საქმის ნომერი: 2ბ/7589-17
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1135-2018, 2/540-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: შრომითსამართლებრივი დავის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, რადგან დასაქმებულის გათავისუფლებისთვის საჭირო წინაპირობები, - ვალდებულების დარღვევა, რომელიც იქნებოდა უხეში ხასიათის და სამსახურიდან გათავისუფლება Ultima Ratio-ს პრინციპის შესაბამისად, არ იყო სახეზე. სასამარლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს დაევალა, ყოფილი დასაქმებული აღედგინა იმავე თანამდებობაზე, რადან დამსაქმებლს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის იგივე საშტატო ერთეული სხვა პირის მიერ იყო დაკავებული. რადგან ყოფილმა დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო ვერ მიიღო თანხა, რომელსაც ის იღებდა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ყოველთვიურად, დამსაქმებელს დაევალა აენაზღაურებინა აპელანტისთვის იძულებითი განაცდური.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/7589-17 (2018-05-25), www.temida.ge
საქმის № 330210016001215625
საქმის № 2ბ/7589-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი

აპელანტი – მ. ჯ.
წარმომადგენელი – მ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ქ.თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღი
წარმომადგენლები – მ. ბ., თ. ვ. (დირექტორი)

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილდება

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ჯ. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის 16.12.20015წ. №2/28 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ. სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ჯ. და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მ. ჯ.-მ განცხადება საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით 2015 წლის 2 დეკემბერს დაწერა. აღნიშნული განცხადება აღრიცხვის ჟურნალში გატარდა 2015 წლის 3 დეკემბრის რიცხვით, ამავე დღეს სამსახურში დაბრუნდა ბაგა-ბაღის დირექტორი თ. ვ.. შესაბამისად, მ. ჯ.-ს თანამდებობაზე არყოფნის ვადა რეალურად იყო ერთი დღე. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის დღეთა რაოდენობად სამი დღე დაადგინა, რაც არასწორია.

5. სასამართლომ არამართებულად დაუკავშირა ბაგა-ბაღის თანამშრომლების მიერ პროდუქტის გადამალვის ფაქტი მ. ჯ.-ს სამსახურში არყოფნის ფაქტს და აღნიშნული გარემოება არასწორად მიიჩნია მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლად.

6. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა აპელანტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და მისი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება. ბაღების სააგენტოს მონიტორინგის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ჯ.-ს გათავისუფლებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევაში, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებაში ამხელდა №XX საბავშვო ბაგა-ბაღის მზარეულსა და მის ორ თანაშემწეს. მიუხედავად ამისა, განსხვავებით აპელანტისგან, რომელმაც საპატიო მიზეზის - ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, ერთი დღით ვერ შეძლო სამსახურში გამოცხადება, დირექტორმა მზარეული და მისი თანაშემწეები არ გაათავისუფლა სამსახურიდან. მზარეული - ლ. კ. დღემდე მუშაობს №XX ბაგა-ბაღში თანამდებობაზე, ხოლო მზარეულის თანაშემწეებს დირექტორმა შესაძლებლობა მისცა საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყვნენ სამსახურიდან. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელე 2006 წლიდან პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორია, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

9. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10. ა(ა)იპ №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორსა და მ. ჯ.-ს შორის გაფორმებული 27.08.2014 წ. №01 უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებული იყო საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

11. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (დარიცხული ოდენობა).

12. ა(ა)იპ №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ გამოცემული 19.11.2015 წ. №2/26 ბრძანებით, მოსარჩელეს, დირექტორის - თ. ვ.-ის შვებულებაში ყოფნის გამო, დროებით - 2015 წლის 24 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, დაეკისრა დირექტორის მოვალეობის შესრულება.

13. 02.12.2015 წელს ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფის მიერ განხორციელდა №XX საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგი, რომლის შედეგად სამზარეულოს შემოწმებისას აღმოჩნდა სამზარეულოს თანამშრომლების მიერ გადამალული რამდენიმე დასახელების პროდუქტი. კერძოდ: ყველი - 1 კგ, 125 გრ; შვრია - 1 კგ; მოხარშული ქათმის ხორცი - 1 კგ, 100 გრ; ვაშლის ჯემი - 1 ქილა; ბულგარული წიწაკა - 3 კგ, 800 გრ; ლიმონი - 5 კგ, 440 გრ. აღნიშნულ ფაქტზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მზარეულსა და მზარეულის თანაშემწეებს. თანაშემწეებმა აღიარეს, რომ პროდუქტები მათ გადამალული ჰქონდათ სახლში წასაღებად.

14. მონიტორინგის სამსახურის 08.12.2015 წლის დასკვნის თანახმად, №XX ბაგა-ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჯ. არ იმყოფებოდა სამსახურში, მან თვითნებურად, გაფრთხილების გარეშე მიატოვა ბაღი და გაემგზავრა ქალაქგარეთ. მ. ჯ.-ს ბაღში არ ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა დირექტორი და ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კადრების სამსახური.

15. სააგენტოს სამსახურის მიერ ბაღის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, მ. ჯ.-ს მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სახით.

16. 15.12.2015 წელს ა(ა)იპ თბილისის №XX ბაგა-ბაღის სათათბირო ორგანოს მიერ განხილული იქნა დირექტორის ინფორმაცია, რომელმაც ორგანოს აცნობა, რომ „მ. ჯ.-ს განცხადებით, მას 28 ნოემბერს გარდაეცვალა ოჯახის ახლობელი (მაზლი). მიუხედავად აღნიშნულისა, იგი დადიოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობებს. 1 დეკემბერს, დღის ბოლოს, მან დაწერა გაურკვეველი შინაარსის განცხადება, სადაც ადრესატიც არასწორად იყო მითითებული, მასში არ იყო აღნიშნული გასაცდენი დღეების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ატარებდა სხვა განცხადებებს, ეს განცხადება დატოვა მაგიდაზე, არ გაუტარებია ჟურნალში. არ უცნობებია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის, ასევე შეეძლო 5 დღის განმავლობაში დაერეკა დირექტორისათვის, რაც არ გაუკეთებია. მას აღნიშნულზე არც რაიმე ახსნა -განმარტება წარმოუდგენია“.

16.1. წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვის შედეგად, სათათბირო ორგანოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო მ. ჯ.-ს მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და გათავისუფლებულიყო დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

17. ა(ა)იპ №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 16.12.2015წ. №2/28 ბრძანებით დირექტორის მოადგილე მ. ჯ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 2 დეკემბრის მონიტორინგისა და 08.12.2015 წ. დასკვნის, ასევე 2015 წლის 15 დეკემბრის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

18. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას დისკრიმინაციული საფუძვლით მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.


„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დისკრიმინაციული საფუძვლის არსებობა.

19. მ. ჯ.-სთან შრომითი ურთიერთიერთობის შეწყვეტის საფუძველია მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უხეში დარღვევა.

19.1. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

19.2. მ. ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია ა(ა)იპ №77 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 16.12.2015წ. №2/28 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე გათავისუფლდა.

19.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა „უხეშ“ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში.

20. პალატას მიაჩნია, რომ მ. ჯ.-ს, როგორც ა(ა)იპ #77 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მასზე დაკისრებული ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია, შესაბამისად, არ არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათავისუფლების წინაპირობები.

20.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით სასამართლოს მიმართა.

20.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

20.3. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

20.4. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

20.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმეულ დროსა და ადგილას.

20.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდიდიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

20.7. პალატა განმარტავს, რომ, სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.

20.8. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.

20.9. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის მითითებული კონვენცია ძალაში არ არის, საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მიუერთდა ამ კონვენციას, შრომითი ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია“ (საქმე №ას-252-239-2015 6 მაისი, 2015 წელი). მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. ამგვარი კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს - ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შრომით რეკომენდაციებს, რომელთაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშტაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისთვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია „არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ კომპონენტად: 1) მუშა-მოსამსახურეთა მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა) და 2) შეუფერებელი ყოფაქცევა.

20.10. მუშაკის მიერ „შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებაში იგულისხმება: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფა; შრომის შინაგანაწესის დარღვევა (განსაკუთრებით, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის წესების კუთხით); დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა; არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან საერთოდ გამოუცხადებლობა“ (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის N158 კონვენციისა და N166 რეკომენდაციის ზოგადი მიმოხილვა, 89-ე პუნქტი; 1995 წ. შრომის საერთაშორისო კონფერენცია, 82-ე სესია).

20.11. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურში გამოუცხადებლობა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი, რაც განპირობებული იყო ოჯახის წევრის (მაზლის) გარდაცვალებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასებული იქნა საპატიოდ. სასამართლოს აღნიშნული შეფასება მოპასუხე მხარეს სდავოდ არ გაუხდია და მას სააპელაციო პალატაც იზიარებს.

20.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ ვალდებულებების უხეშ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. ჯ.-მ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვა საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულება, რასაც საკვებ ბლოკში მნიშვნელოვანი დარღვევა - სამზარეულოში მომუშავე პირების მხრიდან ბაღის აღსაზრდელთა ნორმირებული საკვები რაციონისათვის გათვალისწინებული პროდუქტების გადამალვა მოჰყვა შედეგად.

20.13. პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.

