საქმის ნომერი: 2ბ/3729-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3729-18 (2018-11-12), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3729-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       12 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

აპელანტი - რ.დ

წარმომადგენელი - ფ.კ მ.კ

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ჩ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. ე.ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე რ.დ-სთვის 2500 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ.დ-ს ე.ჩ-ს სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება რ.დ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 28 სექტემბერს როზა დათიაშვილსა (გამყიდველი) და ე.ჩ-ს (მყიდველი) შორის უძრავი ქონების (მშენებარე კომერციული ფართის) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც გამყიდველმა 35 000 აშშ დოლარის თანხის გადახდის განვადებით, მყიდველს უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, გ.ონაშვილის ქუჩა NX, სართული X, XX-XX და ა-დ ღერძებს შორის კომერციული ფართი 51 კვ.მ, ს/კ XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XX., მიჰყიდა. ნასყიდობის საგნის ღირებულებად - 35 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, მყიდველს 500 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე უნდა გადაეხადა, ხოლო დარჩენილი 34 500 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, 2016 წლის მაისის ბოლომდე (ს.ფ 73-74).

6. ე.ჩ-მ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, როზა დათიაშვილს შეთანხმებული საფასურიდან, 35 000 აშშ დოლარიდან, ნაღდი ფულის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ჯამში, 2000 აშშ დოლარი გადასცა (ს.ფ 185-188). ე.ჩ-სვე განმარტებით, მან როზა დათიაშვილს 2 000 აშშ დოლარი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბეს სახით, გადაუხადა (იხ. ე.ჩ-ს განმარტება პირველი ინსტანციის სასამართლოში).

7. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გ. ონაშვილის ქუჩა NX, კომერციული ფართი, X-X და ა-გ ღერძებს შორის 51.00 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, როგორც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, 2015 წლის 28 სექტემბერს, ასევე საქმის სასამართლოში წარმოების განმავლობაშიც რ.დ-ს სახელზეა აღრიცხული. როზა დათიაშვილს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, არც მისი გაყიდვა უცდია. საგულისხმოა, რომ ე.ჩ-ს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ როზა დათიაშვილმა მასზე დაკისრებული ვალდებულება დაარღვია. საქმის მასალებით კი რ.დ-ს მხრიდან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება, შესაბამისად, სახეზე არ არის ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ე.ჩ რ.დ-ს სახელზე გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს (ს.ფ. 31-32, 77-78). სააპელაციო პალატა აღნიშნულ დასკვნას შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს აფუძნებს: (იხ. გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტები).

8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის, უმნიშვნელოვანესია, იმ ფაქტის დადგენა, თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს.

უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელით ე.ჩ-მ რ.დ-სათვის გადახდილი 2 500 აშშ დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და როზა დათიაშვილს ე.ჩ-სასარგებლოდ 2 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ე.ჩ-მ დაადასტურა, რომ მან მის მიერ ნაკისრი ვალდებულების (35 000 აშშ დოლარის) შესრულება რ.დ-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შიშით შეწყვიტა, რადგან მან სხვა მყიდველების მოძიება და სასამართლოში აღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ როზა დათიაშვილმა სასამართლო საქმის წარმოება სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დაიწყო. 2015 წლის 28 სექტემბრის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება კი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ, საკუთრების უფლებით, ე.ჩ-ს უნდა გადასცემოდა,რ.დ-ს სახელზე ირიცხება (იხ. ს.ფ. 31-32, 69-74). შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ როზა დათიაშვილს ე.ჩ-სთან დადებული წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია და არც მისი დარღვევა უცდია. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის, გადაცემული თანხა ბედ შეფასდება, თუ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ ავანსად, წარმოდგენილი სარჩელით გათვალისწინებული საფუძვლებით, ე.ჩ-ს მიერ რ.დ-სათვის გადაცემული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საგულისხმოა, რომ თუ ე.ჩ-ს მიერ რ.დ-სათვის გადაცემული თანხა ბეა და რ.დ-ს მხრიდან წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ დგინდება, ე.ი. ხელშეკრულების დამრღვევი ბეს გადამცემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

