საქმის ნომერი: 1ბ/398-14
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქმე ეხება გამოძალვის ფაქტს, სადაც მსჯავრდებული გამართლდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/398-14 (2014-10-13), www.temida.ge
საქმის № 1ბ/398-14

განაჩენი
საქართველოს სახელით
       13 ოქტომბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შორენა ყაველაშვილი

ნანა უნდილაშვილის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლის: მერაბ ჯერანაშვილის
მსჯავრდებულის: ი. ბ.-ს
ადვოკატების: ზ. კ.-ს, მ. ჭ.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი. ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. კ.-სა და მ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #092121113XXX): ი. ბ.-ს (დაბადებული 197X წლის X იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #XX018003XXX, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ., ს. ჭ.-ს #1X, ბინა #2X-ში), მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.



ი. ბ.-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, მათი ნივთის განადგურების და დაზიანების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

199X წლის 1X ივნისს დაფუძნდა შპს „ს. თ. წ.“ (ს/ნ206093528). 2007 წლის 17 იანვარს ა. წ.-მ შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა კომპანია „კ. ვ. ლ.“.

თავის მხრივ, 2008 წლის 6 მარტს, „კ. ვ. ლ.“ წარმომადგენელმა გ. ქ.-მ შპს „ს. თ. წ.“ 100%-იანი წილი 107 170 ლარად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს „ს. ა. ჯ-ს“, ხოლო შპს „ს. ა. ჯ.-მ“ შპს „ს. გ.-ს“, რომლითაც შპს „ს. ა. ჯ.-მ“ შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილი მიჰყიდა შპს „ს. გ.“ (ს/კXX5216XXX).

იმის გამო, რომ კომპანია „კ. ვ. ლ.-ს“ ხელმძღვანელმა პირებმა ა. წ.-ს არ გადაუხადეს 2007 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 8 762 530 აშშ დოლარის ოდენობით, შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილი გახდა სადაო.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული სამი კომპანიის ხელმძღვანელებს წარმოადგენდნენ ერთი და იგივე პირთა ჯგუფი, მხარეთა შორის დავის საწყის ეტაპზე ა. წ.-ს დაუბრუნდა საწარმოს 30% წილი და დარეგისტრირდა მისი სიძის, თ. ფ.-ს სახელზე, ხოლო 70% კვლავ სადაო დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით ა.წ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელშეკრულების გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.წ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ს. თ. წ.-S“ 100% წილის მფლობელად დარეგისტრირდა ა.წ.. სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში.

2011 წლის მარტის დასაწყისში, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის განხილვამდე, ა.წ. და მისი სიძე თ.ფ. იმყოფებოდნენ ბარსელონაში, რა დროსაც ა.წ.-ს მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ი. ბ., შეხვდა მათ სასტუმროს ფოიეში და უთხრა, რომ ი. ჩ.-სთან და დ. ტ.-სთან ერთად აპირებდა შპს „ს. გ.-ს“ შეძენას, რომელსაც „კ. ვ. ლ.-საგან“ შეძენილი ჰქონდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 70% წილი. მანვე, ა.წ.-ს მოსთხოვა უარი ეთქვა სარჩელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენებით, ბიზნესისა და ქონების დაზიანება-განადგურებით.

ა.წ. წინააღმდეგი იყო დაეთმო მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილი, რის გამოც ი.ბ. კვლავ განაგრძობდა ფიზიკური განადგურების მუქარით სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნას. 2011 წლის მარტის მეორე ნახევარში, ი.ბ. რამდენჯერმე შეხვდა ა.წ.-ს მის ოფისში, მდებარე ქ. თ.-ში, ზ.-ს ქუჩაზე. აღნიშნული შეხვედრის დროსაც ი.ბ. კვლავ განაგრძობდა ძალადობის და ქონების დაზიანება-განადგურების მუქარით ეიძულებინა ა.წ. უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოში სარჩელზე და შპს „ს. თ. წ.-ს“ 70% წილი კვლავ დარეგისტრირებულიყო შპს „ს. გ.-ს“ სახელზე, რომელიც შეიძინა ი.ბ.-ს, ი.ჩ.-ს და დ.ტ.-ს კომპანიამ „პ. მ. კ.-მ“.

ზემოაღნიშნული მუქარები ა.წ.-ს მიერ აღქმული იქნა მისთვის და მისი ახლო ნათესავებისათვის რეალურ საფრთხედ და მოსალოდნელი ძალადობის თავიდან არიდების მიზნით ეს უკანასკნელი დათანხმდა ი.ბოჭორიძეს სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უკან გამოთხოვაზე.