20.14. განსახილველ შემთხვევაში, პროდუქტების გადამალვის ფაქტის სამართლებრივი შეფასებისა და აღნიშნულთან მიმართებაში მოსარჩელის ბრალეულობის დადგენის მიზნებისთვის პალატა მიუთითებს ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-9 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე, დამუშავებასა და საკვების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მზარეული (ტ.1., ს.ფ. 93), ხოლო ამავე შინაგანაწესის მე-4 მუხლის თანახმად, ბაგა-ბაღის საწყობებში არსებული მარაგების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი განეკუთვნება სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის უფლება-მოვალეობებს (ტ.1. ს.ფ.91). დადგენილია, რომ პროდუქტების გადამალვის მიმართ მოსარჩელეს პირადი გამორჩენის ინტერესი არ ჰქონია.

20.15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მზარეულის ან/და მისი თანაშემწეების მიერ პროდუქტების გადამალვის ფაქტი მ. ჯ.-ს ვერ შეერაცხება ბრალად, ვინაიდან, პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა უფროსი მზარეული (იხ: შინაგანაწესის მე-9 მუხლი). აღნიშნული გარემოება ვერ განიხილება მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ. ჯ. საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამსახურში. ამავდროულად, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში (2008 წლიდან) მუშაობდა №XX ბაგა-ბაღში და სადავო ბრძანების მიღებამდე მის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, რაც ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

20.16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადგენლად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი გამოიხატება უფლებამოსილი პირის წინაწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურის გაცდენაში.

21. ზემოაღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას საჭიროა პასუხი გაეცეს კითხვას: შეიძლება თუ არა მხოლოდ გაცდენილ დღეთა რაოდენობა იყოს საკმარისი საფუძველი დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისათვის? აღნიშნულ კითხვასთან მიმართებით, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ უარყოფითი პასუხი გასცა და განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით (მოცემულ შემთხვევაში მიზეზი საპატიოა იხ: ფაქტობრვი გარემოება 20.11.) გაცდენის შემთხვევაში, მხოლოდ გაცდენილ დღეთა რაოდენობას (ერთი ან რამდენიმე დღის არასაპატიო მიზეზით გაცდენა) არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენასთან ერთად, აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ რა შედეგი გამოიწვია ამ გადაცდომამ ან რა შედეგი შეიძლება, გამოეწვია მას დამსაქმებლისათვის. ამასათან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოს სპეციფიკა, თუ რამდენად გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სამუშაოდან გასათავისუფლებელი პირის მიმართ პირდაპირ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ღონისძიების გამოყენება. (საქმე №ას-252-239-2015 6 მაისი, 2015 წელი)

22. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მ. ჯ.-ს მიმართ გამოყენებული ღონისძიების (სამსახურიდან გათავისუფლება) ადეკვატურობასა და თანაზომიერებასთან დაკავშირებით.

23. აღსანიშნავია, რომ №XX ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-13 მუხლის შესაბამისად, მ. ჯ.-ს მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების დარღვევის და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო მის მიმართ გამოეყენებინა შემდეფი სახის დისციპლინური ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) ხელფასიდან თანხის დაკავება; ე) დაქვეითება; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

24. პალატა აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. შესაბამისად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

25. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით გაწერილი ქცევის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას გააქარწყლებს. პალატის მოსაზრებით, მ. ჯ.-ს არ ჩაუდენია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის N ას-106-101-2014 განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 19.11.2015 წლის №2/26 ბრძანება მ. ჯ.-ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

27. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

28. პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა, შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის საშტატო ერთეული, რომელიც მ. ჯ.-ს ეკავა დღეის მდგომარეობით სხვა პირის მიერ არის დაკავებული. შესაბამისად ამ თვალსაზრისით არ არსებობს მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის წინაპირობა.

29. პალატა აქვე განმარტავს, რომ განაცდურის სახით, ანაზღაურებას ექვემდებარება იძულებითი განაცდური იმ ოდენობით, რაც დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ჰქონდა და რაც მან ვერ მიიღო შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო. დადგენილია, რომ მოსარჩელის დარიცხული ხელფასი თვეში 600 ლარს შედგენდა.

30. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა(ა)იპ №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ გამოცემული 19.11.2015წ. №2/26 ბრძანება მ. ჯ.სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და მ. ჯ. აღდგენილი უნდა იქნას №XX ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე; მასვე უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის სახით, 600 ლარის ოდენობით 2015 წლის 16 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

34. „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

36. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1218 ლარის ოდენობით (29 თვე * 600 ლარი =17 400 ლარი * 7%=1218 ლარი), ხოლო მ. ჯ.-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. მ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ჯ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №2/28 მ. ჯ.-ს გათავისუფლების შესახებ და მ. ჯ. აღდგენილი იქნეს ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

5. დაეკისროს ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღს მ. ჯ.-ს სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 16 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით (დარიცხული);

6. ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღს მ. ჯ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში;

7. ა(ა)იპ ქ. თბილისის №XX საბავშვო ბაგა-ბაღს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1218 ლარის ოდენობით;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.