იმ შემთხვევაში, თუ ე.ჩ-მ აღნიშნული თანხა როზა დათიაშვილს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით გადასცა, ასეთ შემთხვევაში რ.დ-ს მხრიდან ვალდებულების დარღვევა უნდა დადასტურდეს, რათა ე.ჩ-ს მხრიდან წინარე ხელშეკრულებიდან გასვლა მართებულად ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ ე.ჩ- გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას სწორედ იმ საფუძვლით ითხოვს, რომ როზა დათიაშვილმა მასზე დაკისრებული ვალდებულება დაარღვია, რამაც გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი შეუქმნა.

9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტის მიზნებისთვის, უმნიშვნელოვანესია, განიმარტოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და მისი განხორციელების კანონისმიერი წინაპირობები. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით წესრიგდება. 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმატებისთვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა იყოს მნიშვნელოვანი და ეს დარღვევა მხარეს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს უკარგავდეს .

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2015 წლის 28 სექტემბერს მოდავე მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება დაიდო. როზა დათიაშვილმა აიღო ვალდებულება ე.ჩ-ს მიერ 35 000 აშშ დოლარის სრულად გადახდისთანავე, რაც 2016 წლის მაისის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, გ. ონაშვილის ქუჩა NX, კომერციული ფართი, X-X და ა-გ ღერძებს შორის 51.00 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX., საკუთრებაში გადაეცა (ს.ფ. 73-74). უდავოა, რომ ედიშერ ჩიკორაიამ 2015 წლის 04 სექტემბერს, 2015 წლის 20 ნოემბერსა და 2016 წლის 12 თებერვალს როზა დათიაშვილს, საერთო ჯამში, 2 000 აშშ დოლარი გადასცა, თუმცა, ამ თარიღის შემდეგ თანხის გადახდა ცალმხრივად შეწყვიტა. როგორც საქალაქო ასევე, სააპელაციო სასამართლოებში ე.ჩ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეწყვეტას, გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა და მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის რისკს უკავშირებდა. სააპელაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხოლოდ პროცესში მონაწილე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. აუცილებელია იგი სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდებოდეს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს (2015 წლის 28 სექტემბერს) ხელშეკრულების საგანი (უძრავი ქონება) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რ.დ-ს სახელზე იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 31-32), ხელშეკრულებით როზა დავითაშვილს ქონებაზე საკუთრების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ ეკისრებოდა. საქმის მასალებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ფულის გადახდა, 2016 წლის იანვრის შემდგომ აღარ დასტურდება.

გარემოება მასზედ, მყიდველს ნამდვილად გაუჩნდა, თუ არა, რ.დ-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შიში ან/და მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის საფუძვლიანი ვარაუდი, არც საქმის მასალებით და არც მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, არ დგინდება, კერძოდ, ამ მიმართებით საყურადღებოა, რომ უძრავი ქონება დღეის მდგომარეობითაც კი, რ.დ-ს სახელზეა აღრიცხული, პროცესზე აპელანტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დღესაც შეუძლია ამ ქონების ყიდვა, თუ მას ეს სურს, თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას მხარე მხოლოდ ზოგადი საშიშროების შესახებ არსებული არგუმენტით დაუპირისპირდა. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა ე.ჩ-ს ზეპირ მითითებას, ამ შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაედასტურებინა, რომ მისი შიში რეალური და აღსრულებადი იყო, კერძოდ, უნდა ემტკიცებინა ის ფაქტი, რომ რ.დ სწორედ იმ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებდა, რომელზეც მხარეებს წინარე ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, ან უნდა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ (განცხადების გამოქვეყნების თაობაზე), მყიდველთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. სულ მცირე, იმისათვის, რათა ე.ჩ-ს შიში გამყიდველის მიერ ხელშეკრულების იმგვარ დარღვევად მიჩნეულიყო, რომელიც მხარის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნას გაამართლებდა, მას უნდა დაედასტურებინა, რომ მან გამყიდველს საჯარო რეესტრში წინარე ხელშეკრულებისა და შესაბამისად, მისი სამომავლო უფლების დარეგისტრირება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ანუ მას უნდა დაედასტურებინა, რომ საკუთარი უფლებებისა და ხელშეკრულების პირობების დასაცავად უშედეგოდ სცადა სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება, რამაც მას ხელშეკრულების მიმართ ინტერესი დაუკარგა. თავად ე.ჩ-ს ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ არცერთ ზემოხსენებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებულ ერთ - ერთ მთავარ წინაპირობას, რაც მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი შეიძლება გახდეს, კერძოდ ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევას, ადგილი არ ჰქონია. სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას არ ნიშნავს. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ხელშეკრულებიდან ვერ გავა.

