ნახვები: 176
საქმის ნომერი: 1/ბ-312-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-312-17 (2017-07-26), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-312-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       26 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე დიხამინჯია

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ. გ.;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - დ. გ.-ს ძე თ., დაბადებული 19XX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.გ., დ.ყ.-ს ქუჩა NXX, ბინა NXX;

ადვოკატი - ი. ბ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილი (დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობა);

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. თ.-მ ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

კაპრალი დ. თ., სამხედრო-საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურს გადიოდა X მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, ს.-ს ასეულის, დ.-ს X ოცეულის, დ.-ს X ათეულის მეტყვიამფრქვევის თანამდებობაზე. 2014 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათიდან 2014 წლის 27 ნოემბრის 08:30 საათამდე იგი იმყოფებოდა დათხოვნაში. კაპრალი დ. თ. 2014 წლის 27 ნოემბერს 08:30 საათზე, საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში (ნაწილში) და სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, იმავე დღეს, 18:23 საათზე ს.ს.კ.გ. „სარფის“ გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით და დატოვა საქართველოს ტერიტორია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, დ. თ. (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

დ. თ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. თ.-მ და მისმა ადვოკატმა ი. ბ.-მ.

სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანა;

2017 წლის 26 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ დ. თ.-სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

შუამდგომლობის და თანდართული მასალის თანახმად, მსჯავრდებულმა დ. თ.-მ, ადვოკატ ი. ბ.-სთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, პროკურორმა ვ. გ.-მ წარმოადგინა შუამდგომლობა, ოქმები, განცხადება და ითხოვა მსჯავრდებულ დ. თ.-სთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, კერძოდ:

დ. თ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლა, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

შუამდგომლობის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ვ. გ.-მ, მსჯავრდებულმა დ. თ.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ.-მ.

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. თ.-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ; § 135, Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17 September 2009)1.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით დ. თ.-მ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული დ. თ. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მისი აღიარება გულწრფელია და ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული დ. თ. სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება დ. თ.-ს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით (კონტრაქტი, ბრძანება, ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება დ. თ.-ს მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის - ვ. გ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. თ.-ს შორის.

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენში.

დ. თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დ. თ.-ს 01 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. თ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ დ. თ.-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს დ. თ.-ს, რომ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.




1. იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი.