საქმის ნომერი: 2ბ/2976-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსამართლემ განაცხადა თვითაცილება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი მეუღლე მოსარჩელე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტის თანამდებობას იკავებს.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2976-18 (2018-05-24), www.temida.ge
საქმის № 330210011028347
საქმის № 2ბ/2976-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       24 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. გ.

წარმომადგენელი - ლ. ზ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება საქმის წარმოების განახლების განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

2018 წლის 14 მაისს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილს განსახილველად დაეწერა სამოქალაქო საქმე №2ბ/2976-18, კერძო საჩივრის ავტორი - ე. გ.; გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება საქმის წარმოების განახლების განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-3 მუხლის მიხედვით, მოსამართლე ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, შესაბამისად, მოსამართლის ქცევა ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა ემსახურებოდეს სწორედ აღნიშნული პრინციპის დაცვას.

სასამართლო განმარტავს, რომ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მოსამართლის უზენაესი ვალდებულებაა, შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია ნებისმიერ მხარეთა შორის ნებისმიერი კატეგორიის საქმის განხილვისას. თუმცა, კანონი ითვალისწინებს რიგ შემთხვევებს, როდესაც მიუხედავად მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისა, მხარეებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ მოსამართლის მიუკერძოებლობაში.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. ამდენად, აღნიშნული პრინციპების შესაბამისად, მოსამართლემ თვითაცილება უნდა მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისაგან, რომელშიც შეიძლება გონიერ დამკვირვებელს მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს საკითხის გადაწყვეტა მიუკერძოებლად არ შეუძლია.

მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ეს უნდა იყოს გამოხატული.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის აცილების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სს „ს. ბ.“ საქმის განმხილველი მოსამართლის, ქეთევან მესხიშვილის მეუღლის, დ. მ.-ს დამსაქმებელია, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში 2018 წლის 26 მარტიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტის თანამდებობას იკავებს, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე, სულ მცირე, მესამე პირების თვალში ვერ შექმნის მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების განცდას. ამდენად, აღნიშნული საქმის განხილვამ გონიერი დამკვირვებლის თვალთახედვით შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ისეთ ძირეულ პრინციპს, როგორიცაა, მხარეთა მოლოდინი და რწმენა იმისა, რომ მოსამართლე საქმეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განიხილავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს მოსამართლის საქმიდან თვითაცილების კანონისმიერი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე, 32-ე, 34-ე, 36-ე, 372-ე და 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აცილებულ ვიქნე №2ბ/2976-18 საქმის განხილვიდან;

2. საქმე №2ბ/2976-18 გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;

3. განჩინება არ საჩივრდება.