ნახვები: 689
საქმის ნომერი: 2ბ/1903-17
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1903-17 (2017-07-20), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1903-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       20 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი:გვანცა კომბეგაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

აპელანტი - შპს „ბ. “
წარმომადგენელი - გ. თ.
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. პ., ნ. ლ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - კომპენსაციის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. პ.-მ და ნ. ლ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ. “ წინააღმდეგ. ნ. პ.-მ მოითხოვა შპს „ბ.-სთვის“ კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების - 3 600 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნებისათვის, 2015 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 3600 ლარის 0,07%-ის ოდენობით დაკისრება. ნ. ლ.-მ კი მოითხოვა შპს „ბ.-სთვის“, კომპენსაციის სახით, 2 თვის შრომის ანაზღაურება 1400 ლარის, ასევე მისი გადახდის დაყოვნებისათვის 2015 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1400 ლარის 0,07%-ის ოდენობით დაკისრება.

2. მოპასუხემ შპს „ბ.-მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებთან, ნ. პ.-თან და ნ.ლ.-სთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ისინი 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დასაქმებულნი, რაც კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. პ.-ს და ნ. ლ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ბ.-ს“ ნ.პ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3600 ლარის ანაზღაურება, ასევე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2015 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაყოვნებული თანხის - 3600 ლარის 0,07%-ის გადახდა. შპს „ბ.-ს“ ნ. ლ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა, კომპენსაციის სახით, 1400 ლარის ანაზღაურება, ასევე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2015 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაყოვნებული თანხის - 1400 ლარის 0,07%-ის გადახდა. შპს „ბ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ბ.-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განხორციელებული სამართალშეფარდების პროცესის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ბ.-ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:


პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მხარეთა ახსნა-განმარტების მიხედვით, 2015 წლის 1 ივნისიდან ნ. პ.-სა და შპს „ბ.-ს“ შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა, რომლის საფუძველზეც, ნ. პ. მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე დასაქმდა. ნ. პ.-ს, როგორც მთავარი ბუღალტრის, თანამდებობრივ სარგოდ 1800 ლარი განისაზღვრა.

6. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. პ.-თან შრომითი ხელშეკრულება 2 თვის გამოსაცდელი ვადით არ დადებულა. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 1 ივნისის თარიღით შედგენილი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შპს „ბ.-ს“ მითითებით, სამუშაო ვერსიას წარმოადგენდა, რაც შესათანხმებლად ნ. პ.-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნა. წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის 4.1 პუნქტში მისი მოქმედების ვადად მითითებული ერთი თვე ჩასწორებულია 2 თვით, თუმცა, გამოსაცდელ ვადაზე მითითებას, აღნიშნული სამუშაო ვერსიაც არ შეიცავს (ს.ფ. 52-56). მოპასუხის მიერ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ, საბოლოოდ, ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმება მხარეთა შორის მიღწეული ვერ იქნა და ნ. პ. მასზე ხელმოწერას აჭიანურებდა. ამდენად, სასამართლო ხელშეკრულების პროექტს, წარმოდგენილს ხელმოუწერელი სახით, მხარეთა შორის დადებულ წერილობით ხელშეკრულებად ვერ მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. პ. 2015 წლის პირველი ივნისიდან შპს „ბ.-სთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დაწყების მიზნებისათვის კი აუცილებელი არ არის მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.პ., როგორც მთავარი ბუღალტერი, მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა და შესრულების სანაცვლო ანაზღაურებასაც იღებდა. შესაბამისად, საქმის მასალებით დგინდება ნ. პ.-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახე, ანაზღაურება და ა. შ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ.-სა“ და ნ. პ.-ს შორის შრომითი ურთიერთობა ზეპირი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ასეთ ვითარებაში, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა ვადით გაუფორმა მან დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულება. შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგად, შრომის კოდექსის მე-6 მუხლით განისაზღვრა, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამდენად, კანონმდებელმა 3 თვეზე მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნებისათვის აუცილებელი წერილობითი ფორმა გაითვალისწინა. თუმცა, ამავდროულად დაადგინა, რომ თუ შრომითი ხელშეკრულება ერთ წელზე ნაკლები ვადით იდება, ამგვარი მოკლევადიანი ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, დამსაქმებელმა, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12- პუნქტის კონტექსტში, მისი მიზნობრიობა და კანონშესაბამისობა დაადასტუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ შრომითი ხელშეკრულება, მინიმუმ ერთი წლითაა დადებული. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ.-მა“ ვერ დაადასტურა მოკლევადიანი (ერთ წლამდე) ხელშეკრულების დადების ლეგიტიმური მიზანი და კანონშესაბამისობა, შესაბამისად, კიდეც, რომ სასამართლომ ნ. პ.-სთან დადებული ხელშეკრულება 2 თვის ვადით დადებულად მიიჩნიოს, არ მტკიცდება მისი მიზნობრიობა და მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების საჭიროება შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12- პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, ამგვარი მოკლევადიანი ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, იმთავითვე ბათილია და ხელშეკრულება ერთი წლით დადებულად მიიჩნევა.

7. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს.

