ნახვები: 290
საქმის ნომერი: 1/ბ-108-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირს ბრალი ედებოდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში. როგორც პირველმა, ისე სააპელაციო ინსტანციამ გაამართლა იგი, რადგან არსებითი განხილვისას დადგინდა, რომ პირმა სათანადოდ არ იცოდა ქართული ენა, არც თარჯიმანი მონაწილეობდა მისი დაკითხვისას, შესაბამისა, მტკიცებულებათა მოპოვება მოხდა არსებითი დარღვევით. პირს არ ჰქონია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზანი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-108-15 (2015-03-10), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-108-15

განაჩენი
საქართველოს სახელით
       10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ეკატერინე ობოლაძის მდივნობით


სახელმწიფო ბრალმდებელ - ნუგზარ მახათაძის
ადვოკატ - ი. ც.-ს
გამართლებულ - ბ. წ.-ს
თარჯიმან - მ. კ.-ს
მონაწილეობით,
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბ. წ.-ს მიმართ - დაბადებულის XXXX წლის XX ოქტომბერს, რუსეთში, საქართველოს მოქალაქის, პირადი N XXXXXXXXXXX, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი X; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი Y, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ბ. წ. საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ბ. წ.-ს, ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში, კერძოდ:
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მ. მ.-ს გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულ მ. რ.-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის დროს, 2014 წლის 13 მარტს მოწმის სახით დაკითხვისას ბ. წ.-მა, რომელიც როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო პროცესზე გაფრთხილებული იყო არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, სასამართლოს მისცა გამოძიების დროს სისხლის სამართლის N021010713001 საქმეზე მიცემული ჩვენებისაგან არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რითაც შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ.
აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ. წ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი მიუთითებს, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მ. რ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე, ბ. წ.-ს მიერ მ. რ.-ს წინააღმდეგ მიცემული ჩვენება სასამართლოს არ უცვნია დაუშვებლად, ის დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას, რა დროსაც მან სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მოწმეების თ. კ.-ს, მ. ა.-ს და მ. წ.-ს ჩვენებები, იმ საფუძვლით, რომ ისინი არ არიან ნეიტრალური პირები, თუმცა არ გაითალისწინა ის გარემოება, რომ მოწმეები გაფრთხილებული იყვნენ სასამართლოში განზრახ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლოს მათი ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა განეხილა. ამ მხრივ საყურადღებოა ბ. წ.-ს ჩვენებაც, რომლის თანახმად იგი გაფრთხილებული იყო განზრახ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის შესახებ. მან ჰკითხა გარეშე პირს ჩვენებაში ყველაფერი ისე ეწერა თუ არა, როგორც მან თქვა და მხოლოდ გარეშე პირის მიერ ჩვენების წაკითხვის შემდეგ მოაწერა ხელი ოქმს. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ. გ.-ს, ზ. გ.-ს და ო. წ.-ს ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ბ. წ.-თან ქართულ ენაზე ურთიერთობის ფაქტს. აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რადგან ბ. წ. რუსეთის მოქალაქეა, ეროვნებით არის ჩეჩენი, დაწყებით კლასები დამთავრებული აქვს რუსულ ენაზე, აღნიშნული ასუსტებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდბული ბავშვობიდან ცხოვრობს საქართველოში და მიღებული აქვს ქართული სკოლის ატესტატი. მითუფრო, რომ ბ. წ.-ს დაკითხვა ქართულ ენაზე მოხდა ბრალდებულის მოთხოვნით. შესაბამისად აპელანტს გაუგებრად მიჩნია, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ რომ ბრალდებულმა არ იცოდა სამართალწარმოების ენა და რატომ მიიჩნია, რომ გამოძიების დროს მისი დაკითხვის ოქმი შედგენილ იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით. აპელანტის განმარტებით, წ.-მა სასამართლოში განმარტა, რომ მან არც რუსული ენა არ იცის სრულყოფილად, რაც მას დასჭირდა გამამტყუნებელი განჩენის გამოტანის შემთხვევაში, იგივე ხერხის გამოსაყენებლად, რაც ქართული ენასთან მიმართებაში. შესაბამისად ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, აპელანტს მიაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