მას შემდეგ, რაც ი.ბოჭორიძემ ა.წერეთელისგან მიიღო თანხმობა სარჩელის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც აღდგებოდა სასამართლოში დავის დაწყებამდე არსებული მდგომარეობა და შპს „ს. გ.-ზე“ დაფიქსირდებოდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 70%-იანი წილი, ხოლო თ.ფ.-ს სახელზე 30%-იანი წილი, მან თავისი, ი.ჩ.-სა და დ.ტ.-ს სახელით, გარდა გარანტირებული 70% წილისა, დამატებით მოითხოვა თ.ფერაძის სახელზე რეგისტრირებული 30% წილიდან 15% წილის შპს „ს. გ.-ს“ სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენებითა და ქონების დაზიანება-განადგურებით. ა.წ.-ს მიერ მუქარა კვლავ აღქმულ იქნა რა რეალურ საფრთხედ, მოსალოდნელი ანგარიშსწორებისა და ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, დათანხმდა თ.ფ.-ს სახელზე დაფიქსირებული 30% წილიდან 15% წილის შპს „ს. გ.-ს“ სასარგებლოდ დათმობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2011 წლის 24 მარტს, ვიდრე ა.წ. უარს იტყოდა სარჩელზე, თ.ფ.-სა და ი.ბ.-ს შორის გაფორმდა გარიგება შპს „ს. თ. წ.-ს“ 15% წილის ნასყიდობის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნა, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც ა.წ. უარს იტყოდა სარჩელზე და თ.ფ.-ს დაუბრუნდებოდა 30% წილი საწარმოში.

2011 წლის 31 მარტს განხორციელებულ ძალადობრივ მუქარის რეალობაში დარწმუნებულმა ა.წ.-მ უარი თქვა სარჩელზე, რის შედეგადაც შპს „ს. გ.“, რომლის მფლობელია „პ. მ. კ.“, გახდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 85% წილის მფლობელი.

აღნიშნული ქმედებით ი.ბ., გამოძალვით დაეუფლა დიდი ოდენობით, 110 000 (ას ათი ათასი) ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე შპს „ს. თ. წ.-ს“ 85% წილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის განაჩენით:

ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ’ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ ი. ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი. ბ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 20 მაისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2013 წლის 26 ივლისიდან 2013 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ბ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ზ. კ.-მ და მ. ჭ.-მ.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ი. ბ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. კ.-სა და მ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ი. ბ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ი. ბ. გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო.

დაზარალებულმა ა. წ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ 2004 წლიდან იგი არის შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილის მფლობელი. 2007 წლის იანვრის თვეში მან შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ბ. პ.-ს კომპანია „კ. ვ. ლ.-ს“. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა დაახლოებით 8 700 000 აშშ დოლარით. ვინაიდან ა. წ.-ს ბ. პ.-სთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, შეთანხმდნენ, რომ თანხას გადაუხდიდა ორი წლის განმავლობაში. ბ. პ. გარდაიცვალა ისე, რომ თანხა არ გადაუხდია. გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანია, რომელიც 2007 წლის იანვრის თვეში წილის გასხვისების ხელშეკრულებით მიყიდა კომპანია „კ. ვ. ლ.-ს“, აღმოჩნდა ი. ჩ.-ს ფაქტიურ მფლობელობაში ისე, რომ ,,კ. ვ. ლ.-ს“ ნაკისრი ვალდებულება მის მიმართ არ შეუსრულებია. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ი. ჩ.-სთან, რათა დაებრუნებინა შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილი. მან დავის საწყის ეტაპზე დაიბრუნა აღნიშნული წარმოების 30% წილი, რომელიც გააფორმა თავისი სიძის - თ. ფ.-ს სახელზე, ხოლო 70% კვლავ დარჩა სადაო. აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რის შემდეგაც 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი კვლავ გახდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილის მფლობელი.

2011 წლის მარტის დასაწყისში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ბარსელონაში, სადაც ი. ბ. ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასთან უნდოდა შეხვედრა. სატელეფონო საუბრიდან რამოდენიმე დღეში ი. ბ. შეხვდა მას სასტუმრო „კ. პ.-ს“ ფოიეში ი. ჩ.-სა და დ. ტ.-ს დავალებით, რა დროსაც განუცხადა, რომ აპირებდნენ შპს „ს. გ.-ს“ შეძენას, რომელსაც „კ. ვ. ლ.-საგან“ შეძენილი ჰქონდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 70% წილი, თუმცა ა. წ-ს გაუკვირდა როგორ აპირებდნენ აღნიშნული წარმოების შეძენას, რადგან თვითონ იყო 100% წილის მფლობელი. ასევე უთხრა, რომ 2011 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მათ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს დათანხმებულიყო და უარი ეთქვა თავის სარჩელზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ი. ბ. დაემუქრა შვილისა და სიძის დაჭერით და სიცოცხლის ხელყოფით.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ი. ბ. კვლავ დაუკავშირდა ისევ იგივე მუქარებით და დაშინებებით. საქართველოში მათი შეხვედრა ხდებოდა თ.-ში, ზ.-ს ქუჩა #X-ში მდებარე ოფისში. ყოველი შეხვედრა დამუქრებით და დაშინებით მიმდინარეობდა.

