საქმის ნომერი: 2ბ/5720-16
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: 2014 წლის პერიოდის ხელფასის გადახდის ვალდებულება დამსაქმებლის მიერ შეუსრულებელია, ხოლო 2013 წელს ზედმეტად გადახდილი თანხა მოპასუხის მიერვე 2014 წლის ხელფასის ანგარიშშია ჩათვლილი. შესაბამისად, ადგილი არა აქვს მ. ნ.-ის უსაფუძვლო გამდიდრებას და მას 2013 წელს ზედმეტად მიღებული ხელფასის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5720-16 (2017-01-20), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5720-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       20 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - შპს „ს.“

წარმომადგენელი - გ. ო.

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ.

წარმომადგენელი - ი. კ.

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ (პირგასამტეხლოსა და ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილების შესახებ

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ს.-ისათვის“, მ. ნ.- ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 6300 ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობით;

1.2. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული 700 ევროს გადახდის დაკისრება;

1.3. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის კომპენსაციის დაკისრება 1800 ევროს ოდენობით;

1.4. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდისათვის.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

1.1. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3500 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 1000 აშშ დოლარის ოდენობით;

1.3. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, ზედმეტად გადახდილი თანხის 1908,03 ევროს გადახდის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ს.-ისათვის“, მ. ნ.- ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 6300 ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობით;

1.2. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული 700 ევროს გადახდის დაკისრება;

1.3. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის კომპენსაციის დაკისრება 1800 ევროს ოდენობით;

1.4. შპს „ს.-სათვის“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდისათვის.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

1.1. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3500 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 1000 აშშ დოლარის ოდენობით;

1.3. მ. ნ.-ისათვის, შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ, ზედმეტად გადახდილი თანხის 1908,03 ევროს გადახდის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. მ. ნ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. დაეკისრა შპს „ს.-ს“, მ. ნ.-ს სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდა 1037,57 (ათასოცდაჩვიდმეტი ევრო და 57 ცენტი) ევროს ეკვივალენტის ლარში ოდენობით; 1.2. დაეკისრა შპს „ს.-ს“, მ. ნ.-ის სასარგებლოდ, 2014 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 1037,57 (ათასოცდაჩვიდმეტი ევრო და 57 ცენტი) ევროს ეკვივალენტი ლარში 0.07 პროცენტის გადახდა; 1.3. მ. ნ.-ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;

2. შპს „ს.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2013 წლის 1 აპრილს, შპს „ს.-სა“ და მ. ნ.-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენს ერთი ერთეული ავტოსატრანსპოტო საშუალების ტრანპორტირებისათვის - 900 ლარს. შრომითი ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მ. ნ. შპს „ს.-ში“ დაინიშნა მძღოლის პოზიციაზე. ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, არანაკლებ ერთი თვით ადრე წინასწარი შეტყობინებით, სხვა შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გადაუხადოს დამსაქმებელს 1000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით. შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული: მასში მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის. ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილია დასაქმებულის ვალდებულებები: 2.2.2 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს მიბარებულ ქონებას, აუნაზღაუროს დამსაქმებელს ნებისმიერი ზიანი ან დანაკარგი, რომელიც მას მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების ან დაზიანების შედეგად მიადგება. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ხელფასი განისაზღვრება გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით და შეადგენს ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისათვის, გაგზავნის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე - 900 ევროს ეკვივალენტს ლარში (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 42-45, ტომი 1);

