საქმის ნომერი: 2ბ/4266-15
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ცნობებით დადგინდა, რომ მამის გარდაცვალებისას რ. გ. მძღოლად მუშაობდა და შრომისუუნარო -10 წლის შემდეგ გახდა, როდესაც სადავო ქონების მესაკუთრე, ანდერძის საფუძველზე, უკვე თ. გ. იყო. გამომდინარე იქედან, რომ დავა განიხლება 1964 წლის სსკ. რედაქციით, სავალდებულო წილის უფლება რ. გ.-ს იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მამის გარდაცვალებისას იქნებოდა შრომისუუნარო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/4266-15 (2017-02-07), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4266-15


საქართველოს სახელით
       07 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - პ. გ., მ. დ.-გ.

წარმომადგენელი - მ. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ.

წარმომადგენელი - ლ. დ.

მესამე პირები - ლ. გ. (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

დავის საგანი - მემკვიდრედ და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა



გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

პ. გ.-ისა და მ. დ.-გ.-ის, როგორც სავალდებულო წილის უფლების მქონე მემკვიდრეების, ქ.ხ.-ში, მ.-ს ქ.N X-ში მდებარე პ. გ.-ის დანაშთი უძრავი ქონების ¼ წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.



გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

პ. გ.-ის და მ. დ.-გ.-ის სარჩელი თ. გ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. ქ. ხ.-ში, ჩ.-ების ქ.N X-ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი, 1989 წელს შეგენილი ანდერძით, პ. გ.-მ უანდერძა შვილს თ. გ.-ს და XXXX წლიდან, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, აღირიცხა მოპასუხის სახელზე. ამჟამად, სადავო ქონების მისამართია ქ.ხ., მ.-ის ქ.N X. მასზე რეგისტრირებულია ისევ თ. გ.-ის საკუთრების უფლება - იმავე საფუძვლით;

2.2. მამკვიდრებელი პ. გ. XXXX წელს გარდაიცვალა. მისი შვილი რ. - XXXX წელს. მ. დ.-გ. რ. გ.-ის მეუღლეა. პ. და ლ. გ.-ები - შვილები.

2.3. რ. გ. XXXX წელს გახდა შრომისუუნარო - პირველი ჯგუფის ინვალიდი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19-20);
- საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ს.ფ.25-26);
- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 85);
- პ. გ.-ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.35);
- რ. გ.-ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.34);
- რ. გ.-ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.27);
- პ. გ.-ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.28);
- რ. გ.-ის და მ. დ.-ს ქორწინების მოწმობა (ს.ფ.31);
- რ. გ.-ის შრომის წიგნაკი (ს.ფ.73-77);
- სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცნობა (ს.ფ.84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, რ. გ.-მ მიიღო მამის - პ. გ.-ის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილი, ეს უფლება მის მემკვიდრეებზე - მოსარჩელეებზე გადავიდა და მოითხოვა მ. დ.-გ.-ის და პ. გ.-ის - ორივესი ერთად - პ. გ.-ის მემკვიდრეობის 1/4 წილის მესაკუთრედ ცნობა.

სასარჩელო განცხადებაში (ს.ფ.4) აღნიშნულია, რომ სადავო ქონება პ. გ.-ს ეკუთვნოდა, სასარჩელო განცხადებით (ს.ფ.7;10) და სასამართლოს მთავარ სხდომაზეც მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მესაკუთრედ ცნობა ქონებაზე, რომელიც პ. გ.-ს ეკუთვნოდა შემდეგ კი თ. გ.-ის სახელზე აღირიცხა (მთავარი სხდომის ოქმი: 15:03:47-15:04:50) და მიუთითა, რომ რ. გ.-მ სავალდებულო წილი მიიღო მამის მემკვიდრეობიდან და ეს უფლება გადავიდა მემკვიდრეებზე (მთავარი სხდომის ოქმი: 16:51:00-16:51:20).

თუმცა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების მოსმენისას მიუთითა ახალ გარემოებაზე და განმარტა, რომ პ. გ.-ის შრომისუუნარო მეუღლემ მ. გ.-მ, პ.-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობიდან მიიღო სავალდებულო წილი და „თუ დავა სამოქალაქო სამართლის კოდექსით უნდა გადაწყდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რ.-ს სავალდებულო წილი ეკუთვნოდა იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც, თავის მხრივ, მ. გ.-მ მიიღო პ. გ.-ის გარდაცვალების შემდეგ“ (მთავარი სხდომის ოქმი: 15:12:10-15:14:35).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლის, სარჩელში მითითებული გარემოებების და მტკიცებულებების შევსების, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გადიდების ან შემცირების უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, შემდეგ - მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ, დედის - მ. გ.-ის მიერ სავალდებულო წილის მიღებაზე და მ. გ.-ის მემკვიდრეობიდან რ. გ.-ის მიერ სავალდებულო წილის მიღებაზე მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავის დროზე განუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებლად.

აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ აღნიშნა, თუნდაც ამ გარემოებაზე მოსარჩელეს საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მიეთითებინა, ეს ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი რადგან: მ. გ. გარდაიცვალა 1993 წელს (ს.ფ.33.) იმ დროს მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში გაფორმებული დაქორწინება (სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვითაც მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს). არ არის წარმოდგენილი პ. და მ. გ.-ების ქორწინების, მ. გ.-ის მიერ მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მ. გ. გარდაიცვალა 1993 წელს, რ. გ. კი შრომისუუნარო გახდა 2002 წელს - როდესაც სამკვიდრო უკვე მოპასუხეს ჰქონდა მიღებული.

ამ გარემოების მითითების შემდეგაც, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა იმ სავალდებულო წილზე, რომელიც რ. გ.-ემ მიიღო პ. გ.-ის მემკვიდრეობიდან და ეს უფლება მოსარჩელეებზე გადავიდა (მთავარი სხდომის ოქმი: 16:51:00-16:51:20).

მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას დავის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტაზე და საქმე განხილული იქნა 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 547-ე მუხლი ითვალისწინებს სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილების უფლებას სავალდებულო წილზე, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორ მესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

დადგინდა, რომ გარდაცვალების შემდეგ, პ. გ.-ს დარჩა შვილები: თ., რ., ნ. და მეუღლე მ. გ..

დადგინდა ასევე, რომ რ. გ. ცხოვრობდა თ. გ.-ის სახელზე რეგისტრირებულ სახლში, რომელიც მან ანდერძით მიიღო.

შრომის წიგნაკიდან და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცნობით დადგინდა, რომ მამის გარდაცვალებისას რ. გ. მძღოლად მუშაობდა და შრომისუუნარო - პირველი ჯგუფის ინვალიდი 10 წლის შემდეგ - 2002 წელს გახდა, როდესაც სადავო ქონების მესაკუთრე, ანდერძის საფუძველზე, უკვე თ. გ. იყო. სავალდებულო წილის უფლება რ. გ.-ს იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ პ. გ.-ის გარდაცვალებისას იქნებოდა შრომისუუნარო.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ.,N 36, მუხ.662);

1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს (მათ შორის შვილობილებს), აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს (მშვილებლებს) და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსისაც უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორ მესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ (სავალდებულო წილი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ მ. გ.-ს კუთვნილი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების შესახებ მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააყენა. სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერით დასტურდება, რომ ასეთი მოთხოვნა მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე დააფიქსირა მას შემდეგ, რაც მოპასუხის შესაგებლიდან ცნობილი გახდა, რომ ისინი ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საქმის განხილვას არ ეთანხმებოდნენ, კერძოდ, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ დავა განეხილა ძველი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მაშინ მოსარჩელეები დედის - მ. გ.-ის წილიდან სამკვიდროს მიღებას მოითხოვდნენ.

ის გარემოება, რომ მ. გ.-მ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოპასუხის მხრიდან დავას არ იწვევს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ასევე პ. და მ. გ.-ების ქორწინებაში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება მასზე, რომ პ. და მ. გ.-ების ქორწინების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.-3.1.3 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.3 პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მ. გ.-ისა და რ. გ.-ის მიერ სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის მოქმედების დროს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმე ეხება ახალი კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, რა დროსაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას დავის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით.

1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ანდერძი, სავალდებულო წილი ეკუთვნით სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებლის შვილი - რ. გ. შრომისუუნარო მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ (2002 წელს) გახდა. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის რ. გ. არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლით დაცულ იმ პირთა წრეს, რომლისთვისაც კანონი სავალდებულო წილის მიღების უფლებას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება, მ. გ.-ის კუთვნილი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების შესახებ სააპელაციო პრეტენზიას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მ. გ., როგორც მამკვიდრებლის მეუღლე, პ. გ.-ის გარდაცვალების მომენტისათვის, ანუ 1991 წელს შრომისუუნარო იყო და ამ საფუძვლით იგი 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის გათვალისწინებულ სავალდებულო წილის უფლების მქონე პირთა წრეს განეკუთვნებოდა, თუმცა, ასეთი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

მოსარჩელის განმარტებით, მ. გ.-ის შრომისუუნარობას ადასტურებს ის გარემოება, რომ იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის პენსიონერი იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს პ. გ.-ისა და მ. დ.-გ.-ის მოთხოვნაზე მ. გ.-ის სამკვიდრო წილის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ ეფუძნება და არც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება მომხდარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად (იხ. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება 2.4.).

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ. გ.-ისა და მ. დ.-გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.