საქმის ნომერი: 2ბ/5079-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-189-189-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დამდგარი ზიანის მიმართ მხარეთა თანაბრალეულობა. ვინაიდან, მოსარჩელესა და მოპასუხეს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულებები და არც საექსპერტო დასკვნის შედეგად ირკვევა თითოეული მხარის ბრალის ხარისხი დამდგარ ზიანში, შესასაბამისად სასამართლომ დაადგინა პასუხისმგებლობის 50%-იანი თანამონაწილეობა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5079-17 (2017-12-19), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5079-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       19 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

1. აპელანტი - შპს „ჩ. რ. XX ბ. ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ., თ. გ.

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. აპელანტი - მ. გ., თ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ. რ. XX ბ. ჯ.“

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

1. მ. გ.-მ და თ. გ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოპასუხე შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ”-სთვის მოსარჩელეების, მ. გ.-სა და თ. გ.-ს სასარგებლოდ 15 194 ლარის და 81 თეთრის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

2. მოპასუხემ, შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ”-მ სარჩელი არ ცნო.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჩ. რ. XX ბ. ჯ”-ს მ. გ.-ს და თ. გ.-ს სასარგებლოდ 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ.-მ და თ. გ.-მ, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. ამასთან, გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ”-მდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მოსარჩელეების, მ. გ.-სა და თ. გ.-ს თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე უძრავ ნივთზე - 956 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით XX XX XX (ტ.1. ს.ფ.15-16).

6. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლი დაზიანებულია, რაც მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით არის გამოწვეული. თუმცა, სახლის დაზიანებები მარტოოდენ აფეთქებითი სამუშაოებით არ არის განპირობებული. აღნიშნული დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ესპერტიზის დასკვნას ეფუძნება.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია, შენობა, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებს დაკვირვებას. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ სახლი სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა და მისი ზოგი პარამეტრი სეისმურ ნორმებს არ შეესაბამება.

8. შესაბამისად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ. რ. XX ბ. ჯ. მ. ფ.’’-ს მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით არ არის განპირობებული.

9. მოსარჩელეთა უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა 15 194 ლარი და 81 თეთრი შეადგინა. მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, სახლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა - დაკვირვების პირობებში. ამდენად, ზიანის ოდენობა სწორედ თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს, შესაბამისად, ზიანის დადგომაში მოსარჩელისა და მოპასუხის ბრალეულობა თანაბრად უნდა განისაზღვროს, ვინაიდან ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი მტკიცების განხორციელება არცერთ მხარეს არ უწარმოებია. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამ მიმართებით კი მხრეთა მხრიდან მტკიცება არ განხორციელებულა, კერძოდ, ექსპერტული შეფასება არ განხორციელებულა იმისა, თუ როგორი იქნებოდა აფეთქებების შედეგად შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, მას სეისმომედეგობის მაჩვენებელი ნორმაში რომ ჰქონოდა. ექსპერტულად არც ის გამოკვლეულა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა სახლის სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობამ აფეთქებებთან კომბინაციაში სახლისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამდგარი ზიანის მიმართ მოსარჩელე და მოპასუხე თანაბრალეულია, კერძოდ, საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ სახლის დაზიანება აფეთქებებმა გამოიწვია, თუმცა, ამავდრულად, სახლის დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ის გარემოებაცაა, რომ მოსარჩელეთა სახლი სეისმურ ნორმებს არ შეესაბამება. ამდენად, სახეზეა დამდგარ ზიანში მოსარჩელისა და მოპასუხის თანაბრალეულობა, თუმცა, სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით ბრალის ხარისხი დამდგარ ზიანში არ დასტურდება. უფრო მეტიც, აღნიშნული მტკიცების საფუძვლად მოსარჩელესა და მოპასუხეს შესაბამისი ფაქტებიც არ მიუთითებიათ. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის 50%-იანი თანამონაწილეობა მიზანშეწონილი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის კონტექსტში, დასაბუთებული და გამართლებულია.

10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ.”-ს“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გაქარწყლების ფაქტობრივ წინაპირობად არ გამოდგება, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა, კერძოდ, „აფეთქებადი ვიბრაციის მონცემების შეფასება სოფელ ქ-ში მდებარე მე-X გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (XXX.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მ. გ.-სა და თ. გ.-ს კუთვნილი შენობა - ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმო-მედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

11. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომ უძრავი ნივთის დაზიანებები 2012 წლამდეა წარმოშობილი და მას შემდეგ ის აღარ დაზიანებულა. არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები დასრულდა და ახლა აღარ მიმდინარეობს. შესაბამისად, აფეთქებითი სამუშაოების დენადი ხასიათის გათვალისწინებით და მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხე მხარეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და შესაბამისად, წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო. აღნიშნული მუხლის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა 2017 წლის 19 მარტიდან დაიწყო, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის შედგენის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით, მოსარჩელე მხარემ შეიტყო, რომ დაზიანებები, დიდწილად, მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგი იყო.

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის, შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ.”-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 320 ლარის ოდენობით და აპელანტების, მ. გ.-სა და თ. გ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 288 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. გ.-სა და თ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს “ჩ. რ. XX ბ. ჯ.”-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

4. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.