გამართლებულმა ბ. წ.-მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ მართალია ბ. წ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რომ ბ. წ.-მა აღნიშნული ჩვენებები მისცა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით და ჩვენებები მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დაცვით. აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ბ. წ.-ს მიერ მ. რ.-ს წინააღმდეგ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება სასამართლოს არ უცვნია დაუშვებლად, ის დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას, რა დროსაც მან სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულების არსებითი დარღვევით მოპოვების ფაქტი, გამოვლინდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, კერძოდ, მოწმის დაკითხვის დროს მონაწილეობას არ იღებდა თარჯიმანი, თუმცა როგორც სასამართლოში მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას გაირკვა, იგი სათანადოდ არ ფლობდა ქართულ ენას და მოსამართლემ მას დაუნიშნა თარჯიმანი.
აპელანტის პოზიციას, იმის შესახებ რომ ბ. წ.-ს მიერ ქართული ენის ცოდნა დასტურდება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შესახებ გაფრთხილების ხელწერილით და იმ ფაქტით, რომ მან მხოლოდ გარეშე პირის მიერ ჩვენების წაკითხვის შემდეგ მოაწერა ხელი დაკითხვის ოქმს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ბ. წ.-სათვის პასუხისგებაში მიცემისათვის, აუცილებელია დადგინდეს რომ იგი ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას. ქართულ ენაზე საუბარი და ქართულ ენაზე საუბრის გაგება, ცალსახად არ ნიშნავს სამართალწარმოების ენის ცოდნას. საქმეში არსებული მასალებით კი დგინდება, რომ ბ. წ. 2002 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის N 127-ე საჯარო სკოლაში მე-5 კლასში, რუსულ სექტორზე, სადაც ისწავლა 2007 წლამდე და აიღო საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი. იგი მე-10-12-ე კლასებში სწავლობდა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე, რადგან იქ რუსული სექტორი არ არსებობდა, თუმცა მან წერა - კითხვა არ იცის არცერთ ენაზე, ხოლო მისი აკადემიური მოსწრების შესახებ მიმდინარე ნიშნების თანახმად, მას აქვს დაბალი შეფასებები, რაც იმაზე მეტყველებს თუ რამდენად უნდა იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება ბრალდებულის მიერ ქართული ენის ცოდნის შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ ბ. წ.-ს ბრალდებულის სახით დაკავებისას და დაკითხვისას, თარჯიმანი თავად ბრალდების მხარის მიერ იქნა მოწვეული.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მოწმეების: თ. კ.-ს, მ. ა.-ს და მ. წ.-ს ჩვენებები, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოწმეთა ჩვენებებს არ აყენებს ეჭვქვეშ, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული ჩვენებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბ. წ.-ს მიერ ქართული ენის ცოდნის ფაქტის დასადასტურებლად. ასევე, მოწმეების: ნ. გ.-ს, ზ. გ.-ს და ო. წ.-ს ჩვენებებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მათი საუბარი ბრალდებულთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით, აღნიშნული ჩვენებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბ. წ.-ს მიერ ქართული ენის ცოდნის ფაქტის დასადასტურებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ. წ.-ს ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ასევე სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.



პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუგზარ მახათაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ. წ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს
ბ. წ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მარტის განჩინებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, ბ. წ.-ს და ლ. უ.-ს თანასაკუთრებაში არსებულ, ახმეტის რაიონში, სოფელ ბირკიანში (საკადასტრო კოდი 50.07.32.047.) სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე ფართობით: 3007მ2 და მასზე განლაგებულ შენობა ნაგებობებზე (01-37,2კვ.მ და 02-32,2კვ. მ)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეზე დართული სხდომის ოქმის N 1-441-13 ჩანაწერი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: მ. ლომთათიძე