საქმის ნომერი: 2ბ/4104-15
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დამსაქმებლისათვის 2 თვის კონპენსაციის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იმ დასაბუთებით, რომ დასაქმებული გათავისუფლების რეალურ საფუძველს წარმოადგენდა სხვა ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების შეწყვეტას და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/4104-15 (2017-02-03), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4104-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       03 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი


აპელანტი - შპს „პ.“

წარმომადგენელი - ი. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე - ს. პ.

წარმომადგენელი - გ. ლ.

დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „პ“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 3400 ლარის დაკისრება.
1.2. შპს „პ“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის 3400 ლარის დაკისრება.
1.3. შპს „პ“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამივლინებო თანხის 4150 ლარის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ს. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „პ“-ს მოსარჩელე ს. პ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 2 თვის ხელფასის (3400 ლარი) ოდენობით;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2014 წლის 05 იანვარს დაიდო შრომის ხელშეკრულება შპს „პ“-ს და ს. პ.-ს შორის. ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე აყვანილი იყო მძღოლის თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 05 იანვრის შრომითი ხელშეკრულება ( ს.ფ. 13-14);

2.2. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა შრომის ანაზღაურება თვეში 1700 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 05 იანვრის შრომითი ხელშეკრულება ( ს.ფ. 13-14);

2.3. შპს „პ“-ს დირექტორის 2014 წლის 28 აპრილის ბრძანებით „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების გამო“ იმავე წლის 30 აპრილიდან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „პ“-ს დირექტორის 2014 წლის 28 აპრილის ბრძანება (ს.ფ. 43);

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. შრომის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში შპს „პ“-სა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა. რადგან მხარეები არ დაობენ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადის თაობაზე, სასამართლოც ვალდებულია არ გაცდეს მოთხოვნის ფარგლებს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე - 2014 წლის 28 აპრილის ბრძანებით, ორი დღის შემდეგ გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან დასაქმებული. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე არ ეცნობა კანონით დადგენილი ერთი თვით ადრე. მოპასუხე აღიარებს შესაგებელში, რომ მას აპრილში, გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ეცნობა გათავისუფლების თაობაზე.

უდაოა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ხელშეკრულების შეწყვეტაზე, პირიქით, მათ დაადგინეს კონკრეტული დრო - 2014 წლის 30 ივნისი, როცა ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მითითება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე არ შეესაბამება რეალობას. შესაბამისად, გათავისუფლებისას მოპასუხეს უნდა დაეცვა 30-დღიანი წინასწარი გაფრთხილების ვადა.

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2 თვის შესაბამისი ხელფასის კომპენსაციის ანაზღაურება.

2.6. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2014 წლის აპრილის თვის უწყისი, რომლის მიხედვით მოსარჩელემ 600 ლარის ოდენობით საბოლოო ანგარიშსწორება მიიღო (ს.ფ.42). სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან უნდა მიიღოს 2 თვის ხელფასის ანაზღაურება, რადგან 2014 წლის 30 აპრილიდან მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა და ამ დროიდან მას მოპასუხის სასარგებლოდ საქმიანობა აღარ განუხორციელებია. რაც შეეხება გაწეულ სამუშაოს, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ს. პ.-ს საბოლოო ანგარიშსწორება აპრილის თვეში აღებული აქვს.

2.7. შრომის კოდექსის მე-12 მუხლი ადგენს მივლინების სამართლებრივ ფარგლებს: მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს; დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად; დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები; ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

სასამართლოს მოსაზრებით, უდავოა, რომ შრომის ხელშეკრულებით ცალკე არ იყო მოწესრიგებული მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, სასამართლო ვალდებულია მოთხოვნის განხილვისას შრომის კოდექსის დანაწესებით იხელმძღვანელოს.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის შრომით მოვალეობაში გარკვეული საქონლის გადაზიდვა შედიოდა. მძღოლის საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებულია საქმიანობის განხორციელებასთან ორ ან მეტ გეოგრაფიულად დაცილებულ პუნქტს შორის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მთავარი ვალდებულება სწორედ ტვირთის გადაზიდვაში მდგომარეობდა, რაც სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილს შორის უნდა განხორციელებულიყო.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მივლინების ხანგრძლივობა დადგენილ ზღვარს აღემატებოდა და შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო. სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს დასაქმებულის მივლინებისას გაწეული ხარჯები, თუმცა, საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუ რა ხარჯები იქნა გაწეული მოსარჩელის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლი კი ადგენს, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე და ამ მტკიცებულებზე დაყრდნობით. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის გამო.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მართალია, მხარეები წინასწარ არ შეთანხმებულან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ხელშეკრულების შეწყვეტაზე, მაგრამ დამსაქმებელმა იცოდა, რომ ის მანქანა, რომელსაც იგი მართავდა, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, იყიდებოდა. მან აპრილის თვეში საბოლოო ანგარიშსწორების უწყისზე მოაწერა ხელი, სადაც სამუშაო დღეები, სამუშაოს არარსებობის გამო, უკვე შემცირებული იყო და მოსარჩელეს აღნიშნულზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გათავისუფლებამდე „ცოტა ხნით ადრე“, რაც ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურების წინაპირობას გამორიცხავს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.



ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 05 იანვარს მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის მოქმედების ვადაც 2014 წლის 30 ივნისამდე განისაზღვრა.

4.2. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში 1700 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განისაზღვრა.

4.3. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 28 აპრილის ბრძანებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყდა, კერძოდ, მოსარჩელე დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება) საფუძველზე 2014 წლის 30 აპრილიდან გათავისუფლდა.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, რეალურად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი წარმოადგენს (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას). პალატის ასეთი დასკვნა შემდეგ გარემოებებს ემყარება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მოპასუხე მხარეს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 05 იანვრის შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა (უდავო გარემოებაა). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის აპელირება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი წინაპირობების არსებობაზე, სრულიად საფუძველს მოკლებულია.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა სამუშაოს/ხელშეკრულების საგნის არარსებობამ განაპირობა, კერძოდ, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, გაიყიდა მანქანა, რომელსაც მოსარჩელე მართავდა. აღნიშნული გარემოება არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 03 თებერვლის სხდომის ოქმი). ასეთ მოცემულობაში კი, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას.

4.5. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ გარემოების დადასტურება, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მან მოსარჩელე გათავისუფლების თაობაზე წინასწარ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილა წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, თუმცა, მას ასეთი მტკიცება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოება, კი საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ორი თვის შესაბამისი ხელფასის კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, ორი თვის შესაბამისი ხელფასის კომპენსაციის ანაზღაურება 3400 ლარის ოდენობით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.



6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.






სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „პ“ - ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.



მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი