საქმის ნომერი: 2ბ/1675-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სარეცხი მანქანის გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ნამდვილად იყო ნივთის მესაკუთრე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1675-17 (2017-07-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1675-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       06 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ც. დ.

წარმომადგენელი - ნ. ო.

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ხ.

წარმომადგენელი - ა. შ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


1. ე. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ც. დ.-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთების გამოთხოვა - სარეცხი მანქანა, ღირებული 1200 ლარად, ფარდები დღის და ღამის, ღირებული 350 ლარად, ორი საბანი, ღირებული 100 ლარად, ორი ბალიში, ღირებული 70 ლარად, ერთი მაგიდის სუფრა, ღირებული 30 ლარად, ორი ჩაის ტილო, ღირებული 10 ლარად, ოთხი პირსაწმენდი, ღირებული 28 ლარად, სპორტული ზედა, ღირებული 20 ლარად, ჯინსის შარვალი, ღირებული 50 ლარად, ზეწარი, ღირებული 15 ლარად, ორი ქვაბი, ღირებული 100 ლარად, ორი პატარა ვაზა, ღირებული 48 ლარად, ტორტის თეფშები შვიდი ცალი, ღირებული 25 ლარად, შამპანურის ჭიქები 12 ცალი, ღირებული 36 ლარად, ღვინის ბაკალი ექვსი ცალი, ღირებული 25 ლარად, ლიქიორის ჭიქები ექვსი ცალი, ღირებული 25 ლარად, სანაყინე ექვსი ცალი, ღირებული 20 ლარად, დანა-ჩანგალი 12 ცალი, ღირებული 30 ლარად, ტორტის ჩანგალი ექვსი ცალი, ღირებული 15 ლარად, ყავის ჭიქები თეფშებით 18 ცალი, ღირებული 50 ლარად, თასი 2 ცალი, ღირებული 8 ლარად, გრაფინკა 6 ჭიქით, ღირებული 20 ლარად, ხილის თეფშები 6 ცალი, ღირებული 20 ლარად, ხილის თეფშები 6 ცალი, ღირებული 15 ლარად, კულინარიის წიგნი 2 ცალი, ღირებული 15 ლარად, ხატები, ღირებული 80 ლარად, ნათლობის სანთლები 2 ცალი, თმის უთო ღირებული 25 ლარად, ფეხსაცმელი (ზაფხულის) ღირებული 40 ლარად.

2. მოპასუხე ც. დ.-მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ სარეცხი მანქანა შეძენილია მის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. რაც შეეხება დანარჩენ საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს მოსარჩელეს აღნიშნული ნივთები წაღებული აქვს და ისინი მოპასუხის მფლობელობაში არ იმყოფება. სარჩელი ცნო მხოლოდ ჯინსის შარვლის და ფეხსაცმლის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ც. დ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და ე. ხ.-ს გადაეცა შემდეგი მოძრავი ნივთები - სარეცხის მანქანა წინა ჩატვირთვით BOSCH- WAK2021SME (ღირებული 1200 ლარად), ჯინსის შარვალი (ღირებული 50 ლარად) და ფეხსაცმელი (ღირებული 40 ლარად).

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ც. დ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარეცხის მანქანის გამოთხოვის ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თ.-ში, მ. მ.-ის ქუჩა #XX, მე-X სადარბაზო, მე-X სართული, ბინა #XX-ის მესაკუთრეს ც. დ. წარმოადგენს (ს.ფ. 104-105).

6. ე. ხ. და გ. დ. 2015 წლის 25 იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (ს.ფ. 11).

7. ე. ხ.-ს და გ. დ.-ს ჰყავთ ერთი შვილი - დ. დ., დაბადებული 2015 წლის 14 სექტემბერს (ს.ფ. 12).

8. ე. ხ.-სა და გ. დ.-ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. თანაცხოვრების პერიოდში მოსარჩელე გარკვეული პერიოდი გ. დ.-ის დედის - მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობდა, სადაც განთავსებული იყო მისი პირადი ნივთები, რომელთა ნაწილი მოსარჩელემ საცხოვრებელი სადგომის დატოვების შემდეგ წაიღო (ს.ფ. 116-126).

