საქმის ნომერი: 2ბ/6095-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/6048-17
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლოს განჩინებით აპელანტები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნეს განსახილველად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6095-18 (2018-11-22), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6095-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       22 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - დ. კ., ლ. კ., მ. თ.

მ. თ.-ს და დ. კ.-ს წარმომადგენელი - ნ. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. გ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტების, ლ. კ.-ს და მ. თ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტების, დ. კ.-ს, ლ. კ.-ს და მ. თ.-ს სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზი; ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტებს, დ. კ.-ს, ლ. კ.-ს და მ. თ.-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინათ: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) ლ. კ.-ს და მ. თ.-ს დაევალათ დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა (ს.ფ. 189-192).

აღნიშნული განჩინება აპელანტებს 2018 წლის 31 ოქტომბერს ჩაბარდათ (ს.ფ. 195-196).

2018 წლის 12 ნოემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა აპელანტების დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები (ს.ფ. 197-254). ამასთან, მ. თ.-სა და ლ. კ.-ს სააპელაციო საჩივრებში აპელანტები კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობენ (ს.ფ. 202; 240).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მ. თ.-სა და ლ. კ.-ს დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრებზე თანდართულ დოკუმენტებს (ს.ფ. 206-217; 244-254), რომლის თანახმადაც, მათ ყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, მათ სახელზე არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება, ამასთან, ლ. კ.-ს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი. აპელანტები ასევე მიუთითებენ, რომ არიან უმუშევრები.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულია, სასამართლო დამატებით მხედველობაში იღებს განსახილველი დავის საგანს, რაც პაციენტ გ. კ.-ს სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის აპელანტებისთვის დაკისრებაში მდგომარეობს, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მ. თ. და ლ. კ. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესებით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით, სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განსახილველად მიღების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალის ასლი და დაენიშნოს ვადა არაუმეტეს 21 დღის ოდენობით წერილობითი შესაგებლის წარდგენისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილია, სააპელაციო პასუხის შემოსატანად განისაზღვროს 7 (შვიდი) დღის ვადა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 372-ე, 373-ე, 376-ე, 201-ე, 390-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აპელანტების, მ. თ.-ს და ლ. კ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. აპელანტები მ. თ. და ლ. კ. გათავისუფლდენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. მ. თ.-ს, ლ. კ.-ს და დ. კ.-ს სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნეს განსახილველად;

4. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ა. გ.-ს“ გაეგზავნოს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვროს 7 (შვიდი) დღის ვადა წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად;

5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.