საქმის ნომერი: 2ბ/1701-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/22084-17, ას-1332-2018
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-58-49-2011, ას-1011-931-2017, ას-458-440-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა ძირითადი სარჩელით და ალიმეტნის დაკისრება მშობლისთვის შეგებებული სარჩელით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა როგორც ძირითადი ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მამას დაეკისრა ალიმენტის გადახდის ვალდებულება. აგრეთვე განისაზღვრა ბავშვის მამის ოჯახში წასვლისა და დარჩენის საკითხები და პერიოდულობა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ბავშვის მეორე მშობელთან დროებით დარჩენის ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლა და ალიმეტნის ოდენობის გაზრდა. სააპელაციო სასამართლომ გააკეთა არაერთი განმარტება საალიმენტო ვალდებულებასა და მის დაკისრებასთან მიმართებით და ამ ნაწილში უცვლელი დატოვა გადაწყვეტილება. აგრეთვე განსაზღვრა, 3 თვიანი შეგუების ვადა ბავშისათვის მამის ოჯახში დარჩენამდე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით, თუმცა იგი განუხილველად იქნა დატოვებული.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1701-18 (2018-07-17), www.temida.ge
საქმის № 330210017002057031
საქმის № 2ბ/1701-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       17 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

აპელანტი – გ. ნ.
წარმომადგენელი- ქ. ქ.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ., ც. კ., რ. კ.
წარმომადგენელი - კ. ხ.

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - რ. კ.

გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა,ალიმენტის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ.ს, ც. კ.ს და რ. კ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ.ს (პირადი NXXXXXXXXXXX), ც. კ.ს (პირადი NXXXXXXXXXXX) და რ. კ.ს (პირადი NXXXXXXXXXXX) განესაზღვრათ არასრულწლოვან ი. კ.თან (დაბადებული: XXXX წლის XX ივლისს, პირადი NXXXXXXXXXX) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი დღე, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბავშვის ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად, წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში - 07 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, თავიანთ საცხოვრებელ ადგილას წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში - 01 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ა. რაიონის სოფელ კ.ში წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ამავე გადაწყვეტილებით, გ. ნ.ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ.ს (პირადი NXXXXXXXXXXX) დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, ი. კ.ს (დაბადებული: XXXX წლის XX ივლისს, პირადი NXXXXXXXXXXX) სასარგებლოდ, თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 06 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1 გ. კ.ს და გ. ნ.ს თანაცხოვრების პერიოდში, XXXX წლის XX ივლისს, შეეძინათ შვილი ი. კ.;

2.2 მოსარჩელე გ. კ. და მოპასუხე გ. ნ. 2015 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; არასრულწლოვანი ი. კ. ცხოვრობს დედასთან, გ. ნ.თან ერთად;

2.3 მოსარჩელე გ. კ.ს მშობლებს წარმოადგენენ რ. კ. და ც. კ.;

2.4 უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ა.ს მუნიციპალიტეტი, სოფელი კ.ი, საკადასტრო კოდი Nxx.xx.xx.xxx, თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია რ. კ.სა და ც. კ.ს სახელზე;

2.5 არასრულწლოვანი ი. კ. სწავლობს სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში. სწავლისა და გახანგრძლივებულის წლიური გადასახადი შეადგენს 3300 ლარს;

2.6 ი. კ. ჩარიცხულია სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში არსებულ ცეკვის ანსამბლ ,,პ.ში“ 2016 წლის სექტემბრიდან. მისი თვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

2.7 არასრულწლოვანი ი. კ. 20xx წლის xx სექტემბრიდან ირიცხება ა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს; ი. კ ასევე ემზადება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კერძო რეპეტიტორთან კვირაში ორი დღე. სწავლების თვიური საფასური შეადგენს 60 (სამოცი) ლარს;

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.8 თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა გ. ნ.ს იმჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: ქ.თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი Nxx, ბინა Nx; საცხოვრებელი წარმოადგენს ორ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, სადაც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და საცხოვრებელი კეთილსაიმედოა არასრულწლოვანის საცხოვრებლად. აღნიშნულ ბინაში გ. ნ. ცხოვრობს ქირით, არასრულწლოვან შვილთან, ი. კ.თან ერთად. ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; მოპასუხე გ. ნ.ს ინფორმაციით, ი. კ. კერძო სკოლის მოსწავლეა, ასევე დამატებით რჩება გახანგრძლივებულ ჯგუფში 13 საათიდან 18 საათამდე. ასევე, დადის ცურვისა და ინგლისურის წრეზე, სადაც ბავშვი დაჰყავს ძიძას და დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში უწევს მეთვალყურეობას. დედის გადმოცემით, ვინაიდან ი. კ.ს დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, ყოველთვის უქმე დღეებში ცდილობს აქტიურად დაასვენოს და სხვადასხვა გასართობ ცენტრებს სტუმრობენ;