2.2. მ. ნ.-სა და შპს „ს.-ს“ შორის შრომითი ურთიერთობა 2014 წლის 8 სექტემბერს შეწყდა, რასაც საფუძვლად დაედო მ. ნ.-ის პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. 2014 წლის 8 სექტემბერს, მ. ნ.-მ განცხადებით მიმართა შპს „ს.-ის“ დირექტორს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. შპს „ს.-ის“ დირექტორის 2014 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით, მ. ნ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2014 წლის ივნისის თვიდან, მ. ნ.-ს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ფაქტობრივად არ შეუსრულებია: სამუშაოს შესასრულებლად მას უწევდა ევროპის ქვეყნებში ჩასვლა. 2014 წლის გაზაფხულზე, მას სირთულეები შეექმნა შესაბამისი ვიზის მიღებისას, რის გამოც სამუშაოს ვერ ასრულებდა (მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სირთულე უკავშირდებოდა შპს „ს.-ს“). შპს „ს.-ის“ 2014 წლის 31 ივლისის და 2 სექტემბრის წერილებით, დირექტორი მოითხოვდა მ. ნ.-ის გამოცხადებას შპს „ს.-ის“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ხოლო თუ არ აპირებდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, ამის შესახებ სამსახურისათვის ეცნობებინა წერილობით. მ. ნ.-ის განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, საიდანაც იგი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ითხოვდა, ხოლო მოპასუხემ განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება იმავე დღეს შეწყვიტა (იხ. განცხადების და ბრძანების ასლი, ს.ფ. 77-78, ტომი 1; წერილების ასლები, ს.ფ. 74-75, ტომი 1);

2.3. მ. ნ.-ისათვის შპს „ს.-ას“ ასანაზღაურებელი აქვს 2014 წლის სახელფასო დავალიანება 1037,57 ევროს ოდენობით, ხოლო მ. ნ.-ს შპს „ს.-ის“ მიმართ, რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია. მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მ. ნ.-ის შრომის ანაზღაურება ფიქსირებული არ იყო და იგი განისაზღვრებოდა გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, კერძოდ, მ. ნ.-ის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებული თითოეული სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისათვის და შეადგენდა 900 ევროს ეკვივალენტს ლარში. ამდენად, მოსარჩელისათვის გადასახდელი ხელფასის ოდენობა და გადახდილი ხელფასის სისწორე უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ ტრანსპორტირებული ავტომობილების რაოდენობის მიხედვით. შპს „ს.-ის“ 2014 წლის 1 დეკემბრის ცნობაში მითითებულია, რომ 2013 წელს, მ. ნ.-მ ჩამოიყვანა 5 ერთეული მანქანა: „მან“ მისაბმელით გერმანიიდან, რენო ჰოლანდიიდან ამწეთი, მიქსერი გერმანიიდან, თვითმცლელი პოლონეთიდან ბელორუსიამდე, ივეკო მისაბმელით გერმანიიდან. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ მ. ნ.-მ, 2014 წელს ჩამოიყვანა 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, „სკანია“ მისაბმელით პოლონეთიდან. მანი მიქსერი პოლონეთიდან, რენო პოლონეთიდან, მერსედესი თვითმცლელი პოლონეთიდან; დაფი მისაბმელი გერმანიიდან, დაფი მისაბმელით გერმანიიდან (JCB-ით იყო დატვირთული), ივეკო მისაბმელით გერმანიიდან. წერილს ერთვის სატრანსპორტო საშუალებების დეკლარაციების ასლები.

მოსარჩელის მოთხოვნაა - 2014 წელს მისაღები ხელფასის ანაზღაურება, რაც მას უნდა მიეღო 7 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ 2014 წელს, შრომითი მოვალეობის შესრულების შედეგად მ. ნ.-მ 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ჩამოიყვანა, რისი შრომის ანაზღაურება, საერთო ჯამში, 6300 ევროს შეადგენდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის - შემოსავლის 20%-ის (1260 ევრო) დაქვითვის შემდეგ კი გადასახდელია 5040 ევრო. ამ თანხიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს მხოლოდ 250 ევრო. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 14 მაისს, შპს „ს.-ს“ მ. ნ.-ისათვის გადახდილი აქვს ხელფასი 482,74 ლარი, რაც 250 ევროს ეკვივალენტს შეადგენს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სალაროს გასავლის ორდერი, რომლის თანახმად, 2014 წლის 20 მაისს, მ. ნ.-მ, ხელფასის სახით, 9637,10 ლარი მიიღო. მ. ნ.-ის განმარტებით, ეს ორდერი არის მისთვის პირადი ვალის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მანამდე, მისი პირადი ვალი ხელზე გადასცეს მის შვილს - 5500 აშშ დოლარის ოდენობით. ამ დროს თვითონ არ იყო საქართველოში. ეს დოკუმენტი კი მოგვიანებით შეადგინეს და განუმარტეს, რომ ეს იყო მისი ვალის დასაბრუნებლად გადახდილი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებული არ არის, თუ რომელი პერიოდის ხელფასია მასში მითითებული და რომელი სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანისათვის არის გადახდილი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერით მოხდა 2014 წლის შრომის ანაზღაურების გარკვეული ნაწილის გადახდა. საბუთი 2014 წლის 20 მაისითაა დათარიღებული, მასში მითითებულია, რომ თანხა წარმოადგენს ხელფასს. მოსარჩელეს არ უარყვია აღნიშნულ საბუთზე მისი ხელმოწერა. ორდერის დედანი მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების დასადგენად, უნდა შეფასდეს არა მარტო 2014 წელს ტრანსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა და გადახდილი ხელფასი, არამედ 2013 წლის იგივე მონაცემები, რადგან 2013 წელს მოსარჩელეს მიღებული აქვს გამომუშავებულზე მეტი ოდენობის ხელფასი. მოპასუხის განმარტებით, მას ზედმეტად აქვს გადახდილი 2013 წლის ხელფასის თანხა 2945,60 ევროს ოდენობით. 2013 წელს, მოსარჩელეს ჩამოყვანილი ჰყავს 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რისი შრომის ანაზღაურება 4500 ევროს შეადგენს (საშემოსავლო გადასახადის - 900 ევროს დაქვითვის შემდეგ - 3600 ევრო). მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, მ. ნ.-ის ანგარიშის ბარათის თანახმად, მ. ნ.-ს, 2013 წელს, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს შემდეგი თანხა: 2013 წლის 11 ივლისს - 10 500 ლარი, 2013 წლის 15 ნოემბერს - 2 814,88 ლარი, 2013 წლის 25 ნოემბერს - 2 841,25 ლარი, საერთო ჯამში, 2013 წელს მას მიღებული აქვს 16 156,13 ლარი (7445,60 ევროს ექვივალენტი ლარში).

შესაბამისად, 2013 წელს, მოსარჩელეს ზედმეტად ჩარიცხული აქვს 2945,60 ევრო. სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2014 წელს გამომუშავებული ხელფასიდან, მ. ნ.-ისთვის გადასახდელია 1037,57 ევროს ეკვივალენტი ლარში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარის აღიარებად უნდა ჩაითვალოს მხარის ისეთი განმარტება, როცა იგი ნათლად და გარკვევით ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ფაქტს და მოსაზრებას. შპს „ს.-ის“ მიერ წერილობით შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომებზე სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ მ. ნ.-ს, 2014 წელს, ნაცვლად 6300 ევროსი, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 5262,43 ევრო, რაც ნიშნავს მხარის აღიარებას ხელფასის არასრულად გადახდის შესახებ. ამ განმარტებით, მოპასუხე ადასტურებს იმ ფაქტს, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა, ხელფასის ნაწილის გადაუხდელობის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლოში გაკეთებული აღიარება ამ გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს და შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოპასუხის განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად ითვლება მ. ნ.-ისათვის 2014 წელს გამომუშავებული ხელფასიდან 1037,57 ევროს გადაუხდელობის ფაქტი. შესაბამისად 2014 წლის ხელფასიდან მ. ნ.-ისათვის გადასახდელია 1037,57 ევრო.

