საქმის ნომერი: 2ბ/1846-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-29-26-2015
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლეში ცვლილების შეტანას და პირგასამეხლოს შემცირებას, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და შეამცირა პირგასამტეხლო 0,13%-მდე. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დამატებით შეამცირა პირგასამტეხლო 0,09%-მდე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1846-14 (2014-11-14), www.temida.ge
საქმის № 140210013361905
საქმის № 2ბ/1846-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       14 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი

აპელანტი – ნ. გ. , ნ. მ.
წარმომადგენელი – ნ. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ.
წარმომადგენელი – ზ. მ.

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

ნ. მ-სა და ნ. გ.-ს სასარჩელო მოთხოვნა: 2013 წლის 16 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და პირგასამტეხლოს შემცირება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.-სა და ნ. გ.-ს სარჩელი თ. ბ.-ს მიმართ პირგასამტეხლოს შემცირებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემულ №XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში, შემცირდა მასში მითითებული პირგასამტეხლო და განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,13%-ის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ნ. მ.-ს თ. ბ.-ს მიმართ ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. 2010 წლის 12 ოქტომბერს ერთის მხრივ, თ. ბ.-ს და მეორეს მხრივ, ნ. მ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა ნ. გ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. გორი, ნ. ქ. №X, ბინა №X. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თ. ბ.-მ ნ. მ.-ს სამი თვის ვადით ასესხა 4840 აშშ დოლარი, გადახდის ბოლო ვადად მიეთითა 2011 წლის 11 იანვარი. სესხი გაიცა სარგებლის გარეშე. ამასთან განისაზღვრა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გაგრძელებულიყო სესხის დაბრუნების ვადა, რაც საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, სესხის გადახდის ვადის ამოწურვის შემდგომ მესაკუთრეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო დარჩენილი დასაბრუნებელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ აღსრულება შესაძლებელი იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

2.3. 2013 წლის 16 აგვისტოს, ნოტარიუს ნ. ს.-ს მიერ, თ. ბ.-ს მოთხოვნის თანახმად, 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით №XXXXXXXXX. მითითებულ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცემულობად განისაზღვრა ძირი თანხა 4840 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით 9,68 აშშ დოლარი, სულ 943 დღეზე - 9128,24 აშშ დოლარი. ამასთან, მითითებული თანხის დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

2.4. 2010 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურდა, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. გორი, ნ. ქ. №X, ბინა №X, საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX.XX.XXX, მესაკუთრე ნ. გ., რეგისტრირებულია იპოთეკა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

2.5. 2011 წლის 17 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2010 წლის 02 ნოემბრიდან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენი.

2.6. ნ. მ.-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულება ვერ შესრულდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო გარემოება, იყო თუ არა ნ. მ.-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული საპატიო მიზეზით, დასტურდებოდა საქმეზე წარმოდგენილი 2011 წლის 17 თებერვლის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით, რომლის მიხედვითაც ნ. მ.-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლაც დაიწყო დაკავებიდან - 2010 წლის 2 ნოემბრიდან. შესაბამისად, თუკი მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო პირი დაკავებული იქნა 2010 წლის 2 ნოემბერს, იგი ვერ შეძლებდა შეესრულებინა ვალდებულება ხელშეკრულებაში მითითებულ სამი თვის ვადაში. თუმცა არც დაკავებამდე არსებულ ვადაში შეასრულა ვალდებულება ნ. მ.-მ და არც სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ.-ს მხრიდან თ. ბ.-ს წინაშე არსებული ვალდებულება არ იყო შესრულებული.

