საქმის ნომერი: 1ბ/-570-14
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით, ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ: სსკ.-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განჩენის დადგენას, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შეცვლას ჯარიმით. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/-570-14 (2014-12-03), www.temida.ge
საქმის № 1ბ/-570-14

განაჩენი
საქართველოს სახელით
       03 დეკემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

სახელმწიფო ბრალმდებლების - მ.ო.-ს, ზ.შ.-ს და ზ.გ.-ს ზვიად შარაძის,
ადვოკატ - დ.ს.-ს
მსჯავრდებულ - გ.კ.-ს
მონაწილეობით,

მსჯავრდებულ გ.კ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ.ს.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ.კ.-ს მიმართ, პირადი ნომერი: XXXXXXXXXXX, დაბადებულის: XX.XX.XXXX წელს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქალაქ. თ.-ში, შ.ნ.-ს პირველი მ/რ, კორპუსი NX, ბინა NXX, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით გ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

გ.კ.-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გ.კ.-მ 2013 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში შპს „კ.-ს“ დირექტორი გ.ჯ., შპს „უ.-ს“ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ქ.რ., შპს „ტ.-კ.-ს“ დირექტორი პ.ს. და შპს „ი.-ს“ გაყიდვების მენეჯერი გ.ტ. მოატყუა, რომ კვლავ მუშაობდა სს „ს.რ.-ს“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ვითომდა ხსენებული კომპანიისათვის შეუკვეთა კომპიუტერული ტექნიკა. კერძოდ, შპს „კ.-სგან“ შეიძინა 38 245 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, შპს „უ.სგან“ 9 216 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, შპს „ტ.-კ.-სგან“ 903 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, შპს „ი.-სგან“ 6 390.51 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. დასახელებული ტექნიკის ნაწილი გ.კ.-მ 2013 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე შუალედში მძღოლების მეშვეობით პირადად მიიღო ქალაქ თ.-ში, ს.-ს ქუჩა NXX მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწილი ქალაქ თ.-ში, ფ.-ს ქუჩა NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი ქალაქ თ.-ში, მ.-ს ქუჩა NXX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, 2013 წლის 16 სექტემბერს გ.კ.-მ, ვითომდა სს „ს.რ.-სთვის“ შპს „T.G.-დან” ქალაქ თ.-ში, კ.-ს ქუჩა NX-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტყუებით დაეუფლა 12 818.20 ლარის ღირებულების კონდიცირების მილებსა და ე. წ. „ფრეონს“, მოტყუებით მიღებული ტექნიკა და მილები გ.კ.-მ გაასაღა სხვადასხვა პირებზე და თანხას მთლიანად დაეუფლა თვითონ, ხოლო კომპანიებს არ გადაუხადა საქონლის საფასური.

გ.კ.-ს 2013 წლის 5 ივნისს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. 2014 წლის 14 იანვარს ქ. თბილისში, გ.კ.-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

გ.კ. ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2013 წლის 13 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, სს „ვ.-ს“ კუთვნილი კორპორატიული პლასტიკური ბარათიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 405 ლარის ოდენობით, რითაც სს „ვ.-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ.კ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ.ს.-მ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: გ.კ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განჩენის დადგენა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შეცვლა ჯარიმით.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მართალია გ.კ. თაღლითობის ნაწილში ადასტურებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, მაგრამ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება არ იძლევა მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველს, რადგან იგი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის პირობებში. კერძოდ, აპელანტი უთითებს, რომ გ.კ.-ს ჰყავდა მძიმე სენით დაავადებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ესაჭიროებოდა ყოველდღიური სტაციონარული და ძვირადღირებული მედიკამენტური მკურნალობა, მის გარეშეც ბავშვის გარდაცვალება გარდაუვალი იყო. ბავშვის სამკურნალო თანხები კი ოჯახს არ ჰქონდა, რაც გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, აპელანტის განმარტებით საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს მსჯავრდებულის დამნაშავეობას.

მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტს, აპელანტები სადავოდ არ ხდიან და განმარტავენ, რომ მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავის სრულად ცნო დამნაშავედ, მაგრამ სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით არის მეტისმეტად მკაცრი, ვინაიდან იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, 18 წლის ასკიდან მოყოლებული მუშაობდა, სამსახურში სარგებლობდა ნდობით და პატივისცემით, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით სასამართლოს გამოეყენებია არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა. ყოველივე ამის გათვალისწინებით აპელანტები ითხოვენ გ.კ.-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შეცვლას ჯარიმით. ასევე ალტერნატივის სახით ითხოვენ ჯარიმის განსაზღვრას თაღლითობის ეპიზოდშიც.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მხედველობაში იღებს, რომ აპელანტები სადავოდ არ ხდიან გ.კ.-ს მიერ თაღლითობის დიდი ოდენობით ჩადენის ფაქტს, ისინი მიიჩნევენ, რომ თაღლითობის ჩადენის დროს გ. კუჭუხიძე იმყოფებოდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, მან დანაშაული ჩაიდინა საკუთარი შვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, რათა უზრუნველყო ბავშვის სტაციონარული და ძვირადღირებული მედიკამენტური მკურნალობა, რომლის გარეშეც, ბავშვის გარდაცვალება გარდაუვალი იყო, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა.

დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ.კ. იმყოფებოდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში. პალატა მხედველობაში იღებს, რომ უკიდურესი აუცილებლობის დროს ხდება სამართლებრივ სიკეთეთა და ინტერესთა ურთიერთშედარება. უკიდურესი აუცილებლობის აუცილებელი პირობაა ის, რომ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. ბუნებრივია სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო მაღალი რანგის სამართლებრივი სიკეთეებია, ვიდრე ქონება და დავა იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის სიცოცხლე თუ ქონება, უადგილოა და პალატა ამას არც ხდის სადავოდ, მაგრამ ქმედება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილად რომ ჩაითვალოს აუცილებელია დადგინდეს, რომ ეს სამართლებრივი სიკეთე იმყოფება იმწუთიერ საფრთხეში. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხები ოჯახს არ ჰქონდა და აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ გამოკვლეულა.

აპელანტთა განმარტებით, სტაციონარის მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება შეადგენდა 50 733 ლარს, რომელის ოდენობაც ყოველთვიურად მატულობდა. გ.კ.-ს არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა დახმარებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ შვილს, მან არაერთგზის ითხოვა დახმარება სახელმწიფო სტრუქტურისაგან, თუმცა ამაოდ. მკურნალობის შეწყვეტა კი ბავშვის დაღუპვას ნიშნავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს ,,პ.-ს ი.-ს ა.-ს და რ.-ს ც.-ს’’ მიერ გაცემული წერილიდან ირკვევა ყოველთვიურად პაციენტ ნ.კ.-ს სტაციონარული მკურნალობის ღირებულება შეადგენდა 4 650 ლარს, დღეში 150 ლარს, საწოლი დღის და საჭირო მკურნალობის ჩათვლით. 2013 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 56 733 ლარს, ეს დავალიანება ირიცხებოდა 2012 წლის 15 ოქტომბრიდან. ბავშვის მკურნალობა საავადმყოფოში არ შეწყვეტილა და ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის გაუჩნდა განცდა, კერძო კლინიკის ხარჯზე შეუძლებელი იქნებოდა შვილის შემდგომი მკურნალობის გაგრძელება (როგორც სააპელაციო საჩივარშია მითითებული), არ ნიშნავს, რომ გ.კ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს სამართლებრივი სიკეთე - ბავშვის სიცოცხლე - იმყოფებოდა იმწუთიერ საფრთხეში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დავალიანების დაფარვის მიზნით, გ.კ.-ს მხრიდან სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე არ ყოფილა ჩარიცხული თანხის თუნდაც მცირე ნაწილი. მითუმეტეს, რომ დანაშაულის ჩადენით მიყენებული ზიანის ოდენობა, არსებული დავალიანების ოდენობაზე, გაცილებით მეტია.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სახეზეა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება - უკიდურესი აუცილებელობა.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ გ.კ.-ს არ ჩაუდენია ქურდობა, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია მსჯავრდებულ გ.კ.-ს მიერ მასზედ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა, კერძოდ: სს ”ვ.-ს” 2013 წლის 22 ოქტომბრის წერილით, სს ”ვ.ბ.ჯ.-ს“ ამონაწერით ანგარიშიდან, ამოღების ოქმებით (25.11.2013; 26.11.2013; 28.11.2013), დათვალიერების ოქმით (12.11.2013) მოწმეების: ვ.პ.-ს და დ.დ.-ს ჩვენებით.

აპელანტი მიუთითებს მოწმე დ.დ.-ს ჩვენებაზე და განმარტავს, რომ მის მიერ გ.კ.-ს ანგარიშიდან წარმოდგენილი ამონაწერი თანხის მოძრაობის შესახებ, არის არაავთენტური, რადგან ამონაწერს არ გააჩნია არც ხელმოწერა, არც ბეჭედი და მასში განთავსებული ინფორმაცია ასახულია არასამართალწარმოების ენაზე, რის გამოც ეჭვქვეშ დგება მისი ნამდვილობის საკითხი. ამასთანავე, მასში აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ის არის საიდუმლო ინფორმაცია და მისი გაცემა დაუშვებელი იყო სასამართლო განჩინების გარეშე.