შპს „ს.-ის“ განმარტებით, მ. ნ.-ის მიერ დასაბრუნებელი თანხაა 1908,03 ევრო, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. მოპასუხის განმარტებით, მ. ნ.-ს თანხა ავანსად გადაუხადა სახლის მშენებლობის საჭიროების გამო. საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ნ.-ისთვის ხელფასის გადახდა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით ხდებოდა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი საბუღალტრო საბუთი, რომელშიც აღნიშნულ იქნება, რომ კომპანიამ თანხა გადარიცხა არა ხელფასის ასანაზღაურებლად, არამედ მ. ნ.-ის პირადი საჭიროებისათვის, რაც წარმოშობდა მ. ნ.-ის მხრიდან თანხის დაბრუნების ვალდებულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მ. ნ.-ს, 2013 წელს, ხელფასის სახით გამომუშავებულზე მეტი თანხა აქვს მიღებული, მაგრამ ეს ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებას არ წარმოშობს, რადგან მოსარჩელეს არა აქვს მიღებული 2014 წელს გამომუშავებული ხელფასის ნაწილი. ამ გარემოების გამო, წინა წელს ზედმეტად გადახდილი ხელფასის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი დამსაქმებელს არა აქვს. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების საქმეზე ზედმეტად ხელფასის გადახდის დამტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს ევალება დაამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებები. ამდენად, მ. ნ.-ს 2014 წელს გამომუშავებული ხელფასი 6300 ევრო სრულად მიღებული არა აქვს, მის მიმართ სახელფასო დავალიანება 1037,57 ევროს ეკვივალენტს ლარში შეადგენს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მ. ნ.-სა და შპს „ს.-ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის გარკვეულ სამუშაოს ასრულებს. შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობაა დასაქმებულისათვის შესრულებული სამუშაოსათვის ხელფასის გადახდა.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. მხარეთა შეთანხმებით, მ. ნ.-ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით. მ. ნ. დასაქმებული იყო მძღოლის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა თითოეული ტრანსპორტირებული სატრანსპორტო საშუალებისათვის - 900 ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობით. შპს „ს.-ს“ მ. ნ.-ისათვის არა აქვს გადახდილი 2014 წელს გამომუშავებული ხელფასიდან 1037,57 ევრო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამ ნორმის თანახმად, კრედიტორი მ. ნ. უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის გადახდა, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება.

2.6. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამ ნორმით დადგენილია კანონისმიერი პირგასამტეხლო, რაც დასაქმებულმა უნდა გადაიხადოს ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის.

საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამ ნორმის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიმართ შეასრულოს შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა ფულადი ვალდებულება, რაც მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული. მ. ნ.-სთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის 8 სექტემბერს, რომლის მომდევნო 7 დღის განმავლობაში - 15 სექტემბრამდე მოპასუხეს მ. ნ.-ისათვის სრულად უნდა გადაეხადა ხელფასი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უნდა დაეკისროს ხელფასის გადახდის დაყოვნების კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 2014 წლის 16 სექტემბრიდან, რაც მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა გაგრძელდეს.

2.7. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო კომპენსაციის დაკისრების შესახებ.

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან ცხადია, რომ კომპენსაციის გადახდა დასაქმებულს ევალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ინიციატივით და ზემოთ მითითებული საფუძვლებით შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა თავად დასაქმებულის - მ. ნ.-ის ინიციატივით, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რაც შპს „ს.-ის“ დირექტორის ბრძანებით დაკმაყოფილდა. ამდენად, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. შესაბამისად, მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა დამსაქმებლის - შპს „ს.-ის“ ინიციატივით, შრომითი ურთიერთობა შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, რის გამოც საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის შპს „ს.-სათვის“ დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

2.8. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასიდან დაქვითული თანხის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს; ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა; გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები; დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

ამ ნორმებით დადგენილია უსაფუძლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ქონების დაბრუნების საფუძველი, რაც გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა არის ვითომ კრედიტორისაგან მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნება. უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთავარი მიზანია იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ანუ კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).

მ. ნ. მოითხოვს ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული თანხის დაბრუნებას. საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად: 1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი; 2. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს. ამ შემთხვევაში სადავო თანხა ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით დაქვითული არ არის, რადგან მ. ნ.-ს დამსაქმებლის მიმართ რაიმე ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან, დადგენილია, რომ 2013 წელს შრომის ანაზღაურების სახით გამომუშავებულზე მეტი თანხა აქვს მიღებული მოსარჩელეს, რის გამოც დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო მომდევნო პერიოდის ხელფასიდან დაექვითა მანამდე ზედმეტად გაცემული თანხა. ამასთან, მ. ნ.-ის ხელფასიდან თანხა დაქვითულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით, რასაც ხელფასის დარიცხვისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამსაქმებელი. ამდენად, მ. ნ.-ის ხელფასიდან თანხა დაქვითულია კანონის საფუძველზე, რის გამოც, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის ინტერესების ხარჯზე ქონება არ დაუზოგავს და უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. არ დადგინდა, შპს „ს.-ის“ მიერ დასაქმებულისათვის არაკანონიერად რაიმე თანხის დაქვითვის ფაქტი. შესაბამისად, დაქვითული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.

