ნახვები: 172
საქმის ნომერი: 2ბ/5971-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ანა გოგიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5971-16 (2017-03-31), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5971-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი -ოთარ ბუკია
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

აპელანტი - ზ. ო., კ. თ.;
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ. ბ.“;
წარმომადგენელი - თ. მ.
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დასკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აპელანტის მოთხოვნა

1.1 აპელანტ კ. თ.-ს მოთხოვნა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

1.2 აპელანტ - ზ. ო.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ლ. ბ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს კ. თ.-სა და ზ. ო.-ს მოსარჩელე სს ,,ლ. ბ.-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2014 წლის 05 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 5053 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3732,13 ლარი, პროცენტი - 1021,26 ლარი, ჯარიმა - 299,61 ლარი. მოპასუხე კ. თ.-ს მოსარჩელე სს ,,ლ. ბ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 107,99 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1 2014 წლის 05 ივნისს, სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. საბანკო კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 3900 ლარით, სარგებელი - წლიური 16%-ით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

2.2. სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 05 ივნისს სს ,,ლ. ბ.-სა” და ზ. ო.-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5325,17 ლარით.

2.3. კ. თ.-ს სახელფასო ანგარიშზე დაშვებული იქნა ოვერდრაფტი, რის საფუძველზეც კ. თ.-მ მიიღო 107,99 ლარი.

2.4. 2015 წლის 05 სექტემბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რის გამოც წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხე კ. თ.-ს მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულება დარღვეული იქნა 2014 წლის 11 აგვისტოდან.

2.5. მოსარჩელემ მსესხებელსა და თავდებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განუსაზღვრა 5 დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მოპასუხეებს ეცნობათ, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის, კრედიტის მთლიანი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

2.6. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხეთა მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.7. სარჩელის აღძვრის დროისათვის კ. თ.-სა და ზ. ო.-ს დავალიანება სს ,,ლ. ბ.-ს” მიმართ შეადგენს 5053 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3732,13 ლარი, პროცენტი - 1021,26 ლარი და ჯარიმა - 299,61 ლარი. ხოლო მოპასუხე კ. თ.-ს დავალიანება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 107,99 ლარს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ზ. ო.-ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა თავდებობის ხელშეკრულების შინაარსი, იგი არ გასცნობია თავდებობის ხელშეკრულებას, რადგან არ იცის ქართული წერა-კითხვა. აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის, 2014 წლის 05 ივნისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ ზ. ო.-ს მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც თავდების განცხადებაზე, ისე თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.8. სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კ. თ.-მ სრულად ცნო სარჩელი მისთვის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 107,99 ლარის დაკისრების ნაწილში. მხარის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის დადებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ. თ.-ს გადაეცა საბანკო კრედიტი 3900 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი წლიური - 16%.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისმე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია და მოპასუხეებიც სადავოდ არ ხდიან, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 05 სექტემბრიდან და მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ დაფარეს ბანკის მიმართ არსებული დავალიანება.

მხარეთა შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. პირგასამტეხლო განისაზღვრა შემდეგნაირად - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც თავადაც აღიარებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 05 სექტემბრიდან, ვადაგადაცილებული თანხის მიხედვით პირგასამტეხლომ შეადგინა 2319,07 ლარი. მიუხედავად ამისა, ბანკის მიერ მოხდა პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად 2319,07 ლარისა, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს სახით 299,61 ლარის დაკისრებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, დაირღვა კრედიტის გადახდის გრაფიკი, მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია. ამასთან, გაითვალისწინა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი მიმართება ძირითად თანხასთან და დარიცხვის პერიოდზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის გადახდევინების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და სარჩელი დააკმაყოფილა.

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ზ. ო.-მ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამასთან, თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრული იქნა 5325,17 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კ. თ.-სა და ზ. ო.-სათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1 აპელანტმა კ. თ.-მ მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის 3732,13 ლარის და 107,99 ლარის დაკისრებაზე.

კ. თ.-ს აზრით სასამართლომ არ გაიზირა, მისი პოზიცია და არასწორად დააკისრა მას პროცენტი და პირგასამტეხლო.

3.2 აპელანტმა ზ. ო.-მ მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ზ. ო.-ს აზრით სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ მითითებული არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო რაზე აწერიებნდენ ხელს და უცნობი იყო იმის შესახებ, რომ მას უნდა გადაეხადა კ. თ.-ს თანხა, რადგან ქართული წერა-კითხვა არ იცის და თარჯიმანიც ესწრებოდა ხელშეკრულების გაფორმებას.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება (ძირითადი ვალი, დაშვებული ოვერდრაფტი, პროცენტი და ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ზიანის დაკისრება).

4.2 პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

ამდენად საბანკო კრედიტით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა კონსესუალური ხასიათისაა და ის იურიდილ ძალას იძენს ხელშეკრულების დადების მომენტიდან თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ განისაზღვრა.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წლის 05 ივნისს, სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 3900 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კ. თ.-ს სახელფასო ანგარიშზე დაშვებული იქნა ოვერდრაფტი, რის საფუძველზეც კ. თ.-მ მიიღო 107,99 ლარი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზაღაურების სახით დარიცხული პროცენტისგან განსხვავებით, რომლის დაკისრებაც სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს, სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან დადგენილი პროცენტი არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი და სესხის ხელშეკრულების არსებითი ნაწილი.

დადგენილია, რომ 2014 წლის 05 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი - წლიური 16%-ით.

4.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის სახელშეკრულებო ზიანის ერთ-ერთი სახე და მასზე წინასწარი წერილობითი ფორმით შეთანხმების მოთხოვნა თავისთავად გამორიცხავს ხელშეკრულების არსებობის გარეშე პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

დადგენილია, რომ 2014 წლის 05 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოზე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ით.

4.5 საყურადღებოა, რომ მოვალე კ. თ. ცნობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების ძირთად თანხას და დაშვებულ ოვერდრაფტს შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა აღნიშნულ ნაწილში მისი ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველია. რაც შეეხება სახელშეკრულებო პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების საწინააღმდეგო არგუმენტაცია მოვალეს კ. თ.-ს როგორც მოპასუხეს არ გააჩნია.

4.6 დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის საბანკო კრედიტიდან წარმოშობილი დავალიანება სს ,,ლ. ბ.-ს” მიმართ შეადგენს 5053 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3732,13 ლარი, პროცენტი - 1021,26 ლარი და ჯარიმა - 299,61 ლარი. ასევე მოპასუხე კ. თ.-ს დავალიანება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 107,99 ლარს.

შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან საბანკო კრედიტის პროცენტი როგორც მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი სესხის ხელშეკრულების არსებითი ნაწილია და ხელშეკრულების პირობის დარღვევის შესაბამისად პროცენტის მოვალეზე დაკისრება სრულიად საფუძვლიანია ამასთან დადგენილია, რომ სს ,,ლ. ბ.-მ“ მოვალეს შეუმცირა პირგასამტეხლო 2319,07 ლარის ნაცვლად, 299,61 ლარის ოდენობით.

პალატა აღნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლო კონტროლს (სსკ-ის 420-ემუხლი), რადგან პირგასამტეხლო არ შეიძლება გადაიზარდოს მოპასუხისათვის შეუსაბამოდ მაღალი თანხების დაკისრებაში. როგორც ზემოთ აღნიშნა მოსარჩელე ბანკმა მოვალეს შეუმცირა პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევისათვის 2319,07 ლარის ნაცვლად, 299,61 ლარის ოდენობით, რასაც სასამართლო გონივრულად მიიჩნევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე მოპასუხე კ. თ.-ს სააპელაციო პრეტენზია საბანკო კრედიტის პროცენტისა და ზიანის სახით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

4.6. რაც შეეხება მოპასუხე ზ. ო.-ს სააპელაციო პრეტენიზიას მის მიმართ სოლიდარულად დაკისრებული ვალდებულების გამო პალატა მიუთითებს შემდეგზე:

დადგენილია, რომ სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 05 ივნისს სს ,,ლ. ბ.-სა” და ზ. ო.-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან კ. თ.-თან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 325,17 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891.1-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამდენად, თავდებობის მეშვეობით, კრედიტორი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მოვალისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870.1-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.

როგორც ზემოთ აღინიშნა ზ. ო. წარმოადგენს სს ,,ლ. ბ.-სა” და კ. თ.-ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის სოლიდარულ მოვალეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ნორმიდან გამოდმინარე ცხადია, რომ, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად იგივე თანაბარმნიშვნელოვნად ძირათად მოვალესთან ერთად, ამასთან კრედიტორს გააჩნია შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება.

დადგენილია, რომ ბანკმა მსესხებელსა და თავდებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განუსაზღვრა 5 დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მოვალეს და თავდებს ეცნობათ, გაფრთხილების მიუხედავად ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი. მათ ბანკის წინაშე მოთხოვნილი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

პალატა ვერ გაიზიარებს თავდების პრეტენზიას მის მიმართ ვალდებულების დაკისრების არამართებულობის თაობაზე იმ მოტივით, რომ თითქოს თავდებობის ხელშეკრულების დადებისას მას არ ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი, თარჯიმნის არ არსებობის გამო მისთვის არ იყო ცნობილი სახელშეკრულებო ვალდებულების თაობაზე, მაშინ როცა თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა ნების ნაკლის გამო ზ. ო.-ს შეგებებული სარჩელით თუ ცალკე სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია.

4.7. პალატა ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კ. თ.-ს სასამართლო სხდომაზე გამოხატულ პრეტენზიებს ვალდებულების დაკისრების გამო იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა, რადგანაც აღნიშნული საკითხი (ვალის პატიება) მხოლოდ მხარეთა მორიგების და ურთიერთშეთანხმების საკითხია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროთ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის ოდენობით) სახით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ო.-ს და კ. თ.-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.