აპელანტთა მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით დაკითხულ იქნა დ.დ., რომელმაც დაადასტურა, რომ დაახლოებით ხუთი წელია გ.კ. არის მათი ელექტრონული გვერდის მომხმარებელი და პირადად მის მიერ იქნა წარდგენილი გამოძიების მოთხოვნის საფუძველზე ამონაწერი 2013 წლის 01 ივლისიდან, 2014 წლის 11 იანვრამდე. დ.დ.-მ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაციის მათ ბაზიდან გაცემის ფაქტი. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულების ავთენტურობა დადგენილია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს წინასასამართლო სხდომის დროს.
აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ს.ფ.-მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლო დანაშულის ჩადენის შესახებ, მის მიერ წარმოდგენილ ბარათი დატანილი ნომერით XXXX XXXX XXXX XXXX და წარწერა „ს.ფ.“, თავისთავად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ.კ.-მ განახორციელა არასანქცირებული გადახდები.

აღნიშნულს პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ აღნიშნული დასტურდება მოწმე ვ.პ.-ს ჩვენებით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი და აწარმოებდა გამოძიებას გ.კ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე, რა დროსაც გაირკვა, რომ გ.კ.-ს ს.ფ.-ს (სს ”ვ.”) კორპორატიული პლასტიკური ბარათიდან დაახლოებით 400 ლარამდე თანხა ფარულად გადარიცხული ჰქონდა მის პირად ანგარიშებზე.

აღნიშნული ასევე დასტურდება წერილობით მტკიცებულებებით, კერძოდ: სს ”ვ.-ს” 2013 წლის 22 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ 2013 წლის 13-14 ოქტომბერს სს ”ვ.ბ.ჯ.-ს” მიერ გაცემულ კორპორატიულ ბარათზე გ.კ.-ს მიერ განხორციელებული იქნა არასანქცირებული ოპერაციები, სულ ჯამში 405 ლარის ოდენობით, www.a.com-სა და www.s.ge-ს ვებ. გვერდების გამოყენებით. სს ”ვ.ბ.ჯ.-ს” ამონაწერით ანგარიშიდან GEXXXXXXXXXXX/GEL სს ”ვ.” (P.N.) დასტურდება, რომ 2013 წლის 15-16 ოქტომბერს აღნიშნული ანგარიშიდან www.a.com-ზე გადარიცხული იქნა სულ ჯამში 55 ლარი, www.s.ge-ს ანგარიშზე სულ ჯამში 350 ლარი და www.g.ge-ს ანგარიშზე 2,08 ლარი. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მათი მომხმარებლის - გ.კ.-ს ელექტრონული გვერდის გამოყენებით ს.ფ.-ს სახელზე დამზადებული ”V.ბანკის” ”VIZA” ბარათიდან (ბარათის ნომერი XXXX XXXX XXXX) თავის ანგარიშზე გადარიცხა 55 ლარი. ასევე ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 17 ოქტომბერს გ.კ.-ს მიერ www.g.ge-ს მეშვეობით, ს.ფ.-ს პლასტიკური ბარათიდან № XXXX XXXX XXXX, მოხსნილი იქნა თანხა 2,08 ლარის ოდენობით. ხოლო, 2013 წლის 28 ნოემბერს ამოღებული იქნა შპს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 13 ოქტომბერს გ.კ.-ს კუთვნილი ანგარიშის შევსება ”ფ. ბარათზე” განხორციელდა ვიზა ბარათიდან P. XXXX XXXX XXXX, რაც გ.კ.-ს მიერ გატანილი იქნა „ლ.ბ.-ს“ მ.-ს ფილიალიდან.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 180-ე და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, კერძოდ, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას (რომლის ოდენობის დასახელებაც დაცვის მხარემ ვერ შეძლო) აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ.კ.-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რასაც პალატაც იზიარებს და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და უნდა დაჩეს უცვლელად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით არ ითვალისწინებს ჯარიმას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,


დ ა ა დ გ ი ნ ა:


მსჯავრდებულ გ.კ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ.ს.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფოლდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ.კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

გ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის №10ა/4510-13 განჩინებით, გ.კ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 თებერვლის №10დ/709-14 განჩინებით, გ.კ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

გ.კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 1 თებერვლიდან.

გ.კ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

ნივთმტკიცებები: ს.ფ.-ს სს ”ვ. ჯ.-ს” კორპორატიული პლასტიკური ბარათი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.