2.9. არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე ქონების დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/ გაუმართლებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები. შპს „ს.-ს“, 2013 წელს, მოსარჩელისათვის გამომუშავებულზე მეტი ხელფასი აქვს გადახდილი, მაგრამ ეს გარემოება ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებას არ წარმოშობს. მხარეთა შრომითი ურთიერთობის განმავლობაში გამომუშავებული ხელფასი მოსარჩელეს სრულად არა აქვს მიღებული, 2014 წლის პერიოდის ხელფასის გადახდის ვალდებულება შეუსრულებელია, ხოლო 2013 წელს ზედმეტად გადახდილი თანხა მოპასუხის მიერვე 2014 წლის ხელფასის ანგარიშშია ჩათვლილი. შესაბამისად, ადგილი არა აქვს მ. ნ.-ის უსაფუძვლო გამდიდრებას და მას 2013 წელს ზედმეტად მიღებული ხელფასის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობია.

2.10. არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, თუ შრომის კოდექსი არ შეიცავს რომელიმე საკითხის მომწესრიგებელ ნორმას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

შეგებებული სარჩელით მოპასუხე მოითხოვს, დასაქმებულს - მ. ნ.-ს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, რაც გათვალისწინებულია დასაქმებულის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინების ვადის დარღვევისათვის, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება არანაკლებ ერთი თვით ადრე წინასწარი შეტყობინებით, სხვა შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, გადაუხადოს დამსაქმებელს 1000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით. ამდენად, მხარეთა მიერ დადებული წერილობითი შეთანხმებით მ. ნ.-ს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ისეთ შემთხვევაში, თუ იგი მისი ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 30 დღით ადრე არ აცნობებს დამსაქმებელს. მ. ნ.-მ წერილობითი განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლება 2014 წლის 8 სექტემბერს მოითხოვა, თუმცა, განცხადებაში არ მიუთითებია კონკრეტული თარიღი, საიდანაც შრომით ურთიერთობას წყვეტდა. შპს „ს.-ს“ შეეძლო მისგან მოეთხოვა ერთი თვის განმავლობაში სამუშაოს შესრულება, რაც მას არ გაუკეთებია. შპს „ს.-ის“ დირექტორმა იმავე დღეს გამოცემული ბრძანებით დააკმაყოფილა განცხადება და მ. ნ.-სთან 2014 წლის 8 სექტემბრიდან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ნ.-ის აღნიშნული განცხადების შინაარსი არ მიუთითებს იმაზე, რომ მან ერთი თვით ადრე არ შეატყობინა დამსაქმებელს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.


3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის მოთხოვნა არ დაურღვევია. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ. ნ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერამდე უკვე რამდენიმე თვით ადრე, თავისი ინიციატივით, ფაქტობრივად ჰქონდა შეწყვეტილი.

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შპს „ს.-მ“ მ. ნ.-ს 2013 წელს გადაუხადა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გამომუშავებული ჰქონდა. სასამართლომ ორმხრივი ვალდებულებების დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული თანხა (2945,60 ევრო) და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სახეზეა დასაქმებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.2.1.-3.2.2 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.4 პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან, აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზედმეტად დრიცხული ხელფასის -1908.03 ევროს და პირგასამტეხლოს (1000 აშშ დოლარის) დაკისრების შესახებ მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ს.-სათვის“ მ. ნ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1037,57 ევროს დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში).

4.3. დადგენილია, რომ 2013 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მ. ნ. შპს „ს.-ში“ მძღოლის პოზიციაზე დაინიშნა. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის ვალდებულებას ავტოსატრანსპოტო საშუალებების ტრანპორტირება წარმოადგენდა, რა დროსაც შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, კერძოდ, 900 ევრო ერთი ერთეული ავტოსატრანსპოტო საშუალების ტრანპორტირებისათვის. ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე დამსაქმებლისათვის წინასწარ, არანაკლებ 30 დღით ადრე, უნდა შეეტყობინებინა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, ხელშეკრულებით 1000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა იყო გათვალისწინებული.

