საქმის ნომერი: 1/ბ-1033-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ჩემია(თავმჯდომარე), მარინა ხოლოაშვილი, მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღო რომ ბრალდებულს ჩედენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული წინასწარი განზრახვითა და დაგეგმვით ახალგაზრდა ქალის მიმართ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-1033-15 (2015-12-18), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-1033-15

განაჩენი
საქართველოს სახელით
       18 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
გიორგი ჩემია
მოსამართლეები:
მარინა ხოლოაშვილი, მზია ლომთათიძე,

ე. დ.-ს მდივნობით,
სახელმწიფო ბრალმდებელ: ი. ტ.-ს,
მსჯავრდებულ: გ. მ.-ს,
ადვოკატ: მ. ბ.-ს,
მონაწილეობით,

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის გ. ღ._ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს მიმართ, დაბადებულის XXXX წლის XX მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №XXXXXXXXXXX, საშუალო განათლებით, დასაოჯხებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ. რ, მე-X მ/რ-ნი, №X/XX-ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რ, ფ.-ს ქ. №XX-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX სექტემბრის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გ. მ.-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. მ.-ს XXXX წლის თებერვლის თვეში შეუყვარდა გ. კ. და ცდილობდა მასთან ურთიერთობის აწყობას. ეს უკანასკნელი არ პასუხობდა იმავე გრძნობით, რის გამოც XXXX წლის XX მაისს გ. მ. გადაწყვიტა გ. კ.-ს მოკვლა. ამ მიზნით იმავე დღეს შეიძინა მკვლელობის იარაღი „GLOCK“-ის ფირმის დანა, გ. კ. მოტყუებით მიიყვანა ქ. რ., მ-ს გამზირი NXX/XX-ში მდებარე თავის ნაქირავებ ბინაში. დაახლოებით 21:50 საათზე, გ. მ. თან ნაქონი დანის გამოყენებით გ. კ-ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და ყელის არეში, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გ. ღ.-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. მ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებებით (16.05.2015), (17.05.2015), მოწმეების - ნ. ქ.-ს, ბ. მ.-ს, ლ. გ.-ს, ა. ჩ-ს, გ. ჩ-ს, ბ. ტ-ს, ლ.შ-ს, ბ. კ-ს, თ. მ-ს, ა. ბ-ს, ნ.ა-ს და კ. ბ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ფოტოსურათებით (16.05.2015),(17.05.2015), შემთხვევის ადგილების დათვალიერების დროს ამოღებული ნივთებით, ა. ჩ-ს მიერ წარმოდგენილ ტელეფონით და მისი დათვალიერების ოქმით (17.05.2015), ლ. შ-ს მიერ წარმოდგენილი ნივთებით და მათი დათვალიერების ოქმით (17.05.2015), ა. ბ-ს მიერ წარმოდგენილი ნივთებით და მათი დათვალიერების ოქმით (17.05.2015), გ. კ-ს გვამიდან ნიმუშების აღების ოქმებით (17.05.2015), ტელეფონებში არსებულ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმებით (19.05.2015), გ. მ-სგან ნიმუშების აღების ოქმებით (21.05.2015), ვიდეოთვალის ჩანაწერით და მათი დათვალიერების ოქმებით (19.05.2015), (21.05.2015), (22.05.2015), (23.05.2015), კონსტანტინე ბროიანის განცხადებით და მასზე დართული დოკუმენტებით (22.05.2015), ბრალდებულ გ. მ.-ს დაკავების ოქმით (22.05.2015), რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ.-ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და იურიდიული კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ საკმარის, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა მხედველობაში იღებს, რომ გ. მ.-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რა დროსაც მან, წინასწარ შეძენილი მკვლელობის იარაღით -„GLOCK”-ის ფირმის დანით დაზარალებულს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და ყელის არეში, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ მკვლელობა ჩადენილია ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ, სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.შესაბამისად, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ გ. მ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა დაუმძიმდეს 2 (ორი) წლის ვადით. აღნიშნულთან ერთად, პალატა ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობას და მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ გ. მ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის გ. ღ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX სექტემბრის განაჩენში.
3. გ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გ. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - XXXX წლის XX მაისიდან.
5. გ. მ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სხვადასხვა სახის ნივთები, ნიმუშები და კვლები, „GLOCK“-ის ფირმის დანა, გ. კ.-ს ხელის ანაწმენდების და ხელის კვლების ნიმუშები, გ. მ.-ს ნერწყვის, ფრჩხილების და ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
გ. მ.-ს კუთვნილი „ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი, გ. კ.-ს კუთვნილი „ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი, ნ. ა.-ს კუთვნილი „LG”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, გ. მ.-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ. კ.-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მფლობელებს, ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს;
12 ცალი DVD-R დისკი და 13 ცალი დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. (ნივთები ინახება ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამომძიებელთან).
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


თავმჯდომარე: გ. ჩემია

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

მ. ლომთათიძე