საქმის ნომერი: 1ბ/110-19
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია თეთრაული,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მსჯავრდებული ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 11-ე,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; სასჯელის სახედ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა და მსჯავრდებულის მიმართ არ იქნა გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/110-19 (2019-02-15), www.temida.ge
საქმის № № 330100118002739350
საქმის № 1ბ/110-19

განაჩენი
საქართველოს სახელით
       15 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია თეთრაული

მსჯავრდებული: მ.ყ., დაბადებული XXXX წლის XX ივლისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, გ.რ.-ს ქუჩა, კორპუსი №X, ბინა №XX-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ.რ.-ს ქუჩა, კორპუსი №X, ბინა №X.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 52-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელი - 2(ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მხარეთა პოზიცია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ.ყ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ.ლ.-მ და ითხოვა მსჯავრდებულ მ.ყ.-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურაორმა ნათია ქართველიშვილმა წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ბრალდების არსი:

2008 წლიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მ.ყ. ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებს, ამცირებს, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური სახის ზიანი.

2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე მ.ყ. იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ.-ს ქუჩა, კორპუსი №X, ბინა №X-ში, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, გამოჭრიდა ყელს და დალევდა მის სისხლს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც ნ.ბ.-მ განიცადა მორალური ზიანი.

სასამართლომ დაადგინა:

2008 წლიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მ.ყ. ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებს, ამცირებს, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური სახის ზიანი.

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა მ.ყ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მ.ყ.-ის მიერ მასზედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ბრალდებულ მ.ყ.-ის აღიარებით, გ.დ.-ს, ნ.ყ-ს, ზ.მ.-ს და ნ.ბ.-ს გამოკითხვის ოქმებით, ელსმენის და 112-ის შეტყობინებებით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ.ყ.-ის საქართველოს სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. აღნიშნული ბრალდების ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ნ.ბ.-ის გამოკითხვის ოქმი, რითაც დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, როდესაც იმყოფებოდა სახლში, კარზე დააკაკუნეს, როდესაც კარი გააღო, კართან მ. იდგა, რომელსაც დანა ჰქონდა მიმართული მისკენ და ეუბნებოდა მოგკლავო. მუქარა რეალურად აღიქვა და სახლის სიღრმეში შევიდა, სახლის კარის დაკეტვა ვერ მოასწრო, მ. შეყვა სახლში და განაგრძო მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სახლიდან იგი მისმა შვილმა გაიყვანა, რომელსაც მისი ყვირილის ხმაზე გაეღვიძა, ხოლო 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩვენების ადგილზე შემოწმების საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დადგენილია, რომ როდესაც კართან მდგომი მ.ყ. ნ.ბ.-ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ყელის გამოჭრით, მან მუქარა რეალურად აღიქვა, შეეშინდა და თავის გადასარჩენად კარი მიიკეტა.

საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობითა და რა შინაარსის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - დაზარალებულ ნ.ბ.-ის გამოკითხვის ოქმი, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს.

მიუხედავად იმისა, რომ, ქართული კანონმდებლობა მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს - ერთობლიობას მოითხოვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მტკიცებულების ობიექტურად მოპოვება გონივრულ ზღვარს შორდება, უშუალო მტკიცებულება შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს. თუმცა ეს ერთი მტკიცებულება იმდენად მაღალი სტანდარტით უნდა შეფასდეს დამაჯერებლობის, სანდოობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომ შექმნას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ნ.ბ.-ის გამოკითხვის ოქმით და 2018 წლის 23 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოწოდებულ ინფორმაციაზე. ერთ შემთხვევაში დაზარალებული აცხადებს რომ შეეშინდა და სახლის სიღრეში შევიდა, მ.-ც შეყვა და განაგრძო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება, სახლიდან იგი მისმა შვილმა გაიყვანა, ხოლო მეორე შემთხვევაში აცხადებს, რომ მან შიშისგან კარები მიიკეტა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნანა ბახტაძის გამოკითხვის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები მოცემულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად იგი ვერ გახდება საფუძველი მ.ყ.-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ორივე მტკიცებულება, მომდინარეობს ერთი და იმავე პირის განმარტებიდან და მიუხედავად იმისა, რომ დროის მცირე მონაკვეთშია მოპოვებული, სხვადასხვაგვარად აღწერს ქმედების ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რითაც დადასტურდებოდა მერაბ ყუფარაძის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებული მ.ყ. საქართველოს სსკ-ის 11-ე პრიმა,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ.ყ.-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ.ყ.-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრვისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ფსიქიკური მდგომარეობა და საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში, მ.ყ.-ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მერაბ ყუფარაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზურაბ ლომსაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

მერაბი ყუფარაძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მერაბი ყუფარაძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ 2(ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მსჯავრდებულ მერაბი ყუფარაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომეტიდან - 2018 წლის 23 ოქტომბრიდან.

მ.ყ.-ისმიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.