საქმის ნომერი: 2ბ/2515-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ხათუნა არევაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-58-49-2011, ას-1011-931-2017,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: დავა ეხება ალიმენტის დაკისრებას, ბავშვის მამა თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმა იყო გადაეხადა მცირეწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი, თუმცა ბავშვის დედა მას არ ეთანხმებოდა.სასამართლომ იმსჯელა, გაითვალისწინა, რა, რომ ბავშვი ცხოვრობდა დედასთან, ასევე მშობრლების რეალური შემოსავალი და საარსებო მინიმუმი. ამრიგად მამას დააკისრა ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2515-18 (2018-10-23), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2515-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       23 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ხათუნა არევაძე

აპელანტი – ნ.თ.
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, ახალი გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით ნ.თ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მ.ი.-ს, ნ.თ.-ს სასარგებლოდ, 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნ.ი.-ს რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 09 ოქტომბრიდან) _ მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ნ.თ. და მოპასუხე მ.ი. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2012 წლიდან 2013 წლის მარტამდე.
თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი _ 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნ.ი.;
2.2. მოსარჩელე ნ.თ. არასრულწლოვან შილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ. ი. №X, ბინა №X.
2.3. მ.ი.-ს კმაყოფაზე, ნ.ი.-ს გარდა, იმყოფება ორი შვილი პირველი და მეორე ქორწინებიდან.
2.4. მ.ი. არის შრომისუნარიანი პირი. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული 21/12/2017წ, №XXXXX ცნობის მიხედვით, ფიზიკური პირის, მ.ი.-ის მიერ 2017 წლის 01 სექტემბრიდან _ 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 750 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნ.ი..
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით .
ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას .
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ.ი. ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ნ.თ.-სთან ერთად. მოპასუხე შრომისუნარიანია, საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის (21/12/2017წ) მიხედვით, ფიზიკური პირის, მ.ი.-ს მიერ 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 750 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით . კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო- სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
სასამართლომ მოიხმო ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას . აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს .
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები .
სასამართლო აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზეც, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა; კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრისსამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლომ შენიშნა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, არსრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის , რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახურის არქონა, ასევე, უმუშევრობა, თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის მუდმივად არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მ.ი.-ს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის სამომავლოდ მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნიასტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ მოპასუხე მ.ი. სარჩელის განხილვის
დროისათვის იყო დასაქმებული, ჰქონდა მცირე შემოსავალი ხელფასის სახით და წარმოადგენდა შრომისუნარიან პირს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რასაც ადასტურებდა საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 21/12/2017წ, 5139481.
სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები; კერძოდ, ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე ჰყავდა ორი არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მცირეწლოვანი ბავშვის ასაკი და აქედან გამომდინარე, მოთხოვნილებები და საჭიროებები, გარემოება იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მ.ი., თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმა იყო გადაეხადა მცირეწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
სასამართლოს შეფასებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ( http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის თებერვლის თვისათვის - 175.4 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად 100 (ასი) ლარით.
აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2017 წლის 09 ოქტომბრიდან, არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნ.ი.-ს სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად მოპასუხის კმაყოფაზე ორი შვილის ყოფნის, ასევე მისი ქორწინების ფაქტი, რადგან ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დადგენილად ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 100 ლარი. სასამართლომ არასწორად შეაფასა არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნათა ფარგლები და შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო ალიმენტის ოდენობა.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მოპასუხეზე ალიმენტის სახით დაკისრებული 100 ლარი ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანის აუცილებელ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. აპელანტი განმარტავს იმასაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ ამცირებს ბავშვის აუცილებელ ხარჯებს, რომელიც არასრულწლოვანის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება; ბავშვის აუცილებელ მოთხოვნათა ხარჯებში მოიაზრება მისი ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, განათლება, გონებრივი განვითარება, ჯანსაღ გარემოში ყოფნა და მისი სულიერი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა არასაკმარისია და მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
3.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ, მოცემული დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი და მშობლის ვალდებულება არჩინოს შვილი; ამასთან, თუკი მშობელს არ გააჩნია სათანადო მატერიალური შესაძლებლობა, იგი ვალდებულია მოიპოვოს იგი ან დაამტკიცოს მატერიალური საშუალების მოპოვების შეუძლებლობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე შრომისუნარიანი პირია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელე ნ.თ. და მოპასუხე მ.ი. 2012 წლიდან 2013 წლის მარტამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
- თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი, 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნ.ი.;
- მოსარჩელე ნ.თ. არასრულწლოვან შილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ.ი., N X, ბინაX .
- მ.ი. არის შრომისუნარიანი პირი.
- საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული 21/12/2017წ, №5139481 ცნობის მიხედვით, ფიზიკური პირის, მ.ი.-ს მიერ 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 750 ლარს.
_ აქვე სააპელაციო პალატა მიუთთებს, რომ მოწინააღდეგე მხარის განმარტებით, მას გარდა ნ.ი.-სა, ჰყავს ორი შვილი. მისივე განმარტებით, მათ სასარგებლოდ ალიმენტი არ აქვს დაკისრებული და შესაძლებლობის მიხედვით ზრუნავს მათზე.
4.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიან გამომდინარე, მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა- აღზრდისათვის ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ .
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები . კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).
ალატა აღნიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით, ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ- ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ნ.თ. ცხოვრობს არასრულწლოვან ნ.ი.-სთან ერთად, ამავდროულად, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ნ.ი. ზრდასთან ერთად საჭიროებს მეტად ფართო გონებრივ და სულიერ განვითარებას, აღზრდისთვის ნორმალური გარემო პირობების შექმნას. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.).
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმატრებებით დგინდება, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა მოსარჩელეზეა გადატანილი, მამა არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება- მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა 200 ლარით უნდა განისაზღვროს. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე, კერძოდ, პირველ ყოვლისა, ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებების, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის და ასევე კანონით დადგენილი ორივე მშობლის ვალდებულების _ არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი, გათვალისწინებით, ადექვატურია. შესაბამისად, არასრულწლოვნის საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ი.-სთვის ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია.
4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა ნაწილობრივ დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ.თ.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; მ.ი.-ს, შვილის _ 2013 წლის 03 იანვრს დაბადებული არასრულწლოვანი ნ.ი.-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 09 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ.თ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მ.ი.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 125 ლარი, რომელიც შედგება პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის ჯამისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნანა თევდორაძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნანა თევდორაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. მამუკა ირემაშვილს დაეკისროს შვილის _ 2013 წლის 03 იანვარს დაბადებული ნიკი ირემაშვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 09 ოქტომბრიდან) _ მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
5. მამუკა ირემაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 125 ლარის გადახდა.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინებისსარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლე: ხათუნა არევაძე