ნახვები: 26
საქმის ნომერი: 1/ბ-615-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-211აპ.-17
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-615-16 (2016-09-26), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-615-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       26 სექტემბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - შ. ქ.;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ა. ზ.-ის ძე გ., დაბადებული XXXX წლის X ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.თ., მ.-ის გ. №XXა, ბინა №XX;

ადვოკატი: გ. მ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).

სასჯელი:

განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ ა. გ.-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, მან აღიარა დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის მინიმუმი (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, ვინაიდან დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენით, ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

• ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული;

• ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით, ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტითა და 273-ე მუხლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით, ა. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რომლის თანახმად, 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის და მისი დიდი ოდენობით უკანონო შენახვისათვის ნასამართლევმა ა. გ.-მა, 2016 წლის 12 აპრილს, დღის საათებში, თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ., მ.-ის გ. XX-ე ,,ა” კორპუსის №XX-ე ბინაში უკანონოდ დაამზადა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე მოიხმარა. კერძოდ, 2016 წლის 12 აპრილს, 15:00-16:00 საათების შუალედში, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებების ნარჩენები, ასევე სამი ცალი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მათში არსებული მოყავისფრო ფერის გამჭვირვალე სითხით, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება - ამფეტამინს (მარილი) – 0,001524 გრამის ოდენობით და ნარკოტიკულ საშუალება - ამფეტამინს - 0,000064 გრამის ოდენობით. ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების შედეგად ა. გ.-ს დაუდგინდა ნარკოლოგიური საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენით, ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. გ.-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს 06 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

ა. გ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 12 აპრილიდან;

ა. გ.-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა. გ.-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა. გ.-ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (ა. გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ა. გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, მოწმეების - კ. ო.-ის, დ. წ.-ის, ვ. ნ.-ის, ვ. ხ.-ის დაკითხვის ოქმებით, 2014 წლის 23 იანვრისა და 2014 წლის 17 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ა. გ.-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

სასჯელის დასაბუთება

პალატა გაეცნო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც ა. გ.-ს დაენიშნა სასჯელი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის მოსამართლის მხრიდან გათვალისწინებული იქნა ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება (ა. გ.-მა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები), რაც დაცვის მხარემ მიუთითა სასამართლო სხდომაზე, აღნიშნული დასტურდება სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით.

მხედველობაშია მისაღები, რომ წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელთა ნაწილი ა. გ.-მა მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის N06/03/01 განკარგულების (შეწყალების შესახებ) საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მან გამოსაცდელი ვადის ქვეშ ყოფნის დროს ჩაიდინა დანაშაული. ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტმა თავის მხრივ განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ დამატებას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატა ასევე მიიჩნევს კანონიერად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის შემსუბუქება, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ხელს არ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი ა. გ.-ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ.-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის განაჩენი ა. გ.-ის მიმართ.

ა. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა. გ.-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. გ.-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

ა. გ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 12 აპრილიდან;

ა. გ.-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ნივთიერი მტკიცებულება:

ნარკოტიკული საშუალება, ხის ზარდახშა, მასში მოთავსებული ასანთი, იოდის ფლაკონები, გამოყენებული შპრიცები, 8 ცალი გამოუყენებელი შპრიცი და მცენარეული მასა, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.