2.9 მოპასუხე გ. ნ. დასაქმებულია შპს ,,დ.ში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 (ათას ხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე მერყეობს. ასევე, გ. ნ.ს დედა, ხ. ნ. იმყოფება საზღვარგარეთ, საიდანაც შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილს;

2.10 თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეები გ., რ. და ც. კ.ები ქირით ცხოვრობენ მისამართზე - ქ. თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი x, ბინა Nx. ამავე მისამართზე ცხოვრობს გ. კ.ს ძმა ოჯახთან ერთად. რ. კ.ს ინფორმაციით, იგი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლია და თვის განმავლობაში 20 დღე უწევს მუშაობა, ანაზღაურება კი დღიურად 50 ლარი აქვს. ასევე დასაქმებულია მისი მეუღლეც სამკერვალო სალონში, რომლის სამუშაო დატვირთვაც შეკვეთების მიხედვით განისაზღვრება. მოსარჩელე გ. კ. სისტემატურად ნახულობს არასრულწლოვან შვილს, მაგრამ გ. ნ. არ აძლევს ნებას, რომ ბავშვი წაიყვანოს სადმე, თუნდაც პარკში, რომ ბებიამ და პაპამ ნახონ. მოსარჩელე რ. კ.ს თქმით, მას და მის მეუღლეს შვილიშვილთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და ბავშვი პრაქტიკულად მათი გაზრდილია. თუმცა, ვინაიდან, 2017 წლის გაზაფხულზე მათ კონფლიქტური ვითარება შეექმნათ ხ. და გ. ნ.ბთან, ამ უკანასკნელმა აუკრძალა ბებიას და პაპას შვილიშვილის ნახვა და მასთან ურთიერთობა.

2.11 სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გ. კ.ს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2016 წლის მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, ივნისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 6250 ლარს, ნოემბრის თვეში - 4375 ლარს, 2016 წლის დეკემბრის თვეში - 1250 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 687.5 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 3500 ლარს;

2.12 მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ. კ. წარმოადგენს კერძო სარეკლამო კომპანიის თანამშრომელს და ხელფასი აქვს გამომუშავებით. თუმცა მისი შემოსავალი არ არის სტაბილური. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) გ. .კ.ს ყოველთვიური შემოსავლის ოდენობას დაადასტურებდა.

2.13 თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის სწორად აღზრდისათვის, მიზანშეწონილია, მშობლების გარდა, ბებია და პაპასთან ჰქონდეს ურთერთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი კვირაში ერთი დღე, არის ის მინიმალური პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, არასრულწლოვანს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან. აღნიშნული დროის მონაკვეთში, მათთან ურთიერთობის შედეგად, შეჩვევისა და შეგუების შემდგომ, არასრულწლოვანი, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად წავიდეს დასასვენებლად, სოფელშიც, დედის გარეშე, რამდენიმე დღით.

2.14 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც

უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.15 სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. კ., რ. კ. და ც. კ. სარჩელით მოითხოვეს არასრულწლოვან ი. კ. (დაბადებული xxxx წლის xx ივლისს) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე, ზამთრის არდადეგების პერიოდში, 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, გაზაფხულის არდადეგების პერიოდში, 10 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით, საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 01 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ა.ს რაიონის სოფელ კ.ში წაყვანის უფლებითა და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

სასამართომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე, მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ი. კ. (დაბადებული xxxx წლის xx ივლისს) არის მოსარჩელე გ. კ.ს და მოპასუხე გ. ნ.ს შვილი. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. ხოლო მოსარჩელეები რ. კ. და ც. კ. წარმოადგენენ გ. კ.ს მშობლებს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელეები გ., რ. და ც. კ.ები ქირით ცხოვრობენ მისამართზე - ქ. თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი x, ბინა Nx. ამავე მისამართზე ცხოვრობს გ. კ.ს ძმა ოჯახთან ერთად. რ. კ.ს ინფორმაციით, იგი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლია და თვის განმავლობაში 20 დღე უწევს მუშაობა, ანაზღაურება კი დღიურად 50 ლარი აქვს. ასევე დასაქმებულია მისი მეუღლეც, სამკერვალო სალონში, რომლის სამუშაო დატვირთვაც შეკვეთების მიხედვით განისაზღვრება. მოსარჩელე გ. კ. სისტემატურად ნახულობს არასრულწლოვან შვილს, მაგრამ გ. ნ. არ აძლევს ნებას, რომ ბავშვი წაიყვანოს სადმე, თუნდაც პარკში, რომ ბებიამ და პაპამ ნახონ. მოსარჩელე რ. კ.ს თქმით, მას და მის მეუღლეს შვილიშვილთან ყოველთვის მჭიდრო კავრიში ჰქონდათ და ბავშვი პრაქტიკულად მათი გაზრდილია. თუმცა, ვინაიდან, 2017 წლის გაზაფხულზე მათ კონფლიქტური ვითარება შეექმნათ ხ. და გ. ნ.ბთან, ამ უკანასკნელმა აუკრძალა ბებიას და პაპას შვილიშვილის ნახვა და მასთან ურთიერთობა. მოსარჩელეებს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი ა.ს რაიონის სოფელ კ., სადაც ზაფხულის პერიოდში ხშირად იმყოფებიან.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. იგივე დანაწესია მოცემული ბებიისა და პაპის შვილიშვილთან ურთიერთობასთან მიმართებით. მამის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ი. კ. ცხოვრობს დედასთან ერთად. გ. ნ.ს ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი Nxxx, ბინა Nx; საცხოვრებელი არის ორ ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, სადაც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები და საცხოვრებელი კეთილსაიმედოა არასრულწლოვანის საცხოვრებლად. აღნიშნულ ბინაში გ. ნ. ცხოვრობს ქირით და ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. მოპასუხის ინფორმაციით, ი. კ. კერძო სკოლის მოსწავლეა, ასევე დამატებით რჩება გახანგრძლივებულ ჯგუფში 13 საათიდან 18 საათამდე. ასევე, დადის ცურვისა და ინგლისურის წრეზე, სადაც ბავშვი დაჰყავს ძიძას და დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში უწევს მეთვალყურეობას. დედის გადმოცემით, ვინაიდან ი. კ.ს დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, ყოველთვის უქმე დღეებში ცდილობს აქტიურად დაასვენოს და სხვადასხვა გასართობ ცენტრებს სტუმრობენ.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე გ. ნ. არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეებს ჰქონდეთ ურთიერთობა არასრულწლოვან ი. კ.თან. თუმცა, ვინაიდან,. ბოლო პერიოდში მათ სტაბილური ურთიერთობა არ ჰქონიათ და გაწყვეტილი აქვთ კონტაქტი, საჭიროა გარკვეული პერიოდი, შეგუებისა და მიჩვევისათვის. არასრულწლოვანი მიჯაჭვულია დედასთან და მის გარეშე რამდენიმე დღე ქალაქგარეთ გატარება შესაძლებელია საზიანო იყოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის.

სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური სამსახურის შეფასებით, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია და მშვიდი, უსაფრთხო გარემოა არასრულწლოვანისათვის. საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და კომპეტენტური ორგანოს დასკვნით, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ი. კ.ს მოსარჩელეებთან ურთიერთობის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება. მოსარჩელე მხარის ოჯახს აქვს შესაძლებლობა, არასრულწლოვან ი. კ.ს მასთან ყოფნის შემთხვევაში, შეუქმნას აღზრდა-განვითარებისათვის და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სასურველი, მზრუნველი გარემო. შესაბამისად, ორივე მხარე ვალდებულია, არასრულწლოვან შვილს შეუქმნან ემოციური კომფორტის განცდა და მისცენ ორივე მშობელთან (მათი ოჯახის წევრებთან) ურთიერთობის საშუალება.

სასამართლოს მითითებით, თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის სწორად აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია, მშობლების გარდა, ბებია და პაპასთან ჰქონდეს ურთერთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი კვირაში ერთი დღე არის ის მინიმალური პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, არასრულწლოვანს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მამასთან და მის ოჯახის წევრებთან. აღნიშნული დროის მონაკვეთში მათთან ურთიერთობის შედეგად, შეჩვევისა და შეგუების შემდგომ, არასრულწლოვანი, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად წავიდეს დასასვენებლად, სოფელშიც, დედის გარეშე, რამდენიმე დღით.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ი. კ.ს ასაკობრივ მაჩვენებელი და მის რეჟიმი, ასევე გარემო-სოციალურ პირობები, აგრეთვე მშობლების დატვირთულობა და შვილის მიმართ მზრუნველობა- დამოკიდებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი იყო კვირაში ერთი დღე - შაბათი, რა ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოსარჩელეებს არასრულწლოვან ი. კ.თან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროთ დროის მონაკვეთი შაბათი დღის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში, 07 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 01 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ა.ს რაიონის სოფელ კ.ი წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან მიჩვევის მიზნით, არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის საკმარისი იქნება ყოველი კვირის შაბათი დღე, რა დროსაც, არასრულწლოვანი თავისუფალია სასწავლო პროცესისა თუ სხვა აქტივობებისაგან.

