ნახვები: 183
საქმის ნომერი: 2ბ/5271-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველ ინსტანციაში მხარე კომპანიის მხრიდან უკანონოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან განთავისუფლდა. აპელანტმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ფაქტის დამდგენ ყოველმხრივ და სარწმუნო მტკიცებულებად არ განიხილა და შესაბამისად, საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5271-17 (2017-12-15), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5271-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       15 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - შპს „ყ. თ.“

წარმომადგენელი - ა. შ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „K.K“

წარმომადგენელი - დ. მ., ბ. გ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დავალიანების ჩამოწერა, ზიანის ანაზღაურება

1. შპს „K.K“-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შპს ,,ყ. თ.-ს“ მხრიდან 5400 ლარის ღირებულების უკანონოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან (დაზუსტებულ იქნა 2017 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით) გათავისუფლება; ამასთან, შპს ,,ყ. თ.-სთვის“ შპს „K.K“-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელად 35 125 ლარის (დაზუსტებულ იქნა 2016 წლის 28
მარტს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით) დაკისრება.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე სახის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე არ დგინდება მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანი არის თუ არა მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგი და რა ბრალი მიუძღვის მოპასუხეს ამ ქმედების განხორციელებაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „K.K“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „K.K“ შპს ,,ყ. თ.-ს“ მხრიდან 5400 ლარის ღირებულების უკანონოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლდა; შპს „K.K“-ს უარი ეთქვა შპს „ყ. თ.-ს“ მიმართ მოთხოვნაზე 35 125 ლარის ნაწილში.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ყ. თ.-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 12 მარტს შპს „K.K“-მ განცხადებით მიმართა შპს „ყ. თ.-ს“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის დაერთების შესახებ მოთხოვნით, დაერთების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ქ.-ს ქ. X-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 27 აბონენტით, ხოლო მიერთების ჯამური საფასური, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ „სემეკის“ 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად, 10 800 ლარით განისაზღვრა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე იმასთან დაკავშირებით, რომ სემეკის მე-12 დადგენილების, მე-19 მუხლის და ამავე დადგენილების მე-3 დანართის სადავო დროის მონაკვეთისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით, გამანაწილებელ ქსელზე (0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი სიმძლავრე 3,74კუბ.მ/სთ იყო) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი 40 სამუშაო დღე იყო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოების საპირისპირო არგუმენტი შპს „ყ. თ.-ს“ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში არ წარმოუდგენია (ს.ფ. 14-18; 96);

6. მომსახურების საფასურის ნახევარი - 5400 ლარი შპს „K.K“-ის დირექტორის მიერ გადახდილი იქნა შეთანხმებით განსაზღვრულ დროს - 2015 წლის 24 მარტს (ს.ფ. 21).

7. თანხის ჩარიცხვის დღიდან მოპასუხე ორგანიზაციისათვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ „სემეკის“ 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებით გაწერილი სამუშაოების ჩატარების 40 დღიანი ვადა დაიწყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხე ორგანიზაციამ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მხოლოდ 2015 წლის სექტემბერის თვეში მოახდინა (2017 წლის 29 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი).

8. ქ. თბილისში, ქ.-ს ქ. N X-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გაზმომარაგება „სემეკის“ 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებით განსაზღვრული ვადის დარღვევით განხორციელდა. აღნიშნულ მტკიცებას შპს „ყ. თ.“ მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით არ დაეთანხმა, რომ შპს „K.K“-მ მასზე დაკისრებული ვალდებულება შიდა ქსელის მოწყობისა და გაზის დანადგარების დამონტაჟების თაობაზე არ შეასრულა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, რომელიც შპს „ყ. თ.-ს“ გაზიფიკაციის განყოფილების ოსტატის გ. ჩ-ს მიერ 2015 წლის 30 აპრილს შედგა. აქტში მითითებულია, რომ დამონტაჟდა 27 მრიცხველი, გაზის მიწოდების შეფერხების მიზეზად კი მითითებულია ,,შიდა ქსელის მოუწყობლობა და გაზის დანადგარების დაუმონტაჟებლობა“, ამასთან, აქტს ხელს აწერს მხოლოდ მისი შემდგენი პირი და შპს „K.K“-ის წარმომადგენლის ხელმოწერის ადგილას შენიშვნის სახით მიწერილია ,,ხელი არ მოაწერა“ (ს.ფ. 68).

9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების მე-18 მუხლის დანაწესით, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამავე დადგენილების მე-19[1] მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად კი, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ამავდროულად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება – განახევრდება.

10. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ ,,სემეკის“ 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილების მე-7 მუხლი ადგენს აღრიცხვის კვანძის მოწყობის წესებს, მითითებული ნორმის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი.

11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ყ. თ.-ს“ მტკიცებით, კომპანიის მიერ გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესრულდა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად აპელანტი 2015 წლის 30 აპრილის აქტს ასახელებს, რომელიც მრიცხველების ექსპლუატაციაში გაშვების აქტად არის სახელდებული. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვადებულებას ნორმატიულად გაწერილ დროში შესრულებულად არ მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი ცალმხრივად შედგენილი და ცალმხრივად ხელმოწერილია, შესაბამისად, ის, ფაქტის დამდგენ ყოველმხრივ და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ განიხილება, უფრო მეტიც, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების მე-19[1] მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ნორმატიულადაა გაწერილი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო განაწილების ლიცენზიანტი მისი მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების დადასტურების მიზნებისათვის. მას უნდა შეედგინა მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დაელუქა იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში. აღნიშნულის ნაცვლად, საქმეში წარმოდგენილ იქნა ცალმხრივად შედგენილი აქტი, რომელსაც სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან გარემოება, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს ერთი სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 216 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუავადდა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, აპელანტს გადასახდელად უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და


დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ყ. თ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს „ყ. თ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 216 ლარის ოდენობით;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.