საქმის ნომერი: 1/ბ-296-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა სააპელაციო სარჩელი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, აპელანტის მიერ სარჩელში ახალი მტკიცებულების ან ფაქტის არარსებობის გამო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-296-16 (2016-06-09), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-296-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       09 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ავთანდილ ნასყიდაშვილი


სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ. ნ.

დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი. ბ.;

მსჯავრდებული - ა. ხ., დაბადებული XXXX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXX, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ-ს რ-ს ს. ა-ი, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა)

სასჯელი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს XXXX წლის XX იანვრის განაჩენით ა.ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე და საბოლოოდ ა. ხ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის მოხდაც დაეწყო დაკავების დღიდან - XXXX წლის XX აპრილიდან.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულმა (აპელანტი) მოითხოვა ხ-ს რაიონული სასამართლოს XXXX წლის XX იანვრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ჯ. ტ-ს ახლობლების გადმოცემით, მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ნასვამ მდგომარეობაში კიბიდან გადმოვარდნის შედეგად და ობიექტური გამოძიების ჩატარების ნაცვლად, გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად, არაობიექტურად და არასრულყოფილად. კიბიდან გადმოვარდნის შესახებ ინფორმაცია არის ასევე გადაუდებელი დახმარების განყოფილების ჩანაწერში, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ჯ. ტ-ს ტრავმა მიღებული აქვს კიბეზე დაცემის შედეგად, ხოლო ქ-ს საავადმყოფოს ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე პირდაპირ არის მითითებული, რომ ახლობლების გადმოცემით, ჯ. ტ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კიბიდან გადავარდა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ხ-ს რაიონული სასამართლოს XXXX წლის XX იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული და მასში არ არის მოყვანილი რაიმე დამაჯერებელი, გასაზიარებელი არგუმენტები, იმის მტკიცებულება თუ რატომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების ყოველმხრივი შეფასების, ურთიერთშეჯერების და მათი საერთო ანალიზის შედეგად.

სასამართლომ დაადგინა:

XXXX წლის XX აპრილს, საღამოს საათებში, ქარელის რაიონის სოფელ ა-ში, ა.ხ.-მა ხელის დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ჯ. ტ. ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად XXXX წლის XX აპრილს გარდაიცვალა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა შემდეგი:

მოწმე ბ. ნ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ თანასოფლელ ს.ტ. -ს სხვებთან ერთად მიეხმარა მიწის ნაკვეთის შემოღობვაში, რის შემდეგაც მდინარის პირას გაშლილ სუფრასთან ისადილეს. სუფრის მსვლელობისას იხალისეს და ერთმანეთს ეხუმრნენ. ამ ხუმრობაში ისე მოხდა, რომ მან ჯ. ტ.ს, რომელიც რაღაც მომენტში ფეხზე წამოდგა, გამოაცალა ხის ის ჯირკი, რაზეც იჯდა, თუმცა ჯ. არ წაქცეულა, ისევ თვითონ მიაშველა ხელი და დაიჭირა. ამას მოყვა სიცილი და ხუმრობა, რის გამოც განაწყენებულმა ჯ. ტ. მ იმ მიმართულებით სადაც ის, ა.ხ.-თან და ს. ტ-სთან ერთად იჯდა ჭიქა ისროლა. ა.ხ.-ს მოხვდა თავში. ა.ხ. ფეხზე წამოდგა და როდესაც ჯ. ტ. მაგიდის შემოვლით გასვლას აპირებდა, ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებული გადავარდა, ხეს დაარტყა თავი და ძირს უგონოდ დაეცა. მდინარიდან ამოტანილი წყლით მობანეს სახე, გონებაზე მოიყვანეს, წამოაყენეს, რის შემდეგაც სხვებისგან დაუხმარებლად, დამოუკიდებლად წავიდა სოფლის მიმართულებით. თვითონაც აღარ დარჩა სუფრასთან და ა.ხ.-თან ერთად სოფელში დაბრუნდა, სადაც გაიგეს, რომ ჯ. ცუდად გახდა და ქარელის საავადმყოფოში წაიყვანეს.
მოწმე ბ. ნ-ს ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ვ. ო-მა, რომელმაც განმარტა, რომ ჯ. ტ. დარტყმის მომენტში გაითიშა და შემდეგ მოასულიერეს. წყლით მობანეს სახე, საიდანაც სისხლი მოსდიოდა და გონზე მოსული თანასოფლელ ბ. კ-თან ერთად თავისი სახლისკენ წავიდა.
მოწმე ბ. კ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ს.ტ.ეს თანასოფლელები ბაღის შემოღობვაში ეხმარებოდნენ და თვითონაც გადაწყვიტა მისვლა. ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც სუფრა იყო გაშლილი. ცოტა ხანს გაჩერდა, შემდეგ მწუხრის ლოცვაზე დასასწრებად წავიდა და ლოცვის დასრულების მერე უკან დაბრუნებულმა ნახა, რომ ჯ. ტ. გულწასული იყო. მის მოსასულიერებლად მდინარიდან წყალიც ამოიტანა. როდესაც ჯ. ტ. გონს მოვიდა სახლში წაყვანა ითხოვა და დანარჩენებმა მას უთხრეს, რომ სახლამდე წაყოლოდა. ისინი გზაში საუბრობდნენ, თავიდან ჯ. ტ. გამართულად ლაპარაკობდა, უკვე შემდეგ აღმართს რომ აუყვნენ და აიარეს შეატყო, რომ მარცხენა ფეხზე მოძრაობა ეშლებოდა და გონებრივადაც ისე ვეღარ აზროვნებდა, როგორც მანამდე. შეკითხვაზე ცუდად ხომ არ ხარ, გავჩერდეთ, ჩამოვჯდეთო, უარი მიიღო და დაჟინებით მოითხოვაა სახლში წაყვანა. გზა განაგრძეს, ცოტა ხანში ჯ. ტ. -ს უფრო აერია ნაბიჯები და უკვე მხარზე ხელგადახვეული მიყავდა. დაახლოებით 50-60 მეტრის გავლის შემდეგ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მთელი სიმძიმით დააწვა მხარზე. მუხლებზე დასვა, თან მეზობელს, ჯ. ბ-ს დაუძახა რომ მიშველებოდა. მათ ერთად მიიყვანეს სახლში ჯ. ტ. და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რადგან სასწრაფო აგვიანებდა თვითონ მოუხდათ მანქანით ქარელის საავადმყოფოში გადაყვანა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ე. უ-ს ჩვენებით გაირკვა, რომ მისი მეუღლე ჯ. ტ. ,რომელიც მეზობელთან იყო წასული მისახმარებლად, საღამოს სახლში ხელით მიიყვანეს ბიჭებმა უგონო მდგომარეობაში. მას სახე ჰქონდა შეწითლებული და საწოლზე რომ დააწვინეს სისხლი გადმოუვიდა პირიდან.
მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დადგინდა, რომ ჯ. ტ. ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, დიფუზიური სისხლჩაქცევით თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ და მარჯვენა ჰემისფეროს რბილ გარსში, თავის ტვინის შემდგომი მკვეთრი შეშუპებით. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა და ის ნაჭდევები, რაც აღენიშნებოდა მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, ქვედა ყბის კუთხის საპროექციოდ მარცხნივ, ქვედა ყბის სხეულის საპროექციოდ მარცხნივ, ნიკაპის მიმდებარედ, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად; ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. ვინაიდან ეს დაზიანებები ერთ კონკრეტულ მიდამოზე, კერძოდ თავზეა, შესაძლებელია ეს ტრავმა იყოს ერთმომენტიანი, ანუ ერთი მოქმედების, ან მკვრივი-ბლაგვი საგნის სხეულზე, ან სხეულის მკვრივ-ბლაგვ საგანზე მოქმედების შედეგად იყოს მიყენებული, ამიტომ არ განიხილება ცალ-ცალკე და მითითებულია, რომ ერთ მთლიანობაში ეს დაზიანებები სიცოცხლისათვის სახიფათოა. მოწმის განმარტებით, მკვრივი-ბლაგვი საგნის, მათ შორის ხელის, რაც წარმოადგენს ნატურალურ მკვრივ-ბლაგვ საგანს, სახის არეში დარტყმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ტრავმა. ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დარტყმის სიძლიერეზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე სისხლძარღვების მდგომარეობაზეც.
მოწმე მ. ჭ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დადგინდა, რომ შესაძლებელია ტრავმა იყოს მარჯვენა მხრიდან მიღებული, მაგრამ სისხლჩაქცევა არ იყოს მარჯვენა მხარეს. ცოცხალ ადამიანში თავის ტვინი არის მოციმციმე, თხიერი და მარჯვენა მხრიდან დარტყმის შედეგად შესაძლებელია იქვე მოხდეს სისხლჩაქცევა ან ტალღამ ტვინი მიაჯახოს მარცხენა კედელზე და მარცხენა მხარეს განვითარდეს სისხლჩაქცევა, ანუ დარტყმის საპირისპიროდ თავის ტვინის დაზიანების მიღება არ არის გამორიცხული. თუ ტრავმის შედეგად კაპილარი დაზიანდა და დაიწყო სისხლის ჩაქცევა, გონების დაკარგვა ერთბაშად არ ხდება. ამისთვის გარკვეული რაოდენობის სისხლი უნდა იყოს თავის ტვინში, ანუ სისხლი მატულობს ნელ-ნელა (წვეთ-წვეთად), ადამიანი ამას ვერ გრძნობს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როდესაც იმ რაოდენობას მიაღწევს სისხლჩაქცევა, რომ უკვე ზეწოლას ახდენს ტვინზე, მაშინ კარგავს გონებას. მოწმის განმარტებით, სახის არეში ხელის დარტყმით შესაძლებელია თავის ტვინზე ტრავმის მიღება და რომ დარტყმის დროს შეიძლება სახეზე სისხლნაჟღენთი არ განვითარდეს, ისე ჩაიქცეს სისხლი თავის ტვინში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დაზარალებულს ასევე დაუდგინდა გულმკერდის დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ ა.ხ.-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას . ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ა.ხ.-ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის XXXX წლის XX აპრილს ა.ხ.-ს მიერ ჯ. ტ. ისთვის სახეში დარტყმის და ამ უკანასკნელის მიერ გონების დაკარგვის ფაქტი, რასაც არ უარყოფს არც მსჯავრდებული. აპელანტი სადავოდ ხდის ჯ. ტ. ის სახის არეში დარტყმის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიყენებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რომლითაც ის ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რადგან მსჯავრდებულის ჩვენება არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ: მოწმე ბ. ნ-ს და ვ. ო-ს ჩვენებებით დადგინდა, რომ ქეიფის დროს განაწყენებული ა.ხ. ფეხზე წამოდგა და ჯ. ტ. ეს ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებული გადავარდა, ხეს დაარტყა თავი და ძირს უგონოდ დაეცა. მდინარიდან ამოტანილი წყლით მობანეს სახე, გონებაზე მოიყვანეს, წამოაყენეს. გონზე მოსული თანასოფლელ ბ. კ. ერთად თავისი სახლისკენ წავიდა. მოწმე ბ. კ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ნელ-ნელა მძიმდებოდა სახლისკენ მიმავალი ჯ. ტ. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ფეხი აერია და ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, მეტყველება გაუჭირდა, საბოლოოდ ვეღარც გადაადგილება შეძლო და გონებაც დაკარგა. ის გარემოება, რომ ჯ. ტ. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდებოდა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ჯ. ბ-მ, რომელიც ბ. კ-ს დაზარალებულის სახლამდე მიყვანაში დაეხმარა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დაადასტურა, რომ ჯ. ტ. ე სახლში ბიჭებმა ხელით მიიყვანეს, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში, სახე ჰქონდა შეწითლებული და საწოლზე რომ დააწვინეს სისხლი გადმოუვიდა პირიდან. მოწმე ნ.ჯ-ს ჩვენებით გაირკვა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგნის, მათ შორის ხელის, რაც წარმოადგენს ნატურალურ მკვრივ-ბლაგვ საგანს, სახის არეში დარტყმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ტრავმა. მოწმე მ. ჭ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სახის არეში ხელის დარტყმით შესაძლებელია თავის ტვინზე ტრავმის მიღება და დარტყმის დროს შეიძლება სახეზე სისხლნაჟღენთი არ განვითარდეს, ისე ჩაიქცეს სისხლი თავის ტვინში. სხეულის ისეთი დაზიანებების შემთხვევაში, როგორიც ჯ. ტ. ეს ჰქონდა მიღებული, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და შესაძლებელია დამოუკიდებლად გარკვეული მანძილის გავლა, გადაადგილების უნარის და საბოლოდ გონების დაკარგვაც.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია რომ დაზარალებულმა თავის არეში დაზიანებები მიიღო ა.ხ.ს მიერ სახეში ხელის ერთხელ დარტყმის შედეგად და სხვა ადგილას, ან სხვა ვითარებაში სხეულის დაზიანების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს ბრალდებულ ა.ხ.ს ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ XXXX წლის XX აპრილს, დილის საათებში, თანასოფლელებთან ერთად მეზობელს ს. ტ-ს მიეხმარა მიწის ნაკვეთის შემოღობვაში, რომელიც მდებარეობს მდინარის პირას. დაახლოებით დღის სამი საათისთვის დაასრულეს ნაკვეთის შემოღობვა და ს.ტ.ემ იქვე მდინარის პირას გაშალა სუფრა. ჯ. ტ. ეს სუფრის მსვლელობისას ბიჭებმა ხუმრობით გამოაცალეს სკამი, რომელზეც დაჯდომას აპირებდა. ჯ. წაიქცა, რასაც სიცილი მოჰყვა. გაბრაზებულმა ჯ. ტ. ემ ვინც სკამი გამოაცალა. მათი მისამართით დაიწყო ჩხუბი და ყვირილი. მან ჯ-ს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, რის საპასუხოდაც ჯ. ტ. ე, რომელიც სუფრის თავში იმყოფებოდა მისკენ წამოვიდა, შენ რა გინდაო მიმართა და მოულოდნელად ჭიქა ესროლა, რომელიც მოხვდა შუბლში. მან აღელვებულმა უთხრა, რას აკეთებო და ხელი გაარტყა სახის არეში, ტუჩთან. ჯ. ტ. ე ჯერ ჩაჯდა, შემდეგ მარჯვენა გვერდზე გადაწვა და მცირე ხნით გონება დაკარგა. მდინარიდან წყალი ამოიტანეს, პირი მობანეს, გონებაზე მოიყვანეს და ფეხზეც წამოაყენეს. გონებაზე მოსულმა გარკვეული მანძილი გაიარა, იქვე გაჩერებულ მანქანას მოეფარა და სოფლის მიმართულებით წავიდა. თვითონაც სოფელში სხვა გზით დაბრუნდა და „ბირჟაზე“ მისულმა გაიგო, რომ ჯ. ცუდად იყო და ქარელის საავადმყოფოში წაიყვანეს. ა.ხ.-ს განმარტებით ჯ. ტ-ს მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და მისთვის ისეთი დაზიანება არ მიუყენებია, რასაც შეეძლო სიცოცხლის მოსპობა გამოეწვია. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ჩვენება ემსახურება მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა.ხ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ჯ. ტ. ემ განზრახ მძიმე დაზიანება მიიღო კიბეზე დაცემის შედეგად, პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მისი არგუმენტი არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. აღნიშნულ შესაძლებლობათა მიუხედავად, ა.ხ.-ს თავისი არგუმენტის საფუძვლიანობის დასადასტურებლად შეეძლო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მას არ განუხორციელებია.
დაცვის მხარე აპელირებს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე, საიდანაც ირკვევა, რომ ჯ. ტ. ეს მიღებული აქვს ტრავმა კონფლიქტისას კიბეზე დაცემის შედეგად. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის საკმარისი უტყუარობის თვალსაზრისით ა.ხ.-ს უდანაშაულობის დასადასტურებლად და ვერ გახდება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი. გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მას სახეში ხელი დაარტყა ა.ხ., სახლისკენ მიმავალი ჯ. ტ. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა და ის ბ. კ-მა ჯ. ბ-სთან ერთად მიიყვანა სახლამდე, რომელსაც სახე შეწითლებული ჰქონდა და როცა საწოლზე დააწვინეს პირიდან სისხლი გადმოუვიდა. ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს მის მიერ სხვა ადგილას, ან სხვა ვითარებაში სხეულის დაზიანების მიღებას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ. ტ. ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად; ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც ა.ხ. არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ (ჯ. ტ. )ის მიერ განზრახ მძიმე დაზიანების მიღება კიბეზე დაცემის შედეგად) და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი და ზეპირსიტყვიერი ვარაუდებით, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ა.ხ.-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, იმ გარემოებას, რომ ა.ხ.-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ ა.ხ.-ის მიმართ განსაზღვრული მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა.ხ.-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს XXXX წლის XX იანვრის განაჩენი ა.ხ.-ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა.ხ.-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს XXXX წლის XX იანვრის განაჩენი ა.ხ.მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა.ხ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე და საბოლოოდ ა.ხ.-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა.ხ.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
ა.ხ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - XXXX წლის XX აპრილიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.