საქმის ნომერი: 1/ბ-553-14
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის, ბრალდების მხარის მოსაზრება. პალატა ითვალისწინებს, რომ მომზადება ხასიათდება ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით. ობიექტური ნიშანია - პირობების შექმნა დანაშაულის ჩასადენად; სუბიექტური ნიშანია - პირის განზრახვა, რომ შექმნას პირობები დანაშაულის ჩასადენად. პალატა თვლის, რომ აღნიშნული ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად, ვინაიდან მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, კონკრეტულ შემთხვევაში კი არ იყო დაწყებული უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედება (შესაბამისად არც დაუმთავრებელ მცდელობას აქვს ადგილი), ვინაიდან აღკვეთილი იქნა დანაშაულის მომზადების სტადიაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის ყველა პირობების განზრახ შექმნა. საზღვრის გადაკვეთის სურვილი, აღნიშნულის სანაცლოდ კი გარკვეული თანხის გადახდა და საზღვართან მიახლოება, რაც აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომზადების სტადიაზევე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-553-14 (2014-12-23), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-553-14

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 დეკემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ეკატერინე დიხამინჯიას მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებელ - მ. ბ.-ის

ადვოკატების - დ. ბ.-ის, დ. მ.-ის, ე. პ.-ის, გამართლებულების - კ. ხ.-ის, რ. ბ.-ის,

თარჯიმნის - ი. მ.-ის, მ. ნ.-ის

მონაწილეობით,

გამართლებულ ა. ა.-ის დასწრების გარეშე

პროკურორ მ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

კ. მ.-ის ძე ხ.-ის მიმართ - დაბადებულის 1XXX წლის XX ო.-ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი XXXXXXXXXXX, საშუალო განათლების, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ. რ.-ის ძე ბ.-ის მიმართ, დაბადებულის 1XXX წლის XX ო.-ს, საქართველოს და ს.-ის მოქალაქის, პირადი ნომერი XXXXXXXXXXX, ნასამართლობა გაქარწყლებულის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, უმუშევრის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ.-ის რაიონის სოფელ ა.-ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა. ი.-ის ძე ა.-ის მიმართ, დაბადებულის 1XXX წლის XX ი.-ს, ს.-ის მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების, უმუშევრის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ე., ლ.-ის ქ. NXX, ბინა NXX, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენით კ. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ა. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ კ. ხ.-მა, რ. ბ.-მა და ა. ა.-მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადება, კერძოდ:

2013 წლის 05 ნოემბერს კ. ხ.-მა და რ. ბ.-მა გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ა. ა.-ს დახმარება აღუთქვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. დანაპირების შესრულების მიზნით, მათ, რ. ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანით, ა. ა. მიჰყავდათ საქართველო-ს.-ის სახელმწიფო საზღვართან, რა დროსაც ისინი ავტომანქანაში დაკავებულ იქნენ სასაზღვრო პოლიციის NX სამმართველოს (წითელი ხიდის) NX სასაზღვრო სექტორის (ახკერპი) დასაცავ მონაკვეთზე.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ. ბ.-მა.

აპელანტმა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმება და ა. ა.-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; კ. ხ. და რ. ბ.-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ა. ა.-ის, კ. ხ.-ის და რ.ბ.-ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ა. ა.-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ხოლო კ. ხ.-ის და რ. ბ.-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება.

აპელანტის განმარტებით, მართალია, სასამართლოს მიაჩნია, რომ, რ. ბ.-მა და კ. ხ.-მა ჩაიდინეს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ მათი ქმედება მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულების მიერ არ მომხდარა ქმედების უშუალოდ განხორციელება და იგი აღიკვეთა არა მცდელობის არამედ მომზადების სტადიაზე, ვინაიდან თვლის, რომ რ. ბ.-მა და კ. ხ.-მა აქტიური ქმედებით შეუწყვეს ხელი ა. ა.-ს, რათა მას უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი, რისთვისაც ა. ა.-მა მათ გადაუხადა 1000 აშშ დოლარი და სამივე მათგანმა მოახდინა დანაშაულის მომზადება და დაგეგმეს თითოეული მათგანის ქმედება. მომზადების სტადია დამთავრდა 2013 წლის 5 ნოემბრამდე, ხოლო 5 ნოემბერს ისინი უშუალოდ შეუდგენენ დანაშაულის განხორციელებას, კერძოდ ავტომანქანით გაემგზავრნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ. აპელანტის განმარტებით, მართალია ბრალდებულები დაკავებული იყვნენ ავტომანქანაშივე, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი მდებარეობდა მათი დაკავების ადგილიდან 280-300 მეტრში და ისინი ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებას დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, მიემგზავრებოდნენ საზღვრისკენ და იმ ადგილიდან, სადაც დასრულდებოდა სამანქანო გზა განაგრძობდნენ სვლას საზღვრისკენ. მათ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანეს განზრახვა სისრულეში რომ დაკავებულ იყვნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განჩენის დადგენას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

გამართლებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ა.-ის, კ. ხ.-ის და რ. ბ.-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მხედველობაში იღებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: მ. ბ.-ის, ვ. ღ.-ის, ბ. გ.-ის, ნ. ხ.-ის, ი. კ.-ის, გ. გ.-ის, ა. მ.-ის, ა. ხ.-მა, ა. ა.-ის, კ. ხ.-მა, რ. ბ.-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კოორდინატების რუკაზე დატანის ოქმით, რ. ბ.-ის ბინის ჩხრეკის ოქმით და ბრალდებულების ამოცნობის ოქმებით დასტურდება ა. ა.-ის, კ. ხ.-ის და რ. ბ.-ის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის პირობების განზრახ შექმნა. თუმცა, პალატა ითვალისწინებს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურება ვერ პოვა იმ ფაქტმა, რომ ა. ა.-მა ჩაიდინა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ხოლო, კ. ხ.-მა და რ. ბ.-მა განახორციელეს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არცერთი მხარე არ ხდის სადავოდ, ბრალდების მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ ადგილი აქვს არა დანაშაულის მომზადებას, არამედ დანაშაულის მცდელობას და მცდელობაში დახმარებას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ითვალისწინებს, რომ მომზადება ხასიათდება ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით. ობიექტური ნიშანია - პირობების შექმნა დანაშაულის ჩასადენად; სუბიექტური ნიშანია - პირის განზრახვა, რომ შექმნას პირობები დანაშაულის ჩასადენად. კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ა. ა.-ს სურდა საქართველო-ს.-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და აღნიშნული გეგმის განხორციელებაში გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარება სთხოვა ა. მ.-ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა ა. ხ.-ს და კ. ხ.-ს. დაკავების დღეს, კ. ხ. და ა. ა. რ. ბ.-ის ავტომანქანით გაემართნენ ა. ა.-თვის იმ ადგილის საჩვენებლად, საიდანაც მას საქართველო-ს.-ის საზღვარი უნდა გადაეკვეთა უკანონოდ, მაგრამ საავტომობილო გზაზე ისინი დაკავებულნი იქნენ. ამდენად, კ. ხ.-მა ვერ მოასწრო იმ გზის ჩვენება, საიდანაც შესაძლებელი იყო ს.-ს რესპუბლიკაში უსაფრთხოდ გადასვლა. ხოლო, რ. ბ.-მა კი შეთანხმების თანახმად ს.-ის საზღვართან მისვლა, სადაც უნდა დალოდებოდა და მიეყვანა სასურველ ადგილამდე. პალატა თვლის, რომ აღნიშნული ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად, ვინაიდან მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, კონკრეტულ შემთხვევაში კი არ იყო დაწყებული უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედება (შესაბამისად არც დაუმთავრებელ მცდელობას აქვს ადგილი), ვინაიდან აღკვეთილი იქნა დანაშაულის მომზადების სტადიაზე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის ყველა პირობების განზრახ შექმნა. საზღვრის გადაკვეთის სურვილი, აღნიშნულის სანაცლოდ კი გარკვეული თანხის გადახდა და საქართველო-ს.-ის საზღვართან მიახლოება, რაც აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომზადების სტადიაზევე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მომზადებისთვის და ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ მ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

კ. ხ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

კ. ხ.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

რ. ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

რ. ბ.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ა. ა. ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ა. ა.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ნივთმტკიცება - ბრალდებულ კ. ხ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერი ,,ნ.” ფირმის მობილური ტელეფონი, ბრალდებულ ა. ა.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ,,ნ.” ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ბრალდებულ რ. ბ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ,,ნ.” ფირმის მობილური ტელეფონი სიმბრათით, რომლებიც ინახება სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ბრალდებულ რ. ბ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 12 (თორმეტი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა, 19 (ცხრამეტი) ცალი ათლარიანი კუპიურა, 7 (შვიდი) ცალი ოცლარიანი კუპიურა, 3 (სამი) ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, 8 (რვა) ცალი ასლარიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი 100 აშშ დოლარი, 3 (სამი) ცალი ათას დრამიანი კუპიურა, 2 (ორი) ცალი ხუთიათას დრამიანი კუპიურა, 7 (შვიდი) ცალი ოციათას დრამიანი კუპიურა და ბრალდებულ რ. ბ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო შპს ,,მ.-დან” და შპს ,,მ.-დან” ამოღებული ,,CD-R’’ დისკები (ოთხი ცალი), რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განემარტოთ კ. ხ.-ს, რ. ბ.-ს და ა. ა.-ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.