საქმის ნომერი: 1/ბ-305-19
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და განსაზღვრა რომ ავტომანქანა შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საცავი თუკი დაზარალებულმა და ბრალდებულმა მიანიჭეს მას საცავის ფუნქცია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-305-19 (2019-02-28), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-305-19

განაჩენი
საქართველოს სახელით
       28 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სახელმწიფო ბრალმდებელ: ი. ქ.-ს;

ბრალდებულ: ი. ო.-ის;

ადვოკატ: ი. ე.-ს;

მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ.-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი. ო.-ის მიმართ, დაბადებულის XXXX წლის X ა.-ს ს.-ში, საქართველოს მოქალაქის, (პირადი ნომერი #XXXXXXXXXXX) საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ს., პ. ჩ., ფაქტობრივად მცხოვრების: ს., სოფელი კ., დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ო.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თ.-ში, კ.-ის გზატკეცილის #X კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ო. შეეცადა კორპუსთან გაჩერებული დ. მ.-ის კუთვნილი ავტომანქანა მ.-ის (სახ.ნომრით: XXX-XXX) გაქურდვას, თუმცა იგი დროულად იქნა შემჩნეული პოლიციელთა მიერ და ვერ მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა.
ი. ო.-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სკ-ის 19,177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2019 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი. კ.-მა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულ ი. ო.-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებით ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი. კ.-ის შუამდგომლობა ბრალდებულ ი. ო.-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ერთი მხრივ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოცემული ბრალდების ფორმულირება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და მეორე მხრივ, ავტომანქანაში შეღწევის მცდელობა ვერ განიხილება საცავში უკანონო შეღწევად, რის გამოც ბრალდების მხარეს ქმედება არ უნდა დაეკვალიფიცირებინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი. კ.-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი საფუძვლით: თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა კანონის სრული დაცვით შედგენილი საპროცესო შეთანხმების ოქმი, შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და ბრალდებულის განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომელსაც ასევე ხელს აწერდა ი. ო.-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. ე. ასევე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული იყო საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, სადავოდ არ ხდიდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობდა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. შესაბამისად, არსებობდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ყველა კანონისმიერი წინაპირობა. მოსამართლე არ დაეთანხმა ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას და განმარტა, რომ ავტომანქანა არ წარმოადგენს საცავს, შესაბამისად, ავტომანქანაში შეღწევის მცდელობა ბრალდების მხარეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არ უნდა დაეკვალიფიცირებინა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ავტომანქანა უნდა განვიხილოთ როგორც საცავი, რამდენადაც მისმა მფლობელმა მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთების შესანახად გამოიყენა და უზრუნველყო მისი დაცულობა. დაზარალებულმა ავტომანქანას თავად მიანიჭა საცავის ფუნქცია, შეინახა მასში გარკვეული ფასეულობის მქონე ნივთები და ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვა. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას ბრალდებული ავტომანქანას განიხილავდა როგორც საცავის ფუნქციის მქონე ობიექტს და სწორედ ამან წარმოშვა ქურდობის განხორციელების განზრახვა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი.

სააპელაციო პალატის სხდომაზე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. ქ.-მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და მის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, კერძოდ: პროკურორმა მოითხოვა, რომ ი. ო. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ბრალდებულმა ი. ო.-მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ე.-მ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ხოლო ამავე მუხლის მე-6[1] ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11[1]ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას სადავოდ მიიჩნია ი. ო.-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია და მიუთითა, რომ ავტომანქანაში შეღწევის მცდელობა ვერ განიხილება საცავში უკანონო შეღწევად, რის გამოც ბრალდების მხარეს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არ უნდა დაეკვალიფიცირებინა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და განმარტავს, რომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. ო.-ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენდა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობას, მაგრამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეთა მიერ დაზუსტდა, რომ ი. ო.-ის განზრახვა უშუალოდ მიმართული იყო ავტომანქანაში არსებული ნივთის დაუფლებისაკენ. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ, შესაძლოა ჩადენილი ქმედება შეიცავდეს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ შედის პროკურატურის კომპეტენციაში.

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების და მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის პროკურატურას ერთობლივი განცხადებით მიმართეს ი. ო.-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ე.-მ და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ბრალდების მხარემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნათა შესაბამისად შეადგინა საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი და შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, მხარეების, როგორც პროკურორის, ასევე დაცვის მიერ დაზუსტდა და უდაოდ იქნა მიჩნეული, რომ დაზარალებულმა ავტომანქანას თავად მიანიჭა საცავის ფუნქცია, შეინახა მასში გარკვეული ფასეულობის მქონე ნივთები და ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვა; დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას ბრალდებული ავტომანქანას განიხილავდა როგორც საცავის ფუნქციის მქონე ობიექტს და სწორედ ამან წარმოშვა ქურდობის განხორციელების განზრახვა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გამოძიების მიერ მოპოვებულია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11[1] ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად ის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

პალატა დამატებით დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმებები ნებაყოფლობითია და მიღწეულია ბრალდებულების მხრიდან მათ ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული ი. ო. სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ დ. მ.-ის, მოწმეების - ნ. ხ.-ის, გ. გ.-ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს ი. ო.-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე მუხლებით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება, ბრალდებულ ი. ო.-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ქ.-ს შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ი. ო.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ი. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ი. ო.-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის წლის 10 თებერვლიდან, 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

ი. ო-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულ ი. ო.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი. ო.-ს.

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) CD დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.