ი. ბ. შპს „ს. თ. წ.-ს“ 70% წილის გარდა ასევე მისგან ითხოვდა თ. ფ.-ს სახელზე გაფორმებული 30% წილიდან 15% წილის დათმობას. მათი საერთო მოთხოვნა იყო, რომ მიეღოთ შპს „ს. თ. წ.-ს“ 85% წილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარდა შპს „ს. გ.-ს“ კუთვნილი 70% წილისა, თ. ფ.-ს კუთვნილი 30%-დან უნდა დაეთმო 15% წილი., წინააღმდეგ შემთვევაში დაემუქრა, რომ ფინანსურ პოლიციას შეუშვებდა მასთან, ასევე დაემუქრა სიძისა და შვილის დაჭერით და სიცოცხლის ხელყოფით.

ა. წ.-ს განმარტებით ირაკლი ბოჭორიძემ ტელეფონით ალაპარაკა ჩ.-ს, რომელმაც უთრა, რომ მისი ინტერესი იყო, დ. ტ.-ს, რომელსაც ასევე უარი უთხრა წილის დათმობაზე, შემდეგ ერთერთი შეხვედრის დროს ი. ბ.-მ გადასცა თავისი ტელეფონი და ალაპარაკა ი. მ.-ს, რომელმაც უთხრა, რასაც გეუბნება ყველაფერი გააკეთეო. ,,ცოტა, ისეთი ტონით და მაშინ უკვე ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის.“ ა. წ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ასევე განაცხადა, რომ ,,მ.-ს შემეშინდა მე თორემ ამათი კი არ შემშინებია“. მ.-ს იგი პირადად იცნობდა, ასჯერ მაინცაა შეხვედრილი და ამიტომ დარწმუნდა რომ ტელეფონზე მ. ელაპარაკებოდა, თუმცა ისე სწრაფად მოახდინეს ზემოქმედება მ.-თან სიტუაციის გარკვევა ვერ მოასწრო. ა. წ.-მ მუქარა რეალურად აღიქვა, რის გამოც იძულებული გახდა დათანხმებოდა ი. ბ.-ს მოთხოვნას.

მოწმის სახით დაკითხვისას თ. ფ.-მ განმარტა, რომ 2011 წლის მარტის თვეში იმყოფებოდა ბარსელონაში ა. წ.-თან ერთად. ბ.-ში ყოფნის დროს ტელეფონზე დაუკავშირდა ი. ბ. ა. წ.-ს და უთხრა, რომ მასთან უნდოდა შეხვედრა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ი. ბ. შეხვდა მათ ბ.-ში სასტუმრო „კ. პ.-ს“ ფოიეში და დასხდნენ სასაუბროდ, რა დროსაც ი. ბ.-მ უთხრა ა. წ.-ს, რომ მისული იყო ი. ჩ.-სა და დ. ტ.-ს დავალებით, რომელთაც შპს „ს. გ.-ს“ შეძენის სურვილი ჰქონდათ და აღნიშნულის გამო ა. წ.-ს სააპელაციო სასამართლოში უარი უნდა ეთქვა სარჩელზე და შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იან წილზე, რაზედაც ა. წ.-მ უარი განუცხადა, რის შემდეგაც ი. ბ.-მ უთხრა ნუ გავართულებთ სიტუაციას და დაიწყო მუქარა შვილზე, ბიზნესზე. ბ.-ში მათ მოუხდათ კონფლიქტი და ი. ბ. ხელის კვრით გამოაგდეს. შემდეგ ა. წ.-ს ი. ბ. ხვდებოდა თ.-ში, ერთერთი შეხვედრის დროს ალაპარაკა ტ. და მერაბიშვილი. მ.-მ უთხრა რასაც გეუბნებიან ის გააკეთეო. მოწმის განმარტებით მარტო ი. ბ. ერთი კაცი მათ ვერ მოერეოდა, მაგრამ იყვნენ მისი ამფსონები ვინც ეხმარებოდა და ამიტომაც ჩათვალეს მუქარად. თ. ფ.-ს განმარტებით მოგკლავ და ტყვიას დაგახლი, ასეთი სახის მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ბ. ეუბნებოდა: ნუ გავართულებთ სიტუაციას, გამოიტანეთ სარჩელი, ფინანსური პოლიცია ჩვენს ხელშია, შვილი გყავს. ასევე იყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა. თ. ფ.-ს განმარტებით, ი. ბ. მარტო რომ მოსულიყო და არ დაესახელებინა ჩ., ტ. და მ., წილს არ გადაუფორმებდა.

მოწმის სახით დაკითხვისას ბ. ხ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა ის გარემოება, რომ 2011 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა ბ.-ში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ა. წ. და მისი სიძე თ. ფ. მეუღლეებთან ერთად და ცხოვრობდნენ ერთ სასტუმროში „კ. პ.-ში“. 2011 წლის მარტის თვეში ა. წ.-თან და თ. ფ.-სთან ერთად იმყოფებოდა სასტუმროს ფოიეში, რა დროსაც მივიდა ი. ბ., რომელმაც საუბარი დაიწყო ა. წ.-თან, ხოლო თვითონ დატოვა სასტუმრო. სასტუმროში დაბრუნებისას კი ა. წ.-სგან შეიტყო, რომ ი. ბ. გამოგზავნილი იყო ი. ჩ.-სა და დ. ტ.-ს მიერ და ითხოვდნენ მისგან „თ. ქ.-ს“ დათმობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი შვილის და სიძის „აორთქლებით“ ემუქრებოდნენ.

მოწმეს სახით დაკითხვისას ზ. ბ.-მ განაცხადა, რომ ა. წ.-სთან აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც გადადის ნდობით ურთიერთობაში. 2007 წელს ა. წ.-მ შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილი მიყიდა კომპანია „კ. ვ. ლ.-ს“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 8.760.000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო ორი წლის განმავლობაში. საბოლოოდ შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილი გადავიდა ი. ჩ.-ს ხელში ისე, რომ ა. წ.-სათვის თანხა არავის გადაუხდია, რაც მისთვის ცნობილია ა. წ.-სგან. ა. წ. ი. ჩ.-სგან მოითხოვდა მისი კუთვნილი ქონების დაბრუნებას, რის შედეგად ა. წ.-მ მიაღწია იმას, რომ შპს „ს. გ.-მ“ დათმო შპს „ს. თ. წ.-ს“ 30% წილი ა. წ.-ს სასარგებლოდ, რაც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მისი სიძის - თ. ფ.-ს სახელზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ა. წ. აგრძელებდა წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნას. ვინაიდან ეს საკითხი გაჭიანურდა, მიმართა სარჩელით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად.

2011 წლის მარტის თვეში ა. წ. ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ბ.-ში. ბ.-დან დაბრუნების შემდეგ ა. წ.-სგან შეიტყო, რომ ი. ბ. ბ.-ში იყო ჩასული მასთან და ი. ჩ-სა და დ. ტ.-ს სახელით ითხოვდა მისგან შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილზე უარის თქმას, რაზედაც ა. წ.-მ უარი განუცხადა, რის გამოც როგორც მისთვის ცნობილია, იყო ა. წ.-სა და მისი ოჯახის მიმართ, ასევე მისი ბიზნესის „აწიოკების“ მუქარა. ა. წ. აღნიშნული მუქარის გამო იძულებული გახდა დათანხმებოდა მათ მოთხოვნას.

2011 წლის მაისის მეორე ნახევარში ზ. ბ. სტუმრად იმყოფებოდა ა. წ.-თან, რა დროსაც ა. წ.-მ სთხოვა მასთან დარჩენა, რადგან ი. ბ. აპირებდა მისვლას. ი. ბ. როდესაც მივიდა, ა. წ.-სგან კატეგორიული ტონით ითხოვდა სარჩელის გამოტანას. ა. წ.=მ უარი უთხრა და კარებისკენ მიუთითა, ამაზე ი. ბ.-მ უთხრა მათ: ,,ნახავთ თქვენ თუ არ გაიტრუპოთ“. მოწმის განმარტებით ი. ბ. ემუქრებოდა ყველას, ვინც დაკავშირებული იყო სამსახურებრივად წ.-თან, ვისაც შეხება ჰქონდა სიგარეტის წარმოებასთან და დისტრიბუციასთან, მათ შორის მასაც.

მოწმე ო. ფ.-მ განაცხადა, რომ იყო შპს „პ. დ.“-ს დირექტორი, რომელიც შპს „ს. თ. წ.-ს“ უწევდა სადისტრიბუციო მომსახურებას. 2011 წლის მაისის დასაწყისში მას დაუკავშირდა თ. ფ. და უთხრა, რომ მისულიყო შპს „ს. თ. წ.-ს“ ოფისში“ ი. ბ.-სთან და ხელი მოეწერა შეთანხმების აქტზე შპს „პ. დ.“-სა და შპს „ს. თ. წ.-ს“ შორის დისტრიბუციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მის კითხვაზე თუ რა ხდებოდა, თ. ფ.-მ უთხრა, რომ „ბიზნესი წაგვართვესო“. ამის შემდეგ შეხვდა თამბაქოს ქარხნის ოფისში ი. ბ.-ს, რომელმაც დაახვედრა დაბეჭდილი სახით გამზადებული დოკუმენტი - შეთანხმება „ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე“’. შეთანხმების თანახმად შპს „პ. დ.“ და შპს „ს. თ. წ.“ თანხმდებოდნენ ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტაზე, მათ შორის პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე უარის თქმაზეც. ამის შემდეგ დაუკავშირდა ი. ბ. და სთხოვა შეხვედრა საკუთარ ბინაში. შეხვედრისას მან იკითხა, თუ როგორ მოხდა ბიზნესში პარტნიორების ჩანაცვლება, რადგან იცოდა, რომ შპს „ს. თ. წ.-ს“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო ა. წ., რაზედაც ი. ბ.-სგან განემარტა, რომ ა. წ.-სთვის ბიზნესი წართმეული იყო, რის შემდეგაც შესთავაზა თანამშრომლობა, რაზედაც თვითონ დათანხმდა. მოწმის განმარტებით ი. ბ.-მ იგი გაათავისუფლა სამსახურიდან, იგი მასზე არის ნაწყენი,ხოლო ა. წ.-თან აქვს კარგი, მეგობრული ურთიერთობა.

მოწმე ნ. თ.-მ განაცხადა, რომ 2008 წლიდან მუშაობს ა. წ.-ს მდივან-თანაშემწედ. 2011 წლის მარტის თვეში ა. წ.-მ გააფრთხილა ი. ბ.-ს მოსვლის თაობაზე. ცოტა ხანში მივიდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც ი. ბ. და შეიყვანა ა. წ.-თან კაბინეტში. მას შემდეგ ა. წ.-თან ი. ბ. რამოდენიმეჯერ სხვადასხვა დღეებშიც იყო მისული. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ ა. წ.-ს კაბინეტიდან ი. ბ.-ს სტუმრობის დროს ყოველთვის ისმოდა ხმამაღალი საუბარი და იმ პერიოდში ა. წ. ყოველთვის იყო აღელვებული.

მოწმე ზ. თ.-მ განაცხადა, რომ მუშაობდა ა. წ.-თან დაცვის თანამშრომლად. სტუმრის მოსვლის თაობაზე საქმის კურსში აყენებდა ნ. თ., იგი ხვდებოდა მოსულ სტუმარს და აცილებდა ნ. თ.-ს ოთახამდე, ხოლო ნ. თ.-ს სტუმარი შეჰყავდა ა. წ.-თან. 2011 წლის მარტის თვეში ა. წ.-ს ოფისში ხშირად მოდიოდა ი. ბ.. მან დაადასტურა ის გარემოება, რომ ი. ბ.-ს სტუმრობის დროს ა. წ. ხშირად იყო აღელვებული.

მოწმე ი. ჩ.-მ განაცხადა, რომ შპს „ს. გ.“ ფლობდა 70% წილს შპს „ს. თ. წ.-ში“, დანარჩენი 30% წილის მფლობელი იყო ა. წ.-ს სიძე თ. ფ.. როგორც მისთვის ცნობილია კომპანია „კ. ვ. ლ.“ მიერ თანხის გადარიცხვის ოპერაცია არ განხორციელებულა. ა. წ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით შპს „ს. თ. წ.-ში“ 100% წილის დაბრუნების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილის მფლობელად თბილისის საქალაქო სასამართლომ აღიარა ა. წ.. მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. ამის შემდეგ ი. ჩ.-ს შესთავაზა შპს „ს. გ.-ს“ შეძენა, რომელიც ფლობდა 70% წილს შპს „ს. თ. წ.-ში“. მანვე უთხრა ი. ჩ.-ს, რომ აღნიშნულზე მიმდინარეობდა დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მართალია პირველ ინსტანციაში სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. წ. გახდა შპს „ს. თ. წ.-ს“ 100% წილის მფლობელი, მაგრამ აპელაციის წესით შეიძლებოდა საწარმოს 70% წილის უკან დაბრუნება, რომელსაც მანამდე ფლობდა შპს „ს. გ.“, რაზედაც იგი დათანხმდა. გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება ი. ჩ.-ს, მასსა და ი. გ.-ს შორის, რომლის თანახმადაც ი. ჩ.-მ ი. ჩ.-სგან შეიძინა 70% წილი შპს „ს. თ. წ.-ში“ და სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 2 500.000 აშშ დოლარი, საიდანაც 1.250.000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ი. გ.-ს. მისთვის უცნობია ი. გ.-მ მიიღო თუ არა აღნიშნული ოდენობის თანხა. თავად კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია.

მოწმე ა. ა.-მ განაცხადა, რომ 2011 წლის ივნისიდან არის სს „თ. თ.-ს“ (იგივე შპს „ს. თ. წ.“) დირექტორი, ხოლო ი. ბ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები არიან შპს ,„ს. გ.“ 85% წილით და ა. წ. 15% წილით. იგი კურირებს წარმოების პროცესს, კომპანიის სტრატეგიულ მართვას ათანხმებს ი. ჩ.-თან. 2011 წლის ზაფხულში შეწყდა ხელშეკრულება შპს „პ. ....“-სა და შპს „პ. დ.“-ს შორის, რომელიც ახორციელებდა სს „თ. თ.-ს“ დისტრიბუციას, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი იყო ა. წ.. ამის შემდეგ დაფუძნდა შპს „გ.“, რომელმაც დაიწყო აღნიშნული კომპანიის ნაწარმის დისტრიბუცია.

მოწმე დ. ტ.-მ განაცხადა, რომ ი. ბ.-ს იცნობს და მეგობრობს მასთან. ა. წ.-ს არასდროს შეხვედრია. ბიზნესთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია და საერთოდ მისთვის უცნობია თუ სად მდებარეობს თამბაქოს ქარხანა საქართველოში.