2.7. მხარეთა შორის სესხი გაცემული იყო სარგებლის გარეშე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის დათქმა - „სესხი არის სარგებლის გარეშე“, ნიშნავდა რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას არ დაერიცხებოდა სარგებელი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სესხი იყო სარგებლიანი, საიდანაც ძირი თანხა იყო 4000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი კი - 840 აშშ დოლარი, სულ - 4840 აშშ დოლარი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეთა მიერ არ ყოფილა წარდგენილი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 311[1] მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც თ. ბ.-მ ნ. მ.-ს სამი თვის ვადით გადასცა ფულადი თანხა 4840 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სესხი იყო სარგებლის გარეშე. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით წერილობით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნ. გ.-ს უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ნ. ქ. №X, ბინა №X.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 3[1]-ე ნაწილის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-14 პუნქტში განისაზღვრა, რომ აღსრულება შესაძლებელია მომხდარიყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მიხედვით, თ. ბ.-ს უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნით და ეს უკანასკნელიც ვალდებული იყო გაეცა იგი, რაც დასტურდება საქმეზე დართული 2013 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული სააღრულებო ფურცლით.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დროს განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც უნდა შემცირებულიყო გონივრულ ფარგლებში, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრული ოდენობა იქნებოდა გადასახდელი თანხის 0,13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6,29 აშშ დოლარს, ხოლო 943 დღეზე შეადგენს 5933,35 აშშ დოლარს. სასამართლომ შემცირების დროს მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ნ. მ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მას არ შეეძლო მხარეთა მიერ განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულება. ამასთან, სასამართლო ასევე გაითვალისწინა, რომ მას შემდეგ, რაც ნ. მ.-მ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ შეუსრულებია ვალდებულა არც სრულად და არც ნაწილობრივ. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,13%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სასამართლომ მიიჩნია გონივრულად მოცემულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ნ. გ.-მ და ნ. მ.-მ სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. Ⴑააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ძირითადი თანხა 4840 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან მოპასუხე თავად უთითებდა, რომ ძირითადი თანხა იყო 4000 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლომ ასევე არასწორად დაიანგარიშა პირგასამტეხლო 4840 აშშ დოლარიდან.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. მოსარჩელეს ხეშეკრულებით გათვალისწინებული ძითადი თანხის ოდენობა სარჩელით სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა იყო 4000 აშშ დოლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

ამავე კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. იგი მხოლოდ ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. ამდენად, აღნიშნული გარემოების მოცემულ ეტაპზე შეფასება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის ნორმათა დაცვით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალ გარემოებაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე (სსსკ-ის 377.1 მუხლი), სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მიუთითებია.

4.2. სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ არის გამხდარი პირგასამტეხლოს ოდენობა.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დასაბრუნებელი თანხის 0,2%-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში ფაქტობრივი თვალსაზრისით მსჯელობა არ ყოფილა კრედიტორისათვის წარმოქნილ საფრთხის ხარისხზე - კერძოდ, მისთვის დამდგარ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე, არ ყოფილა მსჯელობა ისეთ ფაქტობივ წანამძღვრებზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც, პალატას სრულიად მართებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, მისი დამატებით შემცირება 0.09%-მდე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემულ №XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში და ნ. მ.-ს ვალდებულება კრედიტორ თ. ბ.-ს მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4840 აშშ დოლარის 0.09%-ით, სულ 943 დღეზე, რაც შეადგენს 4107.70 აშშ დოლარს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

დადგენილია, რომ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 277 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ სარჩელში დავის საგნის ღირებულებაა 5500 აშშ დოლარი. დადგენილია, სარჩელი დაკმაყოფილდა 2836.24 აშშ დოლარით. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 2282.06 აშშ დოლარის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს პროპორციული ბაჟის ნახევარი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 57.16 ლარს. დარჩენილი დაკმაყოფილებული ნაწილის 554.18 აშშ დოლარის 3%-ის ოდენობით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც შეადგენს 27.76 ლარს.

დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 160.44 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2305.12 აშშ დოლარს. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 1788.87 აშშ დოლარით - 77.6%-ით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 124.50 ლარი.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვიტა:

1. ნ. გ.-სა და ნ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. გ.-სა და ნ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ცვლილება შევიდეს 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემულ №XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში და ნ. მ.-ს ვალდებულება კრედიტორ თ. ბ.-ს მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4840 აშშ დოლარის 0.09%-ით, სულ 943 დღეზე, რაც შეადგენს 4107.70 აშშ დოლარს.

5. დაეკისროს თ. ბ.-ს ნ. გ.-სა და ნ. მ.-ს სასარგებლოდ 152.26 ლარის გადახდა.

6. ნ. მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“, საგადახდო დავალება #1. 11.11.2013) 277 ლარიდან 57.16 ლარი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.