ნახვები: 409
საქმის ნომერი: 1/ბ-140-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, პირი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშულში და გამართლდა. პროკურორმა განაჩენი გაასაჩივრა თბილისი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა გამართლებულის დამნაშავედ ცნობა. თუმცა, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-140-15 (2015-03-31), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-140-15

განაჩენი
საქართველოს სახელით
       31 მარტი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

სახელმწიფო ბრალმდებელ - კ.მ.-ს
ადვოკატ - მ.ბ.-ს
გამართლებულ - ე.კ.-ს
მონაწილეობით,

მთავარი პროკურატურის პროკურორ თ.ნ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ე.კ.-ს მიმართ - დაბადებულის XXXX წლის XX ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი NXXXXXXXXXXX, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, პენსიონერის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქალაქი თ., დ.ჭ.-ს ქ. NXX/XX-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.



აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ე.კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშულში და გამართლდა.

ე.კ.-ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით მიღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
რაც გამოიხატებოდა შემდეგში:

რ.კ.-მ და შ.ს.-მ განიზრახეს მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილ თანხებს და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში 2009 წლის 04 მაისს დაარეგისტრირეს არასამეწარმეო იურიდიული პირი “XXXX“ (ს/ნ 205278153), რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა რ.კ., ხოლო მოადგილედ - შ.ს..

დანაშაულებრივი მიზნის აღსასრულებლად რ.კ.-სა და შ.ს.-ს მოტყუებით უნდა გაეწევრიანებინათ კავშირში საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, თითქოსდა იმ მოტივით, რომ კავშირი მოიპოვებდა ამერიკაში რეგისტრირებული „პ.კ.-ს ფონდიდან“ სოციალურ გრანტს და თითოეული კავშირში გაწევრიანებული პენსიონერი ყოველთვიურად მიიღებდა 30 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო თითოეული უმუშევარი ყოველთვიურად მიიღებდა 120 ლარის ოდენობით თანხას 1 წლის მანძილზე. გრანტის მიღების და კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ თითოეულ მოქალაქეს კავშირისთვის წინასწარ უნდა გადაეხადა საწევრო 3 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რ.კ. და შ.ს. დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ საქართველოს პენსიონერთა და ხანდაზმულთა ასოციაცია „ბ.-ს“ თავმჯდომარე ე.კ.-ს, რომელთანაც 2010 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რითაც ასოციაცია „ბ.-მ“ იკისრა ვალდებულება, რომ განეხორციელებინა საქართველოს მოქალაქეთა სოციალური პროექტში გაწევრიანება, მოქალაქეებთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა და უშუალოდ გადაეხდევინებინა თითოეული მოქალაქისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროექტში გაწევრიანების საწევრო 3 ლარი, ხოლო შემოსულ თანხას ე.კ., რ.კ. და შ.ს. გაინაწილებდნენ ურთიერთშორის. ე.კ.-ს მიერ „ბ.-ს“ სახელით შეკრებილი 11 053 მოქალაქის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 33 161 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ე.კ., რ.კ. და შ.ს. 2010 წლის ნოემბერში დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ქალაქ ხ.-ში მცხოვრებ ზ.ხ.-ს და მას შესთავაზეს ქ. ხ.-ში რეგიონალური ოფისის გახსნა და დაარწმუნეს იგი, რომ მოეძიებინა ხ.-ს რეგიონში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობა და გრანტის მიღების დაპირების სანაცვლოდ გაეწევრიანებინა ისინი ხსენებულ კავშირში. გაწევრიანების წინაპირობა იყო სამი ლარის გადახდა და გრანტის მიღების შემდეგ მას დაენიშნებოდა კავშირიდან ხელფასი 400 ლარის ოდენობით. 2011 წლის 15 თებერვალს ზ.ხ.-მ ხსენებული კავშირის სახელით შეკრებილი 633 მოქალაქის მიერ გადახდილი 1 899 ლარი ჩამოიტანა ქ. თ.-ში და შ.ს.-ს მითითებით ჩარიცხა კავშირის საბანკო ანგარიშზე, ხსენებული თანხის გარდა კავშირის სახელით შეკრებილი 1 000 ლარით რ.კ.-ს მითითებით მოახდინა რეგიონალური ოფისის გარემონტება და საკანცელარიო საქონლის შეძენა.