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი ანალიზის შედეგად, მშობლების შვილთან და ასევე, ბებია-პაპის არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ი. კ.ს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან და ასევე, მამის ოჯახის წევრებთან, ბებიასთან ც. კ.თან და პაპასთან, რ. კ.თან. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბებია და პაპა ბავშვის მიმართ ამჟღავნებენ თბილ, მზრუნველ და ჯანსაღ დამოკიდებულებას. მათ შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბავშვის ჩვეული რეჟიმი და არ შეექმნას დაბრკოლება სასწავლო პროცესში მისი უწყვეტად მონაწილეობის მიღებას.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელეების, გ., რ. და ც. კ.ს სარჩელი, გ. ნ.ს მიმართ, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2.16. რაც შეეხება მოსარჩელე გ. ნ. შეგებებულ სარჩელს, რომლითაც მან ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა, სასამართომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

სასამართლოს განმარტებით, „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ი. კ. ცხოვრობს მოსარჩელესთან, გ. ნ.თან. ეს უკანასკნელი ცხოვროს ქირით და ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. მხარეთა განმარტებით, გ. ნ. დასაქმებულია შპს ,,დ.ში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 (ათასხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე მერყეობს. ასევე, გ. ნ.ს დედა, ხ. ნ. იმყოფება საზღვარგარეთ, საიდანაც შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი ი. კ. სწავლობს სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში. სწავლისა და გახანგრძლივებულის წლიური გადასახადი შეადგენს 3300 ლარს. ამასთან, არასრულწლოვანი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებში, კერძოდ, ი. კ. ჩარიცხულია სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში არსებულ ცეკვის ანსამბლ ,,პ.ში“ 2016 წლის სექტემბრიდან. მისი თვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. იგი ასევე 20xx წლის xx სექტემბრიდან ირიცხება ა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს. ი. კ. ემზადება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კერძო რეპეტიტორთან კვირაში ორი დღე. სწავლების თვიური საფასური შეადგენს 60 (სამოცი) ლარს.

სასამართლო მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. როგორც თავად მხარე განმარტავს, იგი დასაქმებულია სარეკლამო კომპანიაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გ. კ. კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2016 წლის მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, ივნისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 6250 ლარს, ნოემბრის თვეში - 4375 ლარს, 2016 წლის დეკემბრის თვეში - 1250 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 687.5 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 3500 ლარს. მოპასუხე გ. კ.ს განმარტებით, მისი შემოსავალი არ არის სტაბილური და დამოკიდებულია გამომუშავებაზე.

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ. კ. თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა მომავალშიც, მატერიალურად დაეხმარება არასრულწლოვან შვილს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით.