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის, რათა მხარისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგი დადგეს, აუცილებელია სამართლის ნორმის ყველა ის ელემენტი არსებობდეს, რომელიც ნორმის დისპოზიციითაა განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას ხელშეკრულებიდან გასვლის მოტივით ითხოვდა. შესაბამისად, ასეთ პირობებში ხელშეკრულებიდან გასვლისათვის სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები სრულად უნდა დადასტურებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ხსენებული ნორმების დისპოზიციით განმტკიცებულ სხვა ელემენტებზე (დარღვევის ხარისხი, შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.) მსჯელობას არარელევანტურად მიიჩნევს, რადგან ნორმის დისპოზიციით რეგლამენტირებული ერთი კუმულატიური ელემენტის არარსებობაც კი, მოთხოვნას სამართლებრივ საფუძველს აცლის. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ ე.ჩ-ს 2015 წლის 28 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ გააჩნდა, რაც რ.დ-სთვის 2 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების ვალდებულების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობას გამორიცხავს.

10. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის მოტივით მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დავობდა, შესაბამისად, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ხელშეკრულების გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა. აღნიშნულის სამტკიცებლად, ე.ჩ მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ იმ უძრავ ქონებაზე, რომელზეც მოდავე მხარეებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, გამყიდველმა საქალაქო სასამართლოში დავა დაიწყო, ასევე იგი აღნიშნული ქონების გაყიდვას გეგმავდა, ხვდებოდა სხვა მყიდველებს, რამაც მას გამყიდველის მიერ მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ვარაუდი შეუქმნა, რის გამოც, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა შეწყვიტა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, თუმცა, პროცესში მონაწილე პირი, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულია, საქმის გარემოებების მიმართ ობიექტური ვერასდროს იქნება, ამიტომ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოდავე მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც საქმეში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება ვერ ლახავს სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს, შესაბამისად სასამართლო ასეთ მტკიცებულებას ვერ გაიზიარებს და მის გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას ვერ დააფუძნებს.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს (განსახილველ დავაში აპელანტს) მან მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა წამოიწყო არა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისთვის უკვე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, არამედ სხვა უძრავ ქონებაზე, რომლის გადაცემასაც იგი სამშენებლო კომპანიისგან მოითხოვა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული სარჩელითა და სხვა წერილობითი დოკუმენტებით. ამასთანავე, როზა დათიაშვილმა მიუთითა, რომ როგორც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროსაც სადავო უძრავი ქონება მის სახელზე ირიცხებოდა, რაც მოსარჩელის მიერ დასახელებული საშიშროების არარსებობას ადასტურებს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ (ე.ჩ-ს) ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ე.ჩ-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, გაუქმებისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება ე.ჩ-ს მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტიც, რომლის ძალითაც როზა დათიაშვილს ე.ჩ-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 200,54 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გარდა ამისა, ვინაიდან დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი 206,26 ლარის ოდენობით ე.ჩ-ს უნდა დაეკისროს.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.დ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ე.ჩ-ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში;

3. ე.ჩ-ს სარჩელი რ.დ-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

4. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 206,26 ლარის ოდენობით დაეკისროს ე.ჩ-ს რ.დ-ს სასარგებლოდ;

6. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.