx და გ., სოფელი მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: xx.xx.xx.xxx, იძულებითი საჯარო აუქციონი დანიშნული არ არის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია 13/12/2016წ (ს.ფ.80).

2.10 საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, კრედიტორ ქ. ზ.ს მიერ 2017 წლის 31 იანვარს წარდგენილი განცხადების თანახმად, კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა მორიგება, კერძოდ, მიმდინარე დავალიანების და სამომავლოდ ბავშვების სრულწლოვანებამდე დასარიცხი ალიმენტის თანხების, სააღსრულებო წარმოებისა და სასამართლო დავების შეწყვეტის სანაცვლოდ, შვილების საკუთრებაში გადმოცემულ იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ო. ა. #x, ბინა xx, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xx.xx, რომელიც ბაბუამ შვილიშვილებს უსახსოვრა, მაგრამ ვერ მოასწრო საბუთის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდეს მოვალის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, …….., x მ/რ, რეალიზაცია აუქციონის წესით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-განცხადება 31/01/2017წ (ს.ფ.157).

2.11 განსახილველი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ ბ. ჯ.მა სრულად დაფარა სააღსრულებო წარმოებით მის მიმართ რიცხული დავალიანება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

2.12. ბ. ჯ.ს კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილების, ე., ს. და ა. ჯ.სა, იმყოფება მცირეწლოვანი ს. ჯ., დაბადებული xxxx წლის xx ივლისს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-ს. ჯ.ს დაბადების მოწმობა #xxxxxxxxxxx(ს.ფ. 214-215).

2.13 მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევა, რომ მოსარჩელე ბ. ჯ.ს უკანასკნელი თვეებია არ აქვს სისტემატური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ე., ს. და ა. ჯ.ბთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.14 . სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ალიმენტის მოთხოვნის სანაცვლოდ ქ. ზ.ს სახელზე აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, მე-x მ/რ, xx-ე კორპ, სხვენი 110 კვ.მ. გარემოების დასტურად, კონკრეტული წერილობითი მტკიცებულების არარსებობის ფონზე, მხოლოდ მოწმე გ. მ.ს ჩვენება, რომელიც არ წარმოადგენს გარიგების დადების თვითმხილველს და საუბრობს მოსარჩელის მიერ მისთვის მიცემული ინფრომაციის საფუძველზე, არ წარმოადგენს საკმარის და სათანადო მტკიცებულებას.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე იგი სისტემატურად უზრუნველყოფდა შვილებს რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელი თანხებით.

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

საამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის ყველა ელემენტის მითითება და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარება (რომელიც შეიძლება ასევე მოწმის ჩვენება იყოს, თანახმად სსსკ-ის 102.2 მუხლისა) მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება მოპასუხეს აწევს ტვირთად.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც მისი მხრიდან სადავო პერიოდში ალიმენტის გადახდევინებასა და ამ საფუძვლით საალიმენტო ვალდებულებისგან განთავისუფლებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობას მოიცავდა. ბ. ჯ.ს მიერ არასრულწლოვანი შვილების, ს., ე. და ა. ჯ.ს ყოველთვიური, სტაბილური მატერიალური უზრუნველყოფის ფაქტი, სადავო ოცი თვის პერიოდში, სათანადო დასაბუთებით, დადასტურებულ ვერ იქნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმე გ. მ. ფაქტების უშუალო თვითმხილველს არ წარმოადგენდა, ხოლო მოწმე ბ. მ.ს ჩვენებას, დიდი ოდენობის თანხების ქ. ზ.სათვის გადაცემის შესახებ, უპირისპირდებოდა მხარეთა საერთო შვილი, თ. ჯ.ს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების უშუალო თვითმხილველი პირის განმარტება იმის თაობაზე, რომ მამა არ მონაწილეობდა ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაში, მხოლოდ რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი ტანისამოსის შეძენის ფაქტს, ბავშვები იყვნენ მხოლოდ დედის კმაყოფაზე და ბ. მ.ს საშუალებით მხოლოდ ერთხელ მოხდა თანხის მოწოდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის გადაცემის სადავოობის შემთხვევაში, მხოლოდ მოწმის ჩვენება არ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული სათანადო, შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ბ. ჯ.ს ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. იგი პროფესიით არქიტექტორია, დაარსებული აქვს შპს ,,თ….“, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს ინტერიერის დიზაინი, მაღალი დონის რემონტი და საუკეთესო ხარისხის ავეჯის დამზადება. კომპანიის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარდგენილ გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, კომპანიას რაიმე სახის შემოსავალი ან მოქმედი საქმიანობა არ უფიქსირდება. პირის მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება არც ქ. ზ.ს წარმოუდგენია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება,
06/12/2012წ, საქმე #2/14570-12 (ს.ფ.15-20);
- გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები (ს.ფ.139-153).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.15 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 20 (ოცი) თვის საალიმენტო ვალდებულებისგან გათავისუფლება და ზედმეტად გადახდილი თანხის, სამომავლოდ გადასახდელი ალიმენტის დაფარვის მიზნით მიმართვა მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ქ. ზ.ს მიერ შერიგების გამო წარდგენილი განცხადებიდან - 2014 წლის 23 დეკემბრიდან, აღსრულების განახლებამდე - 2016 წლის 15 აგვისტომდე, მეუღლეები ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, ბ. ჯ. უზრუნველყოფდა შვილების რჩენა-აღზრდას და არ არსებობდა ალიმენტის გადახდევინების ფაქტობრივი საფუძველი.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

სამართლომ აღნიშნა, რომ ბ. ჯ.სა და ქ. ზ.ს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ., xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ. და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ დედასთან.

სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. ზ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ. ჯ.ს ქ. ზ.ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ.ს, xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ.ს და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 200 (ორასი) (სულ-600) ლარის ოდენობით 2012 წლის 06 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2013 წლის 04 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო აღსრულების საქმის #Axxxxxxx. საქმეში წარმოდგენილი აღმასრულებელ გ. გ.ს მიმართ 2014 წლის 23 დეკემბერს წარდგენილი განცხადებით, ქ. ზ.მ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, იმ მოტივით რომ მეუღლეები შერიგდნენ და ცხოვრობდნენ ერთად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე იგი სისტემატურად უზრუნველყოფდა შვილებს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხებით. ბ. ჯ.ს მიერ არასრულწლოვანი შვილების, ს., ე. და ა. ჯ.ს ყოველთვიური, სტაბილური მატერიალური უზრუნველყოფის ფაქტი, სადავო ოცი თვის პერიოდში, სათანადო დასაბუთებით, დადასტურებულ ვერ იქნა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმე გ. მ. ფაქტების უშუალო თვითმხილველს არ წარმოადგენდა, ხოლო მოწმე ბ. მ.ს ჩვენებას, დიდი ოდენობის თანხების ქ. ზ.ს გადაცემის შესახებ, უპირისპირდებოდა მხარეთა საერთო შვილი, თ. ჯ.ს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების უშუალო თვითმხილველი პირის განმარტება იმის თაობაზე, რომ მამა არ მონაწილეობდა ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაში, მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი ტანისამოსის შეძენის ფაქტს, ბავშვები იყვნენ მხოლოდ დედის კმაყოფაზე და ბ. მ.ს საშუალებით, მხოლოდ ერთხელ, მოხდა თანხის მოწოდება. შესაბამისად, თანხის გადაცემის სადავოობის შემთხვევაში, მხოლოდ მოწმის ჩვენება არ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული სათანადო, შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, ვერ შეძლო ალიმენტის დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის რეალიზება და არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, მით უფრო იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ სარჩელის წარმოდგენის შემდეგ ბ. ჯ.მ სრულად დაფარა სააღსრულებო წარმოებით მის მიმართ რიცხული დავალიანება. ამდენად, არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ფარგლებში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების, ასევე, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის, მოთხოვნის ამ ნაწილში, დაკმაყოფილების საფუძველი.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სასამართლომ განმარტა, სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლი, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბ. ჯ.სა და ქ. ზ.ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი, აქედან, 1994 წლის 23 მაისს დაბადებული თ. ჯ., რომელიც სრულწლოვანია, xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ., xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ. და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ქ. ზ. ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. ზ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ. ჯ.ს ქ. ზ.ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ.ს, xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ.ს და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 200 (ორასი) (სულ-600) ლარის ოდენობით 2012 წლის 06 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

სასამართლომ განმარტა, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლოს მითითებით, კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელი იყო, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

სასამართლომ მიუთითა, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

სასამართლომ მიუთითა, ამავე კონცენციის 27-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლომ მიუთითა, მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ იყო მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ელენე, სალომე და ანასტასია ჯაფოშვილები წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეებს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. ისინი ცხოვრობენ დედასთან, ქ. ზ.სთან ერთად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ქ. ზ. არ იმყოფება ქორწინებაში, ასევე, მას არ უფიქსირდება ყოველთვიური, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი. მოპასუხე დაკავებულია არასრულწლოვანი შვილების აღზრდით. ბ. ჯ.ს უკანასკნელი თვეებია არ აქვს სისტემატური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ე., ს. და ა. ჯ.ებთან.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხის შემოსავალს შეადგენდა ყვარელში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაშენებული ატმის ბაღიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, მისი შემოსავალი შპს ,,თ.დან“, მიღებული რამდენიმე შეკვეთის შედეგად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამჟამად, მოსარჩელე ბ. ჯ.ს ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. შპს ,, თ.ს“ მიერ 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარდგენილ გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, კომპანიას რაიმე სახის შემოსავალი ან მოქმედი საქმიანობა არ უფიქსირდება. პირის მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება არც ქ. ზ.ს წარმოუდგენია. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, xxxx წლის xx ივლისს ბ. ჯ.ს შეეძინა მეხუთე შვილი - ს. ჯ.

სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე ბ. ჯ.ს როგორც მატერიალური, ასევე, ოჯახური მდგომარეობა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მისი შემოსავლის არსებობის ფაქტი არ დასტურდება და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ასევე, მის კმაყოფაზე xxxx წლის xx ივლისს დაბადებული ს. ჯ.ს ყოფნის ფაქტი.

სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მართალია ბავშვის ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 200 ლარი, აღარ იყო მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ბ. ჯ.ს ოჯახური, ასევე, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასებულიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ქ. ზ. თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ იყო თანახმა არასრულწლოვანების რჩენა-აღზრდისათვის მიეღო შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ბ. ჯ.ს ამჟამინდელი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, გონივრულ შესაბამისობაში იყო არასრულწლოვნების აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 05 ოქტომბრიდან, განსაზღვრულიყო თითოეული შვილის მიმართ 150-150-150, სულ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია დაადგინა , რომ მოსარჩელის შვილი ს. ჯ. დაიბადა xxxx წლის xx ივლისს, მაგრამ საქმეში არ წარმოუდგენია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა მოსარჩელის კმაყოფაზე.

აპელანტი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს მათი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობა შეამცირა 50 ლარით და დაადგინა ალიმენტი 150-150-150 ლარის ოდენობით 2016 წლის 5 ოქტომბრიდან. აპელანტის მითითებით სასამართლოს მიერ არსებული გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის, რომ მოსარჩელეს კმაყოფაზე დაემატა მე-4 შვილი, საბა ჯაფოშვილი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ბავშვი დაიბადა xxxx წლის xx ივლისს და თუ რატომ უნდა შემცირებულიყო დანარჩენი სამი შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტი, რომელიც დაენიშნა მხარეს xxxx წლის xx ოქტომბრიდან.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ქ. ზ.ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მოსარჩელე ბ. ჯ.სა და მოპასუხე ქ. ზ.ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი, 1994 წლის 23 მაისს დაბადებული თ. ჯ., რომელიც დღეისათვის სრულწლოვანია, xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ., xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ. და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.

- მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ქ. ზ. არ არის დაოჯახებული და ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან, თ. ჯ.თან, ე. ჯ.თან, ს. ჯ.თან და ა. ჯ.თან ერთად მისამართზე თბილისი, ………….

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. ზ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ. ჯ.ს ქ. ზ.ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - xxxx წლის xx აპრილს დაბადებული ე. ჯ.ს, xxxx წლის xx იანვარს დაბადებული ს. ჯ.ს და xxxx წლის xx თებერვალს დაბადებული ა. ჯ.ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულისათვის 200 (ორასი) (სულ-600) ლარის ოდენობით 2012 წლის 06 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

- გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2013 წლის 04 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო აღსრულების საქმის #Axxxxxxxx.

- ქ. ზ.მ მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, იმ მოტივით რომ მეუღლეები შერიგდნენ. სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა.

- ქ. ზ.ს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, მე- x მ/რ, კორპუსი xx, ბინა #xx (სხვენის სართული), ფართი:110 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xxx. დასახელებული ნივთის 30 კვ.მ- ზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძველია 2014 წლის 22 დეკემბერს ბ. ჯ.თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის თანხა განისაზღვრა - 1000 ლარით.

- ქ. ზ.მ წარადგინა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების თაობაზე. ბ. ჯ.ს წარედგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულებისა და 23 112 ლარის გადახდის შესახებ, აქედან კრედიტორის კუთვნილი თანხაა - 21600 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური - 1512 ლარი.

- ბ. ჯ.ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების წილზე მდებარე - ქალაქი თბილისი, დასახლება ………….., x მ/რ, კორპუსი xx, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xxx და გარდაბანი, სოფელი მარტყოფი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: xx.xx.xx.xxx, იძულებითი საჯარო აუქციონი დანიშნული არ არის.

-, კრედიტორმა მოვალეს შესთავაზა მორიგება, კერძოდ, მიმდინარე დავალიანების და სამომავლოდ ბავშვების სრულწლოვანებამდე დასარიცხი ალიმენტის თანხების, სააღსრულებო წარმოებისა და სასამართლო დავების შეწყვეტის სანაცვლოდ, შვილების საკუთრებაში გადმოცემულ იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, …… აღმართი #x, ბინა xx, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:
xx.xx.xx.xxx.xxx.xx.xx.xx, რომელიც ბაბუამ შვილიშვილებს უსახსოვრა, მაგრამ ვერ მოასწრო საბუთის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდეს მოვალის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ……………, x მ/რ, რეალიზაცია აუქციონის წესით.

- განსახილველი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ ბ. ჯ.მ სრულად დაფარა სააღსრულებო წარმოებით მის მიმართ რიცხული დავალიანება.

- ბ. ჯ.ს კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილების, ე., ს. და ა. ჯ.ებისა, იმყოფება მცირეწლოვანი ს. ჯ., დაბადებული xxxx წლის xx ივლისს.

- მოსარჩელე ბ. ჯ.ს უკანასკნელი თვეებია არ აქვს სისტემატური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ე., ს. და ა. ჯ.ებთან.

4.2 „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პალატა განმარტავს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღბს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხდველობაშ იღებს იმ გარემოებას, რომ ბ. ჯ.ს ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. იგი პროფესიით არქიტექტორია, დაარსებული აქვს შპს „თ.ს“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კომპანიის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარდგენილ გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, დასტურდება, რომ კომპანიას რაიმე სახის შემოსავალი ან მოქმედი საქმიანობა არ უფიქსირდება. დადგენილია ასევე, რომ პირის მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება არც ქ. ზ.ს წარმოუდგენია. ამასთანავე, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ბ. ჯ.ს კმაყოფაზეა, გარდა არასრულწლოვანი შვილების, ე., ს. და ა. ჯ.ებისა, მცირეწლოვანი ს. ჯ., დაბადებული xxxx წლის xx ივლისს. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეორე ოჯახი, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულებაც ასევე მას ეკისრება. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბ. ჯ.ს სტაბილური შემოსავალი არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

თუმცა პალატა აქვე განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას პირველ რიგში ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან იზრუნონ თავიანთ არასრულწლოვან შვილებზე, ხოლო მათი არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა ვერ გახდება ბავშვის რჩენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე არასრულწლოვანი შვილების - ე., ს. და ა. ჯ.ების საჭიროებანი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქ. ზ.ს მატერიალური მდგომარება და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 170 ლარამდე.

პალატა ეთანხმება ასევე, ქ. ზ.ს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი შემცირებული ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 5 ოქტომბრიდან). როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის მიერ იქნა განმარტებული, ბ. ჯ.ს მიერ უკვე გადახდილი იქნა დაკისრებული 200 ლარის ოდენობით ალიმენტი, კერძოდ, მის მიერ გადახდილია 2016 წლის ოქტომბრიდან - 2017 წლის მარტამდე დაკისრებული ალიმენტის თანხები. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, რის გამოც, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ბ. ჯ.ს 2016 წლის ოქტომბრიდან - 2017 წლის მარტამდე გადახდილი აქვს ალიმენტი, თავდაპირველად დაკისრებული ოდენობით, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, შემცირებული ალიმენტის ოდენობის გადახდა უნდა დაეკისროს ვადამოსული გადაუხდელი ალიმენტის გადახდის დღიდან.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ქ. ზ.ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ბ. ჯ.ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბ. ჯ.ს მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 170-170-170 ლარით, ჯამში 510 ლარით და გადახდა დაიწყოს ვადამოსული გადაუხდელი ალიმენტის გადახდის დღიდან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. ზ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ. ჯ.ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბ. ჯ.ს მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 170-170-170 ლარით, ჯამში 510 ლარით და გადახდა დაიწყოს ვადამოსული გადაუხდელი ალიმენტის გადახდის დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.


მოსამართლე: მაია სულხანიშვილი