საქმის ნომერი: 2ბ/844-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. პალატამ განმარტა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტისა და მისი არსებითი პირობების სადავოობისას. ამასთან აღსანიშნავია, რომ პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ ერთი მხარის მიერ გარკვეული გარემოების აღიარება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/844-18 (2018-04-24), www.temida.ge
საქმის № 2ბ/844-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       24 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - კ. კ.

წარმომადგენელი - მ. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ხ.

წარმომადგენელი - კ. მ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც აპელანტს ქირავნობის თანხის გადახდა უცხოურ ვალუტაში დაეკისრა

დავის საგანი - ქირისა და კომუნალური მომსახურების თანხის დაკისრება

1. ს. ხ.-მ სასამართლოში სარჩელი აღძრა და კ. კ.-ს მიმართ გადაუხდელი ქირის - 3,600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადაუხდელი კომუნალური გადასახადების, კერძოდ, ელექტრო ენერგიის საფასურის 1445 ლარის, დასუფთავების გადასახადის 100 ლარის და წყალმომარაგების გადასახადის 210 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე კ. კ.-ს (პ/ნ NXXXXXXXXXXX) მოსარჩელე ს. ხ.-ს (პ/ნ NXXXXXXXXXXX) სასარგებლოდ ქირის თანხის 3600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, კომუნალური მომსახურების გადასახადების დაგროვილი დავალიანების 1755 ლარის და ს. ხ.-ს (პ/ნ NXXXXXXXXXX) სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 322 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება კ. კ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, იმ ნაწილში, რომლითაც მას პირველი ინსტანციის სასამართლომ ქირის უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, 3600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, გადახდა დააკისრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6. უძრავი ქონება მდებარე, ქ. თ., ჟ. შ.-ს ქუჩა NXXვ, დაზუსტებული ფართობი: XXX.XX კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი NXX.XX.XX.XXX.XXX საკუთრების უფლებით მოსარჩელე ს. ხ.-ს ეკუთვნის (ს.ფ. 16-17).

7. ს. ხ. და კ. კ. 2014 წლიდან 2016 წლის აპრილის თვემდე, ზეპირსიტყვიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, მოპასუხე კ. კ.-ს ქირავნობის ზეპირი ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ს.ხ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ., ჟ. შ.-ს ქუჩა NXXვ, დაზუსტებული ფართობი: XXX.XX კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი NXX.XX.XX.XXX.XXX ჰქონდა დაქირავებული, რომელშიც ყოველთვიურად, ქირის სახით, 500 ლარს იხდიდა. (ს.ფ. 120-122).

8. მოპასუხე კ. კ.-ს მოსარჩელე ს. ხ.-სთვის ერთი წლის, კერძოდ, 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით ქირის თანხა, არ გადაუხდია (ს.ფ. 44, 120-122).

9. მოპასუხე კ. კ. კომუნალური მომსახურების გადასახადებს არ ფარავდა. მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 1445 ლარი, დასუფთავების 100 ლარი და წყალმომარაგების გადასახადის 210 ლარი არ გადაუხდია (ს.ფ. 18-31,82-93).

10. მხარეები მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთების, კერძოდ, ტყავის სამეულის, მუსიკალური ცენტრის, კომპიუტერის ხის მაგიდის, მასიური ხის კარადის, ჭურჭლის და მაცივრის სანაცვლოდ, ქირის და კომუნალური მომსახურების გადასახადის თანხების გაქვითვის თაობაზე შეთანხმებულები არ იყვნენ. ამასთან, მოპასუხის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების ღირებულება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, შესაბამისად, ამ ნივთების საერთო ღირებულების ექვივალენტურობა არსებული დავალიანების ოდენობასთან მიმართებაში დადგენილი არ არის (ს.ფ. 52-55).

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მხარეები ქირის თვეში 300 აშშ დოლარის გადახდის შესახებ არ შეთანხმებულან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულება ფორმასავალდებულო ხელშეკრულებათა რიგს არ განეკუთვნება. შესაბამისად, შესაძლებელია მისი, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი ფორმით დადება. ქირა ქირავნობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ის გამოიხატება ფულად თანხაში და მისი ოდენობა მხარეთა შეთანხმებით დგინდება.

12. სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ზეპირი ხელშეკრულების დროს, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ამოცნობა რთულია. ამ დროს მხარეები განსაკუთრებით კი, გამქირავებელი (განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე) სამართლებრივ რისკზე მიდიან, რადგან ხელშეკრულების სადავოობის პირობებში სწორედ მოსარჩელეა ის პირი, რომელმაც ხელშეკრულების დადების ფაქტი და შეთანხმებული ქირის ოდენობა უნდა ამტკიცოს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი საპროცესო წესია გათვალისწინებული. აღნიშნული მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები ქირის - 300 აშშ დოლარის ოდენობით გადახდაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გარემოება მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ ქირის ოდენობად მხარეთა მიერ, ყოველთვიურად, 500 ლარის და არა 300 აშშ დოლარის გადახდა განისაზღვრა. მოპასუხის აღიარების შედეგად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების საფუძველზე, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული ქირის სახით 300 აშშ დოლარზე შეთანხმების ფაქტი ემტკიცებინა. მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით არ დასტურდება, რომ მხარეები ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულებით ქირის 300 აშშ დოლარის ოდენობით გადახდაზე შეთანხმდნენ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარეთა შორის ქირის 500 ლარის არსებობა აღიარა, საპირისპიროს (ქირის უფრო მეტი ოდენობის) დამტკიცება კი მოსარჩელემ ვერ შეძლო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ.-ს, სადავო პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით, ქირის თანხის 500 ლარის, სულ 6000 ლარის (500 * 12= 6000) ოდენობით გადახდა უნდა დაეკისროს.

17. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარსა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას ნაწილობრივ, კერძოდ, ქირავნობის თანხის უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, 3 600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ასაჩივრებდა, თუმცა, სააპელაციო მოთხოვნის დასაბუთების ნაწილში იგი სადავო კომუნალური გადასახადის სახით 1 755 ლარის დაკისრებასაც ითხოვდა, რომლის შესაბამისადაც, მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბაჟიც გადაიხადა. შესაბამისად, მიუხედავად წინააღმდეგობრივი განმარტებისა, სააპელაციო სასამართლო მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს, კვლევის საგნად კომუნალური გადასახადების დაკისრებაც აქციოს და განმარტოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დამქირავებელს ქირავნობის ფარგლებში კომუნალური გადასახადების სახით 1755 ლარი დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულ გარემოებას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ამტკიცებს (ს.ფ. 18-31). მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, აღნიშნული მოთხოვნის მიმართ მოპასუხეს (აპელანტს)პირველი ინსტანციის სასამართლოში კვალიფიციური შესაგებელიც კი არ წარუდგენია (ს.ფ. 42-49).

17. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში პირველი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.

18. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, კ. კ.-ს ს. ხ.-ს სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 322 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით კ. კ.-მ 188 ლარი გადაიხადა. სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რითაც პირველ ინსტანციაში კ. კ.-სთვის დაკისრებული თანხა შემცირდა. შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელისა და აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების ურთიერთგაქვითვის შედეგად, საბოლოოდ, კ. კ.-ს ს. ხ.-ს სასარგებლოდ, ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 50 ლარი უნდა დაეკისროს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი, მე-3 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. კ.-ს დაეკისროს ს. ხ.-ს სასარგებლოდ ქირის სახით 6000 ლარის გადახდა;

4. კ. კ.-ს დაეკისროს ს. ხ.-ს სასარგებლოდ ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.