საქმის ნომერი: 2ბ/4194-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართომ დაადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა არსებით პირობაზე და წინამდებარე ხელშეკრულება მიზნად არ ისახავდა ძველი ვალდებულებების შესრულებას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/4194-18 (2018-11-05), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4194-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       05 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

აპელანტი - ჟ. ს.

წარმომადგენელი - ც. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს “მ. ო. მ. ბ. კ.”

წარმომადგენელი - კ. ნ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა

1. ჟ. ს.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს “მ. ო. მ. ბ. კ.”-ის მიმართ სარჩელი აღძრა და ნოტარიუს შ. ხ.-ს მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემულ N151238289 და N151240279 სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 2 926 აშშ დოლარისა და 99,75 აშშ დოლარის, როგორც შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლოს, 1010 აშშ დოლარამდე შემცირება და მოსარჩელის მხრიდან მისი გადახდილად ჩათვლა მოითხოვა. გარდა ამისა, მოსარჩელემ ნოტარიუს შ. ხ.-ს მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემული N151240279 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 750 აშშ დოლარის სესხის ძირითად თანხაში გადახდილად ჩათვლაც მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ჟ. ს.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2014 წლის 26 ივნისს სს “მ. ო. მ. ბ. კ.”-სა და ჟ. ს.-ს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. ჟ. ს.-მ 22 000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 48% სარგებლის დარიცხვით ისესხა. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეთანხმდა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ჟ. ს.-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ---- იპოთეკით დაიტვირთა (ს.ფ. 16-18, 24-29).

6. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა შ. ხ.-მ მოვალე ჟ. ს.-ს მიმართ სააღსრულებო ფურცელი N151238289 გასცა, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ჯამში, 27 914,32 აშშ დოლარით განისაზღვრა, აქედან, სესხის ძირითადი თანხა - 22 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 988,32 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 926 აშშ დოლარი, ასევე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით ჟ. ს.-ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა. სააღსრულებო ფურცელი შესაბამის ორგანოს 2015 წლის 20 ნოემბერს წარედგინა. მოვალეს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება გაეგზავნა (ს.ფ. 35-38, 48-50).

7. 2015 წლის 18 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 24 თებერვალს სს “მ. ო. მ. ბ. კ.”-სა და ჟ. ს.-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. ჟ. ს.-ს სასარგებლოდ სესხი - 750 აშშ დოლარის ოდენობით გაიცა, რაც გრაფიკის შესაბამისად, 2016 წლის პირველი მარტის ჩათვლით უნდა დაფარულიყო. მხარეთა მიერ ყოველთვიური სარგებლის დარიცხვა თვეში 2,25% ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1% ოდენობით შეთანხმდა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ჟ. ს.-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ---- იპოთეკით დაიტვირთა (ს.ფ. 19-21, 30-34).

8. 2015 წლის 11 ნოემბერს ნოტარიუსმა შ. ხ.-მ მოვალე ჟ. ს.-ს მიმართ სააღსრულებო ფურცელი N151240279 გასცა, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამში 937,01 აშშ დოლარით განისაზღვრა, აქედან, სესხის ძირითადი თანხა - 750 აშშ დოლარი, პროცენტი - 87,26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 99,75 აშშ დოლარი, ასევე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან აღსრულების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლით ჟ. ს.-ს კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად 2015 წლის 20 ნოემბერს იქნა წარდგენილი, აღმასრულებელმა მოვალეს შეტყობინება გაუგზავნა (ს.ფ. 35-38, 45-48).

9. ჟ. ს.-ს 2015 წლის 27 ივნისის შემდგომ ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი საკრედიტო ვალდებულება არ შეუსრულებია (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი სარგებლის გადახდას არ ემსახურებოდა და იგი თავისი არსით, მხარეთა შორის შეთანხმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომელიც ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს განსაზღვრავს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოდავე მხარეთა შორის 2014 წელსა და 2015 წელს დადებული ხელშეკრულების, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოგიკური განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (დარჩენილი სარგებლის დაფარვა) შესრულებას არ ემსახურებოდა. სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი/მრავალმხრივი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, რომლის გაფორმება სულ ცოტა, ორ ეტაპს მოიცავს: ნების გამოვლენა და მისი დადგენილი წესით გაფორმება. პირველ ეტაპზე კერძო ავტონომიისა და სახელშეკრულებო თვითბოჭვის ფარგლებში მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე თანხმდებიან, ამ ეტაპზე მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებით თავად განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო მომდევნო ეტაპიდან, რომელიც მიღწეული შეთანხმების დადგენილი წესით გაფორმებაში მდგომარეობს, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისი დარღვევის შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს უფლების დაცვის სასარჩელო ფორმა. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სადავოობისას მხარეთა ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი არსიდან. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ დროს, როდესაც მსესხებელი კრედიტორთან ახალ ხელშეკრულებას დებს წინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასაფარად, მისთვის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება პრიორიტეტს არ წარმოადგენს, იგი ორიენტირებულია დეტალურად განსაზღვროს თუ ძველი ვალდებულებიდან რა ითვლება შესრულებულად და რა რჩება შესასრულებელი, აღნიშნული კი, განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ 2015 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ყველა არსებითი პირობა - ხელშეკრულების ვადა, პროცენტი, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები და ოდენობა, შეთანხმდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად და მხარეთა ნების გონივრული განსჯის შესაბამისად, მხარეთა მიერ ახალი ხელშეკრულების დადებაზე მზაობის დადასტურებას ნიშნავს.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ და მათ შორის უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე მითითება არ გააკეთეს, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომლის ძალითაც, 2014 წლის ხელშეკრულებისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი უფლება-ვალდებულებები წარმოიშვა. ამ დასკვნას ვერ გააქარწყლებს აპელანტის ზეპირსიტყვიერი მითითება მასზედ, რომ მეორე სესხით აღებული თანხა პირველი სესხით ნაკისრი ვალდებულების დაფარვას მოხმარდა, რადგან ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მიღებული სესხი მოვალეს შეუძლია მისი სურვილისამებრ/საჭიროებისამებრ განკარგოს, თუმცა აღნიშნული სამართლებრივად საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ს შეადგენდა, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნეული ვერ იქნება.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხანგრძლივობა და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს .

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულების ძალით საკმაოდ სოლიდური თანხა - 22 000 აშშ დოლარი გაიცა, დარიცხულმა პირგასამტეხლომ კი 2 926 აშშ ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წლის 24 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას, სესხის სახით ჯამში 750 აშშ დოლარი გაიცა, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლომ 99,75 აშშ დოლარი შეადგინა. ცალსახაა, რომ 2015 წლის 27 ივნისის შემდგომ, დღემდე, აპელანტს არცერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. ასევე უდავოა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოკლე ვადაში, აღსასრულებლად წარადგინა, რაც ცხადყოფს, რომ მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას და პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდას, სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დაყოვნებით, ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ დარიცხული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების სრული მოცულობისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთშეჯერების შედეგად, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს აღნიშნულთან მიმართებით არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სარჩელი ძირითადად მოდავე მხარეთა შორის 2015 წელს დადებული ხელშეკრულების წინა გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გაფორმებასა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ემყარებოდა, თუმცა, სააპელაციო საჩივარში მოყვანილმა მსჯელობამ სასამართლო ვერ დაარწმუნა, რომ დარიცხულ პირგასამტეხლოსა და ვალდებულების დარღვევის ხასიათს შორის შეუსაბამობა არსებობდა, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ჟ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 371,50 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჟ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.