9. სარეცხის მანქანა წინა ჩატვირთვით BOSCH-WAK2021SME შეძენილია მოსარჩელის მიერ 1123 ლარად. აღნიშნული სარეცხის მანქანის ტრანსპორტირება მოხდა მისამართზე; დიდი დიღომი, მ. მ.-ის გამზირი. (ს.ფ. 53-54).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს თანაბრად ეკისრებათ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ვინდიკაციური სარჩელი აღძრას, თუ მისი ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა და არსებობს სამი ელემენტი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პირველი პირობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის ის, რომ მესაკუთრეობა (თუ დავა უძრავ ნივთს ეხება) უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მეორე აუცილებელი ელემენტია, რომ მოპასუხე აუცილებლად უნდა ფლობდეს მესაკუთრის ნივთს და მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ გამოთხოვილი სარეცხის მანქანის და ხარჯების დაკისრების ნაწილში არის სადავოდ გამხდარი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი განახორციელა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სს „ელიტ ელექტრონიქსის“ 2016 წლის 11 ივლისის ცნობით დგინდება, რომ სადავო სარეცხის მანქანა წინა ჩატვირთვით BOSCH-WAK2021SME ე. ხ.-ის მიერაა შეძენილი. მოსარჩელემ ასევე სარწმუნოდ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ მის მიერ შეძენილი სადავო სარეცხის მანქანა ხ.-ის #3-დან მიტანილ იქნა მისამართზე, დიდი დიღომი, მ. მ.-ის გამზირი. მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტს მასზედ, რომ სადავო სარეცხი მანქანა განთავსდა მოპასუხე (აპელანტ) ც. დ.-ის კუთვნილ ბინაში მისამართზე, მ. მ.-ის ქუჩაXX #, მე-X სადარბაზო, მე-X სართული, ბინა #XX. მხარეთა შორის სადავო არ არის არც აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ც. დ.-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელის მიერ ასევე დადასტურებულია, რომ მის მიერ სარეცხი მანქანის შეძენისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ იქნა ერთჯერადად 211.03 ლარი, ასევე სწორედ იგი მიეთითა ნივთის ღირებულების დარჩენილ ნაწილზე 1123 ლარის მსესხებლად (ნივთის შეძენა მოხდა განვადებით, განვადების განაცხადის ხელმომწერიც ე. ხ.). შესაბამისად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ სადავო მოძრავი ნივთის შეძენისათვის ხარჯები ე. ხ.-მ თავად გაიღო და საქმეში წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითაც დგინდება, რომ ის სესხის (განვადების) დასაფარად გარკვეულ გადახდებს ახორციელებდა.

ამდენად, მხოლოდ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ფაქტი მასზედ, რომ სარეცხი მანქანის საყიდელი თანხა ე. ხ.-ს გ. დ.-მა გადასცა ან რომ ც. დ.-ის კუთვნილი ბინიდან სადავო სარეცხის მანქანა ე. ხ.-ს წაღებული აქვს. აღნიშნული ვერცერთი გარემოება აპელანტის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. მართალია, აპელანტი აპელირებდა მოწმეთა ჩვენებაზე, რომლითაც ნამდვილად დასტურდება, რომ გ. დ. გარკვეულ თანხას პერიოდულად ე. ხ.-ს აძლევდა (უგზავნიდა), თუმცა, აღნიშნულით არ დასტურდება, რომ გ. დ.-მ ე. ხ.-ს სადავო სარეცხის მანქანის შესაძენად თანხა გადასცა. ის, რომ გ. დ. ე. ხ.-ს პერიოდულად გარკვეულ თანხებს გადასცემდა, ჩვეულებრივი ერთობლივი საოჯახო მეურნეობის შემადგენელი ნაწილია. სხვა სახის მტკიცება აპელანტის მიერ არ განხორციელებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოძრავი ნივთი სარეცხი მანქანა წინა ჩატვირთვით BOSCH-WAK2021SME შეძენილია მოსარჩელის მიერ, წარმოადგენს მის საკუთრებას და მოპასუხეს არ აქვს მისი ფლობის უფლება.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფაქტს მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სადავო სარეცხის მანქანის შესაძენად ჯამში 1200 ლარზე მეტი იქნა გადახდილი, თუმცა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სადავო სარეცხის მანქანის ღირებულებად 1200 ლარია მითითებული. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში კრედიტორის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, კრედიტორის სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო, ხოლო, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო (ერთი აპელაციის ფარგლებში აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

დაკისრებული ხარჯების თაობაზე პალატა განმარტავს, რომ პროპორცია დარღვეული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

13. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 80 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი


სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი