ნახვები: 205
საქმის ნომერი: 2ბ/6825-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6825-16 (2017-07-31), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6825-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი:გვანცა კომბეგაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

აპელანტი - გ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს „საქართველოს ბანკი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა, თ.კ.-მ მოპასუხე გ. გ.-ს მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე სარჩელი აღძრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბერს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,საქართველოს ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. გ.-ს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 791,34 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე გ. გ.-ს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 27 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 288,7 ლარის გადახდა; მოპასუხე გ. გ.-ს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 123,15 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

3. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ. გ.-მ საჩივრით გაასაჩივრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. გ.-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:


6. 2007 წლის 29 აგვისტოს, სს ,,საქართველოს ბანკს’’ და გ. გ.-ს შორის საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათი ,,ორენჯ ქარდი”) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 1 000 აშშ დოლარის ოდენობით, ერთი წლის ვადით. საკრედიტო ბარათის მიღებაზე ხელმოწერით მოპასუხემ დაადასტურა, რომ გაეცნო და ეთანხმება საბანკო მომსახურების პირობებს და ტარიფებს. აღნიშნული პირობების მიხედვით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად დაანგარიშების თარიდან მე-10 დღეს, საპროცენტო სარგებელი - სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისთვის შეადგენდა 2,4%,-ს განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისთვის - 3%-ს, გადახდის თარიღისთვის მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო - 10 აშშ დოლარი ან 20 ლარი.

7. 2008 წლის 27 მაისს, სს ,,საქართველოს ბანკს’’ და გ. გ.-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 378 ლარი, საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 09 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სესხის თანხის ნაწილის და პროცენტის გადახდის გზით.

8. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და არ იქნა დაფარული კრედიტის თანხა.


9. 2016 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, გ. გ.-ს დავალიანება სს
,,საქართველოს ბანკის” მიმართ: 1) 2007 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 791,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა - 709,8 აშშ დოლარი, პროცენტი - 381,54 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 700 აშშ დოლარი; 2) 2008 წლის 27 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 288,7 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა - 138,7 ლარი და პროცენტი - 150 ლარი.

10. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხე გ. გ.-სთვის სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ: 1) 2007 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 791,34 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 2) 2008 წლის 27 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 288,7 ლარის გადახდის დაკისრება.

11. 2016 წლის 28 ივნისს, სს ,,საქართველოს ბანკის’’ წარმომადგენელმა, თ. კ.-მ, სარჩელისა და თანდართული საბუთების მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულება იკისრა.

12. 2016 წლის 06 ივლისს, მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკის’’ წარმომადგენელმა თ. კ.-მ სასამართლოში წარმოადგინა მოპასუხე გ. გ.-სთვის სს
,,საქართველოს ბანკის’’ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ გზავნილი 2016 წლის 30 ივნისს, ფოსტის კურიერის მეშვეობით, ადრესატის ოჯახის წევრს, დედას - მ. გ.-ს ჩაბარდა.

13. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. გ.-ს მიერ ხელშეკრულებაში მითითებული მისამართია: საქართველო, თ., X ძ.-ს XXX (ს.ფ. 31).

სს ,,საქართველოს ბანკის’’ სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 30 ივნისს, ფოსტის კურიერის მეშვეობით, გ. გ.-ს ოჯახის წევრს, დედას - მ. გ.-ს სწორედ აღნიშნულ მისამართზე ჩაბარდა (ს.ფ. 49).

საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც გ. გ.-ს ოჯახის წევრს, დედას - მ. გ.-ს ამავე მისამართზე ჩაბარდა (ს.ფ. 58).

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარმოდგენილი იქნა სწორედ გ. გ.-ს დედისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღიან ვადაში (ს.ფ. 59-62).

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოებას დაადასტურებდა, თუმცა, მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

გ. გ.-ს მიერ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხის დედას შემდეგ მისამართზე ჩაბარდა - თ., X ძ.ს ქ. #XXX, თუმცა, მოპასუხე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. მოპასუხის ფაქტობრივი მისამართი ამ დროისთვის არის დ. ბ., ბ.-ს ქ. #XX. გარდა ამისა, სს ,,საქართველოს ბანკის’’ მოთხოვნა გ. გ.-ს მიმართ ხანდაზმულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე გ. გ.-მ განმარტა, რომ მისი ძირითადი მისამართია - თ., X ძ.-ს ქ. #XXX, თუმცა, საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი დ. ბ.-ში იმყოფება. გ. გ.-ს არც საბანკო დაწესებულებისა და არც სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე არ უცნობებია. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე სასამართლო კორესპონდენციას გ.გ.-ს დედა იბარებს. აპელანტის განმარტებით კი, მან ძირითადი მისამართი კი არ შეიცვალა, არამედ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, პერიოდულად სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხის დედას სარჩელში მითითებულ მისამართზე (თ., Xძ.-ს ქ. #XXX) ჩაბარდა. საქმის მასალების მიხედვით, მისამართი (თ., Xძ.-ს ქ. #XXX), რომელზეც მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა, გ. გ.-ს მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ის ობიექტური გარემოება, რაც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად იქნებოდა მიჩნეული იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ.გ.-ს მიერ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ვადაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ადრესატის დედისათვის ჩაბარებიდან იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია და შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მისათითებელი და სამტკიცებელი გარემოებაა. აღნიშნული შესაძლებლობა მოპასუხემ შესაგებლის წარუდგენლობით დაკარგა. სასამართლო კი ხანდაზმულობის საკითხზე, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით, ვერ იმსჯელებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 216 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. გ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.