საქმის ნომერი: 2ბ/1044-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ იყო დასაბუთებული.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1044-19 (2019-02-25), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1044-19

განჩინება
საქართველოს სახელით
       25 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ეტ. ბ., ბ. ბ., ეთ. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ. ბ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება



სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

სასამართლო გაეცნო ეტ. ბ.-ს, ბ. ბ.-ს, ეთ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციაში არაქონებრივ დავაზე შეადგენს 150 ლარს.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო ინსტანციაში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ეტ. ბ.-ს, ბ. ბ.-ს, ეთ. ბ.-ს 4494,10 ლარის გადახდა დაეკისრათ.

აპელანტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებენ, თუმცა, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ითხოვენ, მატერიალური მდგომარეობის გამო, მათი მითითებით, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია (ს.ფ. 174).

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასთან ან ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს, უნდა დაევალოთ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინონ: სახელმწიფო ბაჟის სახით 89.88 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 41-ე, 47-48-ე, 52-ე, 365-ე, 367-ე, 372-374-ე, 284-ე, 285-ე, 368-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აპელანტების, ე. ბ.-ს, ბ. ბ.-ს, ე. ბ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს და მათ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდეს ხარვეზი;

2. ხარვეზის შევსების მიზნით, ეტ. ბ.-ს, ბ. ბ.-ს, ეთ. ბ.-ს დაევალოთ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის სახით 89.88 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, კოდი TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150, თბილისის სააპელაციო სასამართლო; სახელმწიფო ბაჟი საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ სასამართლოში წარდგენილი იქნება ბანკის ბეჭდით დამოწმებული შემოსავლის ორდერის (ბანკი რესპუბლიკიდან) ან საგადასახადო დავალების (სხვა ბანკებიდან) დედანი).

3. განემარტოს აპელანტს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნება განუხილველად დაუშვებლობის გამო;

4. განჩინების ასლი გაეგზავნოს აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.