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში 300 (სამასი) ლარი.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1 აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი არ აძლევს ნებას გ. კ.ს, რომ ბავშვი წაიყვანოს სადმე, არ შეესაბამება რეალობას. აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს მითითება, რომ თითქოსდა ი. კ. პრაქტიკულად მოსარჩელეთა გაზრდილია, ვინაიდან 2017 წლის გაზაფხულზე მათ კონფლიქტური ვითარება შეექმნათ ხ. და გ. ნ.ბთან, რის შედეგადაც გ. ნ. ბებიასა და პაპას შვილიშვილის ნახვა და მათთან ურთიერთობა აუკრძალა. როგორც აპელანტის მიერ წარმოდგენილ შესაგებელშია მითითებული მოპასუხე გ. ნ. არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი, რომ მის არასრულწლოვან შვილს, ი. კ.ს ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან. თავდაპირველად, მოპასუხე ბებიასთან და პაპასთან ბავშვს ღამითაც კი ტოვებდა, თუმცა ისინი სათანადოდ არ ზრუნავდნენ არასრულწლოვან შვილიშვილზე და უარყოფით ზეგავლენას ახდენდნენ მის განვითარებაზე. აპელანტი უთითებს, რომ არასრულწლოვანი ი. კ. განიცდის დედასთან, გ. ნ. მიჯაჭვულობას და მისი ხანგრძლივი პერიოდით სხვა ქალაქში/ადგილას ღამით დარჩენა უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიოლოგიურ მდგომარეობაზე და ზიანს მიაყენებს მას, ხელს შეუშლის მის სასწავლო რეჟიმსა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ი. კ.ს სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროა განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება მის კვებასა და დღის რაციონთან მიმართებით, ასევე სეზონის შესაბამისად მიზანშეწონილია მისი სხვადასხვა კურორტზე წაყვანა. ამ რეჟიმის დაცვა მოწინააღმდეგე მხარეებთან ბავშვის ყოფნის პერიოდში არ ხდებოდა, არასრულწლოვან ი. კ.ს მთელი დღის განმავლობაში ბიცოლასთან მარტოს უხდებოდა ყოფნა ბებიის, პაპისა და მამის მოლოდინში. აპელანტის განმარტებით, დედის - გ. ნ.ს არასრულწლოვან შვილთან დამოკიდებულება ყოველთვის გამომდინარეობს მისი აღზრდა-განვითარების საუკეთესო ინტერესიდან და სრულიად უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მხრიდან ხ. და გ. ნ.ბთან არსებულ კონფლიქტზე მითითება, რაც არასწორად იქნა გაზიარებული სასამართლოს მხრიდან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიუხედავად გ. კ.ს შემოსავლის არაფიქსირებულობისა, მას აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი, რომელსაც მთლიანად პირადი მიზნებისთვის იყენებს და სრულად უგულებელყოფს არასრულწლოვანი შვილის საჭიროებებს. რაც შეეხება, მოწინააღმდეგე მხარეებისთვის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, აპლანტი აღნიშნავს, რომ იგი არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი, რომ მათ ურთიერთობა ჰქონოდათ არასრულწლოვან ი. კ.თან, თუმცა საჭიროა ბავშვის ნახვის დღეები განისაზღვროს მისი აღზრდა-განვითარების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

აპელანტი აღნიშნავს, რომ დედის - გ. ნ.ს საცხოვრებელი პირობები სრულ შესაბამისობაშია ბავშვის საჭიროებებთან, მისი აღზრდა-განვითარების საუკეთესო ინტერესებთან. დედა უზრუნველყოფს, რომ ი. კ.მა მისი ასაკისთვის შესაბამისად დაისვენოს და შეიძინოს ცოდნა, შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც განაპირობებს მის სწორ აღზრდა-განვითარებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ იგი ცდილობს, რომ არასრულწლოვანი შვილის დატვირთული სასწავლო კვირის შემდეგ (სკოლა და საგანმანათლებლო წრეებზე სიარული) მის გართობაზეც იზრუნოს და ყოველკვირეულად დაჰყავს ბავშვთა გასართობ ცენტრებში მომდევნო სასწავლო კვირისთვის მომზადების პარალელურად. დედის განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება განაპირობებს შვილის მასთან მიჯაჭვულობას. ამ პირობების დარღვევა კი განსაკუთრებულად მტკივნეულად აისახება ბავშვზე, ზიანს აყენებს მისი განვითარების საუკეთესო ინტერესს. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოწინააღმდეგე მხარეების ი. კ. ურთიერთობის წესი ეწინააღმდეგება მისი განვითარების საუკეთესო ინტერესებს, უზღუდავს მას სასწავლო კვირისთვის მომზადების, დედასთან ერთად დროის გატარებისა და სხვადასხვა აქტივობებით განტვირთვის შესაძლებლობას. აპელანტს მიაჩნია, რომ დედასთან მიჯაჭვულობის პირობებში არასრულწლოვანი ი. კ.ს მოშორება გ. ნ., განსაკუთრებით კი ღამით ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.

