საქმის ნომერი: 2ბ/893-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/166-14, ას-1057-997-2015
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/893-15 (2015-06-08), www.temida.ge
საქმის № 200210014508320
საქმის № 2ბ/893-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი

აპელანტი – მ. წ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,უ. კ.“
წარმომადგენელი - ქ. ბ.

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე შპს ,,უ. კ.-ს” დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. წ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე მ. წ. არის აწ გარდაცვლილი ე. წ.-ს (გარდაიცვალა 22.08.2013 წელს) - შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება და მოპასუხის წერილობითი შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე;
- ე. წ.-ს გარდაცვალების მოწმობა;

2.2. შპს ,,უ. კ.-ს” თელავის სამედიცინო ცენტრში პაციენტ ე. წ.-ზე (63 წლის) გახსნილია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №XXXXXXXXXXXX. პაციენტი წარმოადგენდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის” ბენეფიციარს და სარგებლობდა შესაბამის სადაზღვევო ვაუჩერით.

ამბულატორიული ბარათის მიხედვით, 2012-2013 წლებში პაციენტს დაწესებულებაში განხორცილელბული აქვს 5 ვიზიტი:

I. ვიზიტი - 11.05.12 წ. დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ., სახ. სერტ. ,,შინაგანი მედიცინა”) . ,,ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა”
(ექიმი ოტორინოლარინგოლოგი: შ. პ., სახ. სერტ. ,,ოტორინოლარინგოლოგია”;

II.ვიზიტი 10.08.12წ. დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია- II სტადია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.) პაციენტს ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი;

III.ვიზიტი - 02.07.13წ. ,,არტერიული ჰიპერტენზია, კლიმაქსური ნევროზი, ცეფალგია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.). პაციენტს ჩატარებული აქვს ნევროლოგის ბაბულია სიამაშვილის (სახ. სერტ. ,,ნევროლოგია” კონსულტაცი, დიაგნოზი: I 67 ,,დისციკულატორული ენცეფალოპათია”, რაც რეგისტრირებული ამბულატორიული
პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალებში.
თუმცა, ზემოაღნიშნული კონსულტაცის ჩანაწერი ექიმ ბ. ს.-ს მიერ,
ამბულატორიულ ბარათში არ არის გაკეთებული.

IV.ვიზიტი - 04.07.13წ. დიაგნოზი ,,არტერიული ჰიპერტენზია - II სტადია, გიდ. გუ. I ხ., ასთენია, სისხლში ედსის მომატება” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.). პაციენტს ჩატარებული აქვს: სისხლის საერთო ანალიზი, შაქრი სისხლში, ეკგ. კარდიოლოგის კონსულტაცია;

V.ვიზიტი - 20.08.13წ. ექიმ თერაპევტ ნ. ჟ.-ს ჩანაწერის მიხედვით, ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე, გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას. ავადაა დაახლეობით 3 კვირა. დაავადება დაეწყო ხველებით. იტარებდა თვითმკურნალობას მცენარეული ნაყენებით და ამოსახველებელი საშუალებებით. ერთ კვირაში ხველა შეუჩერდა, თავს კარგად გრძნობდა. თუმცა შემდგომში დაეწყო ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა. ობიექტურად: p-რითმული, საშ. ავსებისა და დაჭიმულობის 100/, T/A-120/80, Cor ტონები მოყრუებული, Pulmo - მარჯვნივ პერკუსიით ნათელი ხმიანობა, აუკულტაციით
შუა და ქვემო წილებში, ბეჭის ძვლის ქვემოთ სუნთქვა არ ტარდება. Abdomen - მუცელი პალპატორულად უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისიჯება. თირკმელები ბიმალურად არ ისინჯება, პასტერნაცკის სიმპტომი უარყოფითი ორივე მხარეს.

