ნახვები: 237
საქმის ნომერი: 1ბ/313-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი,წარდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებლობლად, ხოლო სარწმუნოდ მიიჩნია დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/313-17 (2017-05-25), www.temida.ge
საქმის № 1ბ/313-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი: ავთანდილ ნასყიდაშვილი

სხდომის სახე:ღია

ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ.გ.

დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ.ი-ის ძე ბ, დაბადებული XXXX წლის XX ა-ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXXX , ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ, ი.ე ქ, XX, კორპუსი NX, ბინა NX, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ, ა ქ NXX, ბინა NXX

ადვოკატი: დ.მ.

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

სასჯელი:

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დათუნა მოდებაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენის გაუქმება და გ. ბ.-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი მეგობრის ჩვენებას, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენით, გ. ბ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:
XXXX წლის XX ივნისს, დაახლოებით XX:XXსაათზე, ქ.თ., ყ-ს ქ. NXXა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. თ-ს მეუღლემ - გ.ბ., სახის არეში განზრახ მიაყენა დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. გ. ბ. შეამჩნია, რომ მის მიერ მცირეწლოვანი შვილისათვის საჩუქრად გადაცემული მობილური ტელეფონითა და ოქროს ნაკეთობით სარგებლობდა მისი მეუღლე. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა გ.ბ. ი. თ-ს გამოართვა ხსენებული ნივთები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენით, გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას გ. ბ.- ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და დამატებით აღარ მსჯელობს მოცემულ საკითხზე, ვინაიდან ბრალდების მხარეს სააპელაციო წესით განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილში უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ. ბ-ს ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

ზოგადად, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან.

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ი. თ. დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, რაც თანხვედრილია მოწმის ჩვენებასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა განმარტა, რომ გ. ბ. ოფიციალურად განქორწინებული არ არის. ბოლო ორი წლის მანძილზე ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. XXXX წლის XX ივნისს იმყოფებოდა მეგობარ თ. კ., ხოლო გ. ჰქონდა სატელეფონო მიმოწერა, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. გ. ბ-მ უთხრა, რომ მივიდოდა მასთან, თუმცა სთხოვა არ მისულიყო. ეზოში გამოსულმა დაინახა, რომ გ. სადარბაზოსთან იმყოფებოდა, რა დროსაც დარეკა ,,112“-ში, რადგან მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოპერატორთან საუბრისას მოასწრო მხოლოდ მისამართის თქმა. გ. ძალიან გაღიზიანებული იყო, გამოართვა ტელეფონი და სახეში ძლიერად მიარტყა, რითაც განიცადა ძლიერი ტკივილი. საპატრულო პოლიციიდან დარეკეს, თუმცა გ-მ უთხრა, რომ არ იყო საჭირო მისვლა, მოწმე კი ყვიროდა, რომ მისულიყო საპატრულო პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდა თ. კ., რომელიც ჩაჯდა ავტომანქანაში. მოწმემ ასევე დააპირა მანქანაში ჩაჯდომა, რა დროსაც გ. ბ-მ მოგლიჯა ცეპი და ჯვარი, ესროლა ტელეფონი, რომელიც ი. თ. აიღო, თუმცა გ-მ კვლავ წაართვა, შეაფურთხა, გავიდა ეზოდან და ჩაჯდა მისი მეგობრის მანქანაში. დაზარალებულის განმარტებით, გ. ბ-მ ტელეფონი დაარტყა მარჯვენა თვალის მიდამოში, რის გამოც რამდენიმე საათში დაეწყო ტკივილი.

