საქმის ნომერი: 2ბ/256-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების ვადაგადაცილებით წარმოდგენის გამო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/256-19 (2019-04-10), www.temida.ge
საქმის № 2ბ/256-19

განჩინება
საქართველოს სახელით
       10 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ქ. ყ.

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ა., დ. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით ქ. ყ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ქ. ყ.-ს საჩივარს (სარჩელს) დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა) დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის და ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობის და მტკიცებულებების წარმოდგენა დაევალა, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა (ტ.2. ს.ფ. 4-7).

აღნიშნული განჩინება აპელანტ ქ. ყ.-ს პირადად 2019 წლის 27 თებერვალს ს. პ. ს.-ს ქ.-თა №X სპეციალურ დაწესებულებაში ჩაბარდა (ტ.2. ს.ფ. 10-11).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტ, ქ. ყ.-ს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო (ვინაიდან ჩაბარებიდან მე-10 დღე, არასამუშაო, შაბათი დღე იყო). დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 4 აპრილს გორის რაიონული სასამართლოდან ქ. ყ.-ს სააპელაციო საჩივარი შემოვიდა, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 1 აპრილს ფოსტის მეშვეობით შევიდა. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ ხელმოწერილია 2019 წლის 27 მარტს, ამდენად, იგი ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული (ტ.2. ს.ფ. 13-24). შესაბამისად, აპელანტ, ქ. ყ.-ს სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტის მიერ არ იქნება გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 70-78-ე, 215-ე, 276-ე, 373-374-ე, 390-ე, 414-416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აპელანტ, ქ. ყ.-ს სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.