საქმის ნომერი: 2ბ/6229-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-1560-1463-2012,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის, მასზედ დარიცხული პროცენტის, დაზღვევისა და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის და სესხზე დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში, თავად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობას ემყარება, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. პირგასამტეხლოს დაკისრებას რაც შეეხება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და ოდენობა და აღარ არსებობდა პირგასამტეხლოს შემდგომი შემცირების საფუძველი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6229-18 (2018-12-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6229-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       06 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტები – ნ. ჯ., პ. ჯ., ა. ქ., ლ. ღ., შ. ზ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების - ნ. ჯ.-ის, პ. ჯ.–ის, ა. ქ.–ის, ლ. ღ.–ის და შ. ზ.–სთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3.654.50 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი-566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა - 58.49 აშშ დოლარი, საკომისიო 25.67 აშშ დოლარი და ჯარიმა- 273.08 აშშ დოლარი;

1.2. მოპასუხეების - ნ. ჯ.–ის, პ. ჯ.–ის, ა. ქ.–ის, ლ. ღ.ის და შ. ზ.–სთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 267.72 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯების - 32 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადწყვეტილებით სს „კ. ბ.–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1. მოპასუხეებს ნ. ჯ.–ს, პ. ჯ.–ს, ა. ქ.–ს, ლ. ღ.–ს და შ. ზ.–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 3405,75 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი-566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა - 58.49 აშშ დოლარი, ჯარიმა - 50 აშშ დოლარი

2.2. მოსარჩელე სს „კ. ბ.–ს“ სარჩელი, 248.75 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა

2.3. მოპასუხეებს ნ. ჯ.–ს, პ. ჯ.–ს, ა. ქ.–ს, ლ. ღ.–ს და შ. ზ.–ს მოსარჩელე სს „კ. ბ.–ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 7,94 ლარი, მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის ანაზღაურება.

2.4. მოსარჩელეს ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 241,35 ლარი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2015 წლის 26 დეკემბერს სს „კ. ბ.–ს“ (სამართლებრივი ფორმის შეცვლამდე -შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ.") და ნ. ჯ.–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3,000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.42% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით.

ხელშეკრულების 3.9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გამოსაქვით გადასახადს.

3.2. ნ. ჯ.–სთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს: პ. ჯ.–ს, ა. ქ.–ს, ლ. ღ.–ს და შ. ზ.–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა-5413,60 აშშ დოლარით.

3.3. მსესხებელს 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების თანხა - 3000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, იმდაგვარად, რომ 20.01.2016 წლიდან 29.04.2017 წლამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა - 111.74 აშშ დოლარი, რითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა, სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის და საკომისიოს თანხები.

ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 29.04.2017 წლამდე, ანუ ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, სულ უნდა გადაეხადა ძირი თანხა-3 000 აშშ დოლარი , პროცენტი - 1033,94 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 104 აშშ დოლარი, საკომისიო- 25,67 აშშ დოლარი, სულ ჯამში - 4163,61 აშშ დოლარი, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.

3.4. დადგენილია, რომ მსესხებელმა 20.01.2016 წლიდან 21.06.2016 წლამდე გრაფიკის მიხედვით გადაიხადა ძირითადი თანხა - 269,61 აშშ დოლარი, პროცენტი - 467.07 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 45.51 აშშ დოლარი, ჯარიმა 0.27 აშშ დოლარი, სულ ჯამში 782,42 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის ივნისიდან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა და თანხა საერთოდ აღარ გადაუხდია.

3.5. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილდნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს.

3.6. 2017 წლის 05 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს, რითაც მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 3.654.50 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი-566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა - 58.49 აშშ დოლარი, საკომისიო 25.67 აშშ დოლარი; ჯარიმა - 273.08 აშშ დოლარი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის - 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის - 566.87 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელესა და ნ. ჯ.–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით და მოსარჩელესა და მოპასუხეებს: პ. ჯ.–ს, ა. ქ.–ს, ლ. ღ.–ს და შ. ზ.–ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვით მოპასუხეებმა, როგორც სესხის, ასევე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება იკისრეს. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს, დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მსესხებელმა ნ. ჯ.–მ და სოლიდარულმა თავდებებმა პ. ჯ.–მ, ა. ქ.–მ, ლ. ღ.–მ და შ. ზ.–მ სასარჩელო მოთხოვნები ძირითადი დავალიანების 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის - 566.87 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

3.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 273.08 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათ მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 273.08 აშშ დოლარია, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მოპასუხეთა მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 273.08 აშშ დოლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 50 აშშ დოლარის გადახდა.

3.9. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო პრემიის თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად:

მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო პრემის სახით 58.49 აშშ დოლარის დაკისრებას. სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. ამავე კოდექსის 852-ე მუხლის თანახმად, თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე და გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, სადაზღვევო პრემიის თანხა განსაზღვრული იყო 104.00 აშშ დოლარით, მსესხებელმა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სადაზღვევო პრემიის თანხა ნაწილობრივ გადაიხადა, გადაუხდელია 58.49 აშშ დოლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ

3.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკომისიო მომსახურების თანხის - 25.67 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს:

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა საკომისიო მომსახურების თანხის დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების 3.2. მუხლით, მსესხებელი იხდის მომსახურების გადასახდელებს, ხოლო რაში მდგომარეობს მომსახურება, აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული. საკომისიო წარმოადგენს საბანკო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურს. მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის ნ. ჯ.–ის მიერ არ შესრულდა სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება. მან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2016 წლის ივნისში, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის რაიმე მომსახურება არ გაუწევია, რაც გამორიცხავს ამ ვალდებულების დაკისრებას.

3.11. სასამართლომ თავდების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის, და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან კი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თავდებები პ. ჯ., ა. ქ., ლ. ღ. და შ. ზ., თითოეული 5413,60 აშშ დოლარის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებლები არიან ვალდებულების შესრულებაზე.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა შესაგებელში მითითებული მე-2, მე-3 და მე-4 ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დამატებითი ფაქტობრივი გარემოება.

5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნა და არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.6. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.6. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

11. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის - 566.87 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, თავად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობას ემყარება, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას.

12. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთმითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები. განსახილველ შეთხვევაში, აპელანტები სადავოდ არ ხდიან მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არ მიუთითებენ გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მათ ნამდვილ ნებასთან, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში (სესხის ძირითადი თანხის სახით 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის - 566.87 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

17. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიაჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და ოდენობა და აღარ არსებობს პირგასამტეხლოს შემდგომი შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რამაც განსახილველ შემთხვევაში 273 აშშ დოლარი შეადგინა.

18. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა 273 აშშ დოლარიდან 50 აშშ დოლარამდე შემცირდა.

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.[იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012].

20. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

21. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

22. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

23. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 273 აშშ დოლარიდან 50 აშშ დოლარამდე შეამცირა. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში კი აპელანტები არ მიუთითებენ, თუ რატომ არის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და რა ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე უნდა მოხდეს მისი შემდგომი შემცირება, რაც აპელანტების მოთხოვნას ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად აქცევს.

24. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ კრედიტორის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის უფრო მეტად შემცირების საფუძველი.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

26. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ჯ.–ს, პ. ჯ.–ს, ა. ქ.–ს, ლ. ღ.–ს, შ. ზ.–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისაგან.

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;