ნახვები: 138
საქმის ნომერი: 2ბ/2395-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2395-16 (2016-06-17), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2395-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       17 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

აპელანტი –Aნ. გ.
წარმომადგენელი - მ. ლ.

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ა.
წარმომადგენელი - მ. ღ.

დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის შემცირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის №2/13306 -12 განჩინებით გ. ა.-სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება და გ. ა.-სათვის თავისი არასრულწლოვანი შვილების - ა. ა.-ისა (დაბადებული 19XX წლის XX ოქტომბერს) და ბ. ა.-სათვის (დაბადებული 20XX წლის XX მარტს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50-50 ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

გ. ა.-ს (პირადი №XXXXXXXXXXX) სარჩელი ნ. გ.-ს (პირადი №XXXXXXXXXXX) მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:


1.1. შემცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის №2/13306-12 განჩინებით გ. ა.-სათვის (პირადი №XXXXXXXXXXX) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისრა გ. ა.-ს (პირადი № XXXXXXXXXXX) თავისი არასრულწლოვანი შვილის ა. ა.-ის (დაბადებული 19XX წლის XX ოქტომბერს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 73 (სამოცდაცამეტი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

1.2. შემცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის №2/13306-12 განჩინებით გ. ა.-სათვის (პირადი № XXXXXXXXXXX) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისრა გ. ა.-ს (პირადი № XXXXXXXXXXX) თავისი არასრულწლოვანი შვილის ბ. ა.-ის (დაბადებული 20XX წლის XX მარტს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 73 (სამოცდაცამეტი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. გ. ა. და ნ. გ. არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ა. ა. და ბ. ა. ცხოვრობენ მოპასუხე ნ. გ.-სა და მის მეუღლესთან - ლ. ჯ.-სთან ერთად, მისამართზე ქ. თბილისი, ვარკეთილი X, მე-X მკ/რ, კორპუსი №XX, ბინა №XX;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ამონაწერი ,,ცესკოს“ ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან (ს.ფ. 16).

2.2. მოპასუხე ნ. გ. დასაქმებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. იგი მუშაობს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, მმართველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენს 1128.96 (ათას ასოცდარვა ლარი და ოთხმოდათექვსმეტი თეთრი) ლარს; დასაქმებულია ნ. გ.-ს მეუღლე ლ. ჯ. და იღებს ყოველთვიურად ხელფასს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 21 მარტის №MOD X XX XX XXXXXX მიმართვა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 2016 წლის 18 მარტს გაცემული ცნობა №XXX (ს.ფ. 98-100).

2.3. 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ. ა.-სათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მოსარჩელე გ. ა. არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით. 2012 წლის 31 დეკემბრიდან გ. ა. რეგისტრირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში ;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ამონაწერი აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრიდან (ს.ფ. 23).

2.4. გ. ა. ცხოვრობს მეუღლესთან - თ. კ.-სთან, არასრულწლოვან კ. ა.-სთან (დაბადებული 2015 წლის XX აგვისტოს) და დედასთან - მ. ა.-სთან - ერთად. მოსარჩელე გ. ა.-ს არასრულწლოვან ა. ა.-თან და ბ. ა.-თან ერთად კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი - კ. ა.;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი გ. ა.-სა და ნ. გ.-ს შორის: გ. ა.-ს არასრულწლოვანი შვილების, 19XX წლის XX ოქტომბერს დაბადებული ა. ა.-სა და 20XX წლის XX მარტს დაბადებული ბ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 15 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება, საქმე №2/13306-12 (ს.ფ.17-19);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე №2/13306-12 (ს.ფ. 55-56);
_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 20 ნოემბრის მიმართვა (ს.ფ. 57).
2.5. გ. ა. და თ. კ. საქორწინო ურთიერთობაში არიან 2012 წლის 22 დეკემბრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის XX აგვისტოს, შეეძინათ შვილი - კ. ა. ;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ქორწინების მოწმობა №XXXXXXXXXX; აქტის ჩანაწერი №XXXXXXXXXXX ( ს.ფ. 20).
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის XX აგვისტოს გაცემული კ. ა.-ის დაბადების მოწმობა №XXXXXXXXXXX; აქტის ჩანაწერი
№XXXXXXXXXXX ( ს.ფ. 22).

2.6. 2015 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოსარჩელე გ. ა.-ს სს „ს. ბ.-ს“ წინაშე აქვს შემდეგი სახის დავალიანება: №XXXXXXX საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 798 ლარის ოდენობით, №XXXXXXX საკრედიტო ხელშკერულებიდან გამომდინარე - 5277.33 ლარის ოდენობით, №XXXXXXX საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 099.13 ლარის ოდენობით, ხოლო №XXXXXXX საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე - 1504.62 ლარის ოდენობით. თ. კ.-ს სს „ს. ბ.-ის“ წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება 2015 წლი 30 ოქტომბრის მდგომარეობით აქვს 511.83 ლარის ოდენობით.

თ. კ.-ს სს „თ. ბ.-ს“ წინაშე №XXXXXXX -XXXXXXX საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 272.09 ლარის ოდენობით, ხოლო № XXXXXXX -XXXXXXX საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5 258.29 ლარის ოდენობით.

თ. კ.-ს შპს „ნ. კ.-ს“ წინაშე 2015 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით აქვს დავალიანება 667 (ექვსას სამოცდაშვიდი) ლარის ოდენობით. ასევე, მას 2015 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება შპს „4 ფ.-ს“ მიმართ 559 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით.

თ. კ. შპს მისო „რ. ე.-ში“ სარგებლობს სალომბარდე ხელშეკრულებებით და 2015 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ჯამური დავალიანება შეადგენს 2839.75 (ორიათას რვაას ოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და სამოცდთხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ხოლო გადასახადელი პროცენტი - 42.31 (ორმოცდაორი აშშ დოლარი და ოცდათერთმეტი ცენტი) აშშ დოლარს ;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,ს. ბ.-ს” მიერ 2015 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №XXX/XXX ცნობა
ფინანსური ვალდებულებების შესახებ. (ს.ფ. 24).
_სს ,,ს. ბ.-ს” მიერ 2015 წლის 30 ოქტომბერს გაცემული № XXX/XXX ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ. (ს.ფ. 25);
_სს ,,თ. ბ.-ს” მიერ 2015 წლის 30 ოქტომბერს გაცემული № XXX/XXX-XX ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26).
_შპს ,,ნ. კ.-ს” მიერ 2015 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №XX/XXX ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27);
_შპს ,,4 ფ.-ს” მიერ 2015 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ.28).
_შპს მისო ,,რ. ე.-ს” მიერ 2015 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობა №XXXXX (ს.ფ
79).

2.7. გ. ა.-ს დედის - მ. ა.-ს დიაგნოზია: ქრონიკული C ჰეპატიტი, 1b გენოტიპი B18.2., ღვიძლის ფიბროზის სტადია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 ნოემბერს
გაცემული გ. ა.-ს დაბადების მოწმობა №XXXXXXXXXXX (ს.ფ. 78);
_ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობა მ. ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 80);
_შპს ,,ი. ჟ. ს. ა. რ. ს/კ ი.-ს” მიერ გაცემული ცნობა მ. ა.-ის ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 81);

სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, მის კმაყოფაზე მ. ა.-ის ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო. ამასთან, მოსარჩელის გარდა, მ. ა.-ს ჰყავს შვილი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო მშობელი, რომელსაც დახმარება სჭირდება. (სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი).

2.7. მოპასუხე ნ. გ.-სა და სს „თ. ბ.-ს“ შორის 2013 წლის 09 აგვისტოს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე ნ. გ.-ზე გაიცა კრედიტი 7300 (შვიდიათას სამასი) ლარის ოდენობით.

შპს ,,გ. კ-სა“ და ნ. გ.-ს შორის 2013 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებით, მსესხებელ ნ. გ.-ზე გაიცა სესხი 530 (ხუთას ოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით. 2014 წლის 29 მარტს კი, შპს „გ. კ.-სა“ და ნ. გ.-ს შორის გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელ ნ. გ.-ზე გაიცა სესხი 70 (სამოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_2013 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №XXXXXX-XXXXXX (ს.ფ. 127-
132);
_ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების
№ XXXXXX-XXXXXX თავსართი, დაფარვის გრაფიკი (133-135);
_შპს „გ. კ.-სთან“ გაფორმებული №XXXX და №XXXX ხელშეკრულებები (ს.ფ. 136-137);

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დღევანდელი მდგომარეობით ნ. გ.-ს სასესხო ურთიერთობების არსებობას და მოცულობას დაადასტურებდა.

2.8. მოსარჩელე გ. ა. არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური შემოსავალი;

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის დასაქმებას და მატერიალურ შემოსავალს დაადასტურებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.9. მოსარჩელე გ. ა.-მ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა გაიზარდა მის კმაყოფაზე მყოფი პირთა რიცხვი.

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი გ. ა. -სა და ნ. გ.-ს შორის: გ. ა.-ს არასრულწლოვანი შვილების, 19XX წლის XX ოქტომბერს დაბადებული ა. ა.-სა და 20XX წლის XX მარტს დაბადებული ბ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 15 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.(3.2.1.)

სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინების მიღების დროისათვის გ. ა. ასევე არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით. (3.1.3). თუმცა შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ, 2012 წლის 22 დეკემბერს დაქორწინდა თ. კ.-ზე. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის XX აგვისტოს შეეძინათ შვილი კ. ა. (3.2.2.). ამდენად, მოსარჩელე გ. ა.-ს არასრულწლოვანი ა. ა.-ს და ბ. ა.-ს გარდა კმაყოფაზე ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი 2015 წლის XX აგვისტოს დაბადებული კ. ა. (3.1.4).

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. გ. დასაქმებულია და გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 1128.96 ლარის ოდენობით, ასევე დასაქმებულია მასთან ქორწინებაში მყოფი ლ. ჯ., რომელსაც აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შეიცვალა ასევე მოპასუხის ოჯახური მდგომარეობაც და მას, 2015 წლის XX აგვისტოს შეეძინა შვილი, თუმცა როგორც აღინიშნა, მოპასუხის ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მოსარჩელე გ. ა.-ს. საქმის მასალებით ამ უკანასკნელის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი არ დადასტურდა. ასევე, არ დასტურდება მოსარჩელის მეუღლის დასაქმების ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არ არსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა. შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ. ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, 2012 წლის 19 ნოემბერს სასამართლოს განჩინების შემდეგ გაიზარდა მოსარჩელე გ. ა.-ს კმაყოფაზე მყოფი პირთა რაოდენობა. მოსარჩელე მხარის ზოგადი მატერიალური მდგომარეობის შეფასებისას, სასამართლომ ასევე, გაითვალისწინა ის საბანკო ვალდებულებანი, რაც შესასრულებელი აქვს მოსარჩელეს საბანკო დაწესებულების წინაშე. თუმცა მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო კოდექსი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენვიის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მოსარჩელის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოჯახური მდგომარეობის შეცვლისა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს გარდა არასრულწლოვანი ა. ა.-ს და ბ. ა.-ისა, ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი კმაყოფაზე, რომლის რჩენის ვალდებულებაც ასევე ეკისრება მოსარჩელეს, არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2015 ნოემბრის თვისთვის შეადგენდა 146.8 ლარს, დეკემბრის თვისთვის 143.9 ლარს, 2016 წლის იანვრის თვისათვის 145.5 ლარს და 2016 წლის თებერვლის თვისათვის 144.5 ლარს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ოთხსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმი 2015 წლის ნოემბრის თვისათვის იყო - 293.5 ლარი, 2015 წლის დეკემბრის თვისათვის 287.7 ლარი, 2016 წლის იანვრის თვისათვის 291 ლარი და თებერვლის თვისათვის 289.1 ლარი (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo, გამოხმობის თარიღი 29.03.2016წ).

სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად უნდა გაიყონ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისა და ოთხსულიანი ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ა. ა.-ს და ბ. ა.-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის უნდა განისაზღვროს 73 (სამოცდაცამეტი) ლარით.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობა არ არის საკმარისი 2 არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად, 73-73 ლარი თითოეულ ბავშვზე არის ძალზე მცირე და ვერ უზრუნველყოფს მოზარდების ნორმალურ აღზრდა-განვითარებას.

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე გ. ა.-ს საბანკო ხელშეკრულებებს, ხოლო მოპასუხის საბანკო ხელშეკრულებები არ გაითვალისწინა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს, სსსკ 102-103-ე მუხლების თანახმად, არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სესხების დღევანდელი მდგომარეობით არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. თუმცა კანონი საოჯახო დავათა განხილვისას ადგენს განსხვავებულ წესებს და სასამართლოს შეეძლო, საკუთარი ინიციატივითაც დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.


4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი-სამართლებრივი დასაბუთება

4.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული გარემოებები სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული არ არის. შესაბამისად, მათ სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიაჩნია, რომ 73 ლარი სრულიად არასაკმარისი და არაადეკვატურია 19XX წელსა და 20XX წელს დაბადებული მოზარდების მინიმალური სოციალური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად.

4.3. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალურ მატერიალურ შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის დიდი მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს “ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2-ე მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმადაც მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

4.4. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ. ა.-სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდა და გ- ა.-ს თავისი არასრულწლოვანი შვილების ა. ა.-ს (დაბადებული 19XX წლის XX ოქტომბერს) და ბ. ა.-ს (დაბადებული 20XX წლის XX მარტს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 73-73 ლარის გადახდა დაეკისრა, სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანხმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრების შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, გ. ა. 2012 წლის 22 დეკემბრიდან საქორწინო ურთიერთობაშია თ. კ.-სთან და მას 2015 წლის XX აგვისტოს შეეძინა შვილი კ. ა.; ამდენად, მოსარჩელეს გარდა არასრულწლოვანი ა. ა.-ს და ბ. ა.-ისა, ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი კმაყოფაზე, რომლის რჩენის ვალდებულებაც ასევე, ეკისრება მოსარჩელეს. შესაბამისად, არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, კერძოდ, ამგვარი - 130 ლარის 73 ლარამდე - შემცირება თითეულ ბავშვზე ნიშნავს გ. ა.-სათვის 114 ლარის გამოთავისუფლებას (130-73=57. 57x2=114), თანაც იმ საფუძვლით, რომ მას 2015 წელს კვლავ შეეძინა შვილი. მაშასადამე, გამოდის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტვალდებული პირის 1 წლის მცირეწლოვანიშვილის გათვალიწინებით ალიმენტი 73 ლარით განუსაზღვრა 19XX წელსა და 20XX წელს დაბადებულ არასრულწლოვნებს. პალატა უფლებათა ასეთ დაბალანსებას არ მიიჩნევს გამართლებულად, რადგან 199XX წელსა და 20XX წელს დაბადებულ არასრულწლოვნებს რჩენის მეტი ხარჯი ესაჭიროებათ, მათი არამარტო საყოფაცხოვრებო, არამედ, როგორც მოსწავლის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ამიტომ, მართალია, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს, მაგრამ თითოეული ბავშვისთვის მისი ოდენობა, ნაცვლად 130 ლარისა, უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის, 39.2. მუხლის თანახმად, გ.ა.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 75 ლარის გადახდა;


სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2012 წლის 19 ნოემბრის №2/13306-12 განჩინებით გ. ა.-სათვის (პირადი №XXXXXXXXXXX) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს გ. ა.-ს (პირადი № XXXXXXXXXXX) თავისი არასრულწლოვანი შვილის ა. ა.-ს (დაბადებული 19XX წლის XX ოქტომბერს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;


3.2. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2012 წლის 19 ნოემბრის №2/13306-12 განჩინებით გ. ა.-სათვის (პირადი № XXXXXXXXXXX) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს გ. ა.-ს (პირადი № XXXXXXXXXXX) თავისი არასრულწლოვანი შვილის ბ. ა.-ს (დაბადებული 2003 წლის 09 მარტს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 02 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

4. გ. ა.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.