საქმის ნომერი: საქმე №2ბ/2433-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ეჭვიანობა ოჯახის დანგრევის წინაპირობა ხშირადაა
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №საქმე №2ბ/2433-18 (2018-07-16), www.temida.ge
საქმის № საქმე №2ბ/2433-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       16 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ნ. კ.

წარმომადგენელი - ა. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ.

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. მ.-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. კ.-ს მიმართ სარჩელი აღძრა და მათ შორის 2004 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თ. მ.-სა (დაბადებული 1977 წლის 06 მაისს, პირადი №XXXXXXXXXXX) და ნ. კ.-ს (დაბადებული 1979 წლის 18 მარტს, პირადი №XXXXXXXXXXX) შორის 2004 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მოპასუხე ნ. კ.-ს მოსარჩელე თ. მ. სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. თ. მ. და ნ. კ. 2004 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდნენ (ს.ფ. 13).

6. მოსარჩელე თ. მ. და მოპასუხე ნ. კ. 2016 წლის ნოემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას არ ეწევიან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შესძენიათ (მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი).

7. თ. მ. ამჟამად მშობლებთან ერთად, ქ. თბილისში, ალ. წ.-ს X-ლი შესახვევი, კორპუსი NXX, სადარბაზო XX, ბინა NXX-ში ცხოვრობს (მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი).

8. ნ. კ.-ს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ქ. თბილისი, კ.-ს გ. XX, კორპუსი X, ბინა NXX არის მითითებული.

9. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ.-სა და ნ. კ.-ს ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა შესარიგებლად ვადის დანიშვნის წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ისინი 2016 წლის ნოემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, პალატამ მოისმინა მოსარჩელე თ. მ.-ს პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს, კერძოდ, მისი განმარტებით, მოდავე მხარეებს შორის თანაცხოვრების პერიოდში აპელანტის ეჭვიანობა მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა. ამჟამად იგი სხვა ადამიანთან ცხოვრობს და მისი სამომავლო საოჯახო გეგმები ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ ითვალისწინებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმი).

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, შესარიგებელი ზომები გამოყენებული იქნება თუ არა, მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა შორის პოზიციების დასაახლოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბული არ არის, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმი), რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

10. სამოქალაქო პროცესში სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე სასამართლოსგან შესარიგებელი ვადის განსაზღვრას მოითხოვდა, შესაბამისად, სწორედ მას უნდა ემტკიცებინა გარემოებები მასზედ, რომ აღნიშნული ვადის მიცემა მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის რეალურ წინაპირობას შექმნიდა. აღნიშნულის საპირისპიროდ თავად აპელანტმა განმარტა, რომ მოდავე მხარეთა შორის მინიმალური კომუნიკაცია არსებობს, ისინი სოციალური ქსელის ან/და სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალებით იშვიათად კონტაქტობენ, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მან ვერ დაადასტურა, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის აღდგენისთვის ორმხრივი მზაობა არსებობდა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან ქორწინება მეუღლეთა ორმხრივ ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, რომელიმე მხარის მხრიდან ასეთი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე სურვილის არარსებობა სასამართლოს მიერ განქორწინების ფაქტის დადგენის წინაპირობაა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.