3.2 აპელანტის განცხადებით, უსაფუძვლოა ასევე გ. კ.ს მითითება, რომ ის ყოველთვის უხდიდა და მომავალშიც გადაუხდის არასრულწლოვან შვილს გარკვეულ თანხას, რამდენადაც გ. ნ.ს თავად უწევს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების სრულად და დამოუკიდებლად უზრუნველყოფა. აპელანტი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ი. კ.ს ყოველთვიური საჭიროებები. ი. კ. სწავლობს შპს ,,ნ.ს" სკოლა-ლიცეუმის მე-x კლასში. სწავლისა და გახანგრძლივებულის წლიური გადასახადი შეადგენს 3300 ლარს. ი. კ. ჩარიცხულია ამავე სკოლა-ლიცეუმში არსებულ ცეკვის ანსამბლ ,,პ.ში" 2016 წლის სექტემბრიდან. მისი თვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს. არარსულწლოვანი 20xx წლის xx სექტემბრიდან ირიცხება ა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 ლარს. გარდა აღნიშნულისა, იგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში ემზადება კერძო მასწავლებელთან, რომლის სწავლის საფასური შეადგენს თვეში 60 ლარს. აპელანტის განმარტებით, როგორც მათ მიერ შეგებებულ სარჩელზე თანდართული კალკულაციით დასტურდება, ზემოაღნიშნული ხარჯების გარდა არასრულწლოვანი ი. კ.ს რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ყოველთვიური ხარჯი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 842.45 ლარს. ამას გარდა, გ. ნ. არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით, რომლის ყოველთვიური საფასურიც შეადგენს 500 ლარს. აპელანტი დამოუკიდებლად ყოველთვიურად იხდის კომუნალურ ხარჯებს, თვეში დაახლოებით 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აპელანტი უთითებს, რომ მისთვის მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვის ხარჯების დამოუკიდებლად და სრულად უზრუნველყოფა, რის გამოც გონივრულია ბავშვის მამისთვის ალიმენტის დაკისრება 800 ლარის ოდენობით, ვინაიდან ის უარს აცხადებს ბავშვის აღზრდაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია საამისოდ საკმარისი მატერიალური სახსრები. აპელანტი უთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. კ.ს თავისუფლად შეუძლია მატერიალური მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, ვინაიდან გააჩნია საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. ნაცვლად ამისა, ის უგულებელყოფს საკუთარი შვილის საჭიროებებს და თავის შემოსავალს მთლიანად პირადი მიზნებისთვის იყენებს, რითაც არღვევს მშობლის კანონისმიერ ვალდებულებებს.

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს N2/22084-17 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გ. კ.სთვის ი. კ.ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი 300 ლარის ოდენობით არის არაგონივრული და ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რეალურ საჭიროებებს, რის გამოც არსებობს მოსარჩელე გ. ნ.ს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ. ნ.ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გ. კ. და გ. ნ. თანაცხოვრების პერიოდში, xxxx წლის xx ივლისს, შეეძინათ შვილი ი. კ.; მოსარჩელე გ. კ. და მოპასუხე გ. ნ. 2015 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; არასრულწლოვანი ი. კ. ცხოვრობს დედასთან, გ. ნ. ერთად; მოსარჩელე გ. კ. მშობლებს წარმოადგენენ რ. კ. და ც. კ.; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ა. მუნიციპალიტეტი, სოფელი კ., საკადასტრო კოდი Nxx.xx.xx.xxx, თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია რ. კ. და ც. კ.ს სახელზე;

არასრულწლოვანი ი. კ. სწავლობს სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში. სწავლისა და გახანგრძლივებულის წლიური გადასახადი შეადგენს 3300 ლარს; ი. კ. ჩარიცხულია სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში არსებულ ცეკვის ანსამბლ ,,პ.ში“ 2016 წლის სექტემბრიდან. მისი თვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. არასრულწლოვანი ი. კ. 20xx წლის xx სექტემბრიდან ირიცხება ა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს; ი. კ. ასევე ემზადება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კერძო რეპეტიტორთან კვირაში ორი დღე. სწავლების თვიური საფასური შეადგენს 60 (სამოცი) ლარს; თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა გ. ნ.ს იმჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: ქ.თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი Nxxx, ბინა Nx; საცხოვრებელი წარმოადგენს ორ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას, სადაც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და საცხოვრებელი კეთილსაიმედოა არასრულწლოვანის საცხოვრებლად. აღნიშნულ ბინაში გ. ნ. ცხოვრობს ქირით, არასრულწლოვან შვილთან, ი. კ. ერთად. ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; მოპასუხე გ. ნ. ინფორმაციით, ი. კ. კერძო სკოლის მოსწავლეა, ასევე დამატებით რჩება გახანგრძლივებულ ჯგუფში 13 საათიდან 18 საათამდე. ასევე, დადის ცურვისა და ინგლისურის წრეზე, სადაც ბავშვი დაჰყავს ძიძას და დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში უწევს მეთვალყურეობას. დედის გადმოცემით, ვინაიდან ი. კ. დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, ყოველთვის უქმე დღეებში ცდილობს აქტიურად დაასვენოს და სხვადასხვა გასართობ ცენტრებს სტუმრობენ;