2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში ე.კ.-ს, რ.კ.-ს და შ.ს.-ს მიერ თაღლითური გეგმის განხორციელების შედეგად საქართველოში მაცხოვრებელი მოტყუებული მოქალაქეების მიერ გადახდილ იქნა ერთობლიობაში 36 060 ლარი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთავარი პროკურატურის პროკურორმა თ.ნ.-მ

აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის გაუქმება და ე.კ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების ჩვენებების ანალიზიდან გამოიმდინარე, ნათელია, რომ სწორედ ე.კ.-ს ინიციატივით და დაჟინებული მოთხოვნით ხდებოდა არაერთი ახალგაზრდის, უმუშევრისა და პენსიონერის გაწევრიანება შპს „ბ.-ში“ საწევროების გადახდის სანაცვლოდ, ხოლო იქ მომუშავე პირების მიერ კი ხდებოდა მათთვის დაპირების მიცემა, ამერიკიდან გრანტის მიღების შესახებ. მაგრამ მათთვის ე.კ.-ს გრანტთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია. დაზარალებულებმა კი მხოლოდ ის იცოდნენ რომ გრანტი უნდა ჩარიცხულიყო ამერიკიდან, ხოლო რომელი ორგანიზაციიდან უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული მათთვის უცნობია.

აპელანტის განმარტებით, მოწმე რ.კ.-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ სწორედ ე.კ. იყო ინიციატორი მხარე ორგანიზაცია „ბ.-ში“ უმუშევართა და პენსიონერთა გაწევრიანებისა, რის შედეგადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ ორგანიზაციებს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი. ხოლო, საქმეზე დართული განაჩენით კი დადასტურებულია, რომ როგორც რ.კ.-სთვის და შ.ს.-სთვის, ასევე ე.კ.-სთვისაც ცნობილი იყო გრანტის არ არსებობის შესახებ. რაც, აპელანტის აზრით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე.კ. ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ჩართული იყო თანხების მოტყუებით მითვისებაში.

ასევე აპელანტი მიუთითებს, რომ ე.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 2 730 ლარი, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მას თავიდანვე განზრახული ჰქონდა თანხების ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მისაკუთრება.

აპელანტის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის განაჩენით პრეიუდიციულად იქნა დადასტურებული ე.კ.-სთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებულების შ.ს.-ს და რ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სადაც ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და მიუთითებენ, რომ მათ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ე.კ.-სთან ერთად ჩაიდინეს აღნიშნული ქმედება. მათ ისიც განმარტებას, რომ არანაირი დახმარება ამერიკიდან არ არსებობდა.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ე.კ. არ დაკითხულა სასამართლოში და ბრალდების მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა სასამართლოსათვის რომ არანაირ მტკიცებულებით არ დასტურდებოდა საბოლოო სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია მისი უდანაშაულობასთან დაკავშირებით. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ ე.კ.-მ არაფერი არ აიცოდა ამ თაღლითური გეგმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ე.კ.-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ე.კ. არ დაკითხულა სასამართლოში და ბრალდების მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა სასამართლოსათვის რომ არანაირ მტკიცებულებით არ დასტურდებოდა საბოლოო სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ე.კ. იმყოფებოდა დანაშაულებრივ კავშირში შ.ს.-სთან და რ.კ.-სთან. ბრალდების მხარე აღნიშნულის დასადასტურებლად იყენებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 06 აპრილის და 07 მაისის განაჩენებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განაჩენებით პრეიუდიციულად დადასტურებულ იქნა შ.ს.-სთან და რ.კ.-სთან ე.კ.-ს დანაშაულებრივ კავშირში ყოფნის ფაქტი. ბრალდების მხარის მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს და სავსებით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, თანაბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების კონტექსტში კონვენციის მე-6 მუხლის გარანტიები დაცულად ჩაითვლება მხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ბრალის აღიარება სასამართლოს მიერ დაშვებულია მხოლოდ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადგენად, რომელიც აღიარებს ბრალს და არა სხვა ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადგენად ეროვნულმა მოსამართლემ ცალსახად უნდა აღნიშნოს, რომ თანაბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ ამტკიცებს მეორე ბრალდებულის კავშირს დანაშაულთან. ამდენად, აუცილებელია სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაც.

