საქმის ნომერი: 2ბ/3022-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა საწარმოო ტრავმის შედეგად დამდგარი ზიანის აპელანტისათვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე. იმ დასაბუთებით, რომ საწარმოო ავარიის დროს გარდაცვლილი პირი 2011 წლისათვის 94 წლის იქნებოდა, შესაბამისად ვეღარ შეძლებდა მუშაობას და მისი მემკვიდრეც აღარაა უფლებამოსილი მიიღოს სარჩო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/3022-16 (2016-12-20), www.temida.ge
საქმის № 330210014640136
საქმის № 2ბ/3022-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       20 დეკემბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – სს „ს. რ.“

წარმომადგენელი – ნ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ღ.

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს. რ.-სათვის“ ე. ღ.-ს სასარგებლოდ, 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდის (ბოლო სამი წლის) მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის - 3033 ლარის გადახდის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ე. ღ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა:

1.1. სს „ს. რ.-ს“ ე. ღ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდის ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხის გადახდა 3033 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

1.2. სს „ს. რ.-ს“ ე. ღ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. სს „ს. რ.-ში“ მუშაობისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 1976 წლის 13 თებერვალს ე. ღ.-ს მეუღლემ ა. ღ.-მ მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები და გარდაიცვალა.

სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს:
- აქტი საწარმოზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, (ს.ფ 15-16)

2.2. მოსარჩელეს დაენიშნა სარჩო მარჩენალის დაღუპვის გამო 1978 წლიდან. 2011 წლის ოქტომბრის თვიდან ე. ღ.-ს ყოველთვიურად იღებს სარჩოს 177,27 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, სს „ს. რ.-ს“ მიერ გაცემული დოკუმენტები (ს.ფ 1-11, 26-36, 58-59)

2.3. მოპასუხის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, 2011 წლის ოქტომბრიდან ზეინკლის ხელფასი შეადგენს: 2011 წლის 01 ოქტომბრიდან - 414 ლარს, 2012 წლის 30 მარტიდან - 462 ლარს, 2013 წლის 01 აპრილიდან - 600 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს:
- სს „ს. რ.-ს“ მიერ გაცემული დოკუმენტები (ს.ფ 59)

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი შპს „ს. რ.-ს“ ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც ის ნაწილობრივ ასრულებს.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დასახელებული მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

2.5. სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმა სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს და სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, ანუ პირს, რომლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. ნორმა ასევე განსაზღვრავს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.


სასამართლოს განმარტებით, ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე საწარმოში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს, კერძოდ, დადგენილია, რომ ა. ღ. მუშაობდა სს „ს. რ.-ს“ ხაშურის სალოკომოტივო დეპოში ზეინკლად. 1976 წლის 3 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იგი დაიღუპა.

მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხის საწარმო დღემდე უხდის ე. ღ.-ს მარჩენალის დაღუპვის სარჩოს.

საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად „4. დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. 5. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციისათვის. 6. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.’’

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია უბედური შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსარჩელეს, როგორც მარჩენალის გარდაცვალებით დაზარალებულს უხდის სარჩოს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს მოპასუხის მიერ იმ გარემოების აღიარებას, რომ ა. ღ.-ს გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მისი ვალდებულებაა.

საქმეში წარმოდგენილი საწარმოზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტით დასტურდება, რომ ა. ღ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით დეტალურადაა იმ თანხების კალკულაცია, რაც მოსარჩელეს ეკუთვნოდა და არ მიუღია, ამიტომ სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული დაანგარიშება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მაშინ მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების“ წესის 36-ე პუნქტი შეეხებოდა მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად სარჩოს დანიშვნას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულებით აღნიშნული წესის 38-ე პუნქტში ცვლილება შევიდა და დანიშნული სარჩო, ხელფასის ცვლილების გამო გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53-ე დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალ დაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს.

3.2. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე და არა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა და იგი დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს.

3.3. სასამართლომ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა არ გაითვალისწინა და სარჩელი დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი დასაბუთება
4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას გადასინჯავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

პალატა განმარტავს, რომ მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რაც შეეხება სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, აღნიშნულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, რომლის ოდენობის გაანგარიშებას,

4.4. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირი მარჩენლად ითვლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, იქამდე ვიდრე იგი შრომისუნარიანად ითვლება, სააპელაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.

დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმა სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს და სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, ანუ პირს, რომლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. ნორმა ასევე განსაზღვრავს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. შესაბამისად, იგულისხმება, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, მარჩენალი იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები .

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საწარმოზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის თანახმად, უბედური შემთხვევის დროისათვის (1976 წლის 13 თებერვალს) ა. ღ. 59 წლის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო პერიოდისათვის (2011 – 2014 წლები) იგი 94-97 წლის იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან ცხადია, რომ 94-97 წლის ასაკში პირი (ა. ღ.) ელმავლის მემანქანედ ვერ იმუშავებდა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, ე. ღ.-ს სს „ს. რ.-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 180,24 ლარის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „ს. რ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

3. ე. ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ე. ღ.-ს სს „ს. რ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 180,24 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.



მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი