ნახვები: 711
საქმის ნომერი: 2ბ/597-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1096-1016-2017, 2/9634-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/597-17 (2017-06-09), www.temida.ge
საქმის № 2ბ/597-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       09 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

აპელანტი - შპს „გ.“
წარმომადგენელი - მ. მ.
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. X“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნასყიდობის თანხის გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა. X-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და შპს „გ.-სთვის“ 2015 წლის 23 ივლისის №AS/XXXX.XX ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 485 აშშ დოლარის ოდენობით ნასყიდობის თანხისა და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს -33 165.85 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა;

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეს დავალიანება მოსარჩელის მიმართ 3 485 აშშ დოლარის ოდენობით გააჩნია, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირება სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს. რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობას, აღნიშნული გამოწვეულია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, ვალდებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი შესასრულებელი, რომლის შესრულებასაც უზრუნველყოფენ ახლო მომავალში. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთშეთანხმება, ძირითადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნის მოხსნის შესახებ, შესაბამისად, რამდენადაც ვალდებულება ძირითადად შესრულებულია, მოპასუხისთვის გაუგებარია სარჩელის აღძვრის ფაქტი. ამასთან, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უტოლდება თითქმის ძირითადი ვალდებულების ნახევარს (2016 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა.-X-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „გ.-ს“ მოსარჩელე შპს „ა.-X-ის” სასარგებლოდ 2015 წლის 23 ივლისს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდა 3 485 აშშ დოლარის ოდენობით დაეკისრა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ა.-X-ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 3 316.58 აშშ დოლარის ოდენობით დაეკისრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, შპს „გ.-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 23 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა №AS/XXXX.XX ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით (ს.ფ. 38-46);

ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის სრულად გადახდამდე გადასცეს მყიდველს ხელშეკრულებითა და მისი დანართი №1-ით გათვალისწინებული ინვენტარი, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გამყიდველს შეთანხმებული საზღაური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გადაუხადოს.

ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, ინვენტარის ჯამური ღირებულება 57 440 აშშ დოლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია 2015 წლის 14 აგვისტომდე უზრუნველყოს პირველადი გადახდის სახით 19 150 აშშ დოლარის გადახდა.

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი ნაწილი შემდეგი გრაფიკით დაფაროს:

ა) 2015 წლის 23 სექტემბრისთვის 19 145 აშშ დოლარის ოდენობით;
ბ) 2015 წლის 23 ოქტომბრისთვის 19 145 აშშ დოლარის ოდენობით.

6. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 2015 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების და მისი დანართის საფუძველზე განსაზღვრული ინვენტარის მიწოდება მოსარჩელემ დადგენილი წესით მოახდინა (ს.ფ. 46);

7. საქმეში არსებული წერილებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით ირკვევა, რომ შპს „გ.-მ“ 2015 წლის 23 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება სრულად არ შეასრულა, კერძოდ, მას ნასყიდობის თანხა, 3 485 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაუხდია (ს.ფ. 47-51);

8. წერილებიდან ასევე ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე დავალიანების არსებობის თაობაზე გააფრთხილა და ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის დამატებითი ვადა განუსაზღვრა (ს.ფ. 47-51);

9. 2015 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 1%-ის ოდენობით;

10. ზემოაღნიშნული წერილებით მოსარჩელემ მოპასუხე პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზეც გააფრთხილა.

11. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ წერილებით (ს.ფ. 47-51), 2015 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებითა (ს.ფ. 38-44) და შპს „გ.-ს“ ფინანსური ვალდებულების შესახებ ცნობით (ს.ფ. 52-53) ირკვევა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე პერიოდზე პირგასამტეხლო 33 165.85 აშშ დოლარის ოდენობით ერიცხება.

12. პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოპასუხე შპს „გ.-მ“ პირველ ინსტანციაში წარდგენილი შესაგებლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა, შემცირების საფუძვლად კი პირგასამტეხლოს სამართლიანი გაანგარიშების წესი მიუთითა და არ განსაზღვრა, თუ რა ოდენობით ითხოვდა იგი პირგასამტეხლოს შემცირებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლო ათჯერ შეამცირა და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხე კომპანიას ნაცვლად 33 165,85შშ დოლარისა, 3 316,58 აშშ დოლარის ოდენობით დააკისრა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმე სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან აპელანტ შპს „გ.-ს“ იმთავითვე არ მიუთითებია, თუ რა ოდენობით უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლო, არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები უმტკიცებია და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე უმსჯელია, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ პირგასამტეხლო მართლზომიერად შეამცირა, ხოლო უფრო მეტჯერ მისი შემცირება აპელანტის სპეციალურ მტკიცებას ექვემდებარებოდა, რაც მას არც პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარდგენის ეტაპზე განუხორციელებია დ არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

13. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 168 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით მოწინააღმდეგე მხარეს არ უნდა გადახდეს ასევე აპელანტის მიერ გაღებული ადვოკატის მომსახურების ხარჯი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.