ავადმყოფს ესაჭირეობა: სისხლის ს/ა, გულმკერდის Ro-გრაფია, ეკგ, კარდიოლოგის კონსულტაცია, ფტიზიატრის კონსულტაცია. ვინაიდან, ავადმყოფს Ro-გრაფიით აღენიშნება მარცხენამხრივი ექსდაციური პლევრიტი, ერჩია სტაციონარული მკურნალობა, რაზედაც უარი განაცხადა. ჩანაწერში არ ფიქსირდება პაციენტის ხელმოწერა შეთავაზებულ სატაციონარულ მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ, ზემოაღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ასევე, არ არის შევსებული პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე).

დაენიშნა:Triaxoni 1,0 კუნთებში 12 სთ ერთჯერ, Nimesili თითო პაკეტი 2-ჯერ ½ ჭიქა წყალში გახსნილი, პოლვიტამინი თითო აბი 2-ჯერ, Cardiomagnili 75 mg 1-ჯერ, Leroni -
სქემით.

ესაჭირეობა ონკოლოგის კონსულტაცია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, დიაგნოზი: დაუდგენელი ეტილოგიის ექსუდაციური პლევრიტი”. სამედიცინო ბარათში ჩაკრული კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, 20.08.13 წელს პაციენტს ჩაუტარდა:

1.სისხლის საერთო ანალიზი:
2.გულმკერდის Ro-გრაფია (დასკვნა: ,,მარცხნივ წინა , IV ნეკნის დონიდან აღინიშნება ინტესიური დაჩრდილვა, სინუსი არ შუქდება (სავარაუდო სითხე). შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ”. (ექიმ - რეტგენოლოგი ცისმარი ხუციშვილი, სახ. სერტ. ,სამედიცინო რადიოლოგია”);

21.08.13წ. 23:50 საათ. პაციენტი ე. წ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, შეყვანილი იქნა შპს ,,უ. კ.-ს” თელავის რეფერალურ საავადმყოფოში (მის: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი) დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, გულის მწვავე უკმარისობა, შეგუბებითი”. 22.08.13წ. 00:30 საათზე პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების შეშუპებით გამოწვეული ღრმა ჰიპოქსიის გამო, პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, უკეთდებოდა ანტიკოაგულანტები, ჰორმონალური და ვაზოპრესორული საშუალებები. 01:10 საათზე განვითარდა ასისტოლია. ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა
შედეგი არ გამოიღო 01:40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზი უნდა ყოფილიყო გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არაწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

დადგენილია სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანი შეიძლება იყოს ქირურგიული ოპერაციის ან არაწორი დიაგნოზის შედეგი და სხვა.

ქონებრივ ზიანთან დაკავშირებული პიროვნების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ფიზიკურ პირს; თავად დაზარალებულს, დაზარალებულის სიკვდილის შემთხევაში - იმ შრომისუუნარო პირებს, რომლებიც დაზარალებულის კმაყოფაზე იმყოფებიან და აშ. ყველა მათგანი წარმოადგენს უფლების სუბიექტს.

ვალდებულ სუბიექტს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მკურნალობის პერიოდში პირის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი, ქმედება (უმოქმდობის) არამართლზომირება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი.

სამედიცინო დაწესებულების ბრალი, რაც გამოიხატა არამართლზომიერი და ბრალეულ მოქმედებაში (უმოქმდობაში) შეიძლება დადგინდეს შემდეგი მტკიცებულებების საფუძველზე: პროფესიული დაავადების შესახებ სამედიცინო დასკვნა, ავადმყოფობის ,,ისტორიის” შექმნა არასწორი დიაგნოზის საფუძველზე, პაციენტისადმი არასათანადო ყურადღება, რამაც პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია და აშ.

საკომენტარო მუხლიდან თავისთავად გამომდინარეობს დებულება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დაწესებულების მუშაკის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი და იგი ეკისრება სამედიცინო დაწესებულებას. სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია რეგრესის წესით მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება პირს, ვისი ბრალითაც მიადგა ზიანი ამა თუ იმ პირის ჯანმრთელობას.

ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. მაგალითად: სამედიცინო დაწესებულების მუშაკის მიერ მძიმე ქირურგიული ოპერაციის ჩატარებისას, რომელიც განხორციელდა, პაციენტის წინასწარი თანხმობის გარეშე საფუძველზე. პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხევაში, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სამედიცინიო დაწესებულებას, თუ იგი მოქმედებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფარგლებში და არ არსებობს ბრალი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის (ნორმის) მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორცილებული დაიგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი.
ექიმის (სამედიცინო პერსონალი) საქმიანობას აწესრიგებს კანონმდებლობა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტები.

საქართველოს კანონდებლობაში საექიმო შეცდომების აღმნიშვნელი სხდასხვა ტერმინები იხმარება. ტერმინი ,,მცდარი საექიმო ქმედება” შემდეგი სახით არის განმარტებული კანონში ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” მე-3 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტით: მცდარი სამედიცინო ქმედება - ექიმის უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო დიაგნოზი ან/და სამკურალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებეული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

საექიმო შეცდომაში იგულისხმება ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარებისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურანალო ღონისძიებების ჩატარება, რაც თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშაუალო მიზეზი გახდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული; წინააღმდეგ შემთხევაში ექიმის ქმედება პროფესიულ შეცდომად აღარ ჩაითვლება.

ამავდროულად, პაციენტსა და ექიმს შორის წარმოშობილი ურთეურთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ექიმი პასუხისმგებელია მხოლოდ მცდარ სამედიცინო მოქმედებაზე და მისი საქმიანობის მიმართ ბრალეულობის ვარაუდი (პრეზუმფცია) არ მოქმედებს. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვრთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა, იგი პასუხს აგებს არაწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე.

მოსარჩელე მიუთითებს , რომ დარღვეულია სამდიცინო დოკუმენტაციის წარმოება. სამედიცინო დოკუმენტაციის არარსებობა ან არაწორად წარმოება გავლენას ახდენს მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთზე, ვინაიდან ექიმმა, მიუხედავდ სამედიცინო დოკუმენტაციის არასათანადობისა, უნდა ამტკიცოს მისი ქმედების (დიაგნოზის, მკურნალობის, ქირურიული ჩარევისა თუ ჩაურევლობის და სხვა) სისწორე. ამდენად, სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილი წარმოება უალტერნატივოდ იწვევს მედიცინის მუშაკის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო სამოქალაქო - სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია ზიანის ანაზღაურების დაკისრების ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს, ექიმის მიერ ამა თუ იმ სავალდებულო სამკურნალო მოქმედების სათანადო განხორცილების დასადასტურებლად ექიმს შეუძლია, სამედიცინო დოკუმენტაცია გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა ამტკიცოს, რომ ასეთი მოქმედება მან ნამდვილად განახორციელა. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამედიცინო შეცდომა მხოლოდ მაშინ იწვევს სამოქალაქო- სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამ შეცდომას მოჰყვა ზიანი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში არსებული დარღვევა ცალსახად სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ წარმოშობს, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, ზიანი ვალდებულების დარღვევის შედეგი იყოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრხილებლობით ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზაინის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ეთიკის მეცნიერებში დამკვიდრებული განმარტების მიხედვით, პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. ღირსების ქვეშ იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე მისი ვალის მოხდის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება თავად პიროვნების მიერ. ამასთან, ეს შეფასება ემყარება მორალური თუ სხვა თვისებების შეფასების საზოგადოების მიერ აღაირებულ კრიტერიუმებს.

მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით პირის პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით შესაბამის დაცვას ექვემდებარება, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებანი: შელახულია ფიზიკური ან იურიდიული პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია; პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობები გავრცელებულია; გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.

პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქვეშ იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნოებების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.

პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ქვეშ იგულისხმება ასეთი ცნობების გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ცნობების გადმოცემა საჯარო განცხადებებში, გამოსვლებში; სიტყვიერად თუ ზეპირად მათი მიწოდება დაწესებულებისა და ორგანიზაციებისათვის, ერთი ან რამდენიმე პირისათვის.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში მოსარჩელის უფლების დაცვის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: ა) გავრცელებული ცნობების უარყოფა; ბ) გავრცელებული არასრული ცნობების შევსება ისეთი ცნობებით, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამებიან და ამასთან აქარწყლებენ გავრცელებულ არასრულ, პატივის, ღირესების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნოებებს; გ) გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით, რომლითაც ისინი გავრცელდა; დ) იმ საბუთის შეცვლა, რომელიც სინამდვილის შეუსაბამო ცნობებს შეიცავდა და გავრცელდა არა ფიზიკური პირის, არამედ ორგანიზაციის მიერ;

პირადი არაქონებრივი უფლებების იურიდიული შინაარსი მოიცავს ფიზიკური პირის შესაძლებლობას, სამართლის ყველა სხვა სუბიექტისაგან მოითხოვოს მისი აღნიშნული უფლებების პატივისცემა. ვიდრე პიროვნული უფლება არ დარღვევულა ან არ შექმნილა მისი ხელყოფის საფრთხე. ეს მოთხოვნა პრეზიუმირებულია საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხელყოფის ან საფრთხის არსებობისას აღნიშნული მოთხოვნა აქტიურად ვლინდება და კონკრეტულ ფორმას იღებს. მე-18 მუხლის მიხედვით არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმად მიჩნეულია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (გავრცელებული ცნობების უარყოფა). დაცვის ეს ფორმები უმთავრეს მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას და მათი განხორცილების მოთხოვნა ფიზიკურ პირს შეუძლია ხელყოფის ბრალეულობის მიუხედავად.

თუ პირადი ქონებრივი უფლების ხელყოფა ხორცილდება ვინმეს ბრალეული მოქმედებით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი ზარალის ამ მორალური ზიანის ანაზღაურება ან ზარალის და მორალური ზიანის ანაზღაურება ერთად.

პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ საფუძვლად ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძველები. ამასთან, კანონი ითვლისწინებს გარემოებებს, რომლებიც სპეციფიკურია არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებებისათვის.

პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების პირველ, უმთავრეს საფუძველს თავად ქონებრივი ზიანის არსებობა წარმოადგენს. ზიანის ქვეშ, მოცემულ შემთხვევაში, უგულისხმება ქონებრივი დანაკლისი, რაც ფიზიკურმა პირმა მისი უფლებების ხელყოფით განიცადა. აღნიშნული დანაკლისი შესაძლოა დადგეს ანაცდენი სარგებლის სხით.

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მეორე აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რომლითაც ხდება პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა. საგულისხმოა, რომ მე-18 მუხლი იძლევა პირადი არაქონებრივი უფლებებით დაცული ზოგადი პიროვნული ღირებულებების ამომწურავ ჩამონათვალს. სხვა პიროვნული სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ქონებრივი ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მესამე აუცლებელი საფუძველია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქონებრივი ზიანი უნდა იყოს უშუალო შედეგი პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფისა. ქონებრივი ზაინის ანაზღაურების მეოთხე აუცილებელ საფუძველს შეადგენს ხელმყოფი პირის ბრალი. ეს უკანასკნელი თავის მოქმედებით მიზნად უნდა ისახავდეს უფლების მატარებელი სუბიექტის პიროვნების კომპრომეტაციას ან ითვალისწინებდეს მისი მოქმედებით დაზარალებულის კომპრომენტაციის შესაძლებლობას. ზიანის მიმყენებლის განზრახვა ან გაუფრთხილებლობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის თანაბარი მნიშვნელობისაა. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის უმნიშვნელოვანეს სიახლეს განეკუთვნება. საგულისხმოა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი ძირითად სწორედ პირად არაქონებრივ უფლებათა დარღვევებს უკავშირებს.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ფაქტობრივი საფუძვლების იგივე ჩამონათვალს ემყარება, რასაც პასუხისმგებლობა არაქონებრივი უფლებების ხელყოფით გამოწვეული ქონებრივი ზიანისათვის. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არსებითად განსახვავებული შინაარსისაა მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების პირველი ფაქტობრივი საფუძველი - ზიანი. მორალური ზიანის ქვეშ, მოცემულ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანი შესაძლოა სხვადასხა სიმძიმის იყოს - დაწყებული მორალური დარღვევებით, რომლებიც თავს ატყდება ადამიანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არ ბღალავს მისი სირცხვილის გრძნობას, დამთავრებული სულიერი ტკივილებით, რომლებიც შესაძლოა მისი ფიზიკური დაუძლურების ან ფსიქიკური აშლილობის საფუძველი შეიქმნას. პიროვნული ღირებულებების ხელყოფის დროს ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მორალური და არა მატერიალური ზიანის დადასტურებას ცდილობს.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც იგი ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ხორციელი ტკივილის კომპენსაციისათვის. მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით გადასაწყვეტია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს ,,გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით”.

