საქმის ნომერი: 2ბ/277-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მიიჩნია რომ სახეზე იყო ერთი პირის მეორე პირის ხარჯზე გამდიდრების ფაქტი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/277-19 (2019-04-19), www.temida.ge
საქმის № 2ბ/277-19

განჩინება
საქართველოს სახელით
       19 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

აპელანტი - სს „თ.“

წარმომადგენელი - ვ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ.

წარმომადგენელი - თ. ნ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოსარჩელე მ. ჩ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ.-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და სს „თ.-ს“ სასარგებლოდ 4 650 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სს „თ.-ს“ მ. ჩ.-ს სასარგებლოდ 4 650 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ.-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2018 წლის 10 იანვარს, მ. ჩ.-მ სს „თ.-ს“ ქ. თბილისში, გულუას ქუჩაზე მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის განაცხადით მიმართა. განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოები 2018 წლის 16 აპრილს დასრულდა (ს.ფ. 17-18, 50-52).

6. ქ. თბილისში, გულუას ქუჩაზე მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის მიერთების საფასური 9 300 ლარით განისაზღვრა. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ჯამური ღირებულების სანაცვლოდ, 2018 წლის 10 იანვარს მ. ჩ.-მ, სს „თ.-ს“ სასარგებლოდ, მომსახურების 50 % - 4 650 ლარის ოდენობით, გადაიხადა. 2018 წლის 31 ივლისს სს „თ.-ს“ მოთხოვნის საფუძველზე მ. ჩ.-მ დარჩენილი 4 650 ლარის გადახდა უზრუნველყო (ს.ფ. 24 - 25).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს „თ.-ს“მ. ჩ.-ს სასარგებლოდ 4 650 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა, დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ -კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოხდა.

განსახილველი საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, 2018 წლის 10 იანვარს, მ. ჩ.-მ სს „თ.-ს“ ქ. თბილისში, გულუას ქუჩაზე მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის განაცხადით მიმართა. სს „თ.-ს“ 2018 წლის 18 მაისის წერილითა და სს „თ.-სგან“ გაგზავნილი შეტყობინებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის 13 მარტით განისაზღვრა (ს.ფ. 19, 14). სს „თ.-ს“ 2018 წლის 16 აპრილს გაგზავნილი შეტყობინებით მოსარჩელეს მისი განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. ზემოაღნიშნული სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ რწმენას მასზედ, რომ სს „თ.-ს“ მიერ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები ვადის დარღვევით, კერძოდ, 18 სამუშაო დღის დაგვიანებით განხორციელდა.

8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის N20 დადგენილების 261-ე მუხლი ითვალისწინებს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებს, ასევე, აღნიშნული მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 50%-ით შემცირდება, ხოლო განაწილების ლიცენზიანტის მიერ მიერთების მსურველის (განმცხადებლის) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულ მიერთებაზე გავრცელდეს, განსაზღვრულ ვადაში გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 50%-ით შემცირებული საფასური (ამ შემთხვევაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია მიერთების მსურველის სათანადო მოთხოვნის საფუძველზე). შესაბამისად, თუ ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური პირს უკვე გადახდილი აქვს, ზედმეტად გადახდილი თანხა განაწილების ლიცენზიანტმა უნდა დაუბრუნოს განმცხადებელს ამ გარემოების დადგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხსენებული დადგენილების 27-ე მუხლი ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, კერძოდ, მეორე პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261-ე მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ N20 დადგენილება უკვე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს. თუმცა, ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა და აღნიშნული შესაძლებლობის განსახორციელებლად განსხვავებულ პროცედურებს კი არ აწესებს, არამედ ამავე დადგენილების 26-ე და 261-ე მუხლებით განსაზღვრული წესების გამოყენებაზე მიუთითებს. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ დადგენილების 27-ე მუხლი მხოლოდ მოთხოვნის წაყენების უფლებამოსილ პირებსა და მოთხოვნის შესრულებაზე უფლებამოსილ ადრესატს მიუთითებს და სწორედ ამ მიზნით მიუთითებს 26-ე და 261-ე მუხლების გამოყენების შესახებ, რაც შეეხება მოთხოვნის შესრულების ვადის დარღვევას, დადგენილების მიზანს მომხმარებლისთვის თანხის ნაწილის უკან დაბრუნება არ წარმოადგენს და ამავე დადგენილების 261-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ უნდა იქნეს გამოყენებული. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტის მსჯელობა მითითებული ნორმების მხოლოდ ნაწილობრივ გამოყენების შესახებ დადგენილების არც სიტყვა-სიტყვითი და არც ლოგიკური განსჯიდან არ გამომდინარეობს.

ვინაიდან N20 დადგენილების 27-ე მუხლი ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას და ამ მომსახურების გაწევისთვის ახალ პროცედურებს არ აწესებს, არამედ მიუთითებს ამავე დადგენილების 26-ე და 261-ე მუხლებზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ხსენებული ნორმები გამოყენებულ უნდა იქნეს მათი სრული და არა ნაწილობრივი სახით. ასევე, მსგავსი კატეგორიის დავებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, თუ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) არ დასრულდება (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური მიერთების მთლიანი საფასურის ნახევარს შეადგენს და ნორმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უკვე გადახდილი სრული საფასურის ნახევარი უკან უნდა დაუბრუნდეს. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განჩინება საქმეზე ას-891-858-2016, ასევე ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-605-573-2015.] გარდა ამისა, სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის მართებულობას ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი სს „თ.-ს“ მიერ მოსარჩელისთვის დავალიანების შესახებ გაგზავნილი N4619773 (ს.ფ. 26) შეტყობინებაც, სადაც გაწეული მომსახურება, რომლისთვისაც აპელანტი თანხის გადახდას მოითხოვდა, ქსელზე მიერთების პაკეტის საფასურადაა მოხსენიებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დადგენილების 27-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკური თვალსაზრისით ამავე დადგენილების 26-ე და 261-ე მუხლებით გაწერილი მომსახურების იდენტურია და დავის წარმოშობის შემთხვევაში, სასამართლომ სწორედ ამ ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მ. ჩ.-მ 2018 წლის 10 იანვარს 4650 ლარი, ხოლო 2018 წლის 31 ივლისს 4650 ლარი, ანუ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური სრულად გადაიხადა. ვინაიდან სს „თ.-ს“ მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა საქმის მასალებით უდავოდ დადასტურდა, პალატა ასკვნის, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის N20 დადგენილების 27-ე, 26-ე და 261-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი საფასურის ნახევარი, 4650 ლარის ოდენობით, მართებულად დაუბრუნდა.

9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდისთვის აუცილებელი სამუშაოები 2018 წლის 13 მარტამდე შესრულდა, რის გამოც საფასურის 50%-მდე შემცირების საფუძველი არ არსებობდა, ან/და იმ გარემოების დამტკიცება, რომ განსახორციელებელ სამუშაოებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის N20 დადგენილების 26-ე და 261-ე მუხლებით დადგენილი წესები არ ვრცელდებოდა, სს „თ.-ს“ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. საქმის მასალებით ვალდებულების ვადის დარღვევის შესრულების ფაქტი უდავოდ დადასტურდა, აპელანტის მითითება კი, ხსენებული დადგენილების მხოლოდ ნაწილობრივ გამოყენების თაობაზე, N20 დადგენილების 27-ე მუხლის ბლანკეტური და ძალიან ცალსახა ჩანაწერის გამო, გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი მართლზომიერად დადგა.

10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა, შესაბამისად სს „თ.-ს“ მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მ. ჩ.-სთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 4650 ლარია, შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 93 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს, ხოლო საქმეზე 2019 წლის 25 თებერვალს, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მეშვეობით, N84299 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით UGEBGE22, სახაზინო კოდით 300773150, აპელანტი სს „თ.-ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 193 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი აპელანტ სს „თ.-ს“ უკან უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ჩ.-ს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, სრულად აუნაზღაურდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, რომლის სრული ოდენობა 4%-ს აღემატება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. მ. ჩ.-ს შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სს „თ.-სათვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი 93 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საქმეზე 2019 წლის 25 თებერვალს, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მეშვეობით, N84299 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით UGEBGE22, სახაზინო კოდით 300773150, აპელანტი სს „თ.-ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 193 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი აპელანტ სს „თ.-ს“ უკან დაუბრუნდეს;

6. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.




მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი