ნახვები: 26
საქმის ნომერი: 1/ბ-303-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-303-17 (2017-06-22), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-303-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       22 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ. ყ.;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - კ. ა.-ს ძე ხ., დაბადებული 19XX წლის XX მარტს, ს.-ს რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს., ქ. ა., ე.-ს ქუჩის NX.

ადვოკატი - ი. ბ.;

თარჯიმანი - მ. კ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით, 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ კ. ხ.-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ამორიცხვა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები. სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული ჩაიდინა მარტომ, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მისი მხრიდან არ ყოფილა ჩადენილი, პირიქით, თვითონ გახდა 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენით, კ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. კერძოდ:

2016 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, თ.-ში, სოფელ ფ.-ში, დ. გ.-ს ქუჩის NXX-ში მდებარე ა. ი.-ს საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, კ. ხ. დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ა. ი.-ს კუთვნილ საათს, მზის სათვალესა და ვერცხლის ბეჭედს, რის შედეგადაც მას შესაძლოა მისდგომოდა 140 ლარის მატერიალური ზიანი.

2016 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, თ.-ში, სოფელ ფ.-ში, დ. გ.-ს ქუჩის NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ი.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელ-ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენით, კ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ხ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ კ. ხ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 29 ივნისის 14:28 საათიდან.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ფარგლებში. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ნაწილში კ. ხ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული.

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე.

კ. ხ.-მ დაკითხვისას მიუთითა, რომ ა. ი.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის ჩასადენად ის შევიდა მარტო, რა დროსაც სხვა პიროვნება მასთან ერთად არ იმყოფებოდა, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა. ი.-მ აღნიშნა, რომ 2016 წლის 29 ივნისს, სოფელ ფ.-ში, დ. გ.-ს ქუჩის NXX-ში მდებარე, მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია ორმა პირმა, რომელთაგან ერთი აღმოჩნდა კ. ხ., ხოლო მასთან მყოფმა დანით შეიარაღებულმა თანამზრახველმა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. მოწმემ დარწმუნებით მიუთითა, რომ სწორედ კ. ხ. შეეცადა ბინაში შეღწევით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მის პირად ნივთებს, თანამზრახველთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ კ. ხ.-მ არ უარყო ა. ი.-ს სახლში ყოფნის და ამ უკანასკნელის მოძრავი ნივთების ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტი, რაც ასევე დასტურდება როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებითა და პირადი ჩხრეკის ოქმით.

პალატას არ გააჩნია დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მან დაწვრილებით და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები და მიუთითა, რომ კ. ხ.-სთან ერთად იმყოფებოდა მეორე, დანით შეიარაღებული პირიც, რომელიც გაიქცა.
დაზარალებულის ჩვენებასთან შესაბამისობაშია მოწმე ტ. ა.-ს ჩვენებაც, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია დაზარალებულის სახლში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა მიუთითა თუ რა დაინახა. მოწმის ჩვენებით, ა. ი. არის მისი თანასოფლელი, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა 2016 წლის 29 ივნისს, საიდანაც ა.-სთან ერთად წავიდა მის მეზობლად მცხოვრებ ნათესავის - ა. ა.-ს სანახავად. ა. დარჩა გარეთ, ხოლო თავად შევიდა ა. ა.-სთან. ცოტა ხანში ა.-მ შეატყობინა, რომ აპირებდა სახლში წასვლას. რამდენიმე წუთში, როდესაც თავადაც დააპირა სახლში წასვლა და გამოვიდა გარეთ, დაინახა, რომ ა. ი.-ს სახლის მხრიდან, რომლის იქითაც სხვა სახლი აღარ მდებარეობს, მირბოდა მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, ჭაღარაშერეული თმით, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო, რომ ა. ი.-ს თავისივე სახლში დაკავებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ცდილობდა მისი ნივთების მოპარვას, ხოლო მასთან მყოფი დანით შეიარაღებული მეორე პიროვნება გაიქცა.

შესაბამისად, მოწმე ტ. ა. ადასტურებს დანით შეიარაღებული პირის გაქცევის დანახვის ფაქტს. სწორედ ასეთ პირზე მიუთითა დაზარალებულმაც ჩვენებაში. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, არის არასწორი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი. მ.-ს ჩვენებით, 2016 წლის 29 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კ. ხ.-სთან ერთად მყოფი პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ა. ი.-ს ბინის გაქურდვაში, იყო კ. ხ., რომელიც იმყოფებოდა სოფელ ბ.-ში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. ის გარემოება, რომ ოპერატიული ინფორმაციაში მითითებული პირი არ აღმოჩნდა კ. ხ.-სთან ერთად მყოფი პირი, არ მიუთითებს დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობაზე.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ მიცემული განმარტებები მოგონილია როგორც საკუთარი, ისე თანამზრახველის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და ვერ იქნება გაზიარებული. დაზარალებულის მიერ ცალსახად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 29 ივნისს, შუადღის საათებში, სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ ოთახის ფანჯარაზე დამაგრებული მწერებისგან დამცავი ბადე იყო მოხსნილი, ხოლო სახლიდან გამოდიოდა ხმაური. დაძახებაზე მოულოდნელად იგრძნო დარტყმა მარჯვენა მხრის არეში. ამ დროს ფანჯრიდან გადმოვიდა მეორე პირი, რომელიც მისკენ გაიწია და დაარტყა სახის არეში. შეეცადა მათ მოგერიებას და შეაჩერა ის პირი, რომელმაც სახის არეში მიაყენა დაზიანება. ამ დროს, მეორე მამაკაცმა საქამრიდან ამოიღო დანა და გაშლილი დანით ხელში გაიწია მისკენ. ორივე მამაკაცმა მოახერხა ჭიშკრისკენ გაქცევა. დაედევნა მათ და ჭიშკარზე გადასვლისას კვლავ დააკავა ის მამაკაცი, რომელიც მანამდეც შეჩერებული ჰყავდა, თუმცა მეორე თანამზრახველის დახმარებით კვლავ შეძლო გაქცევა. საბოლოოდ მან მეზობლის დახმარებით შეძლო იმ თავდამსხმელის დაკავება, რომელიც მანამდე ორჯერ ჰყავდა შეჩერებული, ხოლო მეორე თანამზრახველმა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, შეძლო გაქცევა.

ცხადია, რომ კ. ხ.-სა და დანით შეიარაღებულ დაუდგენელ პირს შორის არსებობდა სწორედ წინასწარი შეთანხმება, რასაც მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი. ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მათგანი დააკავა დაზარალებულმა, ხოლო მეორე გაიქცა, ასევე მეორე პირის დაუდგენლობა, არ გამორიცხავს აღნიშნულ ორ პირს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 29 ივნისს, კ. ხ. იმყოფებოდა დაუდგენელ პირთან ერთად ა. ი.-ს ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად, თუმცა დაუდგენელმა პირმა შეძლო მიმალვა.

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

დაზარალებულ ა. ი.-ს ჩვენებით, ინციდენტის დროს, კ. ხ.-მ, როდესაც იგი ცდილობდა მის შეკავებას, ფეხი ჩაარტყა მარჯვენა მუხლში და ასევე დაზიანება მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნაწილში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მოწმე ს. ე.-მ აღნიშნა, რომ სახლიდან გასვლამდე მის მეუღლეს - ა. ი.-ს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. შინ დაბრუნებისას კი ნახა, რომ ა. ი.-ს დაჟეჟილობები აღენიშნებოდა სხეულზე. როგორც მისი მეუღლისგან შეიტყო, აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა კ. ხ.-მ, როდესაც ის ცდილობდა მის შეკავებას.

მოწმე რ. მ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ა. ი. რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას დაკავებულის მიმართ არ ახორციელებდა, ხოლო თავად ა. ი.-ს აღენიშნებოდა დაზიანებები და იყო ფერმკრთალი. მას ა. ი. ნანახი ჰყავდა დილის საათებში, რა დროსაც მას ზემოაღნიშნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ანალოგიურად მოწმე ტ. ა.-მაც დააფიქსირა, რომ ვიდრე ის შევიდოდა ა. ა.-ს სანახავად, ა. ი. მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მასთან ერთად, რა დროსაც მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ხოლო მოწმე ნ. გ.-ს ჩვენებით, მისი იქ ყოფნის პერიოდში დაკავებული მამაკაცისათვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

მოწმე თ. თ. მიუთითებს, რომ დაზარალებულ ა. ი.-ს და ბრალდებულ კ. ხ.-ს გამოუძახა სასწრაფო დახმარება, ვინაიდან ორივე მათგანს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ბრალდებულის განმარტებით, მან აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებისას დაცემის დროს და კატეგორიულ უარს აცხადებდა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 30.06.2016 წელს ა. ი.-ს აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა იღლიის მიდამოში, იღლიის წინა ხაზზე და მარჯვენა მტევნის წინა ზედაპირზე I ნებ-ფალანგის შესახსრების საპროექციოდ. ნაჭდევები - მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მესამე ნებ-ფალანგის შესახსრების საპროექციოდ, მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე; მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, წინა ზედაპირზე და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

დასკვნის სისწორე დაადასტურა სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ს. ბ.-მ.

კ. ხ.-ს განმარტებით, დაზარალებულის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის დააკავა იქვე მყოფმა რამდენიმე პიროვნებამ, შეიკრიბა ორმოცამდე სხვა პირიც, რომლებიც სცემდნენ, როგორც ქურდობისთვის, ასევე იმისთვის, რომ იყო სომეხი ეროვნების. მას თავად არავისთვის დაზიანება არ მიუყენებია. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ თითქოსდა დაზიანება მიიღო წაქცევის დროს, თქვა იმის გამო, რომ არ სურდა სიმართლის გამჟღავნება.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენებთან. აღსანიშნავია, რომ კ. ხ.-ს არ დაუფიქსირებია ცემის ფაქტი და მის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით განმარტავდა, რომ მიიღო წაქცევის შედეგად. მოწმის სახით დაკითხული პირები უარყოფენ კ. ხ.-ს მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, ხოლო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მოსაზრების საფუძვლიანობას, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

აღსანიშნავია, რომ კ. ხ.-ს დაკავება მოხდა ა. ი.-ს მიერ, შესაბამისად, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას გაუწევდა მას. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრული და თანხვდენილია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე ექსპერტიზის დასკვნასთან. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. ი.-ს დაზიანებები მანამდე არ აღენიშნებოდა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან თარიღს - 2016 წლის 29 ივნისს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 29 ივნისს, კ. ხ.-მ ა. ი.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

სამართლებრივი შეფასება

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენი კ. ხ.-ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ა. ი.-ს, მოწმეების: დ. კ.-ს, ზ. კ.-ს, ნ. გ.-ს, ს. ე.-ს, რ. მ.-ს, ტ. ა.-ს, დ. რ.-ს, დ. თ.-ს, თ. თ.-ს, ი. მ.-ს, ს. ბ.-ს, ბრალდებულ კ. ხ.-ს ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, 2016 წლის 30 ივნისის პიროვნების დაზუსტების დადგენილებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული კ. ხ.-ს ბრალეულობა და მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს ნამდვილად პასუხობენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის განაჩენი კ. ხ.-ს მიმართ;

კ. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ხ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ. ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ კ. ხ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 29 ივნისის 14:28 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ბრალდებულ კ. ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, სათვალე და ბეჭედი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ა. ი.-ს;

კ. ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ-ბარათით, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მსჯავრდებულ კ. ხ.-ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, მოთავსებული ერთ ცალ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ათი ცალი დაქტილოფირი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო იმავე პაკეტში დალუქული ერთი ცალი კომპაქტ დისკი, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ბრალდებულ კ. ხ.-საგან აღებული ხელის კვლის ნიმუში, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, შენახული იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხელის კვლის ნიმუშის შენახვის ვადით, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან და კ. ხ.-საგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, მოთავსებული ოთხ ცალ 0,5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში, დალუქული ორ პაკეტად, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.