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებულების ჩვენებების ანალიზიდან გამოიმდინარე, ნათელია, რომ სწორედ ე.კ.-ს ინიციატივით და დაჟინებული მოთხოვნით ხდებოდა არაერთი ახალგაზრდის, უმუშევრისა და პენსიონერის გაწევრიანება შპს „ბ.-ში“ საწევროების გადახდის სანაცვლოდ, ხოლო იქ მომუშავე პირების მიერ კი ხდებოდა მათთვის დაპირების მიცემა, ამერიკიდან გრანტის მიღების შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების, ზ.ვ.-ს, ვ.გ.-ს, ბ.ქ.-ს, ლ.კ.-ს, ბ.ნ.-ს, მ.ზ.-ს, ი.ხ.-ს ჩვენებებით დადგენილია, მათ ე.კ.-ს ორგანიზაცია „ბ.-ში“ შეიტყვეს, რომ გაწევრიანების შემთხვევაში, საწევროს შენატანის სანაცვლოდ, ყოველთვიურად დახმარებას მიიღებდნენ, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს იმ ფაქტი, ე.კ.-მ იცოდა გრანტის არარეალურობის თაობაზე.

აპელანტი აღნიშნავს, მოწმე რ.კ.-ს ჩვენებით დასტურდება ფაქტი, რომ ე.კ. იყო ინიციატორი მხარე ,,ბ.-ში’’ უმუშევართა და პენსიონერთა გაწევრიანების, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა გრანტი არ არსებობდა, აღნიშნული დასტურდება ასევე შ.ს.-ს ჩვენებითაც, რომელიც სასამართლოში გამოქვეყნდა. ბრალდების მხარის ამ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თავად გამართლებულ ე.კ.-ს განმარტებით, მას სჯეროდა, რომ შ.ს. და რ.კ. მიიღებდნენ გრანტს და განახორციელებდნენ დაპირებულ პროექტს. ასევე, ბრალდების მხარის მოწმის ჯ.ლ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ის შეესწრო შ.ს.-ს და ე.კ.-ს საუბარს, რა დროსაც შ.ს. ირწმუნებოდა გრანტის მიღების შესახებ, ამავე მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, ისიც, რომ კავშირში გაწევრიანებულ მოქალაქეთა დაახლოებით 2500 ადამიანს საწევრო არ გადაუხდია, მაგრამ ე.კ.-ს მათთვის უარი არ უთქვამს გაწევრიანებაზე, იმ პირობით, რომ გრანტის მიღების შემდეგ დაფარავდნენ ისინი საწევროს, რაზეც მან შ.ს.-სგან მიიღო საყვედური. მოწმე რ.კ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხალხის ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების მიზნით, შ.მ-მ ის შეახვედრა ორგანიზაცია ,,ბ.-ს’’ დირექტორ - ე.კ.-ს, მან ე.კ.-ს შესთავაზა თანამშრომლობა, რაზეც მან თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა; ასევე მოწმის სახით დაკითხული რ.ქ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შ.ს. ირწმუნებოდა გრანტის აუცილებლად გამოყოფის შესახებ, ოღონდ ამისათვის საჭირო იყო ხალხის გაწევრიანება ორგანიზაციაში. შესაბამისად ხალხის მოზიდვის მიზნით შ.ს.-მ მემორანდუმი გაუფორმა ორგანიზაცია „ბ.-ს“, რომელიც აწევრიანებდა ხალხს. მოწმე ი.ს.-ს ჩვენებებით კი დადასტურებულია, რომ ის და შ.ს., ხალხის მოზიდვის და ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების მიზნით, შეხვდნენ ორგანიზაცია ,,ბ.-ს’’ დირექტორ ე.კ.-ს, რომელსაც აუხსნეს ვითარება და ისიც დახმარებას დაპირდა მათ. ამდენად, ეჭვი, რომ ე.კ.-სთვის ცნობილი იყო გრანტის არარეალურობის შესახებ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უარყოფილი არ არის.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ე.კ.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ფულის ამოღების ფაქტი, ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ ე.კ.-ს თავიდანვე განზრახული ჰქონდა თანხების ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მისაკუთრება, რასაც პალატა ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ თანხის სახლში წაღების ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს თაღლითობის განზრახვას და საკმარისი არ არის თანხის მისაკუთრების დასადასტურებლად. მით უფრო, რომ აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული. ხოლო, ბრალდების მხარი მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთ მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ე.კ.-ს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას გადახდილი თანხები მიჰქონდა სახლში, რადგან ეშინოდა ოფისის გაძარცვის, სახლში საბოლოო დაჯამების შემდეგ კი ამ თანხებს გადასცემდა შ.ს.-ს. ასევე, გასათვალისწინებელია მოწმე ჯ.ლ.-ს ჩვენებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ საწევროების სახით აკრეფილ თანხას ოფისში არ ინახავდნენ და იგი ყოველი დღის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანებული ხალხისაგან აკრეფილ საწევროებს ითვლიდა და ფულს აბარებდა ე.კ.-ს, რომელიც შემდგომ ფულს პერიოდულად აძლევდა შ.ს.-ს. ხოლო, მემორანდუმის გაუქმების შემდეგ, როგორც ჯ.ლ.-მ განმარტა, ე.კ. კვლავ განაგრძობდა შემოსული საწევროს თანხების შ.ს.-სთვის გადაცემას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მემორანდუმის გაუქმების შემდეგ შ.ს.-მ ცალკე ოთახი აქირავებინა ე.კ.-ს და თავად დაჰპირდა ქირის თანხის გადახდას. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა მოწმე მ.ა.-მაც. პალატა ასევე განმარტავს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სს ”კ.ბ.-დან~ ამოღებული ამონაწერის თანახმად, შ.ს.-ს პირად ანგარიშზე 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შეტანილია 28 900 ლარი. მათ შორის, 2011 წლის 3 თებერვლის შემდეგ სულ განხორციელებულია ორი შეტანა, კერძოდ, 11 თებერვალს შეტანილია 1 900 ლარი და 2011 წლის 15 თებერვალს შეტანილია 3 200 ლარი. ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე.კ.-მ მიისაკუთრა ის თანხა, რაც მისი საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული და არ არის უარყოფილი გამართლებულ ე.კ.-ს განმარტება, რომ იგი აპირებდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თანხის დაანგარიშებას და შ.ს.-სთვის გადაცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად მთავარი პროკურატურის პროკურორ თ.ნ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მთავარი პროკურატურის პროკურორ თ.ნ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ე.კ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა~ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულში და გამართლდეს.
გამართლებულ ე.კ.-ს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 თებერვლის განჩინებით ე.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო 10 000 ლარი გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნა აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ე.კ.-ს, ს.ფ.-ს, ლ.კ.-ს და ნ.კ.-ს კუთვნილი უძრავი ქონების - (52 კვ. მ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი თ., დ.ჭ.-ს ქუჩა №XX/XX, საკადასტრო კოდი: XXXXXXXXXXXX) - შესაბამის წილს.
ასევე გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 თებერვლის №12/1952 განჩინებით სს ”ს.ბ.-ში~ საქართველოს პენსიონერთა და ხანდაზმულთა ასოციაციის ”ბ.-ს~ (ს/ნXXXXXXXX) №XXXX, №XXXXX და № XXXXXXXX საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.