მოპასუხე გ. ნ. დასაქმებულია შპს ,,დ.ში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 (ათას ხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე მერყეობს. ასევე, გ. ნ.ს დედა, ხ. ნ. იმყოფება საზღვარგარეთ, საიდანაც შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილს; თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეები გ., რ. და ც. კ. ქირით ცხოვრობენ მისამართზე - ქ. თბილისი, გლდანი, მე-x მკ/რ, კორპუსი xx, ბინა Nx. ამავე მისამართზე ცხოვრობს გ. კ.ს ძმა ოჯახთან ერთად. რ. კ.ს ინფორმაციით, იგი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლია და თვის განმავლობაში 20 დღე უწევს მუშაობა, ანაზღაურება კი დღიურად 50 ლარი აქვს. ასევე დასაქმებულია მისი მეუღლეც სამკერვალო სალონში, რომლის სამუშაო დატვირთვაც შეკვეთების მიხედვით განისაზღვრება. მოსარჩელე გ. კ. სისტემატურად ნახულობს არასრულწლოვან შვილს, მაგრამ გ. ნ. არ აძლევს ნებას, რომ ბავშვი წაიყვანოს სადმე, თუნდაც პარკში, რომ ბებიამ და პაპამ ნახონ. მოსარჩელე რ. კ.ს თქმით, მას და მის მეუღლეს შვილიშვილთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და ბავშვი პრაქტიკულად მათი გაზრდილია. თუმცა, ვინაიდან, 2017 წლის გაზაფხულზე მათ კონფლიქტური ვითარება შეექმნათ ხ. და გ. ნ.ბთან, ამ უკანასკნელმა აუკრძალა ბებიას და პაპას შვილიშვილის ნახვა და მასთან ურთიერთობა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გ. კ.ს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2016 წლის მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, ივნისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 6250 ლარს, ნოემბრის თვეში - 4375 ლარს, 2016 წლის დეკემბრის თვეში - 1250 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 687.5 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 3500 ლარს; ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გ. კ.ს 2018 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 50).

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის სწორად აღზრდისათვის, მიზანშეწონილია, მშობლების გარდა, ბებია და პაპასთან ჰქონდეს ურთერთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი კვირაში ერთი დღე, არის ის მინიმალური პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, არასრულწლოვანს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, აღნიშნული დროის მონაკვეთში, მათთან ურთიერთობის შედეგად, შეჩვევისა და შეგუების შემდგომ, არასრულწლოვანი, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად წავიდეს დასასვენებლად, სოფელშიც, დედის გარეშე, რამდენიმე დღით.

4.2 სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და წარსულში მიუღებელი ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერების საკითხის დადასტურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის პირველ ნაწილში მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხე გ. კ.სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ოდენობა არასაკმარისია და მისი შეგებებული სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).

პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი. კ. ცხოვრობს მოსარჩელესთან, გ. ნ.თან. ეს უკანასკნელი ცხოვრობს ქირით და ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. დადგენილია, რომ გ. ნ. დასაქმებულია შპს ,,დ.ში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 (ათასხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე მერყეობს. ასევე, გ. ნ.ს დედა, ხ. ნ. იმყოფება საზღვარგარეთ, საიდანაც შეძლებისდაგვარად ეხმარება შვილს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დგინდება, რომ არასრულწლოვანი ი. კ. სწავლობს სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში. სწავლისა და გახანგრძლივებულის წლიური გადასახადი შეადგენს 3300 ლარს. ამასთან, არასრულწლოვანი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებში, კერძოდ, ი. კ. ჩარიცხულია სპს ,,ნ.ს“ სკოლა-ლიცეუმში არსებულ ცეკვის ანსამბლ ,,პ.ში“ 2016 წლის სექტემბრიდან და მისი თვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, იგი ასევე 20xx წლის 04 სექტემბრიდან ირიცხება ა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს. ამავდროულად, ი. კ. ემზადება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კერძო რეპეტიტორთან კვირაში ორი დღე, ხოლო სწავლების თვიური საფასური შეადგენს 60 (სამოცი) ლარს. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გ. კ.ს 2018 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 50).

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არასრულწლოვნის ხარჯები მშობლებს შორის თანაბარი ოდენობით უნდა გადანაწილდეს და შეიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი მოსარჩელეზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

ამდენად, იმ ფაქტის გათვალისწინბით, რომ მოცემული მდგომარეობით, მოპასუხე გ. კ.ს დაბეგრილი შემოსავალი არ ერიცხება, ამავდროულად, საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაითვალისწინა მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობა, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლები და მართებულად მიიჩნია ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად თვეში 300 (სამასი) ლარი.

4.3 პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასთან დაკავშირებით, რომ დედასთან მიჯაჭვულობის პირობებში არასრულწლოვანი ი. კ.ს ხანგრძლივი დროით მოშორება გ. ნ., განსაკუთრებით კი ღამით, ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის ამჟამინდელ ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.

პალატა განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა წარმოადგენს. პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც „ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც“ ასახულია. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.

პალატა მიუთითებს, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 458-440-2016). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany), N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობებია რეგლამენტირებული. ამ მუხლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება განსაზღვრონ და ა.შ. მშობელია უფლებამოსილი ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება .

განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნის დედა არ არის წინააღმდეგი მისმა შვილმა გარკვეული დრო მამასთან და ბებია-პაპასთან გაატაროს, ასევე ბავშვის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, მცირე ხნით დარჩეს მათ სახლში, თუმცა, ეწინააღმდეგება ი. კ.ს ბებია-პაპის სახლში თუნდაც სასკოლო არდადეგების პერიოდში დარჩენას. პალატა შენიშნავს, რომ თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, მათთან ურთიერთობის შედეგად, შეჩვევისა და შეგუების შემდგომ, არასრულწლოვანი, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად წავიდეს დასასვენებლად, სოფელშიც, დედის გარეშე, რამდენიმე დღით, თუმცა შეგულების პერიოდი აუცილებელია, ვინაიდან არასრულწლოვანს წელიწადზე მეტია ურთიერთობა აღარ ჰქონია პაპა-ბებიასთან.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რა მამისა და ბებია-პაპის როლი არასრულწლოვანის სრულყოფილ განვითარებასა და ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნაში, ასევე მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანის დამოკიდებულება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბებია-პაპის ასაკი და ფიზიკური შესაძლებლობები, მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით საწყის ეტაპზე მისი უცხო გარემოში იმ პერიოდულობით დარჩენა, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აქვს დადგენილი, მიზანშეწონილი არ არის. პალატა შენიშნავს, რომ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა, ჩართულია სხვადასხვა სახის აქტივობებში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, მისი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, მამას და ბებია-პაპას მისი წაყვანა ზამთრის არდადეგების პერიოდში - 07 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით და ზაფხულის არდადეგების პერიოდში - 01 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, მათ შორის ღამე მათ სახლში დარჩენის უფლებით, უნდა განესაზღვროთ ბავშვის მამასა და ბებია-პაპასთან ურთიერთობის აღდგენიდან 3 თვის შემდგომ, რამდენადაც, პალატის მოსახრებით, ამ დროს ბავშვს გავლილი ექნება ე.წ შეგუების ეტაპი, გაუცხოვებას არ იგრძნობს ბებია-პაპასთან, მისთვის ღამის გასათევი ადგილის სურვილისამებრ არჩევის უფლება კი მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას ემსახურება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მამისა და პაპა-ბებიის მხრიდან ბავშვთან ურთიერთობის ზემოაღნიშნული წესი ოპტიმალურად უზრუნველყოფს ფსიქოლოგის რეკომენდაციისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით მამის და პაპა - ბებიის უფლებას, იქონიონ არასრულწლოვანთან ურთიერთობა, რადგან, საბოლოო ჯამში, მამის გარდა, პაპა - ბებიის შვილიშვილთან ურთიერთობა არამხოლოდ პაპა-ბებიის კანონისმიერი უფლებების რეალიზაციას ემსახურება, არამედ, ბავშვის ნორმალური ფსიქიკურ განვითარებას, რაც თავის თავში მოიცავს, ბავშვის ურთიერთობას ბიოლოგიურ პაპა-ბებიასთანაც.

4.4. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ. ნ.ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და გ. კ.ს, ც. კ.ს და რ. კ.ს არასრულწლოვან ი. კ.თან ურთიერთობა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში თავიანთ საცხოვრებელ ადგილას წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით განესაზღვროთ არასრულწლოვანთან ურთიერთობის აღდგენიდან 3 თვის შემდგომ.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ. ნ.ს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი, მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება აპელანტისათვის უნდა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარეებს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. გ. ნ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. კ.ს, რ. კ.სა და ც. კ.ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

- გ. კ.ს, ც. კ.ს და რ. კ.ს არასრულწლოვან ი. კ.თან ურთიერთობა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში თავიანთ საცხოვრებელ ადგილას წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით განესაზღვროთ არასრულწლოვანთან ურთიერთობის აღდგენიდან 3 თვის შემდგომ.


5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

6. გ. კ.ს, რ. კ. და ც. კ. გ. ნ.ს სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




მოსამართლე: მაია სულხანიშვილი