მოწმის სახით დაკითხვისას თ. კ-მ განმარტა, რომ XXXX წლის XX ივნისს ი. იმყოფებოდა მასთან სახლში. მისგან ცნობილი იყო, რომ ესაუბრებოდა ყოფილ მეუღლეს ტელეფონით და ჰქონდათ კონფლიქტი. დაახლოებით 15:30-16:00 საათზე გავიდნენ სახლიდან, ლიფტში ყოფნისას ი-ს დაურეკა გ-მ, რა დროსაც დაზარალებულმა გააფრთხილა არ მისულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებდა, თუმცა სადარბაზოს შესასვლელ კართან მათ დახვდათ გ.. ი-მ უთხრა, რომ მიკარების შემთხვევაში გამოიძახებდა პოლიციას და მართლაც დარეკა, თუმცა მოასწრო მხოლოდ მისამართის თქმა, რადგან გ-მ გამოგლიჯა ტელეფონი და ლოყის არეში აარტყა, რის შემდეგაც ი-ს სახე თვალთან მარჯვენა მხარეს ჰქონდა გაწითლებული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ი. თ-ს დაუდგინდა დიაგნოზი - მარჯვენა ყვრიმალის მიდამოს რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმის ჩვენებით და შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან, რომელთა გაუზიარებლობის საფუძველი, სასამართლოს არ გააჩნია. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თ. კ. დაზარალებულის მეგობარია, რაც საქმის მასალებით დადგენილია, თუმცა ეს გარემოება უპირობოდ არ შეიძლება დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდეს.

თავად გ. ბ-ს განმარტებით, XXXX წლის XX ივნისს დილით დაურეკა ი-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ იმყოფებოდა თ. კ-სთან და იქ მიეტანა პასპორტი. სადარბაზოსთან მისვლამდე ი-ს უკვე დარეკილი ჰქონდა საპატრულო პოლიციაში, თუმცა მიზეზი მისთვის უცნობია. ეზოში ჩასვლისას თ. პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. გ. ბ-მ დაადასტურა, რომ მან ტელეფონი მართლაც გამოართვა და გათიშა, თუმცა უარყო ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მისი განმარტებით, მობილურ ტელეფონზე ნამდვილად დარეკა პოლიციის წარმომადგენელმა, რომელსაც მან უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა, ი-მ კი თავად ესროლა ტელეფონი მას, რომელიც ნაწილებად დაიშალა.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ გ. ბ-სთვის წარდგენილ ბრალდების ამ ნაწილში, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. პალატას მიაჩნია, რომ გარკვეული საგნის დარტყმა, მირტყმა, ჩარტყმა და ა.შ.. ასევე წარმოადგენს ძალადობრივ ქმედებას. ძალადობად მიჩნევისათვის, აუცილებელია პირმა განიცადოს არა ძლიერი, არამედ ფიზიკური ტკივილი. კანონმდებელმა სწორედ ტკივილის ხარისხით, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია, განასხვავა ერთმანეთისგან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებები. ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ის, რომ ფიზიკური ტკივილი დაზარალებულისათვის არ იწვევს მისი ჯანმრთელობის ხელშესახებ დაზიანებას. ფიზიკური ტკივილი შეფასებითია და პალატის მოსაზრებით არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ხილული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარყოფს ფიზიკური ტკივილის განცდას, ქმედება არ დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლით. შესაბამისად, მითითება იმაზე, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად, არ არის სწორი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ი. თ.-ს დაუდგინდა დიაგნოზი - მარჯვენა ყვრიმალის მიდამოს რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულს განზრახული ჰქონდა გ. ბ-ს დაჭერა, რის გამოც პროვოკაცია მოუწყვეს მას.

აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია, ვინაიდან, გარდა ვარაუდისა და თავად გ. ბ-ს ჩვენებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც კი ვერ აიხსნა დაზარალებულის ამგვარი ქმედების მიზეზი. საგულისხმოა, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია როგორც მოწმე თ.კ-ს ჩვენებასთან, რომელიც ფაქტის უშუალო შემსწრე პირს წარმოადგენს, ისე 112-ში შესულ ზართან და აღნიშნულის ირგვლივ დაკითხულ მოწმეებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, დათვალიერების ოქმებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლითაც დადგენილია, რომ ,,რადიოსადგურ 112-ზე“ დარეკა უცნობმა გოგონამ, რომელიც ითხოვდა შველას და განაცხადა, რომ იმყოფებოდა ყ-ს ქ. NXXა-ში.
ბრალდების მხარემ, წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმეთა ჩვენებები. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებმა ასახეს ,,112“-ში შესული ზარის შინაარსი და საგამოძიებო მოქმედებების შედეგები.
XXXX წლის XX ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, თ-ში, ყ-ს ქ NXXა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ამოღებულ იქნა 1 ცალი მობილური ტელეფონის ელემენტი, წარწერით ,,NOKIA“.


პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულს განზრახული ჰქონდა გიორგი ბერძენიშვილის დაჭერა, რის გამოც პროვოკაცია მოუწყვეს მას.

აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია, ვინაიდან, გარდა ვარაუდისა და თავად გიორგი ბერძენიშვილის ჩვენებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც კი ვერ აიხსნა დაზარალებულის ამგვარი ქმედების მიზეზი. საგულისხმოა, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია როგორც მოწმე თ.კავსაძის ჩვენებასთან, რომელიც ფაქტის უშუალო შემსწრე პირს წარმოადგენს, ისე 112-ში შესულ ზართან და აღნიშნულის ირგვლივ დაკითხულ მოწმეებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, დათვალიერების ოქმებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლითაც დადგენილია, რომ ,,რადიოსადგურ 112-ზე“ დარეკა უცნობმა გოგონამ, რომელიც ითხოვდა შველას და განაცხადა, რომ იმყოფებოდა ყ-ს ქ. NXXა-ში.

ბრალდების მხარემ, წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმეთა ჩვენებები. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებმა ასახეს ,,112“-ში შესული ზარის შინაარსი და საგამოძიებო მოქმედებების შედეგები.
XXXX წლის XX ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, თ, ყ-ს ქ NXXა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ამოღებულ იქნა 1 ცალი მობილური ტელეფონის ელემენტი, წარწერით ,,NOKIA“.

საქართველოს შსს-ს სსიპ ,,112“ (დეპარტამენტი) ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსის ოთარ ტატალაშვილის 2016 წლის 17 ივნისის წერილით და XXXX წლის XX ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ XXXX წლის XX ივნისს 15:42:10 საათზე სატელეფონო ნომრიდან XXXXXXXXX დაუკავშირდა ქალბატონი, ინიციატორის გადმოცემით პატრულის გამოძახება ესაჭიროებოდა ყ-ს NXXა-ში, საუბრისას ზარი შეწყდა, 15:42:36 საათზე 112-ის ოპერატორმა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ზარი განახორციელა ინიციატორთან, რა დროსაც ქალბატონი ითხოვდა პატრულის დაჩქარებას.

XXXX წლის XX ივნისის დათვალიერების ოქმით ასევე დადგენილია, რომ დოკუმენტს დანართის სახით მიბმული აქვს 2 აუდიო ჩანაწერი. N1 აუდიო ჩანაწერი ასახავს შემდეგი შინაარსის საუბარს: ქალბატონის ხმა - ,,ერთი ერთი ორი გისმენთ; იმავე დროს მე-2 ქალბატონის ხმა: ,,ყელში ხარ უკვე“, ,,გამარჯობათ გამოძახება მინდა პატრულის ყ-ს XX“, ასევე მამაკაცის ხმა: ,,არაფერია ერთი წუთით რა, დაწყნარდითქო ერთი წუთით“. მე-2 აუდიო ჩანაწეზე ასახულია შემდეგი შინაარსის საუბარი: მამაკაცის ხმა: ,,ალო არაფერი“; ქალბატონის ხმა: ,,გამასაუბრეთ ქალბატონი“, ასევე ისმის მე-2 ქალბატონის ხმა: ,,პატრული მოვიდეს დროულად“.


პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. ასევე აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა.
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ.ბ.ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობენ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ, ბ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. მ.ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის XXXX წლის XX მარტის განაჩენი.

გ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეც განსაზღვროს პრობაციის ბიურომ და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 (რვა) საათს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის 20 ივნისის ჩათვლით), გ. ბ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 საათის ოდენობით.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა.

ნივთიერი მტკიცებულება:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული 1 ცალი CD დისკზე, სსიპ ,,112“-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი, მოთავსებული 1 ცალი CD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული 1 ცალი CD დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, მოთავსებული 1 ცალი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონის ელემენტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ უფალებამოსილ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.