მოწმე თ. შ.-მ განაცხადა, რომ 2011 წელს დაინიშნა შპს ,,ს. თ. წ.-ში“ ფინანსურ დირექტორად. მისთვის ცნობილია ა. წ.-სთან და თ. ფ.-სთან საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან გამართული მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ეხებოდა საწარმოსა და თ. ფ.-ს კუთვნილ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ასევე საწარმოს კუთვნილი სამარკო ნიშნების გასხვისებას. მოლაპარაკებები აგრეთვე ეხებოდა ა. წ.-სა და თ. ფ.-ს მხრიდან მისი განმარტებით დაუსაბუთებული ვალის მოთხოვნას შპს „ს. თ. წ.-ს“ მიმართ. მისთვის ცნობილია, რომ თ. ფ.-სთვის კომპანიას გადახდილი ჰქონდა დაახლოებით ხუთი მილიონ სამოციათასი ლარი, ხოლო დანარჩენ თანხაზე შედგა მორიგების აქტი.

მოწმე ი. ჩ.-მ განაცხადა, რომ 2011 წლის მარტში ლონდონში ყოფნისას დაუკავშირდა ი. ჩ. და შესთავაზა „ს. თ. წმ-ს“ 70% წილის შეძენა, რაზედაც უპასუხა, რომ მას სჭირდებოდა დრო, რათა ენახა იურიდიულად რა მდგომარეობა იყო წარმოებაში, ასევე დაინტერესდა თუ ვინ იყო ი. ჩ.-ს პარტნიორი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა რიგი პროცესუალური დარღვევები, მაგრამ შეთანხმებას მიაღწია ი. ჩ.-სთან და ი. გ.-სთან. პრობლემების წარმოშობა დაიწყო იქედან, რომ ი. ჩ.-მ რაც მიჰყიდა მას, პრაქტიკულად არაფერი არ აღმოჩნდა ადგილზე. მან კონკრეტულ შემთხვევაში წარმოება იყიდა თავისი დისტრიბუციით და დისტრიბუცია ადგილზე არ იყო. დისტრიბუცია უკვე ა. წ.-ს ორგანიზაციას ჰქონდა და არა მას. სამარკო ნიშნები, რომელიც ძირითადი კაპიტალია ამ ორგანიზაციის აღარ იყო, გადაფორმებული იყო სიმბოლურ ფასად რაღაც ორგანიზაციაზე, რომელსაც ფლობდა ა. წ.-ს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი. როდესაც მან მოითხოვა, რომ ეს ყველაფერი უნდა დაბრუნებულიყო, ა. წ.-სგან მიიღო უარი. მან ადვოკატების დახმარებით სარჩელი შეიტანა 2011 წლის მარტის ბოლოს, ერთ-ერთი სარჩელით ითხოვდნენ 30%-ის „ს. გ.-სთვის“ დაბრუნებას, ვინაიდან ეს გასხვისება მოხდა არასწორად. დისტრიბუციაზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს. მისივე განმარტებით, დისტრიბუციის მანქანების დაქირავება ხდებოდა იმ კომპანიისგან, რომელსაც ა. წ. ფლობდა. თანხას უხდიდნენ, სანამ მოახერხეს სადისტრიბუციო მანქანების ყიდვა. ასევე მოითხოვდა იმ უკანონოდ მითვისებული 30%-ის დაბრუნებას, რაც მას ეკუთვნოდა, თუმცა დიდი კამათითა და საუბრებით, იურისტებისა და აუდიტორების ჩარევით საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ა. წ. უარს იტყოდა თერთმეტი მილიონი ლარის მოთხოვნაზე, საწარმოს დაუბრუნდებოდა სამარკო ნიშნები, გაუქმდებოდა დისტრიბუციის შესახებ კაბალური ხელშეკრულება და ა. წ.-სგან იყიდდა 15%-იან წილს, სანაცვლოდ იგი ა. წ.-ს არ მოსთხოვდა დისტრიბუციის დავალიანებას დაახლოებით 3.400.000 ან 3.500.000 ლარის ოდენობით, დამატებით გადაუხდიდა ერთ მილიონ აშშ დოლარს და დისტრიბუციის მანქანები დარჩებოდა ა. წ.-ს. მანვე განმარტა, რომ მისი ლონდონში ყოფნის დროს, დაახლოებით 2011 წლის თებერვლის ბოლოს, მარტში დაუკავშირდა ი. ჩ. და შესთავაზა შპს „ს. თ. წ.-ს“ 70%-ის შეძენა, რაზედაც უპასუხა, რომ მას სჭირდებოდა დრო, რათა ენახა იურიდიულად რა მდგომარეობა იყო წარმოებაში. ასევე დაინტერესდა თუ ვინ იყო ი. ჩ.-ს პარტნიორი 70% წილის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რიგი პროცესუალური დარღვევები, შეთანხმებას მიაღწია ი. ჩ.-თან და ი. გ.-სთან.

ამდენად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ი. ბ.-მ ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, მათი ნივთის განადგურების და დაზიანების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. წ. წლების განმავლობაში ეწევა ბიზნეს საქმიანობას და აცნობიერებს რა შედეგები მოსდევს ხელშეკრულების დადებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2007 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებაში, რომლითაც ა. წ.-მ, როგორც შპს ,,ს. თ. წ.-ს“ პარტნიორმა, კომპანია ,,კ. ვ. ლ.-ს“ მიჰყიდა თავისი კუთვნილი 100% წილი შპს ,,ს. თ. წ.-ს“ საწესდებო კაპიტალში, მითითებულია, რომ ,,მხარეებმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.“ ასევე ნასყიდობის თანხის მიღება დასტურდება თანხის მიღება-ჩაბარების აქტით. სასამართლო ყურადრებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. წ.-ს სადაოდ არ გაუხდია აღნიშნულ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა, ასევე სადაოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის და არც მის შემდგომ ხელშეკრულების ის დებულება, სადაც მითითებული იყო, რომ მას ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დროისთვის მიღებული ჰქონდა თანხა. ბრალდების მხარე უთითებს, რომ სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა ა. წ.-ს სასარგებლოდ და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან თავისი ნებით სარჩელს უკან არ გამოიხმობდა. აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ სარჩერლის გამოხმობა, ასევე მხარეთა მორიგება გათვალსიწინებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები გადააფასებენ იმ რისკებს, თუ რა შეიძლება მოყვეს შედეგად მათთვის სარჩელის განხილვას და გამოიხმობენ სარჩელს, ან დავას მორიგებით ამთავრებენ. პალატას მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ ა. წ.-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან სარჩელი გაიხმო იმის გამო, რომ ი. ბ. ემუქრებოდა მას ძალადობის გამოყენებით, არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, პალატა აფასებს მათ დამოკიდებულებას ი. ბ.-სთან და დაზარალებულ ა. წ.-თან, დაზარალებულის ქცევას, როგორც უშუალოდ სარჩელის გამოხმობის მომენტისთვის, ასევე მის შემდგომ. ბრალდება ემყარება დაზარალებულ ა. წ.-ს, მისი სიძის თ. ფ.-ს ჩვენებას, რომლებიც დაინტერესბულნი არიან საქმის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტით, ასევე ა. წ.-თან დაახლოებული და ი. ბ.-ზე განაწყენებული პირის ო. ფ.-ს ჩვენებას, რომელიც არ არის თვითმხილველი მოწმე და მან სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა თითქოსდა ი. ბ.-მ უთხრა, რომ ა. წ.-ს ბიზნესი წაართვა, მაგრამ პალატა აქაც მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ო. ფ.-ს ჩვენება არის ირიბი, საგულისხმოა, რომ ო. ფ. არის ი. ბ.-ზე განაწყენებული პირი, რის შესახებაც თვითონ განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ასევე ბრალდება ემყარება ა. წ.-თან სამსახურებრივად დამოკიდებულ ზ. ბ.-ს ჩვენებას, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ი. ბ. ემუქრებოდა ყველას, მათ შორის მასაც, რადგან სასმახურებრივად დაკავშირებული იყო წ.-სთან, ვისაც შეხება ჰქონდა სიგარეტის წარმოებასთან და დისტრიბუციასთან. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმე ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ 2011 წლის მაისის მეორე ნახევარში, როდესაც იმყოფებოდა ა. წ.-სთან, ი. ბ. მივიდა და კატეგორიული ტონით ითხოვდა სარჩელის გამოხმობას, ა. წ.-მ უარი უთხრა და კარისკენ მიუთითა, რაზეც ი.ბ.-მ უთხრა ,,ნახავთ თქვენ თუ არ გაიტრუპოთ“. აღნიშნული ფაქტის არსებობის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა ა. წ-მ ეს სიტყვები. დაზარალებულმა ა. წ.-მ განაცხადა, რომ მან ი. ბ.-ს მუქარა რეალურად აღიქვა მას შემდეგ, როდესაც ი. ბ.-მ თავისივე ტელეფონზე დაალაპარაკა შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ი. მ., რომელმაც მკაცრი ტონით უთხრა, რომ გაეკეთებინა რასაც ეუბნებოდნენ და სწორედ მას შემდეგ დათანხმდა სარჩელის გამოხმობას. დაზარალებულისვე განმარტებით იგი ი. მ.-ს პირადად იცნობდა და არაერთხელ იყო შეხვედრილი. მიუხედავად ამისა, მას არც კი უცდია უშუალოდ ი. მ.-თან გაერკვია სიტუაცია, თუ რატომ აიძულებდნენ სარჩელის გამოხმობას და ,,ბიზნესის დათმობას“. პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ მხრივ აღნიშნული საკითხი არ არის გარკვეული ბრალდების მხარის მიერაც. ი. მ. დაკითხულიც კი არ არის მაშინ, როდესაც საქმეზე ცნობილი დაზარალებული აცხადებს, რომ მან მუქარა რეალურად აღიქვა მას შემდეგ, როდესაც ტელეფონზე მკაცრი ტონით ესაუბრა იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ი. მ.. ასევე ბრალდების მხარის მიერ არ გარკვეულა საკითხი, მართლაც შედგა თუ არა საუბარი დაზარალებულსა და შს მინისტრს ი. მ.-ს შორის. საქმეში წარმოდგენილი ი. ბ.-ს მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების ინფორმაციით ირკვევა, რომ ი. ბ.-ს ტელეფონიდან არ განხორციელებულა ზარი ი. მ.-თან, ასევე არც ი. მ.-ს ტელეფონიდან განხორციელებულა ზარი ი. ბ.-სთან. ეს გარემოება კი ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობას.

სააელაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და ისინი უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამავე დროს, მოწმეთა ჩვენებები უნდა იყოს ეჭვისგამომრიცხავი, უტყუარი და სანდო. აღნიშნული ჩვენების სანდოობა სააპელაციო პალატისათვის იწვევს ეჭვს, მითუფრო თუ გავითვალსიწინებთ იმ ვითარებას, რომ დაზარალებულ ა. წ.-ს წლების განმავლობში არ განუცხადებია არც 100 % წილის გასხვისებისას თანხის მიუღებლობისა და არც სარჩელის გამოხმობისას მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ და არც პირადად უცდია გარკვევა შინაგან საქმეთა მინისტრთან ი. მ.-თან. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს, ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს და მათი ჩვენებებით არ შეიძლება იქნეს დადასტურებული ი. ბ.-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან არ ჩადენის ფაქტი. ვინაიდან მოწმე ნ. თ. და ზ. თ. ადასტურებს მხოლოდ ი. ბ.-ს სტუმრობას ა. წ.-თან, ხოლო ის ფაქტი, რომ ი. ბ.-ს სტუმრობისას ა. წ.-ს კაბინეტიდან ისმოდა ა. წ.-ს ხმამაღალი ხმა, ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ი. ბ.-ს მიერ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამოძალვის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება (ხელწერილი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ქონების უკანონო მოთხოვნა გულისხმობდეს მის გადაცემას დამნაშავისათვის სასურველი სხვა პირისათვის. ამასთან, ამ მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. მუქარა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონითა და სხვა. აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული რეალურად.

შესაბამისად, სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მუქარა, დაკავშირებული ქონების უკანონო მოთხოვნასთან, უნდა გამომდინარეობდეს უშუალოდ დამნაშავისაგან და სწორედ დამნაშავის მიერ განხორციელებული მუქარა უნდა იქნეს აღქმული დაზარალებულის მიერ რეალურად, რა დროსაც დაზარალებულს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ა. წ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, როდესაც ტელეფონის მეშვეობით ი. ბ.-მ ასაუბრა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ი. მ.-ს, რომელმაც მკაცრი ტონით მოსთხოვა გაეკეთებინა, რასაც ეუბნებოდნენ. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ი. ბ.-ს ბრალი არ წარდგენია ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისათვის, ხოლო თუკი დაზარალებულს უშუალოდ ი. ბ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარა არ აღუქვამს რეალურად და მისი მუქარა არ გახდა საფუძველი სარჩელის გამოხმობის, სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ი. ბ.-სგან განხორციელებული რეალური მუქარა, რომელიც ასევე რეალურად აღიქვა დაზარალებულმა და შესაბამისად, ი. ბ.-ს ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება გამოძალვად.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მხოლოდ ეჭვის დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ი. ბ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

ამავე კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა მოპოვებული უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდნენ ი. ბ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზე არ არის. ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ი. ბ. უნდა გამართლდეს შერაცხულ ბრალდებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი ი. ბ.-ს მიმართ უნდა გაუქმდეს, ი. ბ. ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. კ.-სა და მ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის განაჩენი გაუქმდეს;

ი. ბ. ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი. ბ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას:
შპს ,,ს. გ.-ს’’ კუთვნილ 85% წილს შპს ,,ს. თ. წ.-ში’’ (იგივე ,,თ.-ს თ.’’).
შპს ,,ს. თ. წ.-ს’’ (იგივე სს ,,თ. თ.’’) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მისამართზე: ქ.თ., ს.-ს ჩიხი NX (ნაკვეთი 3/X), საკადასტრო კოდი: XX.17.12.03.XXX.

ქ.თ., გ.ნ.-ს ქ. NXა, საკადასტრო კოდი XX.17.12.015.XXX;
შპს ,,ს. თ. წ.-ს’’ (იგივე სს ,,თ. თ.) ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებს;

ნივთიერი მტკიცებულებები:
მობილური კომპანიებიდან ამოღებული დეტალური ნუსხა სამ cd დისკად;
სს ,,თ. თ.-ს’’ საქმიანობის ამსახველი ელექტრონული ინფორმაცია ხუთ dvd დისკად, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი N10BA86XXX ი. ბ.-ს სახელზე გაცემული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი. ბ.-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
გამართლებულ ი. ბ.-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

გამართლებული ი. ბ. დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.