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. პ., ერთი მხრივ, უთითებს, რომ მასთან შრომის ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით დაიდო, თუმცა, ამავდროულად სადავოდ არ ხდის აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე და მიიჩნევს, რომ, შესაძლებელია, დამსაქმებელს მასთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური საჭიროება ჰქონდა. შესაბამისად, თვლის, რომ ვინაიდან მასთან შრომითი ხელშეკრულება არა ვადის გასვლით, არამედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის კონტექსტში შეწყდა, ამიტომ, იგი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღოს. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, შპს „ბ.-ს“ გენერალურმა დირექტორმა კომპენსაციის გადახდის თაობაზე კეთილი ნება გამოხატა, დასაქმებულთა მხრიდან კონფიდენციალურობის დაცვის მავალდებულებელი დათქმის ხელმოწერის შემთხვევაში, რაზეც დასაქმებულებმა უარი განაცხადეს, უფრო კონკრეტულად კი, შპს „ბ.-ს“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 13 აგვისტოს წერილით მოსარჩელეებს, 2 თვის კომპენსაციის მოთხოვნით გაგზავნილ 2015 წლის 13 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, ეცნობათ, რომ მათთან გაფორმებული იყო გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება და კანონი კომპენსაციის გადახდას არ ითვალისწინებდა. მიუხედავად, ამისა, იგი მზადყოფნას გამოთქვამდა, კეთილი ნების საფუძველზე საკომპენსაციო თანხა გადაეხადა. ამავე წერილით, მოსარჩელეებს განემარტათ, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ კონფიდენციალობის დაცვის შესახებ, რა ვალდებულებაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც დაცული უნდა ყოფილიყო (ს.ფ. 28, 29-30).

8. ამდენად, ნ. პ.-თან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. პ. შპს „ბ.-თან“ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა. იგი მთავარი ბუღალტრის პოზიციას იკავებდა, რომელიც, თავისი არსით, მოკლევიადიან, სეზონურ, სპეციალური სამუშაოს შესასრულებლად შექმნილ პოზიციას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ ნ. პ.-თან 2 თვიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა, კიდეც, რომ აღნიშნული გარემოება დადასტურებულიყო, საქმის მასალებით არ დგინდება მთავარ ბუღალტერთან ორთვიანი შრომის ხელშეკრულების დადების ლეგიტიმურობა და მისი შესაბამისობა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ დანაწესთან. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მასთან ერთწლიანი ზეპირი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომლის შეწყვეტის მართლზომიერებასაც მოსარჩელე ობიექტური გარემოებებით ხსნის. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან სასამართლო ვერ მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. პ.-თან 2 თვიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, ამიტომ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ვადის გასვლის საფუძვლით არ შეწყვეტილა. დამსაქმებლის მხრიდან სხვა სახის მტკიცების განუხორციელებლობის პირობებში კი თვლის, რომ ნ.პ.-თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ობიექტური გარემოებით იყო განპირობებული და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2 თვის კომპენსაციის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

9. 2015 წლის 05 ივნისის შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ლ. 2015 წლის 05 ივნისიდან გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 5 ივლისამდე შპს „ბ.-ს“ მთავარი ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა, თანამდებობრივი სარგოს, ხელზე მისაღები 700 ლარის ანაზღაურების პირობით (ს.ფ. 17-21).

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 5 ივნისს გამოსაცდელი ვადით დადებული წერილობითი ხელშეკრულება ნ. ლ.-სა და შპს „ბ.-ს“ შორის, რომლის მე-4 მუხლით მისი მოქმედების ვადა 1 თვით, 2015 წლის 5 ივნისიდან 2015 წლის 5 ივლისამდე განისაზღვრება (ს.ფ.17-21).

10. მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა 2015 წლის 10 აგვისტოდან შეწყდა. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ლ.-სთან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა.

შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ამდენად, დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ ერთხელ და ისიც, წერილობითი ფორმით იდება. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ლ.-სთან გამოსაცდელი ვადით შრომის ხელშეკრულება წერილობით, მხოლოდ ერთხელ, ერთი თვის ვადით, დაიდო, შესაბამისად, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ მასთან შრომითი ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით დადებულად მიიჩნევა (შრომის ხელშეკრულების ერთი წლის ვადით დადებულად მიჩნევასთან დაკავშირებით მოტივაცია მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების მ-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში). ნ. ლ. ასევე იზიარებს რა მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ობიექტური საფუძვლის არსებობას, მოპასუხე მხარის მიერ საწინააღმდეგო მტკიცების არარსებობის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ.-ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტსა და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, 2 თვის კომპენსაცია უნდა მიეცეს (კომპენსაციის გადახდის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე მოტივაცია მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში).

11. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, შრომის კოდექსის 31- ე მუხლის მესამე ნაწილი მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე ვრცელდება, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება.1 შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი ეხება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის თანხის დაყოვნებას, რომელიც შრომის ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულისათვის გაცემული ე.წ. „გასასვლელი დახმარებაა“. აღნიშნული სამართლებრივი დატვირთვის კომპენსაცია კი, თავისი არსით, შრომის ანაზღაურებას (ხელფასს) ვერ გაუთანაბრდება. შესაბამისად, იგი დაყოვნების პირგასამტეხლოს დარიცხვას ვერ დაექვემდებარება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულების გათვალისწინებით (1890 ლარი), ნ. პ.-სა და ნ. ლ.-ს უნდა დაეკისროთ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ასანაზღაურებელი ბაჟის ოდენობა 75, 6 ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს „ბ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს შპს „ბ.-სათვის“ ნ. პ.-სა და ნ. ლ.-ს სასარგებლოდ 2015 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაყოვნებული თანხის - 0,07%-ის გადახდის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. ნ. პ.-სა და ნ. ლ.-ს შპს „ბ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 75,6 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




1. იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №ას-268-255-2016 გადაწყვეტილება