საქმის ნომერი: 2ბ/256-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო სარჩელის ფორმით და შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ იყო დასაბუთებული.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/256-19 (2019-01-28), www.temida.ge
საქმის № 2ბ/256-19

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 იანვარი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ქ. ყ.

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ა., დ. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

სასამართლო გაეცნო ქ. ყ.-ს სააპელაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ. ა.-ს და დ. ბ.-ს სარჩელები დაკმაყოფილდა; ქ. ყ.-ს რ. ა.-ს მიმართ 205 000 აშშ დოლარის, ხოლო დ. ბ.-ს მიმართ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ქ. ყ.-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი აქვს სარჩელი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს ფორმადაუცველად შედგენილ სააპელაციო საჩივარს. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ნაწილში და რის საფუძველზე ასაჩივრებს მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას. ქ. ყ. ასევე ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ვინაიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, ქ. ყ.-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და შუამდგომლობა არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ პირის პატიმრობაში ყოფნა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასთან ან ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ყ.-ს საჩივარს (სარჩელს) უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს უნდა დაევალოს ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინოს ა) დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 41-ე, 47-48-ე, 52-ე, 365-ე, 367-ე, 372-374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. ყ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ქ. ყ.-ს საჩივარს (სარჩელს) დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინოს:

ა) დაზუსტებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი;

ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა", კოდი TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150, თბილისის სააპელაციო სასამართლო; სახელმწიფო ბაჟი საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ სასამართლოში წარდგენილი იქნება ბანკის ბეჭდით დამოწმებული შემოსავლის ორდერის (ბანკი რესპუბლიკიდან) ან საგადასახადო დავალების (სხვა ბანკებიდან) დედანი).

3. განემარტოს აპელანტს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნება განუხილველად დაუშვებლობის გამო;

4. განჩინების ასლი გაეგზავნოს აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.