მორალური ზიანის ანაზღაურების პირველ უმთავრეს მიზანს არა ხელყოფილი უფლების რესტიტუცია შეადგენს, რომელიც შეუძლებელია, რადგან მიყენებული ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, არამედ სულიერი თუ ხორციელი ტკივილის ან ხელყოფილი პიროვნული სიკეთის დადებითი ემოციებით შეცვლა. ფულადმა კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს ახალი დადებითი ემოციების მეშვეობით დაზარალებულის სულიერი გაწონასწორება და სრულფასოვანი ჩართვა სოციალურ ურთიერთობაში.

თუ პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფა არავითარ სუბსტანციურ ზიანს არ აყენებს პიროვნებას, მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური ხასიათი აქვს. მაგრამ ფულადი სიმბოლური საზღაურით ხორცილდება, ერთი მხრივ, დარღვევული პიროვნული უფლების აღიარება, მეორე მხრივ, ქონებრივი ზემოქმედება პიროვნული უფლების ხელმყოფზე მის მიერ ჩადენილი ხელყოფის სიმძიმის მიხედვით, რასაც თავისთავად ახლავს პრევენციული ფუნქცია უცხო პირებთან მიმართებაში. თუ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ მორალური დაკმაყოფილების ფუნქცია დაეკისრება, გამორიცხული არ არის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლადამრღვევისათვის წინასწარ კალკულირებადი და მომგებიანი საქმე გახდეს, რაც პიროვნების უფლებათა პრაქტიკულად უსანქციო დარღვევის შესაძლებლობას ნიშნავს. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი, 1999 წ. გვ, 57-78).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ- სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობის და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამედიცინო დაწესებულების ბრალი. არ დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ არაწორად განხორცილებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ე. წ.-ს გარდაცვალება. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ შპს ,,უ. კ.-ს” თელავის სამედიცინო ცენტრში პაციენტ ე. წ.-სათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ პაციენტის გარდაცვლაების უშუალო მიზეზი, უნდა ყოფილიყო გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკამარისობა. (იხ. პროფესიული განვითარების საბჭოს 2014 წლის 24 იანვრის №1 სხდომის ამონაწერი)

შესაბამისად არ არსებობს შპს ,,უ. კ.-ს” თელავის სამედიცინო ცენტრის მიმართ არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი, ქმედება (უმოქმდობის) არამართლზომირება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მოთხოვნა).

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მარინა წიქარაძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მორალური ზიანის ნაწილში აპელანტმა უარი განაცხადა სარჩელზე და შესაბამისად, ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ე. წ.-მ მეოთხედ მიმართა უბნის ექიმს- ნ. ჟ.-ს იგივე ჩივილებით, კერძოდ მას უკვე ჰქონდა საერთო სისუსტე, ჰაერის უკამარისობა, მაგრამ დიაგნოზი რატომღაც არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა და დაენიშნა მკურნალობა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ვინადან მას ჰქონდა პლევრიტი.

სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ პაციენტი გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე და თითქოს უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. მოპასუხე ცდილობს გადააბრალოს გარდაცვლილს დამდგარი შედეგი, რადგან არ არსებობს წერილობითი გაფრთხილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სწორედ სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობით დადგა გამოუსწორებელი შედეგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია ზიანი ვალდებულების დარღვევის შედეგი იყოს. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სწორი დიაგნოზის დასმა, ასევე პაციენტის ინფორმირება, რომ აუცილებლი იყო ჰოსპიტალიზაცია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

პალატა თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე მ. წ. არის აწ გარდაცვლილი ე. წ.-ს შვილი.

2.2. შპს ,,უნიმედი კახეთის” თელავის სამედიცინო ცენტრში პაციენტ ე. წ.-ზე (63 წლის) გახსნილია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №XXXXXXXXXXXX. პაციენტი წარმოადგენდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის” ბენეფიციარს და სარგებლობდა შესაბამის სადაზღვევო ვაუჩერით.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2014 წლის 24 იანვრის №1 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ამბულატორიული ბარათის მიხედვით, 2012-2013 წლებში პაციენტს დაწესებულებაში განხორციელებული აქვს 5 ვიზიტი:

I. ვიზიტი - 11.05.12წ. დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია” (ექიმი თერაპევტი: ნ.
ჟ., სახ. სერტ. ,,შინაგანი მედიცინა”) . ,,ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა”
(ექიმი ოტორინოლარინგოლოგი: შ. პ., სახ. სერტ. ,,ოტორინოლარინგოლოგია”;

II.ვიზიტი 10.08.12წ. დიაგნოზი: ,,არტერიული ჰიპერტენზია- II სტადია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.) პაციენტს ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევა
- სისხლის საერთო ანალიზი;

III.ვიზიტი - 02.07.13წ. ,,არტერიული ჰიპერტენზია, კლიმაქსური ნევროზი, ცეფალგია” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.). პაციენტს ჩატარებული აქვს ნევროლოგის ბ. ს.-ს (სახ. სერტ. ,,ნევროლოგია” კონსულტაცი, დიაგნოზი: I 67 ,,დისციკულატორული ენცეფალოპათია”, რაც რეგისტრირებული ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალებში. თუმცა, ზემოაღნიშნული კონსულტაცის ჩანაწერი ექიმ ბ. ს.-ს მიერ, ამბულატორიულ ბარათში არ არის გაკეთებული.

IV.ვიზიტი - 04.07.13წ. დიაგნოზი ,,არტერიული ჰიპერტენზია- II სტადია, გიდ. გუ. I ხ., ასთენია, სისხლში ედსის მომატება” (ექიმი თერაპევტი: ნ. ჟ.). პაციენტს ჩატარებული აქვს: სისხლის საერთო ანალიზი, შაქრი სისხლში, ეკგ. კარდიოლოგის კონსულტაცია;

V.ვიზიტი - 20.08.13წ. ექიმ თერაპევტ ნ. ჟ.-ს ჩანაწერის მიხედვით, ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე, გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას. ავადაა დაახლოებით 3 კვირა. დაავადება დაეწყო ხველებით. იტარებდა თვითმკურნალობას მცენარეული ნაყენებით და ამოსახველებელი საშუალებებით. ერთ კვირაში ხველა შეუჩერდა, თავს კარგად გრძნობდა. თუმცა შემდგომში დაეწყო ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა. ობიექტურად: p-რითმული, საშ. ავსებისა და დაჭიმულობის 100/, T/A-120/80, Cor ტონები მოყრუებული, Pulmo - მარჯვნივ პერკუსიით ნათელი ხმიანობა, აუკულტაციით
შუა და ქვემო წილებში, ბეჭის ძვლის ქვემოთ სუნთქვა არ ტარდება. Abdomen - მუცელი პალპატორულად უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისიჯება. თირკმელები ბიმალურად არ ისინჯება, პასტერნაცკის სიმპტომი უარყოფითი ორივე მხარეს. ავადმყოფს ესაჭირეობა: სისხლის ს/ა, გულმკერდის Ro-გრაფია, ეკგ, კარდიოლოგის კონსულტაცია, ფტიზიატრის კონსულტაცია.

ვინაიდან, ავადმყოფს Ro-გრაფიით აღენიშნება მარცხენამხრივი ექსდაციური პლევრიტი, ერჩია სტაციონარული მკურნალობა, რაზედაც უარი განაცხადა. (ჩანაწერში არ ფიქსირდება პაციენტის ხელმოწერა შეთავაზებულ სატაციონარულ მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ, ზემოაღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ასევე, არ არის შევსებული პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე).

დაენიშნა: Triaxoni 1,0 კუნთებში 12 სთ ერთჯერ, Nimesili თითო პაკეტი 2-ჯერ ½ ჭიქა წყალში გახსნილი, პოლვიტამინი თითო აბი 2-ჯერ, Cardiomagnili 75 mg 1-ჯერ, Leroni -
სქემით.

ესაჭირეობა ონკოლოგის კონსულტაცია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, დიაგნოზი: ,,დაუდგენელი ეტილოგიის ექსუდაციური პლევრიტი”.

სამედიცინო ბარათში ჩაკრული კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, 20.08.13 წელს პაციენტს ჩაუტარდა:

1.სისხლის საერთო ანალიზი;
2.გულმკერდის Ro-გრაფია (დასკვნა: ,,მარცხნივ წინა , IV ნეკნის დონიდან აღინიშნება ინტესიური დაჩრდილვა, სინუსი არ შუქდება (სავარაუდო სითხე). შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ”. (ექიმ - რეტგენოლოგი ცისმარი ხუციშვილი, სახ. სერტ. ,სამედიცინო რადიოლოგია”);

21.08.13წ. 23:50 სთ. პაციენტი ე. წ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, შეყვანილი იქნა შპს ,,უ. კ.-ს” თელავის რეფერალურ საავადმყოფოში (მის: ქ. თელავი, ა. გ.) დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, გულის მწვავე უკმარისობა, შეგუბებითი”. 22.08.13წ. 00:30 საათზე პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების შეშუპებით გამოწვეული ღრმა ჰიპოქსიის გამო, პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, უკეთდებოდა ანტიკოაგულანტები, ჰორმონალური და ვაზოპრესორული საშუალებები. 01:10 საათზე განვითარდა ასისტოლია. ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო 01:40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზი უნდა ყოფილიყო გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა.

ამავე ოქმის შესაბამისად, პაციენტის ე. წ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ გადაეგზავნა შპს ,,თ. ც. ს.-ს". რეცენზენტების დასკვით: ,,პაციენტის კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ანალიზიდან ჩანს, რომ ნეგატიური ტენდენციები იკვეთება 04.07.13-დან: სინუსური ტაქიკარდია, ედს-ს მომატება - ამ მიმართულებით ოჯახის ექიმს სათანადო ცვლილებები აქვს შეტანილი დანიშნულებაში. უკანასკნელი ვიზიტისას, რომელიც ამ ფაქტიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ განხორციელდა, კლინიკურად გამოვლინდა ექსუდაციური პლევრიტის ნიშნები, რაც დადასტურდა რენტგენოლოგიურადაც (მარცხნივ წინა მეოთხე ნეკნის დონიდან აღინიშნება ინტენსიური დაჩრდილვა, სინუსი არ შუქდება - სავაუდოა სითხე, შუასაყარი ცდომილია მარჯვნივ).

ოჯახის ექიმის მიერ, ამჯერადაც იქნა დანიშნულებაში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები და მიეცა პაციენტს რეკომენდაცია ფტიზიატრის და ონკოლოგის კონსულტაციის ჩატარების თაობაზე. ასევე, განემარტა სტაციონარში მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა, რაზედაც პაციენტმა უარი განაცხადა. ამბულატორიულ ბარათში არ არის დაფიქსირებული ინფორმაცია იმის თაობაზე, განემარტა, თუ არა პაციენტს მოსალოდნელი გართულებები დეტალურად და მიეცა თუ არა რეკომენდაცია პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაციის თაობაზე“.

რეცენზენტების დასკვნით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა 21.08.2013 წელს, არამედ წინა დღეს - 20.08.2013 წელს. პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი), იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც უარყოფითი დინამიკა ძალზედ სწრაფად განვითარდა და მიუხედავად მედპერსონალის ადექვატური ქმედებისა, ეს უკანასკნელი უშედეგო აღმოჩდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაისვა საკითხი, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,უ. კ.“ - თელავის სამედიცინო ცენტრის ექიმ თერაპევტ, ნ. ჟ.-ს პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ.

დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით ექიმ ნ. ჟ.-ს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ერთი თვის ვადით სპეციალობაში ,,შინაგანი მედიცინა“.

საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს მისთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია: ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის: ა.ა) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო, პალიატიური ჩარევებისა და მათი ალტერნატიული ვარიანტების, თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ; ა.ბ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ; ა.გ) განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ა.დ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ; ბ) ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშემწყობი ან უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ; გ) პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების არსებული სახეებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა შესახებ, აგრეთვე გაწეული თუ განზრახული სამედიცინო მომსახურების საფასურისა და მისი ანაზღაურების წესის თაობაზე.

ამავე კანონის 46.1 მუხლის თანახმად, თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით.

პაციენტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

პაციენტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე. ამავე კანონის მე-18.1 მუხლის შესაბამისად, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია: გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ექიმი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ყველა არსებითი ინფორმაცია, რომელიც ექიმმა იცის, ან უნდა იცოდეს და რომელიც მნიშვნელოვანია პაციენტისათვის, როგორც გონიერი ადამიანისათვის, რათა გადაწყვიტოს დათანხმდეს თუ უარყოს ექიმის მიერ შეთავაზებული პროცედურა. ინფორმირებული თანხმობის მიღებისას ექიმი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ პაციენტს გაცნობიერებული აქვს, თუ რასთან დაკავშირებით გამოხატავს იგი თანხმობას და ესმის მოსალოდნელი რისკების შესახებ. ინფორმირებული თანხმობა გამოვლენილად ითვლება, თუ თანხმობამდე პაციენტს მიეწოდა ინფორმაცია: სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ; სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის შესახებ, განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტებისა და ამ უკანასკნელთა თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისას, ექიმს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

სამედიცინო მომსახურების თაობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობის პირობებში, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობა დაეკისრება თუ ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება მედიცინის მუშაკის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს. ექიმის მიერ ამ თუ იმ სავალდებულო სამკურნალო მოქმედების სათანადო განხორციელების დასადასტურებლად ექიმს შეუძლია, სამედიცინო დოკუმენტაცია გამოიყენოს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის ნაწარმოები სრულყოფილად.

დადგენილია, რომ პაციენტის ერთ-ერთი ვიზიტი ექიმთან შედგა 2013 წლის 20 აგვისტოს. კლინიკურად გამოვლინდა ექსუდაციური პლევრიტის ნიშნები, რაც დადასტურდა რენტგენოლოგიურადაც.

პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ ამბულატორიულ ბარათში არ არის დაფიქსირებული ინფორმაცია იმის შესახებ, განემარტა თუ არა პაციენტს მოსალოდნელი გართულებების შესახებ დეტალურად და მიეცა თუ არა რეკომენდაცია პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაციის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პაციენტს ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

სპეციალისტების დასკვნით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებულიყო 20.08.2013 წელს. პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი) იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც უარყოფითი დინამიკა ძალზედ სწრაფად განვითარდა და მიუხედავად მედპერსონალის ადექვატური ქმედებისა ეს უკანასკნელი უშედეგო აღმოჩნდა. ამდენად, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ არაინფორმირებულობის შედეგად, უშედეგო აღმოჩნდა სამედიცინო დახმარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს პაციენტისათვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტს.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში მატერიალური ზიანი გამოიხატა დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებში. ასეთი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას მოვალეს ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაზარალებულის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 1000 ლარს.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა აღნიშნულ დავაში განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,უ. კ.-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 350 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა


1. მ. წ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება

3. მ. წ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. დაეკისროს შპს ,,უ. კ.-ს" მ. წ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

5. შპს ,,უ. კ.-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 350 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.