4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მ. ნ.-ისათვის ხელფასის სახით 1908.03 ევროს ზედმეტად დარიცხვის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი მ. ნ.-ისათვის, ხელფასის სახით, ზდმეტად 1908.03 ევროს გადახდაზე მიუთითებს, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მასზეა.

დადგენილია, რომ მ. ნ.-ის ხელფასი შესრულებული სამუშაოს პროპორციულად განისაზღვრებოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ნ.-ისათვის ჩარიცხული თანხები „ხელფასს“ წარმოადგენდა, რაც საფუძველია ვარაუდის (პრეზუმფციის), რომ დასაქმებულს ხელფასი შესრულებული სამუშაოს პროპორციულად ერიცხებოდა. აღნიშნული ვარაუდის გაქარწყლების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა. შპს „ს.-ის“ მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (საბუღალტრო დოკუმენტაცია ან სხვა), რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ხელფასის წინსწრებით (სამომავლოდ მანქანის ჩამოყვანის პირობით) აღების ფაქტს, ან იმ გარემოებას, რომ მას დამსაქმებელმა თანხა პირადი საჭიროებისათვის ჩაურიცხა. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი ხელფასის დაბრუნების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალებების, უშუალოდ, მ. ნ.-ის მიერ შემოყვანის/ტრანსპორტირების ფაქტი. შპს „ს.-ის“ წარმომადგენლის არაერთი განმარტების თანახმად, „მან სასამართლოს წარუდგინა ის დოკუმენტაცია, რაც ორგანიზაციაში ინახებოდა“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 20.01.2017 წლის სხდომის ოქმი). სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის ასეთი განმარტება საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ შპს „ს.“ არ ახდენდა დიფერენციაციას (და შესაბამისად, არ აწარმოებდა დოკუმენტაციას) იმის შესახებ, თუ რომელი მანქანა, რომელი მძღოლის მიერ იყო შემოყვანილი (სადავო არ არის გარემოება რომ შპს „ს.-ში“ სხვა მძღოლებიც მუშაობდნენ იხ. სააპელაციო სასამართლოს 20.01.2017 წლის სხდომის ოქმი). ასეთი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში კი შეუძლებელი ხდება, უშუალოდ, მ. ნ.-ის მიერ ტრანსპორტირებულ მანქანათა რაოდენობისა და შესაბამისად, მისი მიერ გამომუშავებული ხელფასის ოდენობის დადგენა, რაც, ასევე, ზედმეტად გადახდილი ხელფასის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დასაბუთებულობას გამორიცხავს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა მ. ნ.-ისათვის ხელფასის შესაბამისი საფუძვლის გარეშე გადახდის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეებმა პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულის მიერ, შრომითი ხელშეკრულების თავისი ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებლისათვის 30 დღით ადრე შეუტყობინებლობას დაუკავშირეს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ნ.-მ დამსაქმებელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი განცხადებით 2014 წლის 8 სექტემბერს მიმართა, ამასთან, განცხადებაში არ მიუთითა შრომით ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი. მოსარჩელის (მ. ნ.-ის) განმარტებით, აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსით, სწორედ, დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებას ემსახურებოდა.

სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს ზემოაღნიშნულ განცხადებაში გამოვლენილი ნების განმარტებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სადავო განცხადებით გამოვლენილი ნება, შრომითი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მ. ნ.-ს განცხადების წარდგენის დღესვე სურდა დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტა, რასაც ხელშეკრულების თანახმად, 1000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოჰყოლოდა.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ, მისი მტკიცების ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ მ. ნ.-ს სამსახურიდან წასვლა განცხადების წარდგენის დღესვე სურდა და მან უარი თქვა შემდგომი 30 დღის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულებაზე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შპს „ს.-ის“ დირექტორმა იმავე დღეს გამოსცა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, დასაქმებულზე 1000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.

მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) სასამართლოს ასევე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მ. ნ.-ეს დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობები რამდენიმე თვით ადრე ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების გონივრული სტანდარტიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხარეზეა, თუმცა მან სასამართლოს ასეთი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ნ.-ეს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების 30 დღიანი ვადა არ დაურღვევია და შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.