საქმის ნომერი: 2ბ/1579-14
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრებას ბავშვის სრულწლოვანებამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ - მოპასუხეს დააკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ალიმენტის დაკისრების დანიშნულებაზე, ოდენობის განსაზღვრის წესზე და მშობლების ვალდებულებაზე შვილისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 140 ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1579-14 (2014-06-04), www.temida.ge
საქმის № 330210013386278
საქმის № 2ბ/1579-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       04 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

აპელანტი – დ. ბ.
წარმომადგენლები – თ. ხ., მ. ე.

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ.
წარმომადგენელი – ლალი თევდორაშვილი

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

დ. ბ.ს მიერ გ. ჩ.ს მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე გ. ჩ.სთვის არასრულწლოვანი შვილის, დ.ჩ-სათვის (დაბადებული 2010 წლის 24 მარტს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრება მის სრულწლოვანებამდე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ბ.ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. ჩ-ს დ. ბ.ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 24 მარტს დაბადებული დ.ჩ.ს რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 ლარის ოდენობით 2013 წლის 13 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქმეზე დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. დ. ბ. და გ. ჩ. იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი დ.ჩ. ცხოვრობს მოსარჩელესთან;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ 2-3 და 2014 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2014 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი).

2.2. დ. ბ-ს და გ. ჩ-ს თანაცხოვრების პერიოდში - 2010 წლის 24 მარტს შეეძინათ შვილი დ.ჩ..

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 25 მარტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ გაცემული დ.ჩ.ს დაბადების მოწმობა ნრ№XXXXXX;
- სააქტო ჩანაწერი №XXXXXX (ს.ფ. 13);

2.3. გ. ჩ. ცხოვრობს ერევანში. სწავლობს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის კათედრაზე ,,ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის” სპეციალობით კლინიკურ ორდინატორად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ერევნის მხითარ ჰერაცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ 69)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2014 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმი).

2.4. დ. ბ. არის შრომისუნარიანი. იგი არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2014 წლის 30 იანვარი სხდომის ოქმი);

2.5. გ. ჩ. 2009 წლის 10 აგვისტოს საქართველოში გატარდა რეგისტრაციაში ინდივიდუალურ მეწარმედ და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 14);

- მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დღეის მდგომარეობით მოპასუხის დასაქმებას ან მის მატერიალური შემოსავალს დაადასტურებდა.

2.6. 2013 წლის 24 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის სამსხურებრივი ბარათით გ.ჩოხელს ხელფასის სახით ბოლო შემოსავალი უფიქსირდება 2012 წლის აგვისტოს თვეში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 38-40);

2.7. გ. ჩ. 05.11.2013 წლიდან 05.11.2016 წლამდე არის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის კათედრაზე ,,ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის” სპეციალობით კლინიკური ორდინატორი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ერევნის მხითარ ჰერაცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობა (ს.ფ 69)

სამართლებრივი შეფასება

2.8. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი დ.ჩ., დაბადებული 2010 წლის 24 მარტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანი დ.ჩ.ს მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

დადგინდა, რომ დ. ბ. არ არის დასაქმებული, ხოლო მოპასუხე გ. ჩ. 05.11.2013 წლიდან 05.11.2016 წლამდე არის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის კათედრაზე ,,ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის” სპეციალობით კლინიკური ორდინატორი.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ, არასრულწლოვანი ბავშვის დ.ჩ.ს რჩენა-აღზდისათვის ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია მოპასუხეზე ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არ იმსჯელა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რა ასაკისაა არასრულწლოვანი დ.ჩ. და რომ ემსჯელა მაშინ გათვალისწინებული იქნებოდა ის, რომ ასეთი ასაკის ბავშვს ესაჭიროება უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი ფინანსური დახმარება, ვიდრე სხვა დროს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არასწორია და არაგონივრული. სასამართლომ მართალია დაადგინა, რომ დ. ბ-ს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი, თუმცა აღნიშნული გარემოება რატომღაც არ გამოიყენა მშობლის და შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან მიმართებაში, რასაც ითვალისწინებს სამოქალქო კოდექსის 1214-ე მუხლი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:


4.1. დ. ბ. და გ. ჩ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში - 2010 წლის 24 მარტს შეეძინათ შვილი დ.ჩ, რომელიც ცხოვრობს დედასთან. ამჟამად მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

4.2. გ. ჩ. ცხოვრობს ერევანში. სწავლობს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის კათედრაზე ,,ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის” სპეციალობით კლინიკურ ორდინატორად. იგი სწავლობს ფასიან სექტორზე.

4.3. გ. ჩ. 05.11.2013 წლიდან 05.11.2016 წლამდე არის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის კათედრაზე ,,ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის” სპეციალობით კლინიკური ორდინატორი.

4.4. 2013 წლის 24 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის სამსხურებრივი ბარათით გ. ჩ-ს ხელფასის სახით ბოლო შემოსავალი უფიქსირდება 2012 წლის აგვისტოს თვეში.

4.5. დ. ბ. არის შრომისუნარიანი. იგი არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით.

სამართლებრივი დასაბუთება

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა – 140 ლარის ოდენობით, წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. პალატა მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და გ. ჩ-ს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 24 მარტს დაბადებული დ.ჩ.ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 140 ლარის ოდენობით, 2013 წლის 13 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

6. საპროცესო ხარჯები

დ. ბ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის, 39.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 39.2 მუხლის შესაბამისად, გ. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 125 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. დ. ბ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მოპასუხე გ. ჩ-ს დ. ბ.ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 24 მარტს დაბადებული დ.ჩ.ს რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 140 ლარის ოდენობით, 2013 წლის 13 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

4. გ